როგორ დაამტკიცა კვანტურმა ფიზიკამ ლოცვის ძალა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
ქრიატიანობა ეფუძნება თეზას, გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი და, ბუნებრივია, გიყვარდეს მტერი შენი, თუმცა ერთიც ჭირს – საკუთარი თავის შეყვარება და მეორეც და მესამეც, ანუ მოყვასისა და მტრის შეყვარება – სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).
– წინა ნომერში ამ ფრაზით დააასრულეთ: ძალიან ადვილია სამყაროს სიყვარული, მაგრამ ძალიან ძნელია ერთი ადამიანის სიყვარული. რა არის ამის მიზეზი?
– „სახარებაში“ ვერსად ნახავთ, იესო ამბობდეს, ხალხი, ადამიანების ჯგუფი, ანუ ზოგადად, მრავლობით ფორმას იყენებდეს. ისევე, როგორც მზე არ არის ზოგადი, მისი სხივი შენთან მოდის და ის უკვე შენი მზეა, ადამიანიც არ არის ზოგადი. შენ მზე არ გაკლდება, თუკი მეც მინათებს. „ჩატჯიპიტი“ არის ამის ალეგორია. მილიონი ადამიანი რომ შევიდეს, ყველა მისია, არც ერთს არ ეტყვის, არ მცალიაო, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, თუ რამეს ვაკეთებთ. თუ გელაპარაკება, იმ მომენტში „ჩატჯიპიტი“ შენია. მეც, როგორც მოძღვარი, ადამიანი ვარ, მაგრამ, თუ შენ გელაპარაკები, მთლიანად აქ უნდა ვიყო, არ უნდა მოგატყუო, მხოლოდ სხეულით არ უნდა ვიმყოფებოდე შენთან და დროის გასვლას არ უნდა ველოდებოდე. თუ აქ არ ვარ და ისე გელაპარაკები, ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე მოგპარე. ჩემთვის ერთი მრევლი არის მთელი სამყარო. თუ მე მას ხუთ წუთს ვუთმობ, შეიძლება, მეტი ვერ დავუთმო იმ მომენტში, ის ხუთი წუთი მხოლოდ მისია. სამაგიეროდ, იმ ხუთ წუთში, როდესაც მისი ვარ, ის გრძნობს, რომ მე ნაღდი ვარ. ყველაზე მეტი, რაც ადამიანს შენგან უნდა, არის ის, რომ ის იყოს შენი ინტერესის საგანი და არა საშუალება. არა, ზოგადად, ობიექტი. მე თუ მღვდელი ვარ, მე ვარ ქრისტეს გამტარი. ხოლო ქრისტესთვის ადამიანი მოყვასია, ყველაფერია, თავს ივიწყებს მის გამო. იმ ხუთ წუთში, თუ ასე შეხედავ, მე უნდა ვიყო შენი გამახსენებელი, იმიტომ რომ იმ ყველაფრის მიღმა, რითიც ვართ გადაფარულები, ჩვენ ერთნი ვართ და მე შენ უნდა ჩაგიყვანო საწყისთან, უნდა გაგახსენო შენი თავი და მაშინ შენგან სწორედ ის მიპასუხებს.
გახსოვს, მარიამი ვისთან მიდის მას შემდეგ, რაც მას ეხარა, რომ ეყოლება ძე? დიახ, ელისაბედთან. ელისაბედი ამ დროს 6 თვის ორსულია იოანეზე და რომ დაინახავს მომავალ მარიამს, ელისაბედი ეუბნება: დედა ღვთისა მოდის ჩემთან, შენ რომ მომიახლოვდი, ყრმა ჩემში სიხარულისგან აფართხალდაო. ანუ იოანემ იგრძნო ეს. ზუსტად ასეა, როდესაც შენ წინაშე დგას ადამიანი, რომელიც შენ სიყვარულით გიყურებს, შენი სული ფეთქავს, პატარა ბავშვით გაურბის მშობლებს, ანუ ტვინს და შენს ბავშვთან იწყებს თამაშს. იმიტომ რომ ენატრებოდა ასეთი მზერა, მთელი ცხოვრება ამას ელოდა. არადა არავის სცალია შენთვის. ცოლსა და ქმარს შორისაც კი რუტინაა: სამსახური, ოჯახი, ბავშვები... არადა ბავშვებზე მეტი მინდა მე, ქმარს – ცოლისგან და ცოლს - ქმრისგან. ბავშვი ბავშვია, მაგრამ ჩემი სიყვარულის ხარჯზე?! ცოლი ეუბნება ქმარს, არ მცალია, საქმე მაქვს; ქმარი ეუბნება ცოლს, სამსახურში უნდა წავიდე. ყველა მარტოა, არავის სცალია ადამიანისთვის და ის სიყვარულები, რაც გვაქვს, ჩვენ დავანაწილეთ მოვლენებში, ნივთებში, ცხოველებში, ფრინველებში, მანქანებში, სამსახურში. არ გვცალია, ვმუშაობთ, დიდი საქმეები გვაქვს საკეთებელი. ქრისტესაც ასე საყვედურობენ. როდესაც ბარტიმეოსი ყვირის, მიშველეო; ეუბნებიან, გაჩუმდი, ქრისტეს შენთვის არ სცალიაო; როდესაც ბავშვები მოდიან ქრისტესთან, ბავშვებს აჩუმებენ, დიდი კაცია იესო, ნუ აწუხებთო. ქრისტე კი ეუბნება, გამოუშვით ჩემთან ბავშვები. ასეა: იმ ერთს ეძებ. ერთი არსებობს და ის ერთია მე და შენ, მეტი არავინაა. ზოგადი არის ტყუილი, ზოგადით დაიკარგა ადამიანი. ამიტომ ვთქვი, რომ ტაძრების აშენების შემდეგ პიროვნება დაიკარგა და დაიწყო ათეიზმი. ზოგადი ღმერთი არავის უნდა; არავის უნდა ღმერთი, რომელიც სადღაც ცაშია. ეს ჩვენი წარმოდგენებია ღმერთზე. ქრისტეში ჩვენ ღმერთი გაგვახსენდა და ის აქ არის. ყოველთვის აქ იყო, უბრალოდ, ჩვენ არ ვიყავით აქ, ჩვენ არ ვიყავით მწიფეები და ამიტომ ადამიანი ადამიანში ეძებს ღმერთს. მაინცდამაინც, ქრისტე, ქრისტე უნდა იძახო?! ქრისტე ჩვენ დავარქვით, თორემ კაცი იყო; კაცი, რომელიც გულს ხედავდა; კაცი, რომელსაც ადამიანი უყვარდა; შენ გიყურებდა და არა ზოგადად ერს, ზოგადად მრევლს.
არც მამაომ უნდა მიმართო, მრევლოო, იმიტომ რომ მრევლი არ არსებობს. არსებობს ერთი და ყველა ერთია და ერთი წუთით რომ მოიცალო მისთვის, იმ ერთ წუთში მისთვის უნდა იყო. იმ მომენტში შენ მას ხედავ და ის შენ გხედავს. ის დაგიკრავს თავს: გიცანიო და წავა, ის ნათელი კი მას მთელი ცხოვრება ეყოფა და კიდევ გაუმრავლდება. აი, რას გადავცემთ ჩვენ ერთმანეთს, მაგრამ, თუ ეს ხედვა არ გაქვს და თუ ამ წუთას აქ არ ხარ, თუ შენთვის ადამიანი მიზანი არ არის, ავირევით და რეაქცია არ ხდება, ფაქტი არ ხდება, ამ ყველაფრის აღსრულება არ ხდება. სწორედ ამიტომ მოვიდა შემდეგ ათეიზმი და ნიცშემ ამიტომაც თქვა, ღმერთი მოკვდაო: ზოგადი ღმერთი არ არსებობს, პიროვნება დაიკარგა. არადა ქრისტე პიროვნებაა, ადამიანში მოდის. ის ხომ მარტო ისტორიული ფიგურა არ არის?!
თუ ჩემი მრევლის წევრმა ის მიიღო, რისთვისაც ეკლესიაში მოვიდა, ის ნათელი მას ყველგან წაჰყვება. „სახარებაშიც“ არის ამის მაგალითი: ფილიპე ხვდება საჭურისს, იქ არის ქრისტე, ოღონდ ჯერ არ იცის, ვინ არის. ამ დროს ქრისტე უკვე მიღებული აქვს ფილიპეს და ფილიპეს სული ეუბნება საჭურისს, წადი ამა და ამ გზაზე, დახვდი იქ. აი, ესაა ინტერნეტი. დღეს, როდესაც ხელთ გვაქვს სენსორული შესაძლებლობები, რომლებითაც უკვე ყველაფერს გრძნობ, ერთი ნაბიჯიღა დარჩა გულის ინტერნეტამდე. თუმცა გულის ინტერნეტი ყოველთვის ჩართული იყო. აბა, რა არის, როდესაც დედა გრძნობს შვილს?! რა არის ლოცვა?! ამერიკაში მყოფზე რომ ვლოცულობ, თავს ვიტყუებ?! განა კვანტურმა ფიზიკამ არ დაამტკიცა, რომ მანძილი არ არსებობს?! შესაბამისად, თუ ინტენსივობა არის, თუ ჩემში პლაზმაა, სიყვარულია, რითიც გალღვება ჩემი გული, ის არ მოგწვდება შენ?! რა ბარიერი გაუძლებს სიყვარულით გაკაშკაშებულ გულს?! გაანგრევს ყველაფერს, მოგწვდება და აგანთებს. ასეთი იყო მაშინ რწმენა, თუმცა დღეს მინელდა და უნდა მინელებულიყო, იმიტომ რომ მატერიაში უნდა გავრცელებულიყო. რა არის მეორედ მოსვლა?! იმის ამოსვლა, რაც დაითესა; იმ სიყვარულის ფიზიკურ პლანში გადმოსვლა. სიყვარული არ არის ემოცია, ეს არ არის ურთიერთობათა ისეთი ფორმა, როგორიც ახასიათებს ყველაფერს: ფუტკრებსა თუ ჭიაყელებს. ეს ისედაც სულ იყო. გახსოვს, იაკობთან რომ მიდიან მისი შვილები, იოსები რომ გაყიდეს შურის გამო, რა მოაქვთ მათ მამასთან? სისხლში ამოვლებული ტანსაცმელი და როდესაც მამა ეკითხება, რა უყავით იოსებიო; უპასუხებენ, არ ვიცით, ეს ხომ არ არის მისი ტანსაცმელიო. იცნო იაკობმა იოსების ტანსაცმელი. ამდენი მოწმეა, თან სისხლიანი ტანსაცმელი, შესაბამისად, იაკობისთვის იოსები იყო მკვდარი. ღმერთმაც დაუბნელა გონება, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო. მაგრამ ამ დროს რა ხდება სინამდვილეში?! როდესაც იაკობი, მამა, აქ ტირის თავის მკვდარ შვილს, იქ, ევგიპტეში, ფარაონმა იოსები მეორე კაცად დაიყენა. ესე იგი, რა ყოფილა ჩვენი პრობლემა?! ის გვტანჯავს, რომ მთელს ვერ ვხედავთ, თორემ უკვე მომხდარია ყველაფერი. ამდენად, უკვე მომხდარზე უნდა აგვეხილოს თვალი. ახალს არაფერს ვქმნით, გასახსენებელია. ცოტა ფართო ხედვაა საჭირო და რაც მოხდა, უკვე იმის გაიხსენება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


