რელიგია

როდის არ არის სივერაგე და გაქნილობა ცოდვა და რატომ არ არის საკმარისი მტრედის უმანკოება

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რადგან ბიბლიაში მოთხრობილი ამბები არა უბრალოდ ისტორიებია, არამედ საკუთარი თავის გახსენების მცდელობა, ხოლო საკუთარი თავის გახსენების გარეშე განღმრთობა შეუძლებელია, ჩვენ განვაგრძობთ იაკობის ისტორიის განხილვას, თუ როგორ იქცა ის ისრაელად, რაშიც თბილისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) დაგვეხმარება.

მამა გურამი: დიახ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ შორიდან მაყურებლები, ჩვენ უნდა გავხდეთ თანამონაწილეები, ჩვენი თავი უნდა ვიპოვოთ ამ ისტორიებში, რომ ნელ-ნელა გაცოცხლდნენ ისინი ჩვენს გულში, თუმცა სხვა საკითხია, ვინ როგორ მოახერხებს ამას. რაც შეეხება ჩვენს თემას: იაკობისა და ესავის მდგომარეობებზე მეტ–ნაკლებად ვისაუბრეთ. მოკლედ გავიხსენებ, რას ნიშნავს სიტყვები „ესავი“ და „ედომი“, ანუ ეს ორი სახელი. ესავი ნიშნავს დასრულებულს, სრულს, შეკრულს – ის არსად მიდის, თავის წრეში ტრიალებს, იმის მსგავსად, როგორც ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. ესე იგი, ამ მატერიაშია, მიწისაა, დინამიკა არ არის, პროცესი არ მიმდინარეობს, გაგრძელება არ აქვს. ხოლო იაკობი – ეს არის ადამიანი, რომელიც დინამიკურია, საკუთარი თავიდან უნდა გავიდეს და განვითარდეს, იმიტომ, რომ თვითონ ღმერთიც ამას მოითხოვს. არ შეიძლება, გავჩერდეთ, გავქვავდეთ ღმერთის რაღაც წარმოდგენაზე. იაკობისა და ესავის შედარება იმისთვის გჭირდება, რომ გავიაზროთ, რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ ემტერებიან ერთმანეთს. გარედან რომ შევხედოთ იაკობს, მას ესავის ქუსლი უჭირავს, სულ მისდევს და მრუდე გზებით მიდის. და რატომ უწევს იაკობს მრუდე გზებით სიარული?!

ისააკს ჰყავს ორი ძე: უფროსია ესავი, უმცროსი - იაკობი. იაკობი კარვებში ცხოვრობს, ესავი ველის კაცია. მოდი, განვმარტოთ სიმბოლოები: ველი არის ეს წუთისოფელი, მატერიალური სამყარო, როგორც კაენი; ხოლო კარავი ეს არის საკუთარ თავში ჩაბრუნება, ჭვრეტა, ანუ რომ ვუპასუხოთ კითხვას რისთვის, რომ გავიგოთ სამყაროს დანიშნულება, ანუ უფრო ამაღლებული სულიერი მდგომარეობა. ესავი კი მატერიალიზმია: როგორ გადავრჩეთ. ესავი ველის კაცია, მონადირეა და შემდეგ კი – ტექნიკური ცივილიზაციის სიმბოლო. რას ფიქრობს თავად ისააკი თავის ვაჟებზე?! ისააკისთვის უფრო სასურველია ესავი, იმიტომ რომ თვითონ ისააკი, აბრაამისგან განსხვავებით, უფრო შეკრულია, საერთოდ, არ აქტიურობს, საკუთარი ქვეყნიდან თითქმის არ გასულა, მამამისის მიერ ამოთხრილ ჭებს ასუფთავებს, სულ ადგილზეა, ინიციატივა არ ახასიათებს, ცოლიც კი მამამისის მითითებით მოუყვანეს. ესე იგი, ისააკი თითქმის პასიურია. მას აკლია ესავის აქტიურობა, ველად გაჭრა. მას ჰგონია, რომ კურთხევა უნდა მიიღოს ესავმა, ანუ ესავია გამგრძელებელი, მაგრამ ჩვენ ხომ ვთქვით, რომ, როდესაც ეს ტყუპები იბადებოდნენ, ითქვა, რომ იაკობი იქნებოდა პირველი და მას დაემორჩლებოდა ესავი. შესაბამისად, პირველად ხდება, რომ იაკობი ითავსებს ესავობასაც. ანუ ის, უბრალოდ, კარვის კაცი კი არ არის, რომ თავის თავში იყო ჩაღრმავებული და ეს მატერიალური სამყარო არ აინტერესებდეს, არამედ დადგა მომენტი, როდესაც ეს ორი უკიდურესობა უნდა გაერთიანდეს. ხომ ვთქვით, რომ აბრაამი არის ის, ვინც წინ მიდის, ავრცელებს ყველაფერს, ხოლო ისააკია, რომელიც იჭერს და ინარჩუნებს მიღწეულს, ანუ ერთი მხრივაა აკრძალვები, კანონი, წესრიგი, პასუხისმგებლობა, ვალდებულებების აუცილებლობა, მეორე მხრივ, დინამიკა, პროცესი, გაშლა, განვითარება, წინსვლა. ეს მეორე გამანელებელია, მაგრამ ეს ორივე ცალ-ცალკე იყო და აი, იაკობის შემთხვევაში პირველად ხდება, რომ იაკობი თავის თავში ამთლიანებს ორივეს. ისააკი არის გამაწონასწორებელი, იაკობი კი ბედავს და ესავობას ეპოტინება. ვერ კმაყოფილდება იმით, რომ მხოლოდ კარვის კაცი იყოს, მხოლოდ ჭვრეტისა და სულიერების, შინაგანი განვითარების; მას მატერიალური სამყაროც უნდა. ამ ორბუნებოვნობით იაკობი ჩვენი, მართლმადიდებლების, წინაპარია. უფრო სწორედ, ქრისტეს წინაპარია. რით?! იმით, რომ თავის თავში ქრისტეს ორბუნებოვნების, ჭეშმარიტი კაცისა და ჭეშმარიტი ღმერთის, სინთეზის, ანუ მატერიალიზმისა და სულიერების მიღწევის სიმბოლოა. ოღონდ რით აღწევს ამას?! და სწორედ ეს არის საინტერესო: აღწევს ბრძოლით, ჭიდილით, ხშირ შემთხვევაში ხერხებითა და ხრიკებით. შეიძლება, დავსვათ კითხვა: რატომ ამდენი ხრიკი და ბრძოლა, ამდენი ტყუილიც კი?! ხომ ყველაფერზე მიდის ისააკი?! რატომ დასჭირდა ეს ასეთ „პატიოსან“კაცს?! მაგრამ, ნახე, სად არის გამოსავალი: როდესაც ისააკი დაბერდა და თვალები დაუბნელდა, ესე იგი, ვერ ხედავს კარგად, მას დაუდგა შვილების კურთხევის ჟამი. მას უნდა, რომ აკურთხოს ესავი, როგორც მემკვიდრე, იმიტომ რომ კურთხევა ჯერ ჰქონდა აბრაამს, შემდეგ გადაეცა ისააკს და ახლა მას უნდა, რომ გადასცეს ვის?! დიახ, ესავს, თუმცა, განგებულებით, იაკობს ეკუთვნის, ვინაიდან ღვთისგან განსაზღვრულია, რომ იაკობი უნდა ეკურთხოს, მაგრამ იმის გამო, რომ ისააკი „ზედმეტად“ პატიოსანია, რაც პირდაპირ ესმის, ისე აკეთებს, აქ უნდა შემოვიდეს რაღაც ელემენტი: დაახლოებით, იმ ნათქვამის მსგავსი, თუ ძალიან სწორად ივლი, შორს ვერ წახვალ და აქვე გავიმეორებ ქრისტეს სიტყვებს: იყავით მტრედივით უმანკო და გველივით ბრძენი. ანუ ისააკის მტრედივით უმანკოება არ კმარა, საჭიროა გველის სიბრძნეც და სწორედ აქ შემოდის რებეკა. ვინ არის რებეკა? არამეველი, რებეკა ლაბანის დაა და ვინ არის არამი?! სიტყვა „არამი“ ნიშნავს თეთრს, შიშველს; რუსულად კი ითარგმნება, როგორც „ხიტრი“, ანუ გაქნილი, მოხერხებული, გაიძვერა, მაგრამ გააჩნია, რისთვის იყენებ ამას.

ესე იგი, თავისთავად ეს მოქმედება კი არ არის ცოდვა, არამედ ცოდვაა, თუ რა მიზნით იყენებ ამ უნარს. სულხან-საბა ასე განმარტავს: სიბრძნე და სივერაგე, ორივე, ერთნაირი ხრიკია. უბრალოდ, სიბრძნე არის ხრიკი, რომელიც მიმართულია სხვის აღსაშენებლად, ხოლო სივერაგე არის იგივე ხრიკი, ოღონდ საკუთარი თავისთვის სიკეთის მოსატანად ჩადენილი. მაგალითად, მე თუ მინდა, ბავშვს ან საყვარელ ადამიანს რაღაც გავაგებინო ან გავუკეთო, რომელსაც ის ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ვერ დაიტევს, ხრიკებს მივმართავ და ამით ვაღწევ მიზანს, მაგრამ მისთვის მინდა სიკეთე. პირდაპირ რომ ვუთხრა, შეიძლება, ვერ გამიგოს. მაგრამ სივერაგეა, როდესაც ხრიკს ვიყენებ იმისთვის, რომ რაღაცას გამოვრჩე. რებეკა არის არამეველი და მან იცის, რა არის ხრიკები, ტყუილი, გაქნილობა. იქ გაბატონებულია ეს ყველაფერი. რებეკა თეთრი ყვავივით არის ისააკის ოჯახში, ხოლო ისააკი არის ზედმეტად პატიოსანი. და აი, ახლა ამ ზედმეტ პატიოსნებას უნდა შეუერთდეს არამეველების ხრიკები, გაქნილობა და ტყუილები, ოღონდ სიკეთის მისაღწევად, რომ განხორციელდეს ღვთის განგებულება: იაკობი უნდა აკურთხონ და როგორ ეკურთხებოდა, თუ ზედმეტად პატიოსნები დარჩებოდნენ?! ეს რომ რებეკას არ გაეკეთებინა, იაკობს რომ არ „ეჩალიჩა“, მაშინ ეს კურთხევა არ იქნებოდა. შესაბამისად, რას მივადექით?! ღმერთი ყველაფერს გარედან არ გვაძლევს, რაღაცას შენც გიტოვებს. ასე რომ, ზედმეტად პატიოსნები, ანუ ბავშვივით განუვითარებლები, არც ღმერთს უყვარს, კარგი გაგებით, თორემ, ზოგადად, პატიოსანი სწორედ ის არის, ვინც ამ ორს აერთებს. ხოლო იმის შესახებ კი, თუ რა ხრიკები გამოიყენეს რებეკამ და იაკობმა, მომავალ ნომერში ვისაუბრებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა