რელიგია

რატომაა სააქაო და საიქიო პირობითი და როგორ იწყება ადამიანის ჯოჯოხეთი და სამოთხეც დედამიწაზე ცხოვრებით

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 22.07, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მეც გამჩენია აზრი და სხვებისგანაც მომისმენია, რომ, თუ არსებობს ჯოჯოხეთი, ის, სავარაუდოდ, უნდა ჰგავდეს დედამიწას. რატომ გვიჩნდება ადამიანებს ასოციაცია, რომ ცხოვრება ჰგავს ჯოჯოხეთს, თუმცა არც ის მგონია, რომ ღმერთს ჩვენთვის მართლაც მომზადებული აქვს მოთუხთუხე ქვაბი, რომ ცოცხლად ჩაგვხარშოს. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- რატომ გვეჩვენება ხოლმე ცხოვრება ჯოჯოხეთად?

- ქართველებს გვაქვს ასეთი გამონათქვამი: წუთისოფელი ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის დედინაცვალიო, ოღონდ ამას არასწორად ვიაზრებთ, რადგან ვგულისხმობთ, რომ მავანს გაუმართლა, ცხოვრებამ თავზე ხელი გადაუსვა, მე კი დედინაცვალივით მექცევა, ამიტომ ვებუტებით ცხოვრებას, არადა, საბოლოოდ, ყველა წყენა მიდის შემოქმედამდე - სინამდვილეში ვუნაწყენდებით ღმერთს. წუთისოფელი დედაა მისთვის, ვინც მიუხვდება მას, ხელმძღვანელობს იმ უზენაესი პრინციპებით, რაც თანხვდება ჩვენი მაცხოვრის მოძღვრებას, რომელშიც ყველა პასუხია მოცემული. დედობა ყოველთვის თავზე ხელის გადასმას არ ნიშნავს, დედა ხანდახან მამასავით მკაცრია, მაგრამ, როდესაც მე ვიცი ამ სიმკაცრის გამომწვევი მიზეზი, ვიაზრებ, რომ ამ სიმკაცრეს მივყავარ უფრო დიდი სიკეთისკენ, უკვე დედაა ჩემთვის ცხოვრება. მაგრამ, თუ მე ამას არ ვიაზრებ და მხოლოდ სხეულის რეცეპტორებით აღვიქვამ სამყაროს, ყველა, ჩემი სხეულის მიერ ვერდატეული შეხებები მაღიზიანებს და მაშინ ჩემთვის ცხოვრება უკვე დედინაცვალია. შესაბამისად, ამ მომწონს ამინდი, სამსახური, სხვა ადამიანი... სრული მიუღებლობა მაქვს; ბუნებრივია, მგონია, რომ ცუდად მექცევიან და სამყარო ანგარიშს მისწორებს და განზრახ მექცევა ცუდად. არადა შენი რეაქციით გადააქცევ ამ ცხოვრებას დედიდან დედინაცვლად და დედინაცვლიდან – დედად. კვანტური ფიზიკაც მივიდა იქამდე, რომ ჩვენი რეაქციაა ჩვენი ცხოვრება, არაფერი ხდება შემთხვევით, ადამიანი არ არის პასიური არსება, რომ მისი ჩართულობის გარეშე ხდებოდეს რამე, ოღონდ ამას ღრმა ხედვა და მუშაობა სჭირდება. თუმცა, ვინც გაბოროტებულია, განაწყენებულია, მას ფიქრი, გააზრება არ სურს; უნდა, რომ ფეხები აბაკუნოს, სამყარომ კი ბალიშები შემოუწყოს გარშემო და მიკროკომფორტი შეუქმნას. ეს რომ გააკეთოს ცხოვრებამ, საერთოდ გავზულუქდებით და გადავშენდებით. ახლახან ვირთხებზეც ჩაატარეს ექსპერიმენტი: შეუქმნეს იდეალური პირობები და, შედეგად, ჯერ შვილები დაეხოცათ, შემდეგ მშობელი ვირთხებიც მიჰყვნენ...

ფიზიკური სივიწროვე, ტკივილი ადამიანს აფხიზლებს. ადამიანი არის ცნობიერი ნაწილი და არა ბიოქიმიური მასა. აი, აქედან იწყება ცხოვრების ჯოჯოხეთად ან სამოთხედ აღქმის ფესვი. ვინ იყურება შენგან? ხორცის მასა, რომელსაც უნდა აჭამო, ჩააცვა, დაუკმაყოფილო მოთხოვნილებები?! თუ სასათბურე მდგომარეობაში ცხოვრობ, ჯოჯოხეთს იხანგრძლივებ, მაგრამ, როდესაც ფიზიკურ სივიწროვეში ხარ, სული წამოიწევა წინ და იზრდება. ვიმეორებ: ქრისტემ მოგვიტანა დიდი სიცოცხლე და არა ფიზიკური, წარმავალი კომფორტი, ამიტომაა ჯვარი წუთისოფელი, ადამიანებს კი ეს არ უნდათ, ჯვარი მხოლოდ ყელზე ჰკიდიათ. მაცხოვარი არ ამბობს, თუ აქ გაიტანჯებით, იქ ცხონდებითო! სამოთხეც და ჯოჯოხეთიც აქვე იწყება. ჯოჯოხეთია მისთვის დედამიწა, ვინც მხოლოდ თავისი სხეულისთვის ცხოვრობს, ქრისტესმიერი სიცოცხლე კი ვლინდება ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი რწმენით ცხოვრებას გადაწყვეტს; ფიზიკური ტკივილებით, წინააღმდეგობებით შინაგანად აძლიერებს ამ დიდი სიცოცხლის განცდას. წმიდა მამები გვასწავლიან, ვინც აქ ვერ ეზიარება მადლისმიერი სიცოცხლის განცდას, ის ვერც იქ ეზიარება. სააქაო და საიქიო პირობითი ცნებებია. ტვინი ყოფს, ქრისტე კი ამთლიანებს. ღმერთში ყველაფერი მთლიანია: დიდ ნათელში დაყოფა არ არსებობს; დაყოფა იქაა, სადაც ნათლის ნაკლებობაა. სამოთხე და ჯოჯოხეთი სიფრიფანა აპკითაა გამოყოფილი და ჩვენ შიგნითაა ეს ორივე მდგომარეობა. ეს არ არის გეოგრაფიული ადგილი: პირობითობაა, მეტაფორებია. ქრისტეს ეკითხებიან, როგორ მოვა ცათა სასუფეველიო... არ მოვა გარედან, ცათა სასუფეველი მოვა ხედვით. ქრისტეშიც იმიტომ შეცდნენ, რომ ფიზიკური მეფე ეგონათ. ქრისტე კი მოდის შინაგანი სამეფოთი – გულის გასასუფთავებლად, გულის, რომელშიც უნდა იპოვო ღმერთი. დღეს ჩვენ ვმუშაობთ მიწის ენერგიაზე: სულიერ მოთხოვნილებებს ვანაცვლებთ ფიზიკურით. უფალი გვეუბნება, ნამდვილი სიცოცხლე და თავისუფლება არის ცოდვისგან გათავისუფლება. ისევე ვერ გააძღებ ადამიანის ფიზიკურ მოთხოვნილებებს, როგორც ცეცხლს ვერ გააძღებ შეშით: რაც მეტს შეუკეთებ, მით გაღვივდება და მთელ ტყეს გადაწვავს და აი, ესაა სწორედ ჯოჯოხეთი, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ, თუ ბოლომდე დაიკმაყოფილებს თავის ფიზიკურ მოთხოვნილებებს, იქნება ბედნიერი. ამ დევნაში არაქათი ეცლება და საბოლოოდ, მიწას ჩაჰბარდება. ჩემი ნამდვილი არსის გაცნობიერებაა სამოთხე, რომელიც განათებულია ღვთის შემეცნებით.

– აქამდე ხომ ბრმად მიდიხარ, გზა ხომ გამოკვეთილი არ არის? რთულია ძალიან.

– ორი გზაა: ან ნებით მიხვალ, ან მიგიყვანენ. ადამიანის მთელი ყოფა ეს არის დახმარება მის წინააღმდეგ. ოღონდ, თუ ნაწყენია სამყაროზე, ვერ აყურადებს და ჰგონია, რომ სამყარო სჯის და უსამართლოდ ექცევა, სინამდვილეში ეს არის მინიშნებები, რომ თბილი ლოგინიდან წამოგაყენოს და დაგაფიქროს დიდ სიცოცხლეზე. თუ მაინც ძლიერადაა მიცემული ადამიანი ხორცს, მაშინ ეს ყოფა გადაჰყვება იქითაც, ანუ სააქაოდან საიქიოს. ადამიანი სურვილია, სხეული კი ამ სურვილების შესასრულებელი ინსტრუმენტი. მე მინდა ჭამა და პირია ამ სურვილის დაკმაყოფილების საშუალება. იქ რომ მიხვალ, ისევ მოგინდება ყველაფერი, მაგრამ იქ არც ინსტრუმენტი, ანუ სხეული გექნება და არც ის, რაც მოგინდება. ჯოჯოხეთი და სამოთხე ადამიანის რეაქციებია ერთ ნათელზე. ყველგან ღმერთია, მაგრამ მაშინ საიდან გაორებები?! ჩვენგან! ერთი და იმავე მზის ქვეშ ცვილი დნება ტალახი კი ხმება, ერთი და იმავე შუქის ქვეშ ტარაკნები გარბიან, ფარვანები მოდიან. შუქმა რა ქნას? ის ყველასთვის შუქია, ჩვენ მოგვეცა ეს წუთისოფელი, მცნებები, მოვიდა იესო...

ყველაფერი გვეუბნება: მოასწარი, აქ დროებით ხარ, ამაღლდი ცნობიერებით წარმავალზე, ვნებებზე, ამისთვის მოგეცა ეს წლები, მაგრამ იმავდროულად, მოგეცა თავისუფლებაც და სამწუხაროდ, ეს თავისუფლება ზოგიერთმა შესაძლოა, გამოიყენოს უაზროდ და აი, ეს უკვე ჯოჯოხეთია. იუდამ თავი მოიკლა, იმიტომ რომ იმედი გაუცრუვდა და თავს ვერ აპატია, ჯოჯოხეთში კი თავსაც ვერ მოიკლავ. ჯოჯოხეთის ცეცხლიც ისაა, რომ იწვი სინანულისგან, სირცხვილისგან, რომ მოცემული შესაძლებლობა ვერ გამოიყენე. ეს ცეცხლი იქამდე დაწვავს ადამიანს, სანამ ბოლომდე არ ამოწვავს. იმიტომაცაა ნათქვამი, მარადიული ცეცხლიო, რომ აუტანელია სინანულის განცდა, რაც ადამიანმა საკუთარ თავს გაუკეთა და ვეღარ გამოასწორებს. ამიტომ, სანამ ნათელია თქვენში, იარეთ ნათელში, თორემ მოვა დრო, როცა ეს ნათელი არ იქნება და გაგიჭირდებათო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი