რელიგია

როგორ ემსახურება ბოროტების დაშვება ადამიანის პიროვნებად, ღმერთის ტოლად და სწორად შედგომას

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 52 წუთის წინ

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თუმცა, ყოველ შემთხვევაში, მორწმუნეებისთვის ცნობილია, რომ ღმერთი სამართლიანია და რაც ადამიანს ემართება, მისთვის სასიკეთოა, ისინიც კი საკმაოდ ხშირად წუწუნებენ ცხოვრების უსამართლობაზე, ხოლო, რაკი ამ ცხოვრებასაც ღმერთი მართავს, ვინაიდან წუთისოფელიც მისი დაშვებაა, საბოლოოდ, მაინც გამოდის, რომ ადამიანი ეწუწუნება ღმერთს და ვერ უგებს, ხოლო, სანამ ვერ უგებს, წუწუნიც რჩება და ტანჯვაც. რას ემართლება ადამიანი ღმერთს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გევსაუბრება.

მამა გურამი (ოთხოზორია): ადამიანები მუდმივად ღმერთს ამტყუნებენ, იმიტომ რომ, ადამიანური ლოგიკით, ვერ იხსნება, რატომ ხდება ამდენი ბოროტება და ისინი სვამენ კითხვას: ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლად მოწყალეა და ამ დროს ბოროტებაა დაშვებული: აქეთ – ხუთი ბავშვი დაიწვა ცეცხლში, იქით – მთელი ოჯახი ამოწყდა, სულ ომები და სტიქიური უბედურებებია. თან, ჩვენ მხოლოდ მცირედს ვიგებთ, არადა, დედამიწაზე უკვე რვა მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში ყოველ 7-8 წამში თითო ბავშვი კვდება შიმშილით და ეს პროცესი უწყვეტადაა კაენისა და აბელის შემდეგ. ჩვენ კი გვიკვირს და ვამბობთ, ვაიმე, ღმერთო, აქ მოკლეს, იქ მოკლეს... მაგრამ მუდმივად ხდებოდა მსგავსი რამეები, ახლა გავიგეთ?! თუ, მაინცდამაინც, შენ თვალწინ რომ მოხდება, ის გტანჯავს, ხოლო, თუ ნიკარაგუაში მოხდება ამ წამს, რადგან ვერ იგებ, მნიშვნელობა არ აქვს?! აიღე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი: უწყვეტად უკიდურეს მდგომარეობამდეა ადამიანი მისული და ამ წამს შეიძლება, ვიღაც ვარდება სიმაღლიდან... თუ საქართველოში მომხდარ ამდენ უბედურებას იგებ, წარმოიდგინე, 8 მილიარდ ადამიანში რა ხდება. მაშინ გეკითხები: რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?! ერთადერთი მიზნით, რომ პიროვნება შედგეს, როგორც სიყვარული, არ დაითრგუნოს, არ გატყდეს. ამდენად, ღმერთს ჰქონდა არჩევანი. ბოლოს შედგებოდა ისეთი პიროვნება, რომელიც სიყვარულით მოიქცეოდა და გონს მოვიდოდა არა შიშით, არამედ იობივით გაგებით. იგივე მოხდა იაკობის შემთხვევაშიც.

იმის თქმა მინდა, რომ ღმერთი ბოროტებას უშვებს მხოლოდ და მხოლოდ დროებით და მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მისაღწევად, რომ, საბოლოოდ, ადამიანი დაბრუნდეს ღმერთთან ერთიანობაში ამ ხანგრძლივი მრავალგვარობის შემდეგ. ვიმეორებ, ღმერთს არ უნდოდა, რომ ეს ყველაფერი გარედან, გამზადებულად მიეცა ადამიანისთვის ან ჩაენერგა, ან ჩაეგონებინა, ან შიშით ვემართეთ, ვინაიდან ასეთ დროს ადამიანი კარგავს უმთავრესს: სიყვარულის უნარს. სიყვარული კი იქ არის, სადაც ღმერთი შენთვის არ არის დამთრგუნველი ძალა, რომლისაც მე არ მესმის, მაგრამ მაინც უნდა ვიკანკალო მის წინაშე, მცნებები დავიცვა, თორემ შემეშინდება. ეს ტანჯვაა! იოანე მახარობელი რას ამბობს?! ჭეშმარიტი სიყვარული გარე განაგდებს შიშს, ვინაიდან შიში არის ტანჯვა. მშიშარა არასრულყოფილია სიყვარულში. ესე იგი, შიში რა ყოფილა?! შიში არის, უბრალოდ, მასალა, კონცენტრატი, რომლისგანაც სიყვარული უნდა მივიღოთ, ისევე, როგორც, მაგალითად, რძისგან ვიღებთ ყველს ან არაჟანს, ან დოს. რძე მასალაა და წყალწყალაა და შიშიც ყანყალებს, უტრირებულად თუ ვიტყვით – შიში შიშინებს, ანუ ჯერ არ არის დამდგარი, სიმყარე აკლია, მაგრამ, რომ გამყარდება, შედედდება, უკვე სიყვარულია და შიში გადადის სიყვარულისკენ. სიყვარული გაცნობიერებული მიდგომაა და არა მხოლოდ ემოცია; ხოლო შიში გაუცნობიერებლობის შედეგია. გეშინია, იმიტომ რომ ცნობიერება ნაკლები გაქვს. ამიტომ განგება უშვებს დროს. ამ დროში შიშიდან სიყვარულში უნდა გადავიდეთ გაცნობიერებულად და ამ გზაზე ჩვენ გვხვდება უამრავი დაბრკოლება. როდესაც გაუცნობიერებელში ვართ, დიახაც, იქნება ტანჯვები, ბევრი შიში, სიკვდილი... მაგრამ განგებამ იცის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, წარმავალ წუთშია და სიკვდილის მიღმა სიცოცხლეს სძინავს. ოღონდ ეს მან იცის, ამას ის ხედავს, ჩვენ ვერც ვხედავთ და არც ვიცით.

ამიტომ განგებას არჩევანი ჰქონდა: ან არ გავეწირეთ ამ დროებითი, წარმავალი ტანჯვისთვის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ და დაგვინდობდა და მოგვაშორებდა, მაგრამ მაშინ ვერ შევდგებოდით პიროვნებებად, ვინაიდან არ გვექნებოდა გამოვლენის თავისუფლება და ღმერთის მორჩილება დამთრგუნველი შიშით იძულება იქნებოდა, ან მოეცა საშუალება, რომ ამ ტკივილებიდან და ტანჯვიდან გაცნობიერებისკენ წავსულიყავით. გონს მოსვლით ტანჯვები მთავრდება. ვიმეორებ: ტანჯვა, ანუ პრობლემები მარტო ფიზიკური ტანჯვა არ არის, არამედ ტანჯვაა მისი გაუცნობიერებლობა. ტანჯვა არის ჩემი რეაქცია იმაზე, რაც მემართება. ერთსა და იმავე მდგომარეობაში ერთმა და იმავე ხდომილებამ, შეიძლება, უკიდურესად დამთრგუნოს და დამამძიმოს, მაგრამ, თუ სხვანაირად შევხედავ, პირიქით, სასიხარულოც კი იყოს. გაგახსენებთ: ქრისტიანებს რომ აწამებდნენ, ისინი სიხარულით ეგებებოდნენ სიკვდილს და ერთმა სიცილი დაიწყო, როდესაც სხეულს უკუწავდნენ, შენ გგონია, მე მაწამებ, მაგრამ შენ ჩემს სხეულს აწამებ, მე კი ეს არ ვარო... თავს არ ვადარებ, მაგრამ მეც იგივე დამემართა, როდესაც უარი ვთქვი, მიმეღო ფიცი საბჭოთა ჯარში, მითხრეს, შენი ხელით დაწერეო. დავწერე, თუმცა ვიცოდი, რაც მელოდა: ხუთწლიანი ციხე, უშიშროების წამება, უნივერსიტეტიდან გარიცხვა, მაგრამ ეს მე ისეთი სიხარულით გავაკეთე, ასე მეგონა, მილიონიან ჩეკს ვაწერდი ხელს ჩემი მემკვიდრეობის გადაფორმებაზე. ნელა ვწერდი და არ იჯერებდნენ, რომ დავწერდი უარის შესახებ განცხადებას, არადა 1980 წელი იყო. როდესაც ყველაფერი დავწერე, რომ რელიგიური მოსაზრებებით არ დავდებდი ფიცს, ატყდა ერთი ამბავი, დაიწყეს ყვირილი, სირბილი, მე კი სიცილი ამიტყდა. ვერ ვჩერდებოდი. შემდეგ გამიშვეს ყაზარმაში, მერე გამოგიძახებთო, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადმოვდგი დაკითხვის ოთახიდან, სხეული დავკარგე: არ ვიცოდი, სად ვიმყოფებოდი, სიყვარულის, სიმშვიდისა და სიხარულის გორგალი ვიყავი. მახსოვს, ვერ ვუძლებდი ამ ნეტარებას და ვნატრობდი, ნეტავ, პირველ საუკუნეში მეცხოვრა და მეც ფსალმუნების გალობით სიხარულით შემებიჯებინა ცეცხლში-მეთქი. ხომ მქონდა წაკითხული, როგორ ექცეოდნენ იმხანად პირველ ქრისტიანებს?! ეს რეალობაა და არა ჩემი დამსახურება. ასე უძლებდნენ ისინი. ეს მდგომარეობა თავისთავად მოდის და, თუ ჩვენ მართლაც გავბედავთ, ასეც მოხდება. მაგრამ ჩვენ უფრო შიში გვახევებს. გვგონია, რომ, თუკი უარს ვიტყვით ფიზიკურ სიკეთეებზე, რომლითაც სავსე ვართ – იმის იქით სიკვდილია. ეს საიდუმლოა და არ ვიცი, ღმერთმა ასე რატომ მოაწყო, მაგრამ ვისაც, თუნდაც, წუთიერად უგემია, ეს რას ნიშნავს, მან იცის, ის გაიგებს. რაც უნდა ილაპარაკო, თუ ის არ განგიცდია, დაჯერება ძალიან ძნელია. ეს ხდებოდა და ხდება. ყველას ცხოვრებაში მოვა მდგომარეობა, რომ თვითონ ეს სიცოცხლე, ყოფნაა სიყვარული და სისასვსე. სწორედ ეს გადაიფარა, ამიტომ მოდის ქრისტე და ღმერთსაც ეს უნდა. იაკობის შემთხვევაშიც ეს მოხდა: იაკობი, რომელიც სავსეა ტვინით, შიშებით; ჰგონია, რომ ესავი მოკლავს; რომ ღმერთს უღალატა... ანუ ჩვენი ყველაზე ბოლო მტერია ჩვენი ეს დაურწმუნებლობა. ვიცი, მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული და აი, ეს არის იაკობის ჭიდილი ანგელოზთან თუ ღმერთთან, სხვადასხვა წმიდა მამა სხვადასხვანაირად განმარტავს, მაგრამ ამის შესახებ უკვე სხვა დროს ვისაუბროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი