რელიგია

რატომაა არასწორი, ცხონების იმედი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ და რატომ მისცა ღმერთმა ადამიანს ნება, დაებეჩავებინა სამოთხე

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 10.11, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხონებასა და სამოთხეში დაბრუნებას ელის, რაც სავსებით ბუნებრივი სურვილია, თუმცა ცხონება და სამოთხე მხოლოდ გარდაცვალებას უკავშირდება, იმას გარდა, რომ ზეცასთან ასოცირდება. მაინცდამაინც უნდა გარდავიცვალოთ, სამოთხეში რომ დავბრუნდეთ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესააუბრება.

– რა არის სამოთხე: კონკრეტული ადგილი, მდგომარეობა?

– ადრეც გვითქვამს, რომ წუთისოფელი არ არის დროსა და სივრცეში გამოყოფილი ადგილი, ისევე, როგორც, არც სამოთხე იყო კონკრეტულ ადგილას გარკვეულ დროს – მაგალითად, 6 000 წლის წინათ. სამოთხე არის მდგომარეობა, ის მდგომარეობა, როდესაც სწორი მიდგომა გვქონდა ღმერთისადმი და უზრუნველად ვცხოვრობდით, ყველაფრით ვიყავით უზრუნველყოფილი. მდგომარეობაა სამოთხის დაკარგვაც – ანუ უზრუნველი მდგომარეობის დაკარგვა. ნახე, რა გამოდის? თუ უზრუნველობა სამოთხეა, ესე იგი, ზრუნვა მისი აგრეგატული მდგომარეობაა, ანუ მისი გაფუჭება. მაგალითად, ზღვის ნამდვილი მდგომარეობაა ლივლივი, ხოლო აღელვება – მისი სხვა აგრეგატული მდგომარეობა – აირია ზღვა. ამდენად, რა ყოფილა წუთისოფელი? ის ადგილი, სადაც ზრუნვა და შფოთია, ესე იგი, ამღვრეული სამოთხეა. შესაბამისად, წუთისოფელი არა ახალი, არამედ სამოთხის სხვა აგრეგატული მდგომარეობაა. სამოთხე მოგვეცა, როგორც პირველი მდგომარეობა და წუთისოფელი არის დეგრადირებული, გაფუჭებული, დაბეჩავებული სამოთხე, რომელშიც არის მკვლელობები, უბედურება, ატომური იარაღი, ომები, გაუტანლობა... ღმერთმა იმიტომ დაუშვა, ასე გაგვეფუჭებინა სიცოცხლე, რომელიც ჩვენდა სალხენად და სანეტაროდ იყო მოცემული, რომ ჩვენ შეგვექმნა ჩვენი ცხოვრება. და ეს წუთისოფელია ჩვენი შექმნილი. აი, ამას უნდა მივხვდეთ და არავის უნდა დავაბრალოთ, რაც გვჭირს – არც მთავრობებს, არც პოლიტიკოსებს, არც სხვა ქვეყნებს, არც ერთმანეთს, არამედ გონს უნდა მოვეგოთ, თუ რა ჩავიდინეთ. გავიხსენოთ ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული ქრისტე: პირველი ავაზაკი ღმერთს აბრალებს, ჯვარზე რომ გააკრეს და იესოს ეუბნება, გამოიყენე შენი ძალაუფლება და ჯვრიდან ჩამოგვხსენიო, მაგრამ ღმერთი თავის ძალაუფლებას ვერ გამოიყენებს, ვინაიდან მაშინ ადამიანი არაფრად იქცევა. ამ წუთისოფელში ყველაფერს ერთმანეთს, სხვებს, ფაქტობრივად კი, ღმერთს ვაბრალებთ და ასე თუ გავაგრძელებთ, ვერც ვერასდროს ამოვალთ ხაფანგიდან, ვინაიდან ეს წუთისოფელი დგას ჩვენს არჩევანზე, ჩვენს დამოკიდებულებაზე და, ბოლოს და ბოლოს, კვანტურმა ფიზიკამაც ხომ დაამტკიცა, რომ გარემო ისეთია, როგორადაც შენ აღიქვამ. ასე რომ, შენზე დგას ყველაფერი, რაც ამ წუთისოფელშია და სამოთხედ ვერ აღიქვამ, იმიტომ რომ არასწორად უყურებ მას შენივე არასწორი მდგომარეობის გამო. თორემ, თუ გაასწორებ მიდგომას, წუთისოფელი იმ წუთასვე სამოთხედ იქცევა. სინამდვილეში კი ჩვენ ვითხოვთ, რომ ვიღაცამ გადაგვიქციოს სამოთხედ წუთისოფელი, რომელიც მხოლოდ ჩვენზე დგას. სწორედ ამას მიხვდა მეორე ავაზაკი, ჩვენი ბრალია, ჯვარზე რომ ვიტანჯებითო. და რა არის ჯვარზე ტანჯვა? წუთისოფელი! დიახ, წუთისოფელია ჯვარცმა და უბრალოდ, უნდა მივხვდეთ, რომ წუთისოფელი, გარემო, სამყარო, ღმერთი თუ სხვა ადამიანი კი არ გვაცვამს ჯვარს, არამედ, რაც გვჭირს, ჩვენ დავმართეთ საკუთარ თავსა და სამოთხეს. მეორე ავაზაკი ხვდება და იესოს სთხოვს, მომიხსენეო, ხოლო იესო პასუხობს – ჭეშმარიტად გეუბნები, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. რატომ ეუბნება, სამოთხეშიო?! რატომ არ ეუბნება, მამასთან ან ცათა სასუფეველშიო?! იმიტომ რომ, თურმე, სამოთხე ყოფილა ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ღმერთთან იყო და ეს ტანჯვა, რაც გვაქვს წუთისოფელში, ანუ დაბეჩავებულ სამოთხეში, გამოიწვია ყველაფრის სხვებზე გადაბრალებამ, რაც გაგრძელდება მანამ, სანამ სხვებს ვაბრალებთ ყველაფერ იმას, რაც გვემართება. მეორე ავაზაკის მაგალითი მოწმობს, რომ სამოთხეში ერთ წამში შეიძლება, დაბრუნდე, თუკი თითს გაიშვერ არა გარეთ – სხვისკენ, არამედ შიგნით – შენკენ. ჩვენ ვიცით, რომ მეორე ავაზაკი ადამია; ადამი, რომელმაც მიიტაცა ღმერთის გარემო, ღმერთობა და შექმნა ის ცხოვრება, რაც შექმნა; ავაზაკის სხეულში მოხვედრილ ადამს 4 000 წელი დასჭირდა, რომ თითი გაეშვირა საკუთარი თავისკენ და არა გარეთ – ღმერთისკენ, რასაც იმ 4 000 წლის განმავლობაში აკეთებდა (ქალმა, რომელიც შენ მომეცი, მაცდუნა). დღესაც ათასი თითია გაშვერილი გარეთ, აბრალებენ მთავრობებს, რუსეთს, ცოლი – ქმარს, ქმარი – ცოლს, შვილები – ორივეს და ამიტომაა ყოფა ასე აუტანელი. არადა, ცხოვრება აუტანელი არ არის, ჩვენი არასწორი მიდგომის გამო გვტანჯავს წუთისოფელი. როგორც კი ამას მიხვდა მეორე ავაზაკი – ადამი, იმწამსვე სამოთხეში მოხვდა. და როგორ მოხვდა სამოთხეში? თვალი აეხილა! სამოთხე გონს მოსვლაა, როდესაც წუთისოფელი ქრება, იმიტომ რომ ის მხოლოდ ჩვენს წარმოდგენებში არსებობს. ამდენად, რა გვიშველის? დიახ, მონანიება! განგება გვაცოდვილებს, გვიტევს, იქნებ როგორმე გონს მოვიდეთ, ანუ მოვინანიოთ. როგორც კი ვიტყვით, რომ ჩვენშია პრობლემა, ნისლივით გაქრება წუთისოფლის სიმძიმე და სამოთხედ გადაიქცევა ყოფა, იმიტომ რომ სხვაგვარად დაინახავ. ბოლოს და ბოლოს, რა არის მონანიება? 180 გრადუსით აზროვნების და არა ცხოვრების შეცვლა. ცხოვრება კი არაა ცუდი, შენი ხედვაა არსაწორი და როგორც კი გაასწორებ მიდგომას, მაშინვე სხვანაირად დაინახავ. მაგრამ არც მეორე უკიდურესობა ვარგა, საკუთარი თავის გაკიცხვა, რომ არაფრად ვვარგივართ. არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. რა არის ყველაფრისთვის სახელის დარქმევა? მონანიება! სამოთხე დედამიწაზე იყო და სანამ ჩვენ იმ სამოთხეში არ დავბრუნდებით, მანამდე ვიწვალებთ. ასევე, არასწორი მიდგომაა, რომ დედამიწა გვგონია ის ადგილი, საიდანაც უნდა გავიქცეთ, სხეულსაც უნდა გავექცეთ და ვცხონდებით იქ, სადღაც, სიკვდილის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებას, პასუხისმგებლობას გავურბივართ. ან დედამიწა რატომაა მეორეხარისხოვანი?! ის ხომ სიყვარულისთვისაა შექმნილი?! მაგრამ ჩვენ მუდმივად ცისკენ ვიყურებით. და ცაც რომ დედამიწაზე იყო? განა ღმერთი, მისი სახლი აქ არ იყო?! ამიტომ შენც უნდა დაბრუნდე. რით მთავრდება „გამოცხადება“?! აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის და ღმერთი დაემკვიდრება მათ შორის და იქნება მათი ღმერთი. ჩვენ, ხომ, ასე ვლოცულობთ: მოვედინ სუფევა შენი; იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინ, ეგრეცა ქვეყანასა ზედა; ჰე, მოდი, უფალო იესო. აი, მას უნდა მივაქციოთ ყურადღება და არა მხოლოდ მკვდარ რელიგიურობას, როდესაც ვემზადებით იქ საცხონებლად. ვერაფრით ცხონდები იქ, თუ აქ არ ცხონდი – ანუ, თუ ადამიანი არ გიყვარს. თუ გვგონია, რომ რელიგიურ რიტუალებს ჩავატარებთ, ვიმარხულებთ, ვეზიარებით და აქ სხვა არაფერი გვაინტერესებს, ეს უკვე რელიგიური ფანატიზმია. ღმერთი გეუბნება, დედამიწა ისევ სამოთხე გახადე. და სამოთხე, სულაც, არ არის ბაღ-ვენახი, ვაშლი და მსხალი, შვლის ნუკრები. სამოთხე არის ურთიერთობა, სიყვარული, როდესაც მეორე ადამიანი გიყვარს და სამყაროს უყურებ ღმერთის, ქრისტეს თვალებით – ყველაში ხედავ იმ ერთიანს, რომელიც თითოეულში სხვადასხვანაირადაა გამოვლენილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი