რელიგია

რატომ ვლოცულობთ გარდაცვლილთა სულებისთვის და არის თუ არა შეკვეთილი წირვების გადახდა მიცვალებულის სულის ცხონების გარანტია

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.06, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვენს ეკლესიას დაწესებული აქვს მიცვალებულების მოხსენიების დღეები. ამას გარდა, ტრადიციად გვაქვს სასაფლაოებზე გასვლა, ჩვენი თუ სხვისი მიცვალებულებისთვის სანთლების დანთება, მათთვის პანაშვიდებისა და წირვების გადახდა; ისიც კია ნათქვამი, რომ 12 შეკვეთილ წირვას ცოდვილის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა შეუძლიაო. თუმცა, იმავე ქრისტიანული სწავლებით, სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება ნამდვილი სიცოცხლე, რადგან ამ წუთისოფელში ყოფნაა სიკვდილი. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– მიცვალებულების ხსენება ჩვენ უფრო ხომ არ გვჭირდება, ვიდრე მიცვალებულებს? და, საერთოდაც, რატომ ვლოცულობთ ჩვენს მიცვალებულებზე, როდესაც ვიცით – ყოველ შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი არ მომკვდარან?

– დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი ღმერთი ცოცხლების ღმერთია, ანუ ღმერთისთვის არ არსებობს მიცვალებული, გარდაცვლილი, წასული. ღმერთი ხედავს ერთს – სიცოცხლეს. გარდაცვლილებს ვხედავთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი გრძნობის 5 ორგანოთი ვექვემდებარებით მატერიალურ სამყაროს და როდესაც ადამიანი გადის ამ ჩვენი მატერიალური აღქმიდან, მას ვუწოდებთ წასულს, გარდაცვლილს. არადა გარდაცვალება სიკვდილს არ ნიშნავს. ადამიანი გარდაიცვალა, ანუ ისე შეიცვალა, რისი წვდომაც ჩვენი გრძნობის ორგანოებს არ შეუძლია, მაგრამ იწყება წვდომის სხვა ხარისხი – რწმენით წვდომა, რის უნარიც ჩვენს სულს აქვს. უბრალოდ, სულის ეს უნარი პოტენციალში გვაქვს, იმიტომ რომ სული ბუნებითაა ყველაფრის მჭვრეტელი, უბრალოდ, როდესაც მატერიაში შემოდის, ადამიანს უცვდება ეს უნარი, ზოგს კი, საერთოდაც, ავიწყდება. რაკი დავიწყება არ ნიშნავს გაქრობას, საკმარისია პროვოცირება, რომ ამ უნარმა გაიღვიძოს. ადამიანები სიკვდილს განვიცდით, როგორც სრულ გაქრობას და ყველამ იცის, რა მწარეა ახლობელი ადამიანის დაკარგვა, იმიტომ რომ ტვინი განიცდის მომხდარს, სულს კი არ აქვს ასეთი უნარი. თუმცა, როდესაც ძალიან ახლობელ ადამიანს კარგავს, სული გრძნობს, რომ სიკვდილი არაბუნებრივია, ვინაიდან სულმა არ იცის, რა არის სიკვდილი! ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლობელი უკვდებათ და ტვინით აიძულებენ თავიანთ თავს, რომ იგლოვონ და იტანჯონ, მაშინ, როდესაც სულში სიმშვიდე აქვთ და ეს უგულობა ჰგონიათ. ჩემთვის დაუსვამთ კითხვა: მამა გურამ, მრცხვენია ჩემი თავის, ტრაგედია მეწვია, მაგრამ შინაგანად არ განვიცდი და ადამიანი ლამის ინანიებს თავის ამ მდგომარეობას. არადა ეს იმის შედეგია, რაც გითხარით: სულისთვის სიკვდილი არ არსებობს, იმიტომ რომ სული სულ-აა, მარადიულია. სული მთლიანად სიცოცხლეა. ხოლო სიკვდილი – კულტურის შედეგი. ის მას შემდეგ გაჩნდა, რაც მატერიაში შემოვედით. სიკვდილი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ის დავიჯერეთ და რა ხარისხითაც დავიჯერეთ, იმ ხარისხით შემოვიდა ტანჯვა, რადგან ადამიანი გაქრა ჩვენი თვალსაწიერიდან, აღარ არის. და რაც მეტად ჰგონია ადამიანს, რომ სიკვდილი გაქრობაა და რამდენადაც მოწყვეტილია სულის აღქმას, იმდენად უფრო აუტანელია მისთვის ახლობლის სიკვდილი და ამას მხოლოდ რწმენა გადალახავს! იესომ იხსნა ისინი, ვინც სიკვდილის შიშით იყვნენ მონობაშიო. ანუ სიკვდილისგან კი არ გვიხსნა მაცხოვარმა, არამედ სიკვდილის შიშისგან, რადგან სინამდვილეში ღმერთისთვის სიკვდილი, ანუ გარდაცვალება საუკეთესო საშუალებაა, რომ ადამიანი იხსნას. წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელიც საპყარ სხეულშია, ვერასდროს გამოიცვალოს ის სხეული?! ეს ხომ უსასრულო ჯოჯოხეთი იქნებოდა?! ამ შემთხვევაში, ხომ, სიკვდილია საუკეთესო გამოსავალი, რომ ადამიანს მისცეს საშუალება, შეიცვალოს ეს მდგომარეობა და გადავიდეს ახალ მდგომარეობაში?!

რაც შეეხება შენს კითხვას: თუკი ისინი ჩვენზე ცოცხლები არიან, რატომ ვლოცულობთ მათთვისო... ადამიანი არ არის მხოლოდ სული, სხეულიცაა; გარდაცვალებით ის მხოლოდ სხეულს იცვლის და ჩვენ ვლოცულობთ მასზე, იმიტომ, რომ ის ისევ ცოცხალია ღმერთის თვალში და ჩვენც, რწმენით, ვმაღლდებით საკუთარ აღქმაზე: თუკი ის ღმერთში ცოცხალია, ჩვენ მასზე ვლოცულობთ, როგორც სიცოცხლეში ვლოცულობდით. და, ზოგადადაც, რატომ ვლოცულობთ?! ლოცვა ნიშნავს შეწევნას; უფრო მეტიც, ლოცვა იმის გააზრებაა, რომ ჩვენ, ყველანი, ერთნი ვართ ღმერთში და მე ვერ ვიქნები კარგად შენი სიკარგის გარეშე. ვერც ერთი გარდაცვლილი ვერ ასწრებს ამ ცხოვრებაში მთლიანად განწმენდას, ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ, რომ მათ უფალმა მიუტევოს. გარდაცვლილმა აქედან თავისი დაუსრულებელი ბუნება წაიღო – ცოდვილი გარდაიცვალა და ამიტომ იქ მოუწევს ჯოჯოხეთი. რას ნიშნავს ჯოჯოხეთი?! ღმერთი კი არ გატანჯავს მას, არამედ თავის მიერვე წაღებული მორები და კორძები. როგორც ერთი წმიდა მამა ამბობს, ყველა ადამიანს აქედან მიაქვს თავისი ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის შეშაო. რა შეშის მარაგსაც წაიღებს აქედან, ისეთი წვა ექნება იქ და მოუწევს ტკივილის ატანა. იმიტომ ვლოცულობთ ჩვენ გარდაცვლილებისთვის, რომ უფალმა მიუტევოს და შეუმსუბუქოს ტანჯვა, ვინაიდან ის ცოცხალია, სამსჯავროს დრო კი ჯერ არ დამდგარა. სამსჯავრო იქნება ბოლოს: ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, მანამდე კი შეწევნა შესაძლებელია და ისევე, როგორც აქ შევეწეოდით ლოცვით, იქაც, უფლის წინაშე, ლოცვით შევეწევით გარდაცვლილთა სულებს. გაგახსენებთ, რომ ეკლესია ლოცულობს ყველასთვის, მათთვისაც, რომლებსაც მომხსენიებელი არ ჰყავს; ზოგადად, მთელი კაცობრიობისთვის, რწმენით არაჩვენიანებისთვის, ურწმუნოებისთვისაც, იმიტომ რომ ქრისტეს სურვილია, ყველა ადამიანი ცხონდეს. მაცხოვრის მადლი ისაა, რომ ყველა ადამიანისთვის ეწამა. ამდენად, ყველა ხსნილია, ვისშიც ქრისტეს ნათელი შევა და ჩვენც ჩვენი ლოცვით ყველას ვეხმარებით. რა არის ჩვენი, ქრისტიანების, მიზანი? არა ადამიანის წარწყმედა, არამედ გადარჩენა! ამიტომ, სანამ ადამიანს აქ პირში სული უდგას, უნდა ილოცოს. როდესაც მიცვალებულზე ამბობენ, ძაღლი მიაკვდა სულშიო, ეს სიცოცხლის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, ვინაიდან ქრისტე ჯვარს იმიტომ ეცვა, რომ ყველა ცოდვილის გადარჩენა უნდა! და შენ რომ ამას იტყვი, ეს, ხომ, მაცხოვრის შეურაცხყოფაა?! რაც ჩვენვე დაგვიბრუნდება: ჩვენც ასევე მოგვექცევა სამყარო. რაც შეეხება მრევლში მოარულ აზრს, რომელსაც მამა გაბრიელს მიაწერენ, რაც მეტ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, მით უფრო ცხონდება მიცვალებულიო: მე არ ვიცი, რა იგულისხმა მამა გაბრიელმა, მაგრამ ინდულგენციას ჰგავს, თუ გგონია, რომ 12 შეკვეთილი წირვის შემდეგ ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში მოხვდება. ვისაც ვერ გადაუხადეს, იმას რა მოუვა?! ესე იგი, ჩემს შეძლებაზეა დამოკიდებული ჩემი მიცვალებულის ცხონება?! და ზოგს რომ ერთი სანთლის დანთების მეტი არ შეუძლია?! რა თქმა უნდა, ჩვენ წირვებზეც ვიხსენიებთ მიცვალებულებს და პანაშვიდებსაც ვუხდით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი – ნურავის ჰგონია, რომ შეკვეთილი წირვებით ცხონდება ადამიანის სული. ვიმეორებ: ადამიანს აცხონებს ღმერთი და თავისი საქმეები. უფრო მთავარი კი ის მგონია, რომ სხვებზე ვილოცოთ, რათა ჩვენს ეგოიზმზე ავმაღლდეთ და უფალმაც დაინახოს, რომ ჩვენ მეორე ადამიანის ცხონება გვინდა და მაცხოვართან მიმსგავსება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი