რელიგია

რატომ ვერ მიაღწევს ადამიანი, თავისი ადამიანური ძალისხმევით, ღმერთს

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.11

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ღმერთს ვერ მივაღწევთ ადამიანური ძალისხმევით და ეს არა მარტო პრაქტიკულად ვიცით, არამედ კიდეც წერია, თუმცა, მეორე მხრივ, ამასაც ვკითხულობთ: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და პოვებდეთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი პოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.“ როგორ უნდა გავიგოთ ეს წინააღმდეგობა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ვერ ვიხილავ, მაგრამ, თუ ვეძებ, ვიპოვი. როგორ?

– დიახ, ადამიანური ძალისხმევით ვერ მივაღწევთ ღმერთს და ჩვენ შეიძლება, გაგვიჩნდეს ძალიან ლეგიტიმური კითხვა: მაშინ რატომ გვეუბნება უფალი, ეძებეთ და იპოვეთ ან ითხოვეთ და მოგეცემათ, ან დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ანუ რატომ უნდა გავიღო ძალისხმევა, თუკი წინასწარ განწირული ვარ?! არადა პირდაპირ გეუბნება ღმერთი, ადამიანს არ შეუძლია, ჩემი სახე იხილოსო! ესე იგი, ადამიანი, თავისი შესაძლებლობებით, ღმერთს ვერ მისწვდება და ამ დროს იმასაც გეუბნება, ეძებეთ და იპოვითო. და სწორედ აქაა ჩადებული ხრიკი, რომელზეც ბოლოს გავცემთ პასუხს. რადგან ადამიანს აქვს პრეტენზია, შეიცნოს სამყარო და ამ სურვილს არ ელევა, შესაბამისად, არც ჩერდება, თუმცა ამის გამო მხოლოდ და მხოლოდ შორდება ღმერთს და თავის წარმოდგენათა სისტემებში ექცევა, რასაც ჩვენი წუთისოფელი ჰქვია, ამ რელიგიებით, ტრადიციებით, იდეოლოგიებით დასერილი. ეს ყველაფერი ღმერთს გარეშეა. წარმოგიდგენია, რა ხდება?! ქრისტე მთელ რომაულ წეს-წყობლებას, მის სამართალს, პილატეს სახით, ებრაული მონოთეისტური ტაძრის მთელ სტრუქტურას, ყველასა და ყველაფერს, ეუბნება, სატანის შვილები ხართო, ანუ უპირისპირდება. და, მართლაც, მაშინ რატომაა შექმნილი ეს წუთისოფელი, თუ განწირულები ვართ ღმერთის ვერგაგებისთვის?! ესე იგი, მუდმივად უნდა ვიწუწუნოთ, რატომაა ღმერთი ასეთი უსამართლო?! ან მეორე უკიდურესობაში გადავეშვათ, როდესაც მუდმივად ვამართლებთ ღმერთს, რასაც, ასევე, არ მოაქვს ხეირი, იმიტომ რომ ღმერთს ადვოკატები არ სჭირდება. არადა ღმერთი თითქოს მაინც მართალია. რატომ? იმიტომ, რომ გამორიცხულია, ღმერთი მტყუანი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შენ ცუდად ხარ, არაფერი გამოგდის, ამიტომაც უნდა მოითმინო, მას ხომ მაინც ვერ გაუგებ?! ესეც ჯოჯოხეთია, არ არის ნორმალური მდგომარეობა და ჩვენ ვიცით, რომ იობმა ესეც უარყო. ამდენად, მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ: თორემ როგორ შეიძლება, ღმერთის, გამჩენის სახე იყოს დამცირებული და ერთ უპასუხო კითხვასაც კი ტოვებდეს?! და თუ კითხვა გვაქვს და პასუხი საძიებელია, ღმერთი გვაწვალებს, ან, მით უმეტეს, რომ გამოსაჩენი პირი არ აქვს, ბრაზდება და გვაიძულებს, მისი გვეშინოდეს?! თავის უსამართლობას თავისი ფიზიკური ძალით მალავს, იმიტომ რომ ვერ იმართლებს თავს და შიშით გვაიძულებს, დავემორჩილოთ?! აბა, თუ გამოსაჩენი პირი აქვს, ღმერთი მართალია და სიყვარულია, რატომაა ჩემსა და ღმერთს შორის ხერგილები?! რატომ ჩნდება კითხვები, რატომ გვგონია, რომ ღმერთი არ არის?! აი, ეს საკითხია გადასაწყვეტი და არა ის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ღმერთი, როგორიც მე ახლა დავახასიათე. მით უმეტეს, რომ, რაც წარმოდგენებში გვეძლევა, ის არ არის ღმერთი. გავიმეოროთ შეკითხვა: რატომ მეუბნება იესო, ეძიე და ჰპოვებდეო, თუკი ღმერთის სახეს ვერ ვიხილავ?! ქრისტესაც ეუბნებოდნენ, შენ თუ ქრისტე ხარ, ანუ მესია, რას გვაწვალებ, პირდაპირ გვითხარი. დიახ, ჩვენ ღმერთს ვსაყვედურობთ, თუ რატომ შექმნა ისეთი ცხოვრება, რომ მის სახეს ვერ ვხედავთ; თუ შენ მართალი და ყოვლადძლიერი ხარ, რატომაა წუთისოფელში ამდენი ტანჯვა, ომი, უბედურება და არათუ ურწმუნოები ისჯებიან, მორწმუნეებიც და მართლებიც და ცხოვრების კალო ლეწავს მათ?! როგორც იერემია წინასწარმეტყველი წერს, რატომ ხარ, უფალო, მდგმურივით ამ ქვეყანაზე, გამვლელივით, რომელსაც არ აინტერრესებს, აქ რა ხდება; თითქოს შენ არ გეხებოდეს არაფერი.

რა ვუყოთ ამას?! ასე დავტოვოთ?! ის ვთქვათ, რომ ღმერთს ვერასდროს გავუგებთ თუ ის, რომ მერე, იმიერ ცხოვრებაში გავიგებთ პასუხს?! ადამიანისთვის ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია, რაც ქრისტეში გადაწყვეტილია და ჩვენშიც უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ, თუ ჩვენშიც არ გადავწყვიტეთ, მუდმივად იტრიალებს ეს ჯოჯოხეთი და არასდროს დამთავრდება. ამ შემთხვევაში უმთავრესი დაშვება უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გაურკვევლობა მუდმივად არ გაგრძელდეს. და რა დაშვებაა ეს?! გამომძიებელი გამოძიებით ვერასდროს მივა ღმერთამდე და ახლა ამასაც გავცეთ პასუხი: მაშინ რატომ ამბობს, ეძებეთო?! ერთხელ ვთქვით და გავიმეორებ: ნუ ცდილობ, ბევრ კითხვაზე ბევრი პასუხი იპოვო, ეცადე, მიხვიდე იქამდე, რომ ნაკლები კითხვა დარჩეს. აქ თითქოს ეჭვიც ჩნდება: როგორ, კითხვა არ დავსვა?! მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ, რაც უფრო მეტ კითხვას სვამ, ეს გამოძიების გაგრძელებაა, ანუ გამოძიება უსასრულოდ გაგრძელდება და დააგროვებ კითხვა-პასუხების ჯაჭვს, მაგრამ ახლოსაც ვერ მიხვალ საბოლოო პასუხთან, იმიტომ რომ არასდროს დამთავრდება ეს ჯაჭვი. ამიტომაც გეუბნება, ეცადე, ნაკლები კითხვა დასვაო. და კითხვას როდის სვამ, როდესაც გგონია, რომ რაღაცას გაიგებ ან მანამ სვამ კითხვას, სანამ იმედი გაქვს, რომ პასუხს მიიღებ, მაგრამ, როდესაც მიხვდები, რასთან და ვისთან გაქვს საქმე, კითხვას აღარ სვამ, ვინაიდან უკვე იცი, რომ პასუხი არ არსებობს! აზრი არ აქვს კითხვის დასმას, ის იმდენად აღმატებულ რამეს ეხება. ასე რომ, ადამიანი უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ, თავისი შესაძლებლობებით, ღმერთს ვერ გამოიძიებს, ვერ მივა ბოლო პასუხამდე და სწორედ აქ იმალება ის ხრიკი, რომელიც ვახსენე: როდის მიდიხარ ამ მდგომარეობამდე? როდესაც კითხვა-პასუხით დაიღლები. მაგრამ იმ შეგნებამდე, რომ აზრი აღარ აქვს კითხვის დასმას და თუკი ღმერთი თავად არ გამოუცხადებს თავს, ვერ მისწვდება, ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ კითხვების დასმის შემდეგ მიდის. როდესაც ამოწურავს კითხვებს და მიხვდება, რომ კითხვების დასმით აღარ უნდა გააგრძელოს ღმერთის ძიება, ჩერდება და უკვე იქიდან ელოდება გაცხადებას. ანუ მე კითხვა მიჩნდება, როგორც ადამიანს, როგორც ჭურჭელს, ერთგვარ მიმღებს, რომელიც იქიდან უნდა ამოავსოს პასუხმა. მე ამ ჩემი შეკითხვებით ღმერთს ულუფა-ულუფა ვიღებ, მაგრამ ეს გარკვეულ მომენტამდე გრძელდება. მე ვერ გავიგებ ღმერთის სრულ არსს, სანამ კითხვას ვსვამ, როგორც ადამიანი. სწორედ იქამდე უნდა მივიდე, მივხვდე, რომ, რაც უნდა ღრმა კითხვა გამიჩნდეს, ის ვერ ამოწურავს ღმერთს. კითხვის დამსმელი ადამიანი უნდა გაუქმდეს. აი, ეს არის ადამიანის სიკვდილი: ადამიანი ღმერთს ვერ გაიგებს. მაგრამ, რომ გავუქმდე, მცდელობების მწვერვალს უნდა მივაღწიო, კითხვების დასმის შემდეგ გულგატეხილობამ უნდა მომიცვას. გაიტყუა კითხვებმა ადამიანი და ბოლოს ხვდები, რომ გაგათამაშეს: არადა ვერც უკან ბრუნდები და ვერც წინ მიდიხარ, მაგრამ იმ ზღვრამდე უკვე მიხვედი, გაიაზრე, რომ კითხვის დასმას აზრი არ აქვს – ვერ დაიტევ. აი, რა იყო ამ კითხვების დასმის მიზანი სხვანაირად შენ ვერ გაჩერდებოდი. და თუ არ გაჩერდები, ესე იგი, თუ არ გაუქმდები, ღმერთს ვერ იხილავ და ვერც გაუქმდები, თუ არ ეძებე, ძებნით არ დაიქანცე და გული არ გაგიტყდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი