რელიგია

როგორ ანდო ღმერთმა თავისი ძე და თავისი სიტყვა ადამიანს

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 29.02

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველაზე მთავარი, რატომაც ვინტერესდები იმ თემებით, რასაც ამ რუბრიკაში განვიხილავთ, არის ის, თუ როგორ მოვახერხო განღმრთობა ან, საერთოდაც, მოვახერხებ თუ არა, ან რა ბედი მელის, თუ ვერ მოვახერხე; თუმცა იმედის მომცემია, რომ უკანასკნელ ავაზაკსაც კი აქვს ცხონების შესაძლებლობა და ზუსტად ისეთივე, როგორიც ყველაზე კეთილშობილსა და სათნო ადამიანს. რაც მთავარია, არც იმას აქვს მნიშვნელობა, როდის მოვა გონს ადამიანი, ეს, თუნდაც, სიცოცხლის უკანასკნელი წუთი იყოს. ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– პირადად მე მუდმივად ის კითხვა მიტრიალებს, ვაითუ, ვერ ვცხონდე. როგორ უნდა მწამდეს, რომ ვცხონდე?

– ლათინურად „მწამს“ ნიშნავს „კრედოს“. ყველამ ვიცით სიტყვა კრედიტის მნიშვნელობა. ვინმე არის, ვისაც კრედიტი არ აუღია, თუნდაც, მობილური ტელეფონის შესავსებად?! შესაბამისად, ვიცით, რომ კრედიტი არის ნდობა, ბანკი, ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაცია, ფულს რომ გაძლევს, გენდობა, ანუ ერთგვარად რისკავს ამ ნდობის გამო. შეიძლება, უხეში შედარებაა, მაგრამ უფალი თავის ძეს, თავის სიტყვას გვანდობს და ჩვენ რომ ეს კრედიტი არ მოგვცეს, ვერასდროს დავიძვრებოდით ადგილიდან. ამიტომაა, რომ რწმენას უფალი იძლევა, მაგრამ ეს სულაც არაა ჩემი გადარჩენის გარანტია. ისევე, როგორც კრედიტის გარეშე სახლს ვერ ააშენებდი, ადგილიდან ვერ დაიძვრებოდი და ბანკმა მოგცა, თუმცა, შეიძლება, ეს კრედიტი შეჭამო, დახარჯო და სახლი ვერც ააშენო, ანუ ვერ განავითარო ის კრედიტი, არადა, უკან გაქვს დასაბრუნებელი. ამდენად, მხოლოდ კრედიტის აღება არ არის სახლის აშენების გარანტია.

მაგალითად, პროტესტანტები გამოკვეთილად ამბობენ, რწმენით ვცხონდებით, რადგან იესომ გვიხსნა და გამოგვისყიდაო. არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ ამ თემის მეორე მხარეა: ვინ გვიხსნის ჩვენ საბოლოოდ?! გადამარჩენს ის, რომ იესომ გვიხსნა, ესე იგი, იურიდიულად აღასრულა ეს აქტი, თუ გადარჩენა ჩემი რწმენაა, რომ იესომ მიხსნა?! თუ მხოლოდ ის მიხსნის, რაც იესომ გააკეთა, მაშინ მე რა უნდა გავაკეთო?! არაფერი?! ამით ხელმძღვანელობა, რომ იესომ გვიხსნა და გვიხარია, საკმარისი არ არის და სწორედ მართლმადიდებლობას აქვს ოქროს კვეთა. მართლმადიდებლობა გეთანხმება, რომ იესომ გამოგვისყიდა (უნდა გამოგიტყდეთ, მე ეს თავიდან არ ვიცოდი, მაგრამ შემდეგ წმინდა მამების წერილებს გავეცანი, რომლებშიც საოცარი სიღრმითაა ეს საკითხი გარჩეული). ანუ ერთია, რომ ქრისტემ გვიხსნა, მაგრამ, გაიხსენე, რას ამბობს იესო?! შენმა რწმენამ გიხსნა შენ! რწმენა რა არის?! მინდობა; ისე მოქმედება, როგორც იესომ თქვა: აიღე შენი ჯვარი, უარყავი საკუთარი თავი. პავლე მოციქული თავის წერილებში თავიდან ამბობს, მე რომ თქვენ გიქადაგებთ, მეშინია, თვითონ არ დავრჩე უღირსიო, ანუ მე იმის იმედად კი არ ვარ, რომ კარგი მოქადაგე ვარ, არამედ მე გადამარჩენს ჩემი თავის უარყოფაო. შიშითა და ძრწოლვით აღასრულეთ თქვენი ხსნაო. ანუ, რაკი ქრისტემ მიხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავრჩები; და მესამე – ქრისტეშია ჩემი გადარჩენა, ოღონდ ეს მუდმივი ჯვარია... პავლე მოციქული სიცოცხლის ბოლოს ამბობს, ჩემი გასვლის დღეები დადგა; რწმენა შევინარჩუნე, სვლა აღვასრულე და ახლა მელოდება გვირგვინი, რომელიც უფალს გამზადებული აქვს ყველასთვის, ვინც შეიყვარა უფლის მოსვლა. ანუ რწმენა შევინარჩუნეო. და რის რწმენა შეინარჩუნა?! რომ იესომ ეს ჩემთვის გააკეთა, რაზეც ჩემი პასუხია, რომ ვიღებ ჩემს ჯვარს და ვცხოვრობ ისე, როგორც იესო ცხოვრობდა. იესოს რომ არ გამოვესყიდეთ, რა თქმა უნდა, გამოსავალი არ გვქონდა. საერთოდ ვერ დავიძვრებოდით ადგილიდან, მაგრამ გაცხადდა ნათელი, ოღონდ ამ ნათელს მე ავტომატურად კი არ გამოვყავარ უძრაობიდან, არამედ პროვოცირებას მიკეთებს და მიჩენს იმედს, ეგებ მეც მივწვდე. პავლე მოციქული ამბობს, როგორც მოგვწვდა იესო, იქნებ მეც მივწვდე იესოსო. რწმენა არის შესაძლებლობა და არა დასრულებული აქტი. ასე არ მოქმედებს უფალი. შენს ნებელობას ყოველთვის უტოვებს რაღაცას. ყველაფერი ასეა ბუნებაში: გვაქვს თესლი და არა გამზადებული ნაყოფი და ეს თესლი თუ არ დათესე, თუ ოფლი არ დაღვარე, ნაყოფს ვერ მიიღებ. რწმენა, არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი ჭირნახულია, თესლივით ითესება შენში და შენი ოფლითა და გაღებული ძალისხმევით, შენი მოსავალი უნდა გახდეს. ამისთვისაა ყველაფერი: ლოცვა, აღსარება, ზიარება, მაგრამ მხოლოდ ამის კეთებით ვცხონდები?! როგორღაც 48-დღიანი მარხვა დავიცავი, ხორცს არ მივეკარე, ზეთს არ მივეკარე და ეს მაცხონებს?! თხუთმეტჯერაც ვეზიარე, არადა ზოგი ისე კვდება, ერთხელ ეზიარება მხოლოდ და არ კმარა ჩემი თხუთმეტჯერ ზიარება?! თან, კიდევ ხუთჯერაც ვეზიარები და მეყოფა. მით უმეტეს, კაცი თუ არ მოგიკლავს, მთლად ანგელოზი ხარ, არადა რწმენა სულ სხვა რამაა: თუ ქრისტედ არ იქეცი, იღუპები. ქრისტე სიცოცხლეა. შესაბამისად, სიცოცხლის ნაკლებობა უკვე სიკვდილში ყოფნაა და ამიტომ განწირული ხარ, რომ სიცოცხლედ იქცე. ნახშირი რომ ცეცხლს უერთდება, მასში მთლიანად უნდა გადავიდეს ცეცხლის ბუნება. ერთი წმინდა მამა ამბობს, ნაბრძანები აქვს ადამიანს, რომ გახდეს ღმერთი და არა იმიტომ, რომ ეს ჩემი ამბიციის მწვერვალია. ქრისტედ ქცევა ბუნებრივი მდგომარეობაა. ღმერთი სიცოცხლეა და თუ ღმერთის გარეთ ხარ, სიცოცხლის გარეთ ხარ. მაგალითად, ჩემი თვალი ხომ სინათლისთვისაა გაჩენილი, ამდენად, ჩემთვის სინათლეზე გასვლა მიზანია?! არა. ჩვეულებრივი მდგომარეობაა. ესე იგი, თუ სინათლე მინდა, ეს ამბიცია არაა. როდესაც ვსუნთქავ, ჟანგბადის მიღებაა ჩემი მიზანი თუ ჩასუნთქვაა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, სასიცოცხლო აუცილებლობა?! ქრისტედ გადაქცევა ჩემი მიზანი არ არის, ეს სასიცოცხლო აუცილებლობაა, ჩემი სიცოცხლეა...

ანუ ცხონება ორივეს – ადამიანისა და ღმერთის – თანამონაწილეობაა. გახსოვთ, ხომ, ადამიანი და ღმერთი ერთმანეთს მეორე სართულზე ხვდებიან, იმიტომ რომ ვერც ადამიანი ავა მესამე სართულზე და არც ღმერთი ჩამოვა პირველ სართულზე, ანუ, როდესაც ღმერთს თავისი მარჯვენა გამოწვდილი აქვს, რომ გადაგვარჩინოს, თუ შენ მთელი შენი არსებით არ აიწევი, მთელი შენი გულის სურვილს არ ამოატან, ნებისმიერ ფასად არ წაეპოტინები ღმერთის გამოწვდილ ხელს, ეს ამ ხსნის უარყოფაა. აი, ეს უკვე ჩვენი გასაკეთებელია. ამიტომ, რაც უფალმა ჩვენთვის გააკეთა, ერთი მხარეა, და მართლაც ყველაფერი ქრისტემ გააკეთა; ჩვენ ვერც ვერაფერს დავამატებთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ რაღაცის გაკეთება ყოფილიყო ადამიანზე დამოკიდებული, რომ ვერ გამეკეთებინა, ხომ დავიღუპებოდი?! ანუ ერთი მხარეა, რომ ბოლომდე გვიხსნა მაცხოვარმა, ბოლომდე გამოგვისყიდა და ახლა მთავარია ჩემი პასუხი. ჩემი გამოსვლა ჩემი განპირობებულობებიდან, ისევე, როგორც ეგვიპტიდან გამოვიდნენ ებრაელები. ეს გამოსვლაა ჩემი თანხმობა, ჩემი ნდომა, ჩემი წადილი და ამ წადილს გზადაგზა უკვე სულიწმიდა აღგვიძრავს. ანუ აქაც უფალია! სულიწმიდა ქართულად ნუგეშინისმცემელია, ხოლო ბერძნულად ორი ტერმინითაა გადმოცემული. ერთი ტერმინი სამსიტყვიანია და ნიშნავს მესამე ძალის წინააღმდეგ ერთად ბრძოლას, მეორე კი იმ დროს შეწევნას, როდესაც ჩვენი ძალები ამოწურულია. როდესაც ყველაფერი გვენგრევა და ძალებს ვკარგავთ, სწორედ მაშინ მოდის უფალი ჩვენთან: არც დროზე ადრე მოვა და არც დაიგვიანებს. მაცხოვარი მოდის მაშინ, როდესაც შენს მაქსიმუმს გააკეთებ. ბოლომდე რომ ამოწურავ ყველაფერს, რაც მოცემული გქონდა, ამ დროს მოდის საშველად და ივსები ახალი ძალით, რომ ისევ გადალახო მომდევნო წინააღმდეგობა. ასე გრძელდება მანამ, სანამ არ აღსრულდება ღმერთის ბრძანება, რომ ადამიანი უნდა იქცეს ღმერთად!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული