რელიგია

რატომ ვლინდება წუთისოფელში ღმერთი დაკნინებულად და რატომაა მატერიალური სამყარო ღმერთის თვალსაჩინოება

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.11, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რა თქმა უნდა, ღმერთს ეროვნება არ აქვს და ვერც ექნება, თუმცა ხშირად მოისმენთ არაქართველებისგან; მეორე მხრივ, ისიც არც თუ იშვიათად გამიგონია, რომ ებრაელებმა აწამეს და მოკლეს ჩვენი, ქრისტიანების, ღმერთი. რატომაა მიდრეკილი ადამიანი, ყველაფერი დაუმორჩილოს საკუთარ ლოგიკასა და წარმოდგენებს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თუკი ვიტყვით, რომ ქრისტე ებრაელია, ეს ნიშნავს, რომ ებრაელი აღმატებულია და მე, არაებრაელი, დამცრობილი ვარ, მეორე მხრივ, როდესაც ებრაელებს ადანაშაულებენ, რომ მოკლეს ქრისტიანების ღმერთი, ესე იგი, მე კარგი ვარ, იმიტომ რომ ღმერთი აწამა ებრაელმა, შესაბამისად, მე, არაებრაელი, უბრალო ვარ ამ საქმეში?

– ძალიან ღრმა საკითხია და ჩვენი ჯოჯოხეთია, რომ ეს საკითხი გვინდა, ჩავტიოთ ჟურნალის ერთ გვერდში... ეს არის საუკუნეების პრობლემა და ძალიან რთულია ამის გასიტყვება. წმინდა მამებს სამი საუკუნე დასჭირდათ, რომ წმინდა სამების დოგმატი ჩამოექნათ: „მრწამსი“ არის მთელი სამყაროს საიდუმლოებების კონცენტრატი, დაკრისტალებული ერთ გვერდზე, რის შემდეგაც ის უნდა გაიხსნას წყალში და ყველამ მივიღოთ, ანუ გავიგოთ არსი. ზოგს კი ჰგონია, რომ მართლმადიდებელი ვარ, რაკი მწამს წმინდა სამება და დოგმატს ჩამოვაყალიბებ. „მრწამსის“ დაზეპირება ჰგონიათ მართლმადიდებლობის აღიარება, არადა ეს გასააზრებელია. დავიწყოთ იქიდან, რომ, ზოგადად, ეს პრობლემა, ანუ რჩეულობის მანია, რაც ჩვენც გვახასიათებს ხოლმე, რომ მარტო ჩვენ გადავრჩებით და სხვები წარწყმდებიან, აქვთ ებრაელებს. ოღონდ ეს ყველაფერი პირიქითაა: ის, ვისაც მადლი შეხებია და მართლაც უგრძნია, რომ ღმერთი მასშია, საკუთარ თავს ივიწყებს და როგორც მაშველი გადაეშვება ცეცხლში, რომ ბავშვი გადაარჩინოს, ასე სწირავს საკუთარ თავს. პავლე მოციქული ამბობს, მე ვარჩევდი, თვითონ ვიყო ჩამოშორებული ქრისტეს ჩემი ძმების, ებრაელების გამოო. აი, იმ ებრაელების გამო, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. პავლე ხომ ამბობდა, ქრისტე ცხოვრობს ჩემშიო?! ცხადია, უტრირებას ვაკეთებ. ანუ ვინც ნამდვილია და ვისაც ჭეშმარიტების შუქი გაეცხადა, ის საკუთარ თავს ივიწყებს და მისთვის ერთადერთი სინამდვილეა, რომ ის სიკეთე, რაც მან განიცადა, როგორმე სხვებს უწილადოს, თუნდაც, თავისი სიკვდილის ფასად.

ებრაელების თემას დიდი ხნის ისტორია აქვს და მათაც აქვთ ეს პრობლემა, ისინიც ამბობენ, რომ რჩეულები არიან; რომ ებრაელები ერებში არ ითვლებიან და ეროვნების მიღმა არიან. ანუ არიან ხალხები და არიან ებრაელები. შეიძლება, ებრაელი ამას იმდენად იმ აზრით არ ამბობს, რომ სხვები მართლაც გოები და არარაობები ვართ და ისინი არიან გამორჩეულები; ანუ არა იმ აქცენტით, რა აქცენტითაც ჩვენ ვდებთ ბრალს მათ, რომ ზემოდან გვიყურებენ, გვაგოიმებენ, უნდათ, რომ ყველანი დაგვიმონონ, თუმცა ისინი მაინც სცოდავენ. მაგალითად, ერთ-ერთი რაბინი ამბობს, ებრაელებს ნაჭრები იმიტომ აქვთ ჩამოშვებული უკან, შარვალზე, თითო ებრაელს რამდენიმე ათეული მონა უნდა ემსახუროს; მესია რომ მოვა, ყველანი ჩაგვებღაუჭებიან ამ ნაჭრებზე, იმიტომ რომ ჩვენ გარეშე ვერ გადარჩებიან და თითოეულს გვეყოლება მონებიო. ეს მათი „თორის“ დამახინჯებული გაგებაა და როდესაც თვითონვე ამბობენ ამას და ჩვენ ისედაც მათი ჯინი გვაქვს, რომ ქრისტე ებრაელებმა მოკლეს, მტრობა ისევ გრძელდება და ქრისტიანები და ებრაელები საუკუნეების განმავლობაში სწორედ ამ ნიშნით ემტერებოდნენ ერთმანეთს. ებრაელები ხაზს ზედმეტად უსვამდნენ თავიანთ რჩეულობას, ხოლო ქრისტიანები კი – პირიქით, მათ საყვედურობდნენ, რომ ქრისტე მოკლეს. ამან გამოიწვია ის მტრობა და შეურიგებლობა, რაც აქამდე იყო. საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, ყოველ აღდგომაზე, ჯვარცმის დღეს, გამოდიოდნენ იქით – მათი კათოლიკე ეპისკოპოსი, აქეთ – ებრაელების მთავარი რაბინი და ეპისკოპოსი რაბინს საჯაროდ აწნავდა სილას იმის ნიშნად, რომ ქრისტეს მკვლელები ხართო. ერთ-ერთი ებრაელი კომენტატორი წერს, ეს სილა დღესაც გვეწვის ებრაელებს ლოყაზე, ამიტომ ებრაელები იძულებული იყვნენ, გამოეყოთ თავიანთი თავი ამ განთესილობაში. თავად ებრაელები სხვებისგან თავიანთ გამორჩეულობას ხსნიან იმით, რომ ეს იყო მათი თავდაცვის მექანიზმი, რომ არ გაღვრილიყვნენ სხვა ერებში. ისინი ამბობენ. გაფანტულები ვიყავით, არ გვქონდა სახელმწიფო და ჩვენი დამცავი იყო მარტო „თორა“ და შაბათი. ჩვენთვის ესეც რომ არ წაერთმიათ, ამიტომ ყველასგან ვიზღუდავდით თავს, მით უმეტეს, ქრისტიანებისგან დიალოგისგანო. ამასობაში კი ქრისტიანები, რადგან ებრაელები ასე გამოყოფილად ცხოვრობდნენ, უამრავ რამეს აბრალებდნენ მათ. მაგალითად, რომ ისინი ბავშვებს იპარავდნენ და მათ სისხლს სვამდნენ. ხოლო დამღა, რომ ქრისტეს ჯვარმცმელები არიან, მათ სდევდა ბოლო 2000 წლის განმავლობაში. ისინი ატარებდნენ ამ სიმძიმეს და იძულებული იყვნენ, კიდევ უფრო ჩაკეტილიყვნენ. ებრაელები დაღდასმულები არიან და ატარებენ ამ ჯვარს, ისევე, როგორც ქრისტიანები ვატარებთ ჩვენს ჯვარს; ქრისტემ ხომ თქვა, მე თუ მდევნიან, თქვენც დევნილები იქნებით, ჩემი სახელით უამრავ რამეს დაგაბრალებენ და, მართლაც, ჩვენ, ქრისტიანებს, უამრავ რამეს გვაბრალებდნენ, ზიარების დროს სისხლს სვამენ და ხორცს ჭამენო. ამის მიზეზი, ორივე შემთხვევაში, ორმაგობაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენი წარმოდგენით შექმნილი წუთისოფელი სიცრუეა და მიმოქცევაშია; ბავშვური აზროვნების ადამიანებს ეჭვიც კი არ ეპარებათ, რომ ყველა ებრაელი ქრისტეს მკვლელია ან პირიქით, ებრაელების ბავშვური დონე ამბობს, რომ სხვები არიან მტრები და ისინი არიან რჩეულები. მაგრამ ჭეშმარიტება ამ ყველაფრის მიღმაა. და რა არის ჭეშმარიტება? რომ ებრაელები მართლაც არ არის ერი. აბრაამი არ იყო ებრაელი, ის ქალდეის ურიდან გამოვიდა. ეს იყო პიროვნება, რომელმაც გაიხსენა მონოთეიზმი, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი ციდან იყურება, არამედ იმას, რომ მარტო ღმერთი არსებობს. მუდმივად არსებობდა „მე ვარ“, რომელზეც ჩვენ არაფერი შეიძლება, ვიცოდეთ და არც კი უნდა გაბედოს ვინმემ, მასზე რამე თქვას. ყოველი ეპითეტი აკნინებს მას. არც ერთი განსაზღვრება მას არ მიესადაგება და წმინდა მამებიც ამბობდნენ, ღმერთი უფრო ისაა, რაც არ არის. ნახე, თუ ღმერთი ისაა, ვისზეც არაფერი არ შეიძლება, ვიცოდეთ და არ შეიძლება, მასზე რამე წარმოთქვა, მაშინ რა უნდა ვიცოდეთ მასზე?! ღმერთი ამ მატერიალურ სამყაროს გვაძლევს, როგორც შესაძლებლობას, რომ მასზე რამე ვიცოდეთ. წუთისოფელში ვლინდება ელოხიმი, ანუ ძალების ღმერთი, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, დაკრისტალებულია. ეს მატერიალური სამყარო ღმერთის თვალსაჩინოებაა, ისეთ მდგომარეობამდეა შემცირებული მისი სიდიადე, რომ ჩვენ ბუნების განხილვით, ვარსკვლავების ყურებით, ფრინველებისა და ცხოველების გამოძიებით, ერთმანეთთან ურთიერთობით, მცნებებით, ზნეობრივი კანონებით რაღაც მაინც გავიგოთ მასზე. ღმერთმა დროში შექმნა მრავალფეროვანი და დაკნინებული ნივთიერი სამყარო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერაფერს გავიგებდით: ხელმოსაჭიდი არ გვექნებოდა, ისევე, როგორც ბავშვი ვერ ისწავლის მათემატიკას, თუ არ დაუღეჭა მასწავლებელმა და არ ჩამოუყვანა საგნების დონეზე: ორ ვაშლს მივუმატოთ ერთი ვაშლი... სრულ სიცხადეში ყველაფერი ლღვება. ესე იგი, კითხვა უნდა გაგვჩენოდა, ხოლო, კითხვა რომ გაგვჩენოდა, უნდა შექმნილიყო ღმერთისგან ჩამოშორებული მდგომარეობა, რომ კითხვიდან პასუხამდე ავსულიყავით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული