რატომ ვლაპარაკობთ ბევრს რწმენასა და სულიერებაზე და რატომ სჭარბობს ჩვენს ცხოვრებაში მიწიერი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.09, 2023 წელი

ადამიანის დილემაა, რომ მიწა, მატერია ცუდია, ვერაგია და ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ ზეცაშია, როდესაც ეს მიწიერი სიცოცხლე დასრულდება. მეორე მხრივ, ათეისტი ადამიანის აზრით, მატერიაა ბედნიერება და სანამ ცხოვრება დამთავრდება, მატერიის სიკეთეებით უნდა დატკბე. ადამიანი იხლიჩება სულიერსა და მატერიალურს შორის და, როგორც წესი, მატერია სჯობნის სულიერებას, იმიტომ რომ ადვილი შესამჩნევია. რა როლს ასრულებს მატერია ადამიანის ცხოვრებაში? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– მართლაც, ასეთი ცუდია მიწა, მატერია?
– ცალსახად იმის მტკიცება, რომ მატერია ცუდია, უკიდურესობაა, რომ თითქოს აქ არც უნდა ვჭამოთ, არც ვსვათ, მხოლოდ უნდა დავიტანჯოთ, რომ იქ კარგად ვიყოთ, არ არის სწორი. კიდეც შეჭამ, კიდეც დალევ და კიდეც დატკბები ცხოვრებით, ადამიანს აქვს ეს უნარი და მიდრეკილება, მაგრამ ნელ-ნელა ამ სიხარბიდან გადავალთ იმ მდგომარეობაში, რომ აქ ერთად ვცხოვრობთ და მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო. მაგალითად, ახლა უკვე გამონაბოლქვზეც კი ვფიქრობთ, ანუ შენ რომ გინდა, კომფორტული გარემო გქონდეს, გაგრილდე, სწრაფად გადაადგილდე, ამით სხვებს წამლავ. ესე იგი, ერთთა კომფორტი მეორეთათვის ბოროტებად და დანაშაულად იქცა. ახლა უნდა დაიბადოს ახალი ცნობიერება: არაფერია საშიში, არაფერია საბრძოლი, ადამიანის გონებამ უკვე ისეთ ძალას მიაღწია, რომ დედამიწით შეუძლია, ასობით მილიარდი ადამიანი დააპუროს. ანუ პრობლემა არ არის, რომ ადამიანს მარაგი არ ყოფნის, პრობლემაა ბოროტება. ბოროტება არის უგუნურება, რომ ვიღაც შენი მტერია, ვიღაც სხვაა და მას უნდა წაართვა, რომ შენ გქონდეს. ეს იგივეა, ერთი ჯიბიდან მეორეში რომ გადაიტანო ფული; ერთ ფეხზე გციოდეს, მეორე კი თბილად გქონდეს. ასე ბედნიერი როგორ იქნები?! ახლა დგება ეპოქა, როდესაც სული და მატერია გამთლიანდება, ერთ სიბრტყეში დადგება და რწმენა, სულიერება, გონებით ღმერთის აღიარება და პრაქტიკა აღარ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. არ დადგება დილემა: გონება თუ მატერია, სული თუ მატერია, ღმერთი თუ უღმერთობა?! იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანშია. ისევე, როგორც ერთია, როგორ გაკეთდა ჭიქა და მეორე, რა დანიშნულება აქვს ამ ჭიქას. ჭიქაშივე დევს მისი დანიშნულება და სანამ ის შეიქმნებოდა, იყო იდეა, თუ რისთვის იქნებოდა საჭირო. ასეა ადამიანიც. ადამიანის ფუნქციაა განღმრთობისკენ სვლა, ამაღლება, როდესაც სიყვარული, ანუ სიბრძნე, გონიერება მთლიანად მოიცავს ჩვენს ურთიერთობებს და ცა და მიწა იქნებიან ერთი მთელი და არა ორი რამ, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. ჩვენ ვამბობთ, შორია ცამდეო, იესო კი ამბობს, მოცემული მაქვს ძალაუფლება ზეცაში და მიწაზეო. რას ნიშნავს ეს?! ამ შემთხვევაში ზეცა გალაქტიკები კი არ არის, არამედ პროექტია, ცოდნაა და ერთია, რომ პროექტი ვიცით: ანუ რა არის ქრისტიანობა, ვლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ ეს ცაა და მეორე, რომ ახლა ციდან მიწაზე უნდა მოვიდეს ძალაუფლება. და მიწა რაა? პრაქტიკა: ცის პროექტი უნდა განხორციელდეს მიწიერ ურთიერთობებში, თუ არადა ცასა და მიწას შორის განსხვავება ისევ დარჩება.
რატომაა, რომ, ერთი მხრივ, ვლაპარაკობთ, ვქადაგებთ, ანუ ბევრი ცაა, მაგრამ მაინც მიწიერად ვცხოვრობთ?! იმიტომ რომ ძალაუფლება არ გვაქვს არც მიწაზე და არც ცაზე. პროექტის განხორციელებას ლაპარაკი არ შველის, მიწიერი ურთიერთობები უნდა გაიჟღინთოს ციურით. ერთი მთლიანი უნდა გახდეს, რის შემდეგაც აღარ იქნება არც სიხარბე, არც ბოროტება, რადგან ბალანსი აღდგება. ადამიანს ზეცა რომ გულში ეყოლება, არ შეეშინდება მატერიის, ეცოდინება, რომ ზეცა მას არ უკრძალავს მატერიას; ეცოდინება, რომ მატერია ბოროტება არ არის. მეორე მხრივ, მას, მატერიისკენ მიიწევს, ეცოდინება, რომ მარტო ეს ცხოვრება არ არის, მარადისობისკენ მიდის და აღარ დახარბდება არაფერს მიწიერს, ისევე, როგორც ჟანგბადს არ ვხარბდებით, როდესაც ვსუნთქავთ: ვერც კი ვხვდებით, რომ ვსუნთქავთ. ეს იქნება ამ ორის შერწყმა. არაფერი დარჩება საბრძოლი და ადამიანი მუდმივად დატკბება მიწაზე ღმერთით, ესე იგი, მიწაზე გაცნობიერებული ცხოვრებით. აღარ მოიცავს შიში და შფოთი, რომ ეს ცხოვრება დამთავრდება, რაც, თავის მხრივ, აღარ აიძულებს, რომ მეტი და მეტი დააგროვოს. იმიტომ რომ თვითონ ამ ყოფაში, ამ ცხოვრებაში იქნება მარადისობა და სიკვდილი იქნება მეტამორფოზა, როგორც ჭუპრიდან გამოდის პეპელა. ჭია კვდება, ჭიიდან ვიღებთ ჭუპრს და ჭუპრიდან – პეპელას. სინამდვილეში ჭია მოკვდა?! დიახ, მოკვდა, როგორც ჭია, მაგრამ გარდაისახა პეპლად. ადამიანს ეშინია, ვინაიდან ჰგონია, რომ სიკვდილით გაქრება, ამიტომაც გაურბის ღმერთს. მართალია, მოსწონს ღმერთი; შეიძლება, აღიაროს კიდეც რაღაც ღვთიური, იმიტომ რომ მაინც მასშია ღმერთი, მაგრამ ვერ ელევა მატერიას და ეს სწორიცაა. სწორიცაა, ვინაიდან იმის გაცნობიერებაა აუცილებელი, რომ სიკვდილი საშინელება კი არ არის, არამედ მეტამორფოზაა. რატომ ვიძინებთ ღამით? იმიტომ რომ დავიღალეთ, მოვითენთეთ. ერთი წამით წარმოიდგინე, დღე რომ უსასრულოდ გრძელდებოდეს?! ღამე საუკეთესო საშუალებაა, რომ დაქანცულობა მოიხსნა. დასაწოლად რომ ემზადები, ლოგინისკენ შიშით მიდიხარ?! არა. მიდიხარ იმედით, მიუხედავად იმისა, რომ ითიშები და არავინ იცის, სად მიდის ადამიანი ძილში: პარალიზებული ხარ, ვერ ინძრევი. იმიტომაც ჰქვია მითოლოგიაში ძილს სიკვდილის ძმა. სიკვდილის იმიტაციაა ძილი, არადა ამ დროს დილას დგები ახალი შესაძლებლობებით, ახალი იდეებით, ახალი შემართებით. აი, ასეთი გახდება სიკვდილიც. ადამიანისთვის სიკვდილი იქნება ისეთივე, რაც ჭიისთვისაა სიკვდილი, ანუ მეტამორფოზა ჭუპრად, საიდანაც პეპელა იბადება, როდესაც ჭია უკვე პეპელაშია. კი არ მოისპო და განადგურდა, არამედ ახალ რეალობაში გადავიდა. ხოლო ჩვენ სწორედ ამის გვეშინია – სიკვდილის, როგორც ცვლილების. პატარა ბავშვს აკვანში რომ აკრავდნენ, არ უნდოდა დაძინება. ეტყობა, რაკი ბავშვი სულიერი სამყაროდან მოდის, მისთვის ძილი სიკვდილს ნიშნავს და არ უნდა დაძინება, ეშინია, ამიტომაც არწევდნენ გამუდმებით აკვანს. ბავშვიც ბრუვდებოდა და იძინებდა. აი, ასე გავურბივართ სიკვდილის შიშს. დიახ, ვიცით, რომ იქით რაღაც არის, მაგრამ ჩვენი ბუნება ხელს გვიშლის, იმიტომ რომ მატერია გვიყვარს. როგორც კი გაცნობიერდება სიკვდილი, არა როგორც იმ ყველაფრის წართმევა, რაც ახლა გაქვს, არამედ, როგორც ღამე, როდესაც ძილიდან გაღვიძება ნიშნავს, რომ დაიწყებ იქიდან, სადაც გუშინ დაამთავრე, რადგან დაიღალე და მეტი არ შეგეძლო. აი, როცა სიკვდილსაც ასე გავაცნობიერებთ, შიში გაქრება. თუმცა ჯერ ისევ შიში მიპყრობს, როდესაც სიკვდილზე ვფიქრობ, მგონია, რაც მანამდე იყო, გაქრება. არადა, პირიქით მოხდება, სიკვდილიდან აღდგომის შემდეგ იქიდან გავაგრძელებ, სადაც დავასრულე. ანუ სიკვდილს გავიაზრებთ, როგორც ვიაზრებთ ძილს – ყოველ ღამით მშვიდად ვიძინებთ, ყოველგვარი პანიკის გარეშე და დილით თვალებს ვახელთ. ქრისტე ამბობს: შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავსუფლებთ თქვენ. რა არის ჭეშმარიტება? იესო ამბობს: მე ვარ ჭეშმარიტება. ახლა, მოდი, ჩავსვათ ეს განმარტება პირველ გამონათქვამში. რა გამოდის?! სანამ ადამიანი საკუთარ თავს არ შეიცნობს, მანამდე ყოველთვის დაუშვებს შეცდომას: ან მატერიას დაემონება, ან ზედმეტ რელიგიურობას. ნამდვილი ადამიანი კი ვინ არის?! ამ ორის ერთობა. ეს ორი ცალ-ცალკე არც არსებობს. ერთი მთელი იყო: ასე ჩაიფიქრა ღმერთმა და სამოთხის დაკარგვა სწორედ ამ მთლიანობის დარღვევაა. საკუთარი არსის დაკარგვა, დავიწყება. როდესაც ადამიანი გაიხსენებს თავის არსს, ცა და მიწაც გაერთიანდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან