როდის იქცევა რელიგია რუდიმენტად და ფანატიზმად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 27.03

ამ დედამიწაზე ადამიანები სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებიან, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ღმერთი ერთია. მეორე მხრივ, სამი რელიგიური მიმდინარეობის მამამთავრად ერთი ადამიანი მიიჩნევა, ბიბლიური პესონაჟი – აბრაამი. რატომ იღებს სათავეს სამი მთავარი რელიგია ერთი წყაროდან? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომ უძღოდა, როგორც კანონზომიერება, ერთღმერთიანობას მრავალღმერთიანობა?
– სანამ ამ კითხვას ვუპასუხებ, მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ნოეს შვილებზე, მით უმეტეს, რომ წინა ნომერში ვისაუბრეთ ნოესა და აბრაამს შორის განსხვავებებზე. ნოეს შვილებს ერქვათ: იაფეტი, სემი და ქამი, რას ნიშნავს ეს სახელები?! ეს არის ადამიანში არსებული სამი მდგომარეობა: სული, ანუ გონითი საწყისი; გული, ანუ ემოციური მხარე და ქამი ნიშნავს ჟინს, ვნებას, სტიქიას. სიტყვა „იაფეთი“ ნიშნავს „გაფართოებას“ და ეს არის ადამიანის ემოციური მხარე. გახსოვს, ხომ, რა მოხდა სამოთხეში, რით ცდუნდნენ ადამი და ევა?! თვალთა გულისთქმა, ხორცის გულისთქმა და ამაო დიდება. ანუ ემოციური მხარე უკავშირდება მატერიაში გავრცელებას, სილამაზეს, ესთეტიკას, ხელოვნებას, არქიტექტურა იქნება ეს თუ აღმშენებლობა; ყველაფერ იმას, რასაც მატერიაში ვაკეთებთ და რაც თვალისთვის მოსაწონია. მაგალითად, იაფეტურია ბერძნული ცივილიზაცია. ეს ფართოვდება, ანუ ფართოდ ვრცელდება. სემი ეს არის სახელი, სემიტები, ებრაული მოდგმა, რაც დაკავშირებულია მოსმენასთან, წარსულთან, წარსულში მომხდართან, იმასთან, რასაც ყურით ისმენ და არ გინახავს. მაგალითად, ზნეობრივი კანონები არ ჩანს, მაგრამ ყველაფერს მართავს, თუნდაც, ეს უდევს საფუძვლად ესთეტიკასაც. თუ ქვეყანა მატერიალისტური აზროვნებისაა, შესაბამის ტექნიკას აწარმოებს, იარაღებს, ტექნოლოგიებს. დღეს ცივილიზაცია მატერიალისტური გახდა. ვხედავთ, ტექნიკა რას ხმარდება, რას გვთავაზობენ და ცნობიერებისთვის არავის სცალია. თუმცა, ეს სამი ერთმანეთის მტერი არ არის. იმიტომაც წერია, სემის კარვებში მოვა იაფეტი. ანუ, თუ იაფეტი ყველგანაა განფენილი, სემი კარავში ცხოვრობს. რა არის კარავი? სახლი, შიგნით ყოფნა, ანუ გაცნობიერება. ხოლო სიტყვა „ქამი“ გამოხატავს აწმყოს. თუკი იაფეტი არის მომავალი, გადაშლილია და ქმნის ამ მატერიალურ სამყაროს, ესე იგი, პასუხობს კითხვას: არის როგორ; სემს უფრო წარსულისკენ აქვს ყურადღება: ვინ ვარ მე და აზრს აძლევს ჩემს სვლას, სად მივდივარ; ხოლო ქამი არის აწმყო, ანუ დატკბი ამ წამით. ასეთია აფრიკული კულტურა: ვნებებზეა აგებული, როკვა, ჯაზი... ბოროტებაა, თუ ეს სამი ერთმანეთს მოსწყდება, ხოლო, თუ სამივე ერთმანეთს შეერწყმება, ვიღებთ იდილიას. იმ ცივილიზაციას, რაც ტექნიკურად ვითარდება, ანუ თვალის დასანახად, თუ საფუძვლად უდევს რელიგიურობა, ანუ არსის ცოდნა, მაშინ ის კეთილშობილდება და, შესაბამისად, რაკი ეს ყველაფერი აწმყოსთვის კეთდება, არ ხდება გადაგვარება. ამდენად, ერთი მხრივ, ვითარდება ტექნიკაც, მეცნიერებაც, ხელოვნებაც; მეორე მხრივ კი, ამ ყველაფრის ქარგაა ხსოვნა და მიდის ცისკენ, განღმრთობისკენ. როგორც კი ეს ორი ერთმანეთს მოსწყდება, დეგრადირდება, რელიგია რუდიმენტი ხდება, ფანატიზმში გადადის და აწმყო, ფაქტობრივად, იშლება. ვერ ვხარობთ, ვიტანჯებით, მაგრამ, როგორც კი სამივე თავის ადგილასაა, ნეტარება მოდის. ამიტომ უთხრეს ქამს, ემსახურები იაფეტსა და სემსო. არადა მსახურება, სულაც, არ ნიშნავს, ნეგატიურ მორჩილებას, თუმცა სწორედ ასე აღვიქვამთ ხოლმე. ისევე, როგორც, როდესაც წერია, ქმარი არის ცოლის თავიო. რომ დავფიქრდეთ, ვითომ თავი მართლაც ბატონია და ბრძანებებს გასცემს?! ფრჩხილი რომ გტკივა, თავი რა დღეშია ამ დროს?! თავს არ მიხედავს და ფრჩხილს მიხედავს. თავი არის მსახური, სულ იმის შიში აქვს, რამე არ დამემართოსო. თავი ყველაფერს აკეთებს, როდესაც რამე ასტკივდება. ისე გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ისე მოუარეთ, როგორც მყიფე ჭურჭელს, გაწირეთ მათთვის თავიო, მაგრამ ამას მალავენ. ქმარი არ ამბობს, თვითონ რა ევალება და პირდაპირ ცოლს ეუბნება, მე თავი ვარ, აბა, მოვედი, მომიარე. არადა მოგივლიან, როდესაც შენ თავად იქით მისცემ რამეს. მიწას რომ უთხრა, მოსავალი მომეციო, ლაპარაკი რომ იცოდეს, გეტყოდა, კი მაგრამ, რა დათესე?! ღობე შენ არ შემოგირტყამს, სასუქი არ მოგიყრია, არ გაგიპატიოსნებივარ, სარეველები არ მოგიშორებია და რა უნდა მოგცე?! აი, ასევეა ქალთან დამოკიდებულებაც: მიეცი, გააკეთილშობილე და ამის შემდეგ მიიღე მოსავალი. ჩვენ კი, როგორც წესი, შრომა არ გვინდა, მაგრამ მოსავალი გვინდა...
რაც შეეხება აბრაამს: აბრაამი მიიჩნევა სამი დიდი მონოთეისტური რელიგიის მამად. აბრაამი – ქრისტიანებისთვის, იბრაჰიმი – მუსლიმანებისთვის და აბრაჰამი – იუდეველებისთვის, ანუ ებრაელებისთვის. აბრაამის შესახებ ცოტა ვრცლად უნდა ვისაუბროთ. ბიბლიურ ტექსტებს ჩემ გარეშეც გაეცნობით. ჩემი მიზანია, ისეთი რამ ვუთხრა მკითხველს, რომ დავეხმარო, სიტყვების მიღმა მნიშვნელობა დაინახონ. რითაა მნიშვნელოვანი აბრაამის ისტორია?! ვიცით, რომ ყველა ბიბლიური პერსონაჟის სახელი, ადამიდან დაწყებული და იესო ასრულებს ამ ისტორიას, როგორც აბრაამისა და დავითის ძე, ჩვენი ისტორიაა. ჩვენი ისტორია, ფაქტობრივად, არის ერთი სულის, ადამის ისტორია. ჩვენ, ყველანი, ხომ ადამის შვილიშვილის შვილიშვილის შვილიშვილის შვილები ვართ?! ისტორია გახსენებაა და რა მახსენდება მე, როდესაც აბრაამის ისტორიას ვეცნობი?! აბრაამის ისტორია, ისევე, როგორც ზოგადად, ბიბლიური ისტორიები, განსხვავებით ისტორიული ნარკვევებისგან, რომლებიც ჩვენს წარმოსახვებს ეყრდნობა და უმეტესწილად გვთრგუნავს, იმიტომ რომ ისტორიის ლაბირინთებში მე აღარ ვჩანვარ, არავინ ვარ, გვახსენებს, ვინ ვარ მე, იმიტომ რომ, რაც იქ წერია, ეს ჩემში ხდება. აბრაამი არის ჩემს სულში, გულში, გაჩენილი წერტილი, ვინც სვამს კითხვას, ეს სამყარო, რასაც ვუყურებ, სინამდვილეა, თუ ამის მიღმა, მაღლა არის პირველსაწყისი, მამა, შემოქმედი?! აი, აქედან იწყება მონოთეიზმი. დღეს მიჩნეულია, რომ თითქოს მონოთეიზმი არის პროგრესული, მაგრამ ეს, სულაც, არ არის ასე. პოლითეიზმი, ანუ მრავალღმერთიანობა, რომელიც ყველგან იყო და საქართველოშიც, არ არის ჭეშმარიტებას მოწყვეტა. განგება ამას უშვებს იმისთვის, რომ, როდესაც იმთავითვე ერთი ღმერთია, ის უფორმოა. მაგალითად, მუსლიმანები ერთ ღმერთს აღიარებენ, მაგრამ ის ერთი ღმერთი ძალიან მშრალია, რეალობაში ვერ შემოჰყავთ, ისინი ითრგუნებიან იმ ერთი ღმერთის მოსმენით, პირდაპირ ემორჩილებიან და მათი მიდგომაც ადამიანებისა და სამყაროსადმიც ასეთია: მორჩილება. იქ დიალოგი არ არის, იქ ორი აზრი არ შეიძლება, იყოს; ითქვა და უნდა გავაკეთო – ამ გაგებით, ერთი ღმერთის აღიარება, სულაც, არ არის მთავარი და პირველადი. ის ერთი ღმერთი თავდაპირველად უნდა დაიშალოს, რომ ადამიანმა შეძლოს მისი დატევა. აბრაამი არის ადამიანი, ვისაც ამ კერპთაყვანისმცემლურ სამყაროში უჩნდება კითხვა, ვინ დგას ამ საგნებისა და მოვლენების უკან. აბრაამი უყურებდა მზეს, მთვარეს, სამყაროს, მოსწონდა ყველაფერი, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და ამაღლდა პირველსაწყისამდე: რომ ამის მიღმა უნდა იყოს ერთი ღმერთი! ოღონდ აბრაამისთვის ეს ერთი ღმერთი სადღაც ცაში მყოფი კი არ არის, რომელსაც ვერასდროს მისწვდება და რომლის წინაშეც უნდა იკანკალოს, არამედ არის ის, ვისთანაც დიალოგს იწყებს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან