რელიგია

როგორ დაიპყრო ქრისტემ სამყარო ძალადობის გარეშე და რატომ ცდილობს ადამიანი სამყაროს დაპყრობას ძალით

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 10.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველას გვახსოვს ტერენტი გრანელის ლექსის სტრიქონები: „წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია“ და, მართლაც, იმის ცუდად შესრულება, რაც არ მითხოვია (თუ, რა თქმა უნდა, არ მითხოვია), მევე რატომ უნდა ვზღო? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ადრე მითხარით, ადამის შექმნის ორი ვერსია არსებობსო და ერთ-ერთის მიხედვით, ღმერთი სწორედ ადამს მოეთათბირა, როგორც ტოლს, თუ როგორი იქნებოდა ის. იქნებ დღეს ამის შესახებ გვესაუბრა?

– დიახ, ადამიანიც უბატონოა და თავის ხატად შექმნა ღმერთმა და ადამი რომ გამოიყვანა არსებობაში, არ გამოუყვანია მრავლობითში. ებრაელი კომენტატორები, რომლებიც ყოველთვის განსხვავებულად აფასებენ და ჩხრეკენ მოვლენებს, კითხვას სვამენ: ვის ეთათბირებოდა ღმერთი, როდესაც ადამს ქმნიდა?! თუ არ ჰკითხავდა, ადამი ხომ ეტყოდა, შემეკითხე, რომ მქმნიდი?! და ახლა თუ ცუდი ბიჭი ვარ, მსჯი?! რას მთხოვ, მაქვს კი თავისუფლება? თავისუფლება მექნებოდა, ჩემით რომ გამეჩინა ჩემი თავი: თუ მოვისურვებდი და გავჩნდებოდი, მაშინ მე ვაგებდი პასუხს. მაგრამ შენი მოსურვების შედეგია ჩემი არსებობა, შესაბამისად, მე პასუხს არ ვაგებ იმაზე, რაც შენ წამართვი, ამიტომ, რაც გინდა, ის გააკეთეო. ამდენად, ებრაელი კომენტატორები მიიჩნევენ, რომ ღმერთმა ჰკითხა ადამს, როგორც პროექტს, როგორც შესაძლებლობას, აზრი, სანამ შექმნიდა. დაახლოებით, ისე, როგორც მწვრთნელი ეტყვის ხოლმე მოწაფეს, ან მამა – შვილს, თუ დამიჯერებ, ერთად კარგ საქმეს გავაკეთებთო. და ადამი გამოჰყავს ადამისვე ნებით; თუ ასე იქნება, შენ იქნები ისეთი, როგორიც მე ვარო და ადამი თანხმდება. შესაბამისად, ადამის არსებობა ადამისვე მოსურვების შედეგია და არა მხოლოდ ღმერთის ნება, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ძალიან პატივდებულია ადამიანი. წარმოიდგინე, უბატონო არის ღმერთი და ადამიანიც უბატონოა. ამიტომ წერია, ყველაფერი ღმერთის ხელშია, გარდა ღმერთის წინაშე შიშისა. ესე იგი, ზეცას არ შეუძლია, ადამიანში ძალით შეიტანოს შიში, მაშინ ადამიანი არ შედგება. ადამიანი ღვთის ხატია, ანუ ადამიანიც ღმერთია; ღმერთობას იჩემებს და ერთადერთი რამ უნდა გავიგოთ და იმთავივე ვიცოდეთ: ჩვენ ჩვენი სამართლით ვმსჯელობთ, მაგრამ არსებობს უნივერსალური სამართალი, რისკენაც გზაში ვართ უწყვეტად. ნუ გგონია, როგორც უნახავმა რა ნახაო, ანუ შენ რაც ნახე ან გაიგე, ისაა ჭეშმარიტება. ნუ ფიქრობ, რომ აი, ახლა მივიღებ ძალაუფლებას და ჩემ მიერ დანახულს გავავრცელებ ყველგან. არადა ასე იქმნებოდა იმპერიები, სტრუქტურები, როდესაც ადამიანი წინ უსწრებს მოვლენებს და იმდენად სწყურია, თვითონ იყოს სამყაროს ცენტრი, რომ ამ ყველაფერს იყენებს, რათა გაავრცელოს თავისი სამართალი და აზრები ყველგან.

აი, ეს არის მეორე გზა – ნაძალადევი გზა, რომელიც ქრისტემ უარყო. ქრისტე სამყაროს არ იპყრობს ძალადობით, ის იპყრობს გაცნობიერებულად, ნებაყოფლობით, არ აძალებს და სწორედ ესაა ჯვარცმა. ქრისტე თავის თავს იმდენად იმდაბლებს, რომ ამ სიმდაბლეში შეჰყავხარ შენც, შენთან ერთად დგას – გარედან არ ახდენს ზეწოლას, არ გაშინებს, არ გზღუდავს, შენს დონეზე დგება და შემდეგ შენთან ერთად ამოდის ზემოთ. მართლმადიდებლური მოძღვრებით ამას ჰქვია „კენოზისი“ და ნიშნავს დაცლას, დაცარიელებას, ანუ ღმერთმა დაიცარიელა თავი და გახდა ადამიანი, რათა ადამიანი გახდეს ღმერთი. ბრძანებით და გარედან კი არა, არამედ შენს ტყავში შემოდის. ჩვენც ხომ ვამბობთ ხოლმე, აბა, ჩემს ტყავში შემოდი, ჩემი თვალებით შეხედე და ნახე, როგორია, ადვილია გარედან რჩევების მოცემაო. იესო სწორედ ამას აკეთებს. ამ დაცემულსა და განდგომილ სხეულში შემოდის და ამ სხეულიდან აღდგება. აღდგომა რას ნიშნავს? ეს ჩვენ უკვე ვიცით – გონს მოსვლას და აქედან უკვე იწყება ადამიანის სვლა იქითკენ, საითკენაც სვლა მას აქამდე არ შეეძლო. რატომ არ შეეძლო? იმიტომ რომ თავისი თავის მინდობით შექმნილმა და გამკვრივებულმა ჩვევებმა, ვნებებმა, ხასიათებმა, შიშებმა – რაც გამოირა, მე ვარ ღმერთიო, ბოლომდე დასცა და სურვილიც კი ჩაუკლა. საერთოდ დაავიწყდა, რომ მეტაფიზიკური საწყისი აქვს. სწორედ ამ იმედგაცრუების დროს იბადება თეორიები, რომ მთლიანად მატერია ვართ; არანაირი სული, გონი არ არსებობს და სიცოცხლე არის მკვდარი უჯრედების შენაერთი. ამას ჰქვია ერესები და ერესებს ადამიანი იგონებს იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი ეგო და მოქმედება.

მართლმადიდებლობაში მიღებულია დოგმატები და მე არ მაქვს უფლება, არ დავეთანხმო ამ დოგმატებს, მაგრამ მე, ასევე, მაქვს უფლება, გამოვთქვა ჩემი აზრიც. ასე იქცეოდნენ წმიდა მამებიც კი. მაგალითად, გრიგოლ ნოსელს უზარმაზარი წიგნი აქვს დაწერილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საყოველთაო გამოსყიდვა იქნება, რომ ჯოჯოხეთი არის თერაპიუილი ცეცხლი და არავითარ შემთხვევაში შურისძიების ცეცხლი. შესაბამისად, თერაპიული ცეცხლი ადამიანს გამოწვავს ყველაფრისგან, რაც მიეკრა და გაათავისუფლებს. ზოგს მეტი დრო დასჭირდება, ზოგს – ნაკლები, მაგრამ, მთავარია, რომ საბოლოოდ, ეს არ არის შურისძიების ცეცხლი, აი, ამას რომ აკეთებდი, ახლა ნახე, რა მოგივა; შენ ყვირი, მაპატიეო და ღმერთი გეუბნება, არა, არ გაპატიებ... გრიგოლ ნოსელი მამების მამაა და მისი ეს აზრი არავის დაუგმია. სხვა წმიდა მამებიც ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი არ არის სადღაც ამოთხრილი ადგილი და ის არც არავის ამოუთხრია, ეს არის სურათხატი, ხოლო წმიდა მამები კი გვასწავლან, რომ ჯოჯოხეთისთვის შეშა ყველა ადამიანს თავისით მიაქვსო, რას ნიშნავს ეს?! რაც მეტი რამ მიგეკრობა, მწველია იქ ყოფნა; რატომ? იმიტომ რომ იქ ნათელია, სიხარულია და შენ არ ხარ მზად ამისთვის. ეს იმას ჰგავს, მოუმზადებლად რომ მოხვდე წვეულებაზე; ხომ ერთი სული გექნება, როგორმე გაიქცე იქიდან?! ან ჩამოძენძილი ადამიანი რომ მოხვდეს ოპერაში, დისონანსს ქმნის გარემოსთან მისი ჩაცმულობა და უხერხულადაა. ჯოჯოხეთური ტკივილია, როდესაც იქ შენ ხვდები იმას, რის გაგებაც არ გაქვს და ვერც გაექცევი. სწორედ ეს ტკივილია ჯოჯოხეთი. ისააკ ასური ამბობს, რომ ჯოჯოხეთი სიყვარულის შოლტებით ცემაა. წარმოგიდგენია, იმ ღვთაებრივი სიყვარულის სიცხადის წინაშე რომ აღმოჩნდები?! ამას შენ არ ელოდი, ასეთი არ გეგონა; გვიანი სინანულის ტკივილია ჯოჯოხეთი.

იუდა რატომ იკლავს თავს?! გვისაუბრია ამაზე, მაგრამ მაინც გავიმეოროთ, ძალიან მნიშვნელოვანია: როდესაც გაყიდა მაცხოვარი, იუდამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ჩაიდინა. სხვანაირად ხედავდა თავის საქციელს; შეიძლება, ეგონა, რომ ქრისტეს სხვანაირი ძალაუფლება ექნებოდა, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ იესო მიდის ჯვარზე, მას აგინებენ და აფურთხებენ, ვერ გაუძლო ამ მწარე რეალობას, ბოლოს და ბოლოს, რომ მიხვდა, ანუ გონს მოვიდა. ეს რა ვქენიო და სინანული არ ეყო, ამიტომ თავი გაინადგურა. აი, ასეთი აუტანელი მდგომარეობაა ჯოჯოხეთი. ღმერთი ყოვლადმოწყალე, ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფია და თუმცა მისი მოსურვებით არსებობს ყველა ნივთი, მოვლენა, საგანი და ადამიანიც კი ამ სამყაროში, მასაც კი არ შეუძლია, ადამიანის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება, ის არ აიძულებს ადამიანს, არ პრესავს, პირიქით, აძლევს თავისუფლებას, რომ, ბოლოს, როდესაც ისტორია დამთავრდება და დრო ამოიწურება, ადამიანი მასთან წელგამართული და თავაწეული მივიდეს, ღვთიური სიყვარულისა და სინათლის სრულად მიმღები და დამტევი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა