რელიგია

რატომ ვერ მოიტანს რწმენას ბევრი ქადაგების მოსმენა და წირვაზე დასწრება

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ძალიან ხშირად არაეკლესიურობისა და რწმენის სიმცირის და არც თუ იშვიათად, ათეიზმის, ანუ ურწმუნოების საფუძვლად ასახელებენ ამა თუ იმ მოძღვარს, რომელმაც თითქოსდა, დააბრკოლა ესა თუ ის ადამიანი ქრისტესკენ სავალ გზაზე, რის გამოც გული გაუტყდა რწმენაზეც და ეკლესიისადმიც უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩინა. არის თუ არა ეს არგუმენტი საკუთარი ურწმუნოების გასამართლებლად? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: რწმენა არ მოაქვს ბევრ ქადაგებას. მწამს ბევრად მეტია, ვიდრე ქადაგების მოსმენა და წირვაზე დასწრება. კითხვა არც ისმება – თუკი მწამს, ვინაიდან მწამს ნიშნავს, რომ უკვე ვიღებ ქრისტეს. რომ ვირწმუნო, რომ გირწმუნო შენ, უნდა გენდო. ეს დინამიკაა, პროცესია, მინდობაა. რა თქმა უნდა, მოძღვარმა რაღაცით უნდა დაგდაღოს და მიგიყვანოს ქრისტემდე. თუმცა იბადება კითხვაც, თუ ადამიანს არ უნდა, რომ ირწმუნოს, როგორ კარგადაც უნდა იქადაგოს მოძღვარმა და როგორიც უნდა იყოს ის, ვერ მიიყვანს რწმენამდე. მაგრამ, აბა, გავიხსენოთ, სავლე ასეთი არ იყო?! ქრისტიანებს დევნიდა, ქრისტეს პირველი მტერი იყო, ამ დროს კი მას ეცხადება ქრისტე. ეს რომ მარტო ქრისტეზე იყოს დამოკიდებული, ყველა ბოროტმოქმედს, ტირანს დახვდება და ყველა მოიქცევა. ესე იგი, რაღაც იყო სავლეში – მოშურნეობა, მაგრამ გაგება აკლდა. თუ არ გიყვარს, ვერც მოკლავო, ნათქვამია. ზუსტადაც რომ ჭარბი სიყვარული ჰქონდა სავლეს, ამიტომაც არ ჩერდებოდა, ვერ წარმოედგინა მესია ასეთი დამცირებული, იმიტომ დევნიდა ყველგან იუდასავით და იმის იქით არაფერი იცოდა; არ იცოდა აღდგომის საიდუმლო. უფალმა, უბრალოდ, დააჯილდოვა მისი ეს გულწრფელობა და როცა შეხვდა, იმწამსვე შეიცვალა და პავლედ იქცა. მეორე მხრივ, ასე ადვილი რომ იყოს, უფალი ყველას გამოეცხადებოდა. და მართლაც, შეიძლება, დაისვას შემდეგი კითხვაც: პავლეს თუ გამოეცხადა, მოდი, გამოეცხადოს ყველას?! ეს გარედან ჩანს ასე, თორემ ჩვენ ხომ არ ვიცით სავლეს შინაგანი მდგომარეობა?! მას სჭირდებოდა ეს დახმარება გარედან და მაშინვე აჰყვა ქრისტეს: უფალო, რას მიბრძანებ?! ამდენად, ვიღაც, ვინც ცხვირს იბზუებს და ეძებს იმის მტკიცებას, რომ ღმერთი არ არის, იმიტომ იქცევა ასე, რომ ინფორმაციის, ცოდნის ნაკლებობა აქვს, არასწორი გაგებები აფორიაქებს. დაცინვით მოდის და აგდებულად უყურებს მღვდელსაც და ეკლესიასაც, მაგრამ, თუ დახვდება მღვდელი, ვისაც ქრისტეს სურნელი ასდის, დაემხობა მის წინ, ვინაიდან ადამიანში შიგნით ნათელია. ყველა ადამიანი ღვთის ხატებაა, უბრალოდ, გარსითაა გადაფარული.

საერთოდ, ავტომატურად არაფერი ხდება. ერთადერთი უძვირფასესი რამ გაქვს – შენი სული, ისაა გადასარჩენი და მას ვიღაცას ანდობ, იმიტომ რომ მღვდელია?! სხვათა შორის, 90-ანებში ბევრი იყო ვითომ მღვდელი. მე მქონდა ასეთი შემთხვევა: სენაკის სადგურში ვდგავარ, მაცვია კაბა და მიჭირავს „დიპლომატი“, – სამეგრელოში საპატრიარქოს წარმომადგენელი ვიყავი. ეჭვით მიყურებდა პოლიციელი. შემდეგ მაინც მომიახლოვდა და მითხრა, განყოფილებაში წავიდეთო. აღმოჩნდა, რომ მღვდლის შესამოსელით დადიოდნენ დასაყაჩაღებლად. უკაკუნებდნენ კარზე ოჯახებს, ისინიც უღებდნენ, როგორც სასულიერო პირს და აყაჩაღებდნენ მასპინძლებს. ეს არც არის გასაკვირი, თუნდაც, იმიტომ რომ პირველ საუკუნეში იყო დიოტროფე, რომელიც ცდილობდა, ეკლესიაში ებატონა, პირველობა უნდოდა. მესამე-მეოთხე საუკუნეებიდან ჩვეულებრივ ამბად იქცა სასულიერო პირების დასჯა. ამდენად, 90-ანი წლებიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ათეიზმიც უკან მიჰყვა, ეკლესიას დასჭირდა სასულიერო პირები, იმიტომ რომ მათი სიმცირე იყო, გაჩნდნენ შემთხვევითი ადამიანებიც. არავის განვიკითხავ, შეიძლება, არც მე შევესაბამები ნამდვილ სასულიერო პირს. შეიძლება, დღესაც არიან ეკლესიაში ადამიანები, რომლებიც არ შეესაბამებიან სასულიერო პირებს: არიან პატრიოტები, მაგრამ არ აქვთ გაცნობიერებული, თუ რა უნდა მისცენ საზოგადოებას.

ამდენად, განუსჯელად თუ მიდიხარ პირველივე მღვდელთან, ვისაც მოიხელთებ და შემდეგ იწყებ ლანძღვას, ცუდად მომექცა სასულიერო პირი და ამიტომ ეკლესიაა ცუდიო, არ იქნები მართალი. ეკლესია არ არის არც ერთი მღვდელი, არც ხუთი მღვდელი და არც ათი მღვდელი. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ თითო-ოროლა მადლის მატარებელი ადამიანი რჩებოდა მთელ ეკლესიაში. ძალიან ძნელი ბრძოლებია ეკლესიაში. ამიტომ ის, ვინც გარეგნულს უყურებს, ცდება. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გააკრიტიკო სასულიერო პირები. არც ეკლესიის მსახურებს უნდა გვეწყინოს, როდესაც გვაკრიტიკებენ. ეკლესია ქრისტეს სხეულია, მას ვერავინ ვერაფერს ავნებს. ჩვენ რით უნდა დავიცვათ თავი?! როდესაც გვაკრიტიკებენ, ესე იგი, მიგვითითებენ იმაზე, რაც გვჭირს. პავლე მოციქულიც პირდაპირ ამბობს, შენ სხვებს ასწავლი და თვითონ უარესს აკეთებ და როგორ დაგიჯერებენო. ამდენად, როდესაც მოძღვარს ირჩევ, ვერ გაიმართლებ თავს, რომ, თურმე, კარგი მოძღვარი არ შეგხვდა. ქრისტე რას გეუბნება?! ეძებე და იპოვიო. თუკი პირველივე მღვდელთან მიხვედი, არ მოგეწონა და აქოთქოთდი, არ ხარ მართალი, არ ხარ გულწრფელი საკუთარ თავთან.

ვთქვათ, ვიღაცაზე გაიგე, რომ კარგი მოძღვარია. მიდი და მოუსმინე ერთხელ, ორჯერ და მერე გული გეტყვის. ვერავინ გაიმართლებს თავს, ყველა ადამიანი საკუთარ არჩევანს აკეთებს და ყველა ადამიანში დევს ეს: თუ თავს არ მოიტყუებ, უფალი გეუბნება, რა გზით წახვიდე და ყოველთვის იპოვი შენს გზას. დარწმუნებული ვარ, რომ დადგა ეპოქა, რომ ორი სტიქია: გული და გონება, ტექნიკური განვითარება (უკვე გელაპარაკება ხელოვნური ინტელექტი) უნდა გაერთიანდეს. მეტიც, ერთი დიდი გული უნდა შევქმნათ. თუ ჩვენ გვაქვს გულები, რომლებსაც შეუძლია, ასე უყვარდეს და შეუძლია ასეთი თავგანწირვა, როგორ შეიძლება, დედა-გული არ არსებობდეს?! ქრისტეს მოსვლაზე ხომ ვამბობთ, ქრისტეს ხელმწიფება მოდისო?! ხელ-მწიფე - გულ-მწიფე. ესე იგი, ჯერ გული არ არის დამწიფებული, გული არ არის მზად. და რა არის მწიფე გული?! ადამიანებში დანაწევრებულ-დაქუცმაცებული პატარ-პატარა გულების შედედება: ესაა სიბრძნისა და სიყვარულის ნათლისვეტი. ამას გამოვზრდით ჩვენ. ეს იქნება ჩვენი მოძღვარი. რას ამბობს იოანე ნათლისმცემელი, ქრისტე რომ გამოჩნდა?! მანამდე ხომ ქადაგებდა, მოასწორეთ გზები, მაღლობი დამდაბლდეს, დაბლობი ამოივსოს და იხილავთ ჭეშმარიტებას. რას ნიშნავს ეს?! იმას, რომ ჩვენ შევქმენით ეს ხევები, ეს მწვერვალები, ეს უსწორმასწორობები და უნდა დავძლიოთ, მოვასწოროთ. საწყის მდგომარეობას დავუბრუნოთ და სწორედ ეს არის მონანიება: საწყის მდგომარეობაში, პასუხში დაბრუნება. იოანე თავის მოწაფეებს უშვებს. აი, ვინ არის ნამდვილი მოძღვარი: ის, ვინც არ ცდილობს, რომ მუდმივად თავისადმი დამოკიდებული დატოვოს მრევლი. მე, მაგალითად, ასეთი რამ არ მინდა. დავუშვათ, სახლში გყავს მიმინო. ხომ იმიტომ წვრთნი, რომ ერთხელაც გაფრინდეს და მე დავტკბები იმით, რომ ჩემი მიმინო დაფრინავს. ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული ის არის, რომ, თუ ადამიანი ჩემთან მოვა, ქრისტეს ისეთ სულს მიიღებს, რომ შემდეგ ის სული ასწავლის ყველაფერს. ეს არის მოძღვის მისია: კი არ დააბრკოლოს ადამიანები, არამედ თავისი სიტყვითა და საქციელით დიდ მოძღვართან – მაცხოვართან – მიიყვანოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი