რელიგია

რატომაა ქრისტეს აღდგომა უწყვეტი პროცესი და რის გამო განუდგა მაცხოვარს ყველაზე მეტად ევროპა, ქრისტიანობის აკვანი

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.04, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

„სახარებაში“ ქრისტე ამბობს, თუ არ მოკვდები, ვერ აღდგები და, რაც მთავარია, თავის მოწაფეებს ეუბნება, თქვენ შეძლებთ იმაზე მეტსაც კი, ვიდრე მე ვაკეთებ. მას შემდეგ 2 000 წელი გავიდა, მაგრამ ამის შემძლე არ გამოჩენილა. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ბევრი გამორჩეული კაცი დაიბადა დედამიწაზე ამ 2 000 წლის განმავლობაში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს არათუ იმაზე მეტი, ვიდრე ქრისტემ, არამედ ისიც კი, რა სასწაულებიც მან მოავლინა.

– დავიწყოთ ქრისტეს სიტყვებით: ხორბლის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩავარდება, თუ არ მოკვდა, არ აღმოცენდება. ამ შემთხვევაში ამას ქრისტე თავის თავზე ამბობს (მე ვარ ცოცხალი პური!) და მისი ფიზიკური სიკვდილი, მართლაც, ჰგავს მიწაში ჩარგულ ხორბლის მარცვალს, რომელიც იხრწნება და ერთისგან მრავალი თავთავი ამოიზრდება. ამის სიმბოლოცაა ეკლესია – ქრისტეს სხეული. ესე იგი, ქრისტე თითქოს ფიზიკურად კვდება, მაგრამ აღდგა, განახლდა და უამრავი სიცოცხლე მოიტანა.

– ქრისტიანული ეკლესიებისა და მრევლის სიმრავლეს გულისხმობთ?

– დიახ. ახსენე, 2000 წელია, არ გვიხილავს ისეთი სასწაულები, რასაც ქრისტე ავლენდაო, მაგრამ 2000 წლის წინათაც, როდესაც თანამედროვენი უყურებდნენ ქრისტეს სასწაულებს, ის ჯვარზე მარტო დარჩა. ყველაზე უახლოესმა მოწაფეებმაც კი დატოვეს, მაგრამ აღდგომის შემდეგ, როდესაც მაცხოვარი სულიწმიდით გადმოვიდა მოციქულებზე, მათ უამრავი რამ გააკეთეს: პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა ხალხს; მისი ერთი ქადაგებით ათასობით ადამიანმა მოინანია... უფრო ზუსტად, ეს მოციქულებმა კი არა, არამედ ქრისტემ შეძლო მოციქულების მეშვეობით. მე თქვენში გავაკეთებო, – ასე ეუბნებოდა თავის მოწაფეებს და რასაც ქრისტე აკეთებდა, იმასაც ხომ მამა აკეთებდა?! მე და მამა ერთნი ვართო, ამბობდა მაცხოვარი, შემდეგ კი ქრისტე თავის მოწაფეებში განდიდდა და გამოვლინდა სასწაულებით. რაც შეეხება სიკვდილსა და აღდგომას: დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა რაოდენობრივად თითქოს პირველი რელიგიაა, მას არსობრივად ნაყოფი ვერ გამოაქვს, თუნდაც, ქრისტიანულ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპაში, რომელიც ყველაზე ქრისტიანული იყო. და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ ევროპა განუდგა ყველაზე მეტად ქრისტიანობას. ევროპამ მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული უარი თქვა ქრისტიანობაზე და დღეს იქ უკვე ათეიზმი გაბატონდა, სწორედ ეს იყო შედეგი იმისა, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სიცოცხლე უკვე აღარ იყო ნაჩვენები, რამაც სიბნელე გამოიწვია. ღმერთი აღარ ჩანს, იმიტომ რომ ღმერთი ჩანს თავის ქმნილებაში, ქრისტეში, ანუ ეკლესიაში – ქრისტეს სხეულში და ღვთიური ძალა რომ გამოვლინდეს, მაშინ ადამიანი ფიზიკურად ჯვარცმული უნდა იყოს. სხვა გზა არ არის. სანთელი, როდესაც იწვის, მაშინ მოგვაფენს ნათელს. აი, ასე, თანდათან საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ნომინალური ქრისტიანები, რომლებიც არ არიან ჯვარცმულები. ადრეც ვთქვით, ჯვარი ყელზე დავიკიდეთ, მაგრამ ჯვარზე გაკვრა არ გვინდა, ანუ წინა პლანზე წამოვიდა გარეგნული მხარე, რიტუალები, იერარქია, განათლებაც კი – „სახარებები“ ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, მაგრამ შედეგი მაინც არ გვაქვს, იმიტომ რომ ადამიანი არ არის ჯვარცმული; სიცოცხლე კი აღდგება ადამიანისგან, რომელმაც თავისი ეგო მთლიანად უარყო, ანუ ჯვარზე მოკვდა. ეს სხვაგვარი სიცოცხლე და ნათელია და კავშირი არ აქვს ფიზიკურთან. სანამ იყვნენ ამ ღვთაებრივი ნათლის მატარებელი ქრისტიანები, რომლებიც მართლაც უარყოფდნენ თავიანთ თავსა და წუთისოფელს, ისინი ანათებდნენ, ამ ნათლით ცხოვრობდნენ, როდესაც ეს შეწყდა, განსაკუთრებით, ევროპაში, წინ წამოიწია ფიზიკურმა ნათელმა: გონებამ, ადამიანურმა შესაძლებლობებმა, იდეოლოგიებმა, მეცნიერებამ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მოწყვეტილია საღმრთო ნათელს, ხელშეუხებელს, ღვთაებრივსა და შინაგანს, ამიტომ ადამიანის სწორედ ფიზიკურმა მხარემ მიაღწია წარმატებას. ვხედავთ, რამხელა ტექნიკური პროგრესია, მაგრამ ადამიანი ბედნიერი არ არის, იმიტომ რომ არ არის მთავარი – ნათელი; იმიტომ რომ არ არის ჯვარცმული სიცოცხლე; იმიტომ რომ ქრისტიანები ჯვარცმის გარეშე სიცოცხლეში დახელოვნდნენ და პირდაპირ მიწიერი სიკეთეებისკენ წავიდნენ, ამიტომ ფიზიკურმა ნაწილმა გადაწონა სულიერი. შეიძლება, ეს ღვთის დაშვებაც იყო, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ დღეს არის ადამიანი უბედური, ვინაიდან ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიკური არსება, ბიოლოგიური გვარი, რომ ბედნიერი იყოს მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. ადამიანის დაყვანა მატერიალურამდე, მისი გამოშიგვნაა და, ფაქტობრივად, უკვე სიკვდილის მდგომარეობაში ვართ. ღვთაებრივი ნათელი ამ წუთისოფელში ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეგოა ჯვარცმული, სხვანაირად შეუძლებელია. გახსოვთ, ქალმა, რომელიც იესოსთან მივიდა, გატეხა ალაბასტრი და ნელსურნელება ამის შემდეგ გამოიფრქვა. შესაბამისად, თუ საკუთარი თავი არ დააცარიელე, ეგო არ გატეხე, არ გადმოიღვრება ღვთაებრივი ნათელი. როდესაც ეს არ ხდება, გარეგნული, მკვდარი რელიგიურობა რჩება. იგივე ხდებოდა ქრისტეს პირველად მოსვლისას, ტაძრებიც იყო, მღვდელმსახურები და მორწმუნეებიც იყვნენ, მაგრამ ქრისტე ჯვარზე გააკრეს და იგივე ხდება დღესაც. ოღონდ, როგორც მაშინ მოვიდა იესო, როგორც მხსნელი, ისევე მოვა ახლაც, რადგან ზუსტად ეს სჭირდება დღეს სამყაროს და სწორედ ამ სიბნელესა და განდგომილებაში აღდგება ქრისტე. აკაკი რომ ამბობს, არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავსო, ამას ნიშნავს: ეს ჩვენთვისაა მკვდარი. ქრისტეც მკვდარი ეგონათ, როდესაც ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს. მის მოწაფეებსაც კი გული გაუტყდათ, მაგრამ ამ ფიზიკური სიკვდილიდან ნელ-ნელა გაცოცხლდა ადამიანთა გულები. ღვთაებრივი ნათელი შიგნიდან შემოდის. ის გარედან არ ეფინება. სწორედ ესაა პრობლემა: ადამიანის ნების გარეშე, ეს არ ხდება და დღევანდელი სიბნელე ის სიკვდილია, რომლის მიზანია, განდიდდეს უფალი. დღეს ქრისტეს ეკლესია – ქრისტეს სხეული – გვამივითაა. მართლმადიდებელ ქვეყნებს მტერი კი არა, ერთმანეთი ვერ შეგვიყვარებია. დღეს ჯვარცმულია ქრისტიანობა, ქრისტე, მაგრამ აუცილებლად მოხდება აღდგომა, დიდი ნათელი მოვა და ეს ნათელი იქნება ქრისტე, რომელიც პირველად მოვიდა, როგორც კრავი, რომ შეწირვოდა და საფუძველი ჩაეყარა ახალი სიცოცხლისთვის, მეორედ კი მოვა, როგორც მეფეთ მეფე და უფალთ უფალი; როგორც ჭირნახული, ხელმწიფე, ანუ უკვე დამწიფებული, შემდგარი, ვინც იმეფებს სამყაროზე. ნამდვილი აღდგომა ქრისტეს განცდაში შესვლაა. ქრისტე რომ აღდგა, მას შემდეგ, ყველა სხეულში, ვინც რწმენას იძენს, ის აღდგება უწყვეტ კასკადად, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ქრისტეს აღდგომა ერთჯერადი აქტი არაა, ეს არის მისი თანააღდგომა ადამიანთა სხეულებში ყველა დროსა და სივრცეში. სხვათა შორის, „აღდგომა“ ბერძნულიდანაა პირდაპირი მნიშვნელობით გადმოტანილი, ანუ კალკია, ძველ ქართულად ამას ჰქვია აღვსების დღეები, მეგრულში კი ბრწყინვალე სიტყვა გვაქვს – „თანაფა“, რაც ნიშნავს თენებას. არა გათენებას, ერთჯერად აქტს, არამედ ნათლის მოფენის უწყვეტ პროცესს. როგორც კი აღდგომის შემდეგ ქრისტე სულიწმიდის მადლით მოციქულებზე გადმოვიდა, მოციქულებიდან კი – მათ მსმენელებზე, ეს უწყვეტად გრძელდება. ამიტომ მონანიებით ჩვენი გული უნდა მივაშვიროთ იქითკენ, რომ მადლის მიმღები გავხდეთ, მადლშემოსილ ერთ ადამიანს კი მთელი სამყაროს შეცვლა შეუძლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი