რელიგია

როგორ აქცია სამყაროს მეფედ შექმნილმა ადამიანმა საკუთარი თავი მონად

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.07

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

გვეუბნებიან, რომ წარსული აღარ არის, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ამიტომ უნდა იცხოვრო აქ და ახლა. ეს თეზა ამოსავლად აიღეს, ეგრეთ წოდებულმა, ქოუჩებმაც და ძალიან ბევრი ადამიანი იმეორებს ამას. არის თუ არა შესაძლებელი, იცხოვრო აქ და ახლა და რატომ მოგვიწოდებს ქრისტე, რომ არ ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– მეც ვიმეორებდი ერთხანს, რომ აქ და ახლა უნდა იცხოვრო. ყოფისეულად წამით ტკბობა შემიძლია, როდესაც ლამაზ პეიზაჟს ვუყურებ, კარგ მუსიკას ან ჩიტებს ვუსმენ, ასეთ დროს მართლაც იქ ვარ, მაგრამ მაინც არ მესმის, რას ნიშნავს, ვიყო მუდმივად აქ და ამჟამად ან როგორ?

– მეც ბევრი წამიკითხავს ამის შესახებ. იყო პერიოდი, აპრიორი ვიღებდი, ვიმეორებდი კიდეც, მაგრამ ჩემს გულს ამის მიღება უჭირდა. ერთგვარი პროტესტი მიჩნდებოდა. არ მიმაჩნია ბუნებრივ გზად, რომ წარსულზე არ უნდა იფიქრო, რაკი წავიდა და არც მომავალზე, რაკი არ მოსულა, ეს უფრო პრობლემისგან გაქცევის ხერხი მგონია, რომ ადამიანი გაათავისუფლოს წარსულის სიმძიმისგან, რაც მას აწვება და მომავლის გაურკვევლობისგან, რაც მისადმი შიშს იწვევს. ეს მოსაზრება ადამიანს არ განიხილავს დინამიკაში. „ბიბლიასაც“ რომ თავი დავანებოთ და ჩვენი გამოცდილებით ვიმსჯელოთ: ადამიანი არ არის დასრულებული ქმნილება. ის შესაძლებლობაა, თავისი თავის დასრულებისკენ მიმავალ გზაზე მიდის. თუ ჩვენ ადამიანს არ განვიხილავთ, როგორც პროექტს, ვეცდებით, ამაზე უარი ვთქვათ და ჩავიკეტოთ წამში, რომელშიც არც წარსულია და არც მომავალი, რა გამოდის?! ჯერ ერთი, წარსული ჩემშია და როგორ უნდა მოვწყდე მას?! ასევე, მომავალიც, ხომ, ყოველი წამით შემოდის ჩემში?! ამდენად, პირიქით არ ჯობია – მთელი ჩემი არსებით დავდგე ამ გრიგალის წინაშე და განვჭვრიტო: საიდან მოვედი და საით მივდივარ?! არ ჯობია, ადამიანს ეს ცოდნა მივცეთ?! როდესაც ადამიანმა იცის, რომ ამ წამისთვის კი არ ცხოვრობს, რომ როგორმე ამ წამს გამოსტაცოს სიამოვნება და ყველა სიკეთე აქ იგემოს, არამედ ცხოვრობს თავისი წარსულითა და მომავლით, ეს მას მეტ თავისუფლებას არ მისცემს?! გლეხი ელოდება მოსავალს და რას ნიშნავს „მოსავალი“? მომავალს – ის უნდა მოვიდეს და რა ქნას იმ გლეხმა, მიატოვოს ყველაფერი, თუ იმ წუთას არ აქვს არაფერი?! განა გლეხის შრომა მომავალს არ ქმნის? მას, ხომ, ყოველწამიერი ძალისხმევით მოჰყავს მომავალი?! მგონი, აქ ის შეცდომაა, ვინაიდან ადამიანი ვერ უძლებს თავის არასრულყოფილებას. საერთოდაც, რატომაა მომავალი გაურკვეველი, როდესაც ჩემს თავს ვხედავ, როგორც სისრულისკენ მიმავალ ქმნილებას, რომელიც ახლა არასრულყოფილია, შეიძლება, უსახურიც, ფორმაც არ აქვს?! მაგრამ არ უნდა ვეცადო, რომ დღესვე მქონდეს ეს ფორმა; ჩემი თავი ხელოვნურად შევქმნა, რომ ჩემი არასრულყოფილება გადავფარო გარედან თავს მოხვეული მიღწევებით. ანუ ისევ ბიბლიურ პარადიგმამდე მივდივართ: ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი, წუთისოფელი არის ადგილი, სადაც ის დაინერგა და იზრდება, ვიდრე სისრულეს არ მიაღწევს და არ მიემსგავსება თავის შემოქმედს, ხოლო მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება არის ამ მიმსგავსების პროცესი და დრო ამ მიმსგავსებას ზომავს. ადრეც ვთქვით, ორი მიდგომაა: ერთია, რომ ადამიანი პროექტია და, თუ პროექტში ვზივარ, მაშინ წარსულიც ჩემშია, მომავალიც და აწმყოც; მე საწყისიდან მოვდივარ და გახორციელებისკენ მივდივარ; ამდენად, მშვიდად ვარ, არ ვჩქარობ, ვინაიდან მთელს ჩემს ცხოვრებაში ამის განხორციელების გზას ვხედავ, რასაც ყველაფერი მიდასტურებს. მეორე მიდგომა არ აღიარებს, რომ სამყაროს ჰყავს შემოქმედი; ის არ დაწყებულა, მილიონობით წლის წინათ შემთხვევით შექმნილი ფორმაა და მილიონობით წლის შემდეგ ისევ დაიშლება; შესაბამისად, არანაირი საზრისი არ არის, არც პასუხისმგებლობა; თუ ასეა, მაშინ ადამიანი ხედავს, რომ მისი სხეული მიდის ბიოქომიური დაშლისკენ, რათა შეუერთდეს უსახო მატერიას. ანუ, თუ პროექტში არ ვზივარ, მაშინ ჩემთვის არც წარსულია და არც მომავალი, მაგრამ მაინც ეუბნებიან, ღირს ცხოვრებაო და რისთვის ღირს?! ასეთ ადამიანს, რომელსაც მოუშალეს საკუთარი თავის ხსოვნა, ძრწოლვა იპყრობს, ამიტომაც გაძლებაზეა. ჯერ ადამიანს დაუკარგე ყველაფერი და მერე გაძლებაზე ამუშავებ, მაინც ღირს ცხოვრებაო?! სხვათა შორის, ეს იმას მიანიშნებს, რომ, თუმცა დაგაჯერეს, რომ არაფერი არ არის, თუკი მაინც ღირს ცხოვრება, ესე იგი, ადამიანი მეტაფიზიკურად გაიაზრება, იმიტომ რომ მტვერს არ შეუძლია, თქვას, რომ მაინც აქვს აზრი ცხოვრებას.

– იესო გვეუბნება, ხვალინდელ დღეზე არ იზრუნოთო და ხშირად ამას ასახელებენ აქ და ახლა ცხოვრების გამართლებად.

– დიახ, მაგრამ ეს, პირიქით, ადასტურებს იმას, რაც ვთქვით. იზრუნო ძველქართული სიტყვაა და ნიშნავს, არ იშფოთო. იესოც ამას გვეუბნება, არ იზრუნოთ, ანუ არ იშფოთოთ, იმიტომ რომ მე აქ ვარ, სამყარო შეკრულია, თითოეული ღერი თმა დათვლილია, ნუ შიშობ, ანუ არ ამოვარდე კონტექსტიდან; ნუ გგონია, რომ დავიწყებული ხარ; ამ სამყაროს ჰყავს მამა, რომელიც ყველას ზრდის. ზრუნვა ეს ჯოჯოხეთია, უიმედობაა, უნდობლობაა სამყაროსადმი. ადამიანმა თვითონ გამოიგონა, რომ არაფერი არსებობს და თავის თავზე აიღო მარტოობის სიმძიმე, არადა ვინ აძალებდა?! ახლა კი ამის გამო იტანჯება და ჰგონია, რომ გმირია, რაკი ცხოვრებას უძლებს. და რატომ გახადე ცხოვრება გაუსაძლისი?! ამიტომ ამბობს ქრისტე, მოდი ჩემთან, ყოველო მაშვრალო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენებთ თქვენ; აიღეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან. შეიძლება, ვინმეს ეშინია უღლის და უღელში შებმის, მაგრამ შენ მაინც მიგაქვს უღელი, ოღონდ ქაოსისა და უაზრობის, რის გამოც საშინელ დღეში ხარ, ქრისტეს უღელი კი საამო და მსუბუქია. უღელი ხარის საწამებელი იარაღი კი არ არის? უღელი არის იარაღი, რითაც მსუბუქდება ტვირთის ზიდვა და ქრისტე სწორედ ამას ამბობს, ეს ტვირთი მაინც მიგაქვს, მეტიც, გადატყავებული გაქვს ქედი, ამიტომ ჩემთან მოდით. რატომაა ქრისტეს უღელი მსუბუქი და ტკბილი?! იმიტომ რომ ქრისტეს უღელმა იცის, საიდან მოაქვს ტვირთი და სად მიაქვთ. ანუ ასეთი უღლის ტარებისას ვიცი, რატომ ვცხოვრობ, რატომ მემძიმება. ქრისტეს უღელი კეთილშობილი ტვირთია, მაცხოვნებელი სიმძიმე და ჯვარია, რომელიც გიცავს სტიქიების დარტყმებისგან, უაზრო ცხოვრებისგან, რომელიც გშოლტავს და გბორკავს. ადამიანი ვერ ცხოვრობს ჟინის გარეშე: მუშაობაც კი ჟინად იქცა. განა ადამიანი მონაა, რომ დღე და ღამ იმუშაოს? აბა, ინტელექტი რისთვისაა ან ამდენი ტექნიკა რატომ შექმნა?! სულაც არ არის ნორმალური, რომ დილის 6 საათზე ადგე, ჩქარ-ჩქარა ჭამო, არაქათი გაგიწყდეს, შემდეგ ორი დღე დაისვენო, რომ ისევ ჭამო და დალიო?! ვინ თქვა, რომ ეს კარგია?! ადამიანი გაცნობიერებისთვისაა შექმნილი, მეფეა, მან უნდა განაგოს სამყარო და მისი ძალა ინტელექტსა და გაცნობიერებაშია. ტექნიკა განვავითარეთ და იმის ნაცვლად, რომ დრო გამოგვეთავისუფლებინა გაცნობიერებისთვის, პირიქით, ამ ტექნიკამ გამოგვფიტა და დაგვაუძლურა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო