რელიგია

რატომ ვლინდება ღმერთის ადამიანისადმი სიყვარული ხშირად უსასტიკესი ფორმით

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.08

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ხშირად მომისმენია და, ალბათ, თქვენც (იქნებ ასე თავადაც ფიქრობთ), რომ ღმერთს ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ, საიდანაც გამომდინარეობს დასკვნა, რომ, როგორც უნდა მოვიქცე, გარანტირებულად ვიმსახურებ შემოქმედის კეთილგანწყობასა და პატიებას. იმის შესახებ, არის თუ არა ეს, მართლაც ასე, დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

–მხოლოდ ჩემი არსებობის ფაქტია საკმარისი საიმისოდ, რომ ღმერთს ვუყვარდე და ამის გამო უნდა იყოს ბედნიერი?

– პრობლემა იმდენად ის კი არ არის, რომ ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ, რადგან ეს ნამდვილად ასეა, არამედ პრობლემაა ის, თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთს ვუყვარვართ. უმეტესწილად ავტომატურად იგულისხმება, რომ, რადგან ვუყვარვართ, ყველაფერს გვაპატიებს, შესაბამისად, ვინც უნდა ვიყო და რაც უნდა მოვიმოქმედო, მაინც მიმიღებს, მაცხოვნებს და ასე შემდეგ, რაც სწორიცაა და იმავდროულად, არასწორიც. სწორია იმის გამო, რომ იმიტომაც გვაცოდვილებს და ვერ გველევა, რომ ვუყვარვართ; ადრეც ვთქვით, ასეთი გამონათქვამია, ღმერთი გველაპარაკება სასიყვარულო ჩურჩულით, სინდისის სახით და განსაცდელების ქუხილით. ანუ ღმერთის სიყვარული ჩვენდამი ხშირად უსასტიკესი ფორმით სწორედ იმიტომ ვლინდება, რომ ვუყვარვართ, თორემ, რომ არ ვუყვარდეთ, ჩვენს ნებაზე მიგვიშვებდა, კისერიც გიტეხიათო. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პირდაპირ წერია: სიხარულად მიიღეთ, თუკი ისჯებით, რადგან მამა იმ შვილს სჯის, რომელიც უყვარს, ამდენად, თუ დაუსჯელი დარჩებით, ნაბუშრები ხართ და არა შვილებიო. ასე რომ, სიყვარული ისეთი შეხებაა, რომელსაც გონს მოვყავართ, რათა ვცხონდეთ. უბრალოდ, სიყვარულის არსი უნდა გავიაზროთ. მაგალითად, ბავშვს ჰგონია, რომ მამას არ უყვარს, როცა მამა შენიშვნას აძლევს, ნემსს უკეთებს ან მწარე წამალს ასმევს; სკოლაშიც ასე გვეგონა, მასწავლებელი თუ შენიშვნას გვაძლევდა, არ ვუყვარდით, უსამართლოდ გვექცოდა, გვჩაგრავდა. თუმცა ხშირად ზრდასრულობაშიც იმავენაირად ვიქცევით. როგორია მიდგომა ცხოვრებისადმი?! ყველა სხვას საყვედურობს: მთავრობით დაწყებული და ქმრითა თუ ცოლით დამთავრებული, რომ ვერ უგებენ, ჩაგრავენ, ვერ შეამჩნიეს, არ დააფასეს, არ უყვართ, რაც, საბოლოოდ, ისევ და ისევ ღმერთისკენაა მიმართული. მიზეზი მარტივია: ადამიანი სიყვარულს გაიაზრებს, როგორც ისეთ მდგომარეობას, როდესაც თავადაა ცენტრი და მიშვებულია თავის ნებაზე, მაგრამ სწორედ სიყვარული გიკეთებს კულტივირებას; ყველაზე მწარე შეხებაც კი სიყვარულია. ამიტომაც გეუბნება ღმერთი: მე ვარ ჯოჯოხეთში ჩამყვანი და მე ვარ ჯოჯოხეთიდან ამომყვანი; მე ვაყენებ ჭრილობას და მევე ვმკურნალობ; მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებ. რას ნიშნავს ეს?! ღმერთს განა მართლა ჩავყავართ ჯოჯოხეთში, მაგრამ მისი შეხება ჩვენი დაწყლულებული სიცოცხლისთვის, ცოდვით დამძიმებული სხეულისთვის, რომელიც იმიტომაც დამძიმდა, რომ თავისუფალი ნება არასწორად გამოვიყენეთ, არის თერაპიული შეხება, ძალიან მწარე და ამიტომ აღიქმება ჯოჯოხეთურად. ანუ ღმერთს კი არ ჩავყავარ ჯოჯოხეთში, არამედ ღმერთის სიყვარულს აღვიქვამ ჯოჯოხეთურად იმის გამო, რომ მე მის გზას გადავუხვიე, მას კი არ შეუძლია, მიმიშვას, რომ სულიც არ დავიღუპო. უფრო მეტიც, პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, ისეთი ცოდვები ხდება, მათი ჩამდენები ჯობია, სატანას გადაეცეს, რათა ხორცი, სხეული წაერთვათ, რომ სული გადარჩესო. ნახე, როგორი ძლიერი ქირურგიული ჩარევაა?! მაგრამ ესეც სიყვარულია; სიყვარულია, ვინაიდან ადამიანი სულია და მისი სული უნდა გადარჩეს! ანუ სიკვდილიც კი ღმერთის სიყვარულით შეხება ყოფილა! წმიდა მამები ამბობენ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლიც კი არ არის შურისძიების ცეცხლი, გრიგოლ ნოსელი მას თერაპიულ ცეცხლს უწოდებს. ესე იგი, ჯოჯოხეთით ღმერთი შურს კი არ იძიებს, შენ რომ მე არ გიყვარდი, სამაგიეროდ, ახლა მე შენ გაგტანჯავო – თუმცა ადამიანებს ასე წარმოუდგენიათ, რადგან, სამწუხაროდ, თავად ასეთები არიან – არამედ გეხმარება. ღმერთი ადამსა და ევას რომ აფრთხილებს, ნუ შეეხებით ბოროტებისა და სიკეთის გარჩევის ხეს, არ ეუბნება, მოგკლავთო, არამედ, მოკვდებითო, ანუ ასეთი ქმედების შედეგს აცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ არის შურისმაძიებელი. სიყვარული არ ნიშნავს, რომ ჩემს გემოზე მიმიშვებს, სიყვარულია ის, რომ ვერ მელევა და ხანდახან უმკაცრეს საშუალებასაც კი მიმართავს, მოვლენებითა და ადამიანებით, რომლებსაც მე ვექვემდებარები, რომ გონს მომიყვანოს. ყველაფერი ღმერთის ხელშია: თითოეული ღერი თმაც კი დათვლილიაო, მაგრამ მაშინ საიდან ბოროტება, უსამართლობა, ანარქია, ქაოსი?! ჩემი აღქმიდან! სანამ შენ გგონია, რომ სამყაროს შენდამი ინტერესი აქვს, იქ რაღაც ხდება ღმერთის ნების გარეთ, რომ არის ძალები, რომლებსაც შეუძლია, თვითნებურად იმოქმედონ შენზე და ვლინდება იმით, რაც შეგემთხვევა, მანამდე ეს მდგომარეობა გაგრძელდება. ყველაფრის უკან ის ერთი ღმერთი დგას, მრავალგვარობა კი ჩემს უმწიფარ აღქმაშია, ისევე, როგორც ბავშვის უმწიფარ აღქმაშია მამა ხან კეთილი, როდესაც მიეფერება და ხან – ბოროტი, როდესაც ყურს აუწევს. ასე ბავშვივით ებუტება ხოლმე ადამიანი ღმერთს და ქმნის წარმოსახვით სამყაროებს: შეხედულებებს, ეპითეტებს, შეფასებებს... არადა ამ მრავალგვარ წუთისოფელს თავის თავში არსებობა არ აქვს, ეს მრავალგვარობა ჩემს აღქმაშია და ამიტომაც რაღაც უსამართლობა მგონია, რაღაც – შემთხვევითობა, შესაბამის სახელებსაც ვარქმევ და თითქოს ვიტანჯები სამყაროსგან, ვინაიდან ღმერთს დავავიწყდი, მაგრამ რატომ არიან ის ძალები, რომლებიც ჩემზე ზემოქმედებენ და ასე მაფიქრებენ?! სწორედ იმიტომ, რომ თავანთი ამ მწარე შეხებით დაგსაჯონ გონს მოსასვლელად, რათა მიხვდე, რომ შენ გადასცდი იმ ერთ ღმერთს, შენი ტვინით ქმნი წარმოსახვით სამყაროს და ვინაიდან ნებაყოფლობით არ მოხვედი გონს, ტკივილებმა, დარტყმებმა და სასჯელებმა მოგიყვანონ გონს, რომ ისევ ღმერთთან დაბრუნდე. ანუ ამ მრავალგვარობაშიც სიყვარულია და ეს წინააღმდეგობები გადაილახება მხოლოდ ჩაძიებით, ჩაკვირვებითა და იმის გახსენებით, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება; რომ ყველაზე მძიმე და მწარე შეხებებიც მხოლოდ სიყვარულია; სიყვარული, რომლის მიზანი თავზე ხელის გადასმა და ჩემი ჩემს ცოდვებში დატოვება კი არ არის, არამედ, პირიქით, ჩემი ცოდვის კლანჭებიდან გამოყვანაა, რასაც სიკვდილისკენ მივყავარ და ღმერთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სიკვდილს გამოგტაცოს ხელიდან. რაც გვემართება, ერთი დიდი სიყვარულია, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ მზად, გავუგოთ იმ ერთ ღმერთს და ამიტომ ვქმნით სიმრავლეებს, მრავალგვარობას, ვჩეხავთ და ვჭრით ამ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაიძულებს, რომ ჩვენც იმ ერთიანამდე ავიდეთ. მაგრამ, როგორც კი მივხვდებით, რომ ერთი ღმერთია, დასრულდება კიდეც ეს ჩვენი წუთისოფელი, მანამდე კი მის ბადეში ვიქნებით გახლართულები. წმიდა მამები იმასაც ამბობენ, ჯოჯოხეთიც სიყვარულია, ანუ იქაც ღმერთიაო. დიახ, ძნელია ამის დატევა, მაგრამ არ არსებობს ადგილი, სადაც არ არის ღმერთი! დიახ, ჯოჯოხეთურად აღიქმება ღმერთის სიყვარული, რადგან ადამიანი ვერ იტევს და ვერ იტანს მას თავისი გაუწმინდურებული ბუნების გამო. ამიტომ ამბობს ისააკ ასური, ჯოჯოხეთი არის სიყვარულის შოლტებით გვემა, რომ საბოლოოდ პირისპირ დავრჩეთ მე და ღმერთი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო