როგორ აძლევს უფალი გაუტეხელს, მოშურნესა და ფიზიკურად სუსტ ადამიანს სასწაულის მოხდენის ძალას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 31.07

მამა გურამი:
ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გვიდგას საქართველოში და ჩვენ, ყველანი, ამ პროცესების მონაწილენი ვართ. გარეგნულად რომ შეხედო, იმდენად დიდი კრიზისია, რომ თითქოს გამოსავალი არ ჩანს, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც გამოსავალი არ ჩანს, მოდის საშველად რწმენა და ის სასწაული, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ: სასწაული მაშინ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი თავის შესაძლებლობებს ამოწურავს, სწორედ მაშინ ავლენს უფალი თავის შეწევნას. „ბიბლია“ და მამების სწავლება გვასწავლის, რომ ღმერთი არ არის ციდან პასიური მაყურებელი, ის ჩართულია ჩვენს ყოველდღიურობაში, მით უმეტეს, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ერთადერთი, ვინც იტანჯება, ქრისტეს სულია, ვისაც სწყურია, რომ გაგვამთლიანოს და შეურიგებელი შეარიგოს. მაშინ რა არის ჩვენი ძალა? რა შეგვიძლია?! ბიბლიური გედეონის მაგალითს მოვიყვან: ეს არის მსაჯულთა პერიოდი, ისუ ნავეს შემდეგ, როდესაც ისინი ქანაანს იპყრობენ, მაგრამ შემდეგ თავიანთი ურჩობისა და ურწმუნოების გამო ვერ ახერხებენ ქანაანის მთლიანად დამორჩილებას და მუდმივად მტრებს ებრძვიან. მტრის ერთ-ერთი ასეთი შემოსევისას ისრაელი, ფაქტობრივად, გავერანდა, ხალხი იმალებოდა მღვიმეებში, ქვაბულებში. მტრები, მადიამელები, მოდიოდნენ და მიჰქონდათ ყველაფერი, რასაც კი ხელს წაავლებდნენ, განსაკუთრებით – პური და ხორბალი. ხალხი სრულად პარალიზებული იყო და წერია, რომ ამ დროს გედეონი, ამა და ამ კაცის შვილი, ამა და ამ ტომიდან საწნახელში ხორბალს ცეხვავდაო. ჩვენ ვიცით, რომ „ბიბლია“ სიმბოლური ენაა: ვიცით, რომ საწნახელში ღვინოა, მადიამელები კი ღვინოს არ ეკარებოდნენ, ხორბალი მიჰქონდათ და მათგან თავის დასაცავად გედეონი ხორბალს საწნახელში ინახავდა. ეს უკვე სიბრძნე და მოხერხებულობაა. ანუ განსაცდელის ჟამს, როდესაც ფიზიკური ძალა არ გყოფნის, არის ფიზიკურ ძალაზე უფრო დიდი ძალა და ეს არის სიბრძნე და გამოცდილება, რომელსაც შეუძლია, ძალიან დიდი ფიზიკური ძალის დამარცხება. და, მართლაც, შემდეგ გედეონი 300 კაცით ამარცხებს მადიამელების 300 000-იან ჯარს. ეს თითქოს ალოგიკურია, მაგრამ, თუ ჩავწვდებით არსს, მივხვდებით, რომ სავსებით შესაძლებელი, როდესაც სიბრძნითა და გონიერებით მოქმედებ. გედეონთან ადამიანის სახით მოდის ანგელოზი, უფლის წარმომადგენელი – სხვათა შორის, იმ დროს ასე ხდებოდა: ვერ გაარჩევდი ადამიანისაგან ღმერთის წარმოგზავნილს, რომელსაც უწყება მოჰქონდა ადამიანებთან – ასეთი ახლო იყო ურთიერთობა. ანგელოზი გედეონს ეუბნება: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო. გედეონი ეპასუხება, ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, მაშინ რატომ ვართ ასეთ დღეში, დაგვტოვა უფალმა მტრის საჯიჯგნად ან ის სასწაულები სად არის, რომლებსაც ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენო. ნახე – გედეონი არ არის სასოწარკვეთილი, ის ღმერთს ამუნათებს, რატომ ხარ გაჩუმებულიო. ეს არ არის პასიური მდგომარეობა, ეს არ არის ურწმუნო, უსასოო და იმედდაკარგული ადამიანის ჩივილი. ეს არის მოშურნე ადამიანი, რომელიც ღმერთს ეუბნება, ღმერთო, სადა ხარ?! შენ ღმერთი ხარ; შენ ხომ ყოველთვის ჩვენთან ხარ; შენ ხომ აღთქმა დაუდე ჩვენს წინაპრებს, თქვენთან ვიქნებიო. ესე იგი, თითქოს საყვედურობს ღმერთს, თუ ჩვენთან ხარ, ასეთ დღეში რატომ ვართო. თუმცა, ჩვენ ვიცით, რატომაც დაემართა ისრაელს, რაც დაემართა: მათ დაარღვიეს ღმერთის მცნებები და ღმერთი სჯის, რომ გონს მოაგოს ისინი. სწორედ გედეონია ისრაელის სულის იმ ნაწილის სიმბოლო, რომელიც გონს უნდა მოეგოს; მიხვდეს, რატომ სჭირს ისრაელს, რაც სჭირს. მაშინ ანგელოზი ეუბნება მას: წადი და ამ შენი ძალით სძლიე მადიამს. გედეონი ისევ გაკვირვებული და გაოცებულია, მადიამი უზარმაზარი სახელმწიფოა, ყველაფერი დაიპყრეს, არაფერი დარჩა და ამბობს, მე ვარ ყველაზე უმცროსი ჩემს ოჯახში, ჩემი ოჯახი ჩემს გვარში ყველაზე მცირეა, ჩემი გვარი ისრაელის ტომში ერთ-ერთი მცირე არის. ესე იგი, ეუბნება, ძალა არ მაქვსო, მაგრამ სინამდვილეში, რა არის გედეონის ძალა?! ის, რომ გედეონი არის მოშურნე. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ისრაელი აბსოლუტურად უძლურია, გედეონსაც, როგორც ადამიანს, ფიზიკური შესაძლებლობები არა აქვს, სამაგიეროდ, აქვს მოშურნეობა, სულის მდუღარება, გაუტეხლობა, რწმენა იმისა, რომ, თუ ღმერთი სასწაულებს აკეთებს, ახლა უნდა გვიშველოს. არ ეგუება, რაც ხდება, არ ტყდება, მოკლედ რომ ვთქვა, ცოცხალია. აი, რა ძალაზე ლაპარაკობს ანგელოზი და შემდეგ ხდება ის, რომ მადიამელების უზარმაზარ ჯარს ამარცხებენ 300 კაცით.
ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ დღესაც საქართველო თითქმის გამოუვალ მდგომარეობაშია, არადა საქართველო ჩვენ ვართ, ჩვენში ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ, ყველანი, ჩართულნი ვართ ამ პროცესში და, როდესაც ისე ჩანს, რომ თითქოს უკვე გამოუვალი მდგომარეობაა, გვჭირდება გედეონის მოშურნეობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი, 100 000-ობით ქართველი ღმერთს თავიანთ ლოცვებში ცრემლებით შეჰღაღადებს: აი, ამ უმწეობის შემხედვარე. უზარმაზარი იმპერიები გვერჩიან: ერთს მიემხრობი, მეორე გაგთელავს, მეორეს მიემხრობი, პირველი გაგთელავს. თითქოს არ არის გამოსავალი, მაგრამ რა ძალა უნდა გამოვავლინოთ?! აი, ახლა უნდა მივმართოთ ჩვენი წინაპრების სულებს, უფრო სწორად, იმ ღმერთს, რომელიც ჩვენს წინაპრებში ავლენდა თავს და უძველესი დროიდან მოყოლებული, გამარჯვებით გვაჯილდოებდა სწორედ გამოუვალ ვითარებაში. გავიხსენოთ, თუნდაც, დიდგორი, როდესაც, ერთი შეხედვით, არანაირი შანსი არ გვქონდა. თუნდაც, ღმერთის სასწაულები, რისი მოწმენიც გავმხდარვართ ისტორიის ქარტეხილებში. უფალი ყოველთვის ჩვენთანაა, ის ხომ მხოლოდ წარსულის ღმერთი არ არის?! უნდა შევევედროთ, სად ხარ, ყველა იმ ქართველის ღმერთო, რომლებსაც საქართველო გულში ესვენათ და სჯეროდათ საქართველოს გაბრწყინების?! თუ ეს ლოცვა შევძელით, მაშინ ეს არის ის ძალა, რომელსაც ღმერთი ფიზიკურ ძალასაც მისცემს, ანუ სასწაულს მოახდენს. გადაგვარჩენს ჩვენი სულის მდუღარება, ჩვენი გაუტეხლობა, ჩვენი რწმენა ამ უსასოობის ჟამს, რომ ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მეტყველებს ამაზე. რომ მიმოიხედავ, გგონია, რომ დამთავრდა ყველაფერი, ქაოსია, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ეს ყველაფერი ფიზიკური ქერქია, გულისგულში საქართველო ის ერთიანი საქართველოა, რომელიც დღემდე მოიყვანეს ჩვენმა წინაპრებმა რუდუნებით, ცრემლებით, სისხლით, ვისთვისაც თავს აკლავდენ მტერს. საქართველო მარტო ჭამა-სმის ასპარეზი რომ ყოფილიყო, დღემდე არ მოვიდოდა. მათ იცოდნენ მისია: წუთისოფლის ნათელი უნდა ყოფილიყო საქართველო. ჩვენც ასევე უნდა გავაგრძელოთ და ლოცვით, ახლა გვჭირდები, უფალო, სულის მდუღარებით, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ფიზიკურად ეს შეუძლებელია, სასწაული მოხდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან