რელიგია

რატომ ვერ მივალ უფალთან, თუ არ გავუშვი ხელი ყველასა და ყველაფერს, რაც ჩემთვის ძვირფასია

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ბავშვობაში, როდესაც წარმოდგენაც კი არ მქონდა ბიბლიის იგავურ ენაზე, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა აღორძინების ხანის მხატვრის ტილომ, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აპირებს აბრაამი ყელი გამოჭრას თავის ვაჟ ისააკს ღმერთის მოთხოვნით. და თუმცა ახლა ვიცი, რომ ეს ამბავი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, კითხვა კითხვად რჩება: აუცილებელია მსხვერპლის გაღებისთვის მზაობა (თუ გაღება არა), ღმერთთან მისასვლელად? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: აბრაამი ცხოვრობს ქალაქ ურაში, სადაც გავრცელებულია კერპთაყვანისმცემლობა. რა არის კერპთაყვანისმცემლობა? როდესაც ადამიანები ღმერთად იღებენ იმას, რაც ჩანს და ფორმათა ამ მრავალფეროვნების მიღმა ვერ ხედავენ იმ ერთს. აბრაამი იმითაა მნიშვნელოვანი და სწორედ იმიტომ იწყება იესოს გენეალოგია აბრაამით, რომ მან ამ ხილული სამყაროს მიღმა ირწმუნა ის ერთი ღმერთი. ამიტომაა ის ქრისტეს სულიერი და ფიზიკური წინაპარი. ჩვენთვის აბრაამის მდგომარეობა ის დონეა, როდესაც გულში ჩნდება წერტილი, სადაც ისმება კითხვა, რომ ამ ხილული სამყაროს მიღმა არსებობს პირველმიზეზი. ამ მდგომარეობამდე ამაღლებაა აბრაამის მდგომარეობა ჩემში. ღმერთი ეუბნება აბრაამს, გამოდი შენი ქვეყნიდან და ებრაულად ამას ჰქვია „ლეხლეხა“. ცხადია, არ იგულისხმება ფიზიკურად წამოსვლა, არამედ ეს არის გამოსვლა ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანის მიერ შექმნილი ილუზორული სამყაროდან, რომელსაც მთლიანად ვიყავთ მიცემული. ამაზე ამაღლებით იწყება გზა ერთ ღმერთამდე. აბრაამი ჯერ გამოიყვანა ქანაანის – თავისუფლების ქვეყანაში, რაც სამოთხის წინასახეა, როდესაც ადამიანი ცხოვრობს არა კერპებით, ანუ მიწიერი ყოველდღიურობით, არამედ პირველმიზეზის რწმენით, რომ მისგანაა ყოველივე და იქ ეუბნება: გაიხედე ოთხივე მხარეს და მთელ სამყაროს მოგცემ. ესაა პირველი ნათელი, რომელიც შემოდის აბრაამში, როდესაც ადამიანი უნდა გამეფდეს მატერიალურ სამყაროში, როგორც ადამი უნდა გამეფებულიყო სამოთხეში, როდესაც ადამიანი კი არ ემონება მატერიალურ სამყაროს, არამედ მეფეა, ამაღლდება პირველ მიზეზამდე, რომ გაავრცელოს ღმერთის რწმენა მთელ სამყაროში. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი სიხარულია, რასაც, უბრალოდ, თვალით ხედავ, მაგრამ, რაც თვალით დაინახე, ის შენს ტერიტორიად უნდა აქციო, ანუ გამრავლდე. რას ნიშნავს გამრავლება? ერთია, რომ ჩემს სულში გაჩნდა ნათელი, რომ ჩემი წარმავალი სხეულის მიღმა არის სულიერი სამყარო, მამა, მაგრამ მეორეა, რომ ჩემი გულითა და სხეულითაც ვირწმუნო, რომ ყველგან გამეფდეს ეს სიხარული, ეს აღტაცება, რაც ადვილი არ არის. აბრაამის მდგომარეობა ნიშნავს, რომ მე ვირწმუნე ერთი ღმერთი. აბრაამს ისააკი შეეძინა, როდესაც ასი წლის იყო და, ადამიანურად, შვილის შეძენის შესაძლებლობა მას არ ჰქონდა, ისევე, როგორც სარას.

პავლე მოციქული ჩვენ მიერ ქრისტეს რწმენის შეძენას ადარებს აბრაამის მიერ ისააკის შეძენას. როგორც მარიამ ღვთისმშობელს შეეძინა იესო არა ადამიანური, მამაკაცებრივი ძალით, არამედ სასწაულებრივად, ასევე, ჩვენც რწმენა შეგვეძინება სასწაულებრივად, მადლისმიერად და არა ლოგიკით, გამოცდილებითა თუ საქმეებით. აბრაამს რამდენჯერმე ჰქონდა გამოცხადება, რომ შეეძინებოდა ძე, რომელიც გამრავლდებოდა და აავსებდა სამყაროს. მაგრამ 75 წლისაა და შვილი არ უჩნდება; სარა, მისი ცოლი, ეუბნება, იქნებ მოახლისგან, აგარისგან იყოლიოს შვილი და მართლაც, აგარისგან აბრაამს შეეძინება ისმაილი, რომელიც უყვარს და ჰგონია ის, ვისაც ღმერთი დაჰპირდა. ნახე, ეს რის სიმბოლოა? ღმერთი აბრაამს ეუბნება, რომ ეყოლება ძე და აბრაამი სრულად კი არ მიენდობა ღმერთს, არამედ ეხმარება ადამიანურად და შვილს აჩენს მოახლისგან. ისმაილი აბრაამის შვილია, მაგრამ სარას შვილი არ არის, ეს კი ნახევრად რწმენაა, ვინაიდან ადამიანური ძალისხმევაცაა ჩარეული. მაცხოვნებელი კი ის რწმენაა, როდესაც შენ არაფერს აკეთებ და ღმერთისგან იღებ ყველაფერს, რასაც აბრაამი ვერ დაელოდა, რწმენა არ ეყო და გააჩინა ისმაილი. ისააკი აბრაამს გაუჩნდა 100 წლის ასაკში, როდესაც მასა და სარას, ადამიანურად, ამოეწურათ ყველანაირი რესურსი. განზრახ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ისინი ღმერთმა, რადგან განგება ამით გვეუბნება, რომ ღმერთისმიერი მადლი მოდის მხოლოდ ღმერთისგან. ისააკის გაჩენა ჩვენში რწმენის დაბადებაა არა ჩვენი დამსახურებითა და საქმეებით, არამედ მადლისმიერად. ისააკის შემოსვლა არ არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი, ის სასწაულებრივადაა შემოჭრილი. მაგრამ აბრაამს აქვს პრობლემა: ისმაილი მისი ადამიანური ძალისხმევის შედეგია და უყვარს, ისააკს კი ბოლომდე ვერ იღებს; არ იცის, ვისი შვილია ის: აბრაამის თუ ღმერთის? სწორედ ესაა გამოცდა: თუ ისააკი ღმერთის შვილია, მაშინ აბრაამმა ის უკან უნდა დაუბრუნოს, მაგრამ აბრაამი მიჯაჭვულია ისააკს.

თარგმანში წერია, რომ ღმერთის ხმამ უბრძანა, ებრაულად კი ვკითხულობთ, რომ სთხოვა ისააკის შეწირვა. ანუ ეს შეთავაზებაა და, სხვათა შორის, არ არის ადვილი ამ ხმის გარჩევაც. ხომ შეიძლებოდა, აბრაამს ეფიქრა, რომ ეს რაღაც სხვაა ხმაა და ტყუვდება?! აბრაამი დილით ადრე დგება, სარას არაფერს ეუბნება, იმიტომ რომ სარა ვერ გაუგებდა და სამ დღის განმავლობაში მიდის. სამი დღე იმის სიმბოლოა, რომ გრძნობებით კი არ მოქმედებს, არამედ მისმა გონებამ, გულმა და სულმა უნდა გადაწყვიტოს, რომ იმოქმედოს მთელი თავისი არსითა და სრული თანხმობით. აბრაამის მიერ ისააკის გაწირვა ნიშნავს უკიდეგანო მინდობას ღმერთისადმი, ლოგიკის მიღმა წასვლას. თუ ისააკი წაერთვა, როგორღა გამრავლდება აბრაამი? როგორ დაიპყრობს სამყაროს?! მაგრამ, რატომღაც, ამას არ ეკითხება აბრაამი ღმერთს, არადა, როდესაც ღმერთი ეუბნება, სოდომი უნდა დაიწვასო, აბრაამი ეკამათება. აქ კი რატომღაც არ ეპასუხება: ხომ შენ მაჩუქე ისააკი 100 წლისას და მითხარი, რომ მისგან მეყოლება შთამომავლობა, რომლითაც გავმრავლდები?! როდესაც მორიას მთაზე ადიან, შვილი ეკითხება აბრაამს, მამა, ცეცხლია და მსხვერპლი სად არისო. ღმერთი გამოაჩენს მსხვერპლს, შვილოო... შეკრა აბრაამმა ისააკი და აიღო დანა. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტობრივად, ისააკი განწირულია, მაგრამ ბოლო წამს ანგელოზი აჩერებს აბრაამს: მე უკვე ვხედავ, რომ გაქვს ღმერთის სიყვარული, ერთგულება და რწმენა. აქ, ალბათ, იგულისხმება, რომ უფრო მნიშვნელოვანია მორჩილება იმ ღმერთის მიმართ, რომელმაც ისააკი გაჩუქა მაშინ, როდესაც შენ ისააკი არ უნდა გყოლოდა. ანუ აქაც აბრაამი მაღლდება ადამიანურ ლოგიკაზე, მას უკვე აქვს რწმენა, რომელიც ადამიანური შესაძლებლობების მიღმა მოქმედებს; იცის, რომ ისააკი მისი შვილი არ არის, ისმაილისგან განსხვავებით. რწმენაა ის, რასაც ადამიანური შესაძლებლობების მიღმა ირწმუნებ, როცა არაფერია მიწიერად ხელმოსაჭიდი. აბრაამმა ლოგიკურად არ იცის, თუ ისააკი შეეწირება, როგორ გამრავლდება, მაგრამ, სამაგიეროდ, იცის, რომ ამ ლოგიკის მიღმა არის ღმერთი, ამის იმედით აკეთებს, რასაც აკეთებს და თავისი გადაწყვეტილებით ავლენს სრულ მორჩილებასა და ღვთის ნებისადმი მინდობას. როგორც აბრაამმა შესწირა ისააკი ღმერთს, ასევე, ჩვენც, რაც გაგვაჩნია, მსხვერპლად უნდა გადავცეთ უფალს. იყავნ ნებისაი შენისა, – იესოს ბოლო სიტყვებია და ამ წერტილამდე რომ მივიდეთ, აბრაამის გზა უნდა გავიაროთ. უფალთან რომ მივიდეთ, რაც ყველაზე ძვირფასი გვგონია, იმას უნდა გავუშვათ ხელი, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის არავინ და არაფერი დარჩეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...