როგორ და რატომ უნდა ვისარგებლოთ ქრისტეთი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
ეკლესიურობა და რწმენა, თავისთავად, გულისხმობს მორჩილებას, თუმცა, წესით, რწმენას იერარქიასთან კავშირი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ქრისტეა ავტორიტეტი. რა განსხვავებაა ნამდვილსა და ფსევდოავტორიტეტებს შორის? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომ აშორებს ადამიანს ღმერთისგან იერარქია?
– სამწუხაროდ, დღეს იერარქიულობითაა დაღდასმული ეკლესია და ეს ყველაზე მეტად იგრძნობა მორჩილების, თაყვანისცემის, წესრიგის წინ წამოწევით. ანუ იერარქიული მორჩილებით, პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც სხვა სფეროებშია, რაც ქრისტემ, ფაქტობრივად, შეცვალა და, სამწუხაროდ, ისევ იგივე სული შემოვიდა. განა თავისთავად ავტორიტეტია ცუდი, ბოლოს და ბოლოს, თავად ქრისტეა ავტორიტეტი, იმიტომ რომ მიზიდავს, მისგან ყველაფერს ვიღებ, ვინაიდან ქრისტე გასცემს და მე უკან ვუბრუნებ, სიყვარულით ვემორჩილები და, რა თქმა უნდა, მას ფეხს დავბან. იმიტომ რომ, როდესაც მიყვარხარ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ, როდესაც ეს არ არის მადლისმიერად მიზიდვა, მაშინ ცდუნებაა, რომ ეს ავტორიტეტი შენარჩუნდეს, თორემ მოიშლება იერარქია. ერთი მხრივ, ამას აქვს გამართლება, იმიტომ რომ, რაკი მიწიერად ვარ, თუკი შინაგანი, სულიერი ავტორიტეტი არ დაიჭერს, ფიზიკურმა უნდა დაიჭიროს.
ასეთი გამონათქვამია, დეიდას დედის სუნი აქვსო, და, თუ მოძღვარს ქრისტეს სურნელი არ ასდის, მაშინ ვიღებთ ბრმა მორჩილებას. მაგრამ არის სიყვარულისმიერი მორჩილება, რაც, სამწუხაროდ, გვაკლია და ყველა აღიარებს, რომ გვაქვს ეს პრობლემა: წინაა წამოწეული თვითონ ინსტიტუცია, დარჩა მშრალი კარკასი, რომელიც ავტომატურად მუშაობს. სად ნახოს ადამიანმა ღმერთი?! ქრისტეს რომ ეკითხებიან, მამა გვაჩვენეო, არსად არ უშვებს, ბედავს და ამბობს, მე შემხედეთ, იმიტომ რომ ჩემშია მამა. პავლე მოციქულიც იმავეს ამბობს: მე შემხედეთ, ჩემშია ქრისტე! მაშინ მე რა უნდა ვთქვა, როგორც მოძღვარმა?! ამპარტავანი ვიქნები, ეს რომ გავიმეორო?! და როდის ვარ მე უფრო ნამდვილი და მართალი, როდესაც გავბედავ და ვიტყვი, ჩემში შეხედე ქრისტეს, აქ არის ქრისტე?! რადგან მე გიქადაგებ მასზე, რადგან მე მიყურებ და მიღებ, ესე იგი, ეს უნდა თქვა, ხომ?! ექიმთან რომ მიდიხარ, მას თეთრი ხალათი აცვია და შენ იცი, რომ ის არის სხეულის მკურნალი; პოლიციელთან რომ მიდიხარ, მას პოლიციელის ფორმა აცვია და ის საქმეს იძიებს. როდესაც პრობლემა მაქვს, მის მოსაგვარებლად მივდივარ შესაბამის პროფესიონალთან და იმის იმედი მაქვს, რომ მიშველის. რას განასახიერებს სასულიერო პირი?! მე ვეძებ ღმერთს და სად არის ღმერთი?! ეკლესიაში. მივდივარ ეკლესიაში, სადაც ისევ და ისევ მოძღვარია; მივდივარ იმ მოძღვართან და ქრისტეს სურნელი ოდნავ მაინც თუ ვერ ვიგრძენი მისგან, მაშინ რა გავაკეთო?! წარმოიდგინე, ექიმთან მიდიხარ და ვერ ჭრის შენს პრობლემას, უბრალოდ, არ იცის, როგორ გიმკურნალოს.
რატომაა ათეიზმი ევროპის პრობლემა?! მეთექვსმეტე საუკუნეში ითარგმნა „სახარება“ და თითქოს, მართლაც, კარგი ამბავი მოხდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ქრისტემ „სახარება“ კი არ დატოვა, არამედ თავისი სხეული, ცოცხალი ორგანიზმი – ეკლესია, ხოლო ამ სხეულმა – ეკლესიამ – შემდეგ შექმნა „სახარების“ კანონი. უამრავი „სახარება“ იყო, მაგრამ მეორე–მესამე–მეოთხე საუკუნეებიდან დაიწყეს კანონის დაწესება და დარჩა ოთხი სახარება. ეკლესია არის ცოცხალი იერარქია და არა მკვდარი ნაწერი. ნაწერი მიანიშნებს, განსაკუთრებით, როდესაც წიგნების ბეჭდვა დაიწყო და ნაწერმა ჩაანაცვლა ცოცხალი ადამიანები, როგორც ქრისტეს ცოცხალი სულის მატარებლები. თუ ეს სული არ არის, მაშინ უკვე მკვდარი მაკეტია. მართალია, მიგანიშნებს, „სახარებაში“ ვკითხულობთ, ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანაო, მაგრამ სად არის ეს? ვინ ახორციელებს ამას?! იმას ვამბობ, თუ რა პრობლემა შექმნა ამ კარგმა ამბავმა: მივიღეთ განათლებული თეოლოგები, სადოქტორებს იცავენ თეოლოგიაში; მივიღეთ განათლებული პასტორები... წინ წამოვიდა ქადაგება ქრისტეზე. თქვენ ხართ ქრისტეს წერილები, თქვენ ვინც გნახავთ, წაიკითხავენ ქრისტესო. პავლე მოციქულიც იმავეს ამბობს: მომბაძეთ მე, როგორც ქრისტეს; მე არ ვცხოვრობ, ჩემში ქრისტე ცხოვრობს. პავლე ამის თქმას კი არ ბედავს, არამედ ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. ქრისტე ჩვენი ნამდვილი არსია, გაღვიძებული; მან გაგვაღვიძა. შესაბამისად, მე რომ ახლა მღვიძავს, ეს ამპარტავნობაა?! რა თქმა უნდა, არა. იმიტომაც უხარია პავლეს: ის თავის თავს დაუბრუნდა და ამან ათქმევინა, ნაგავად მიმიჩნევია ყველაფერი, ოღონდ ქრისტე შევიძინოო. სამი დღის განმავლობაში დაუბნელდა თვალთ პავლეს და ესეც სიმბოლურია, მისტიკაა. ტარიელიც სამ დღეს იყო ცოცხალმკვდარი. ანუ ძველი რომ დაემხობა, საკუთარი თავის აღდგინებას სამი დღე სჭირდება. ქრისტეც ხომ მესამე დღეს აღდგა?! ამის სიმბოლოა ეს რიცხვი. და რა დაინახა პავლემ იმ სამ დღეში?! ყოფნის სისავსე, რაც დაკარგული ჰქონდა.
ერთი სიტყვით, „სახარების“ თარგმნას მოჰყვა ტაძრის მსახურებები და ბოლოს, ნიცშემ თქვა: ღმერთი მოკვდა. არადა პასტორის შვილი იყო. განა რიხით ამბობს ამას ნიცშე, განა უხარია?! თუმცა ჩვენ ასე გვეგონა. პირიქით, ტრაგედია მოხდა, ღმერთი მოვკალითო. ღმერთი, რომელსაც მე ვერ ვწვდები, მკვდარი ღმერთია; „სახარების“ ღმერთი ქიმერაა, თუ არ ავითვისე. ილაპარაკე რამდენიც გინდა, რომ რომელიღაც ბანკში მილიონია. იქ რომ არის, შენ რა ხეირი, თუ ბარათი არ გაქვს, რომელზეც ეს ფული დევს და არ შეგიძლია, გამოიტანო და მოიხმარო?! ასეთივეა ჩემთვის ქრისტე, რომელიც მიუწვდომელი გახდა; ვლაპარაკობ მასზე, მომწონს, მაგრამ ვერ ვეხები, ვერ ვსარგებლობ მისით. რას ნიშნავს სარგებლობა?! საოცარ სიტყვებს ამბობს პავლე მოციქული: გაბედულად რომ მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა ვპოვოთ დროული შეწევნა ყოველდღეო. შეწევნა ბერძნულად ნიშნავს ინვესტიციას. რომ შეადარო, რასაც ფული აკეთებს მატერიაში, იმავეს აკეთებს მადლი სულიერში. თავისთავად ფული არაფერია, მასში არის ძალაუფლება, რომ ფიზიკურში ის შეისრულო, რაც გინდა. მადლიც იმავეს აკეთებს: მადლის გარეშე მკვდარი ვარ. მადლი ელექტროენერგიასავით, მუშაობს: თუ არის, ყველაფერი მუშაობს და გაკაშკაშებულია. მადლი თუ არ გაქვს, მაკეტი ხარ, მკვდარი ხარ: ქადაგებ, წირვა-ლოცვას ატარებ, მაგრამ ეს ყველაფერი უსიცოცხლოა. ჩემს თავზე ვიტყვი, უპირველესად. იმის თქმა მინდა, რომ მოძღვრობა არ არის რუტინა. ოღონდ იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ მოძღვრები არ გვყავს, მე ვლაპარაკობ პრობლემაზე; ამითაა დაღდასმული ჩვენი ეპოქა და ესეც ბოლო ჟამის ნიშანია, რაც გვითხრა კიდეც ქრისტემ, ძე კაცისა რომ მოვა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზეო. მორწმუნეს კი არა, რწმენას თუ ნახავსო. რა არის რწმენა?! განცდა, ქრისტეს სურნელი. და მოძღვრობის პირველი ნიშანი, ალბათ, ის არის, რომ ადამიანს რაღაც გაახსენო, რაღაც შეაცვლევინო და იმედის პატარა ნაპერწკალი მისცე. აი, ეს გვაქვს ცოტა და უნდა გავზარდოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


