რელიგია

რატომ ვერ ინარჩუნებს ადამიანი გულში აღდგომის სიხარულს

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქრისტეს აღდგომის ამბავიც ქრისტეს მოსვლის პარალელურად იწყება. ყოველ წელს ველით წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას და ერთმანეთს ვულოცავთ აღდგომას, თუმცა მაინც ვერა და ვერ ვახერხებთ, რომ ჩვენც მოვუკვდეთ წუთისოფელს და აღვდგეთ მაცხოვართან ერთად – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ გვიხარია აღდგომა, თუ ის მაინც ვერ აცოცხლებს ჩვენს გულებს?

– ქრისტეს აღდგომა – ეს არის ჩვენს გულებში სიცოცხლის, სიხარულის, მშვიდობის, მარადისობის დაუსრულებელი აღდგომა. თუმცა ჩვენი ადამიანური ბუნების გამო ვერ ვინარჩუნებთ ამ სიხარულს, გადაიფარება ხოლმე ჩვენი ხორციელი ბუნებით, წუთისოფლის საზრუნავებით, მაგრამ აღდგომის ცეცხლი, რომელიც ჩვენს გულში ანთია, არასდროს ჩაქრება, გაგვიყვანს აქედან, გვაცხოვნებს და სამუდამოდ დაგვამკვიდრებს უფალთან. ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერვიანო და სწორედ ჩვენ ვართ ეკლესია, ქრისტეთი შემოსილები. შესაბამისად, ვერანაირი განსაცდელები და საზრუნავები, რაც თავს გვახვევია, ვერ მოგვერევა, რაც უნდა გვეგონოს, რომ რწმენა დაიშრიტა, უკვე ჩაქრა. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა იმას, რაც ჩვენში ნათლისღებით, აღდგომის მადლით დაინთო – რწმენა უფლისა, რწმენა სიცოცხლისა. ხორცი უძლურია, სულია მხნე. იქნება შეჭირვება, იქნება მოღრუბლული დღეები, აღდგომის სიხარული გადაიფარება ჩვენი ბუნებით, მაგრამ, ვიმეორებ, აღდგომის სიხარული უწყვეტად და დაუშრეტელად ანთია ჩვენს გულში. ჩვენი ვალია, სიყვარული მოყვასისადმი იმით გამოვხატოთ, რომ ეკლესიად შეკრებილებმა, ჩვენი სიცოცხლით, ჩვენი ცხოვრების წესით შევუწყოთ ხელი, რომ მოყვასის გულში მარადის ენთოს აღდგომის სიხარული. აი, ეს არის ჩვენი მოწოდება, ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ აღდგომის სიხარული არ გაუქრეს წუთისოფელს.

როდესაც მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი, ვიდრე ამაღლდება, მოციქულებს ხვდება გალილეაში, წერია, გაუხარდათ მოწაფეებს, რომ შეხვდნენ მაცხოვარს, ანგელოზმა ხომ აუწყა, გალილეაში გელოდებათო, მაგრამ იქვე წერია, ზოგიერთები შეეჭვდნენო. წარმოგიდგენიათ? ეს მას შემდეგ, რაც მაცხოვარი აღდგა და მოწაფეებს გამოცხადებები ჰქონდათ. მაგრამ ეს ჩვენთვისაა სანუგეშო; ეს მიგვანიშნებს, რომ ქრისტეს აღდგომის რწმენა ისეთი პროცესია ჩვენში, რომელიც უნდა შენარჩუნდეს, რომელიც უნდა გამოვზარდოთ. მარტო გარედან, მარტო მაცხოვრიდან არ მოდის, ჩვენი ბუნება, რომელიც შიშებით, უნდობლობითაა სავსე, ხანდახან გადაფარავს ჩვენს რწმენას და ეჭვიც მოვა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ უფალი ამხნევებს მათაც, რომლებიც შეეჭვდნენ და ეუბნება, მოცემული მაქვს მთელი ძალაუფლება ზეცაზე და მიწაზე, ქვეყნიერებაზე. ქვეყნიერება ჩვენი დაცემული ბუნებაა. ჩვენს ამ დაცემულ ბუნებაზე ამაღლდა ქრისტე. ესე იგი, ძალაუფლება უკვე მოცემულია, უკვე დამარცხებული და ძლეულია წუთისოფელი. აი, ეს კადნიერება და გაბედულებაა ჩვენი რწმენა – ზეცასა და მიწაზე ძალაუფლება მაცხოვარს აქვს, ის უკვე მოხვეჭილია. ამიტომ ეუბნება მოციქულებს, წადით და მოწაფეებად აქციეთ ყველა ხალხი, ნათელს სცემდეთ მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. რას ნიშნავს „ამიტომ წადით“?! ქრისტეს რომ აქვს მიცემული ძალაუფლება ზეცასა და მიწაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მორწმუნეებს, მოგვცა ეს ძალაუფლება. რწმენით ჩვენც ისეთივე ძალმოსილები ვხდებით, რომ ქრისტეს აღდგომის ძალითა და აღდგომილი სიცოცხლით ვაუწყოთ წარმართებს, ბნელში მსხდომებს, ქრისტეს ნათელი. აღდგომა უკვე ჩვენ ვართ. ქრისტე ამბობს: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. დღეს ეკლესიაა ქრისტეს სხეული, ანუ ჩვენ ვართ აღდგომა და სიცოცხლე. ჩვენ, მორწმუნეები, ვართ ქრისტეს აღდგომის ერთადერთი მოწმე. რომლებმაც ქრისტეს აღდგომა ვირწმუნეთ, მასთან ერთად აღვდექით და ნათელი ვიხილეთ. როგორ ვიხილეთ ნათელი?! ჩვენს ნათელში შემოვიდა აღდგომის სიხარული. როდესაც გულში შემოდის სიცოცხლის სიხარული, ეს აღმდგარი ქრისტეს სულია და ჩვენ ამ აღმდგარი სიხარულით ვაუწყებთ. ანტონ სუროჟელს აქვს შედარება, თუ რა განსხვავებაა მორწმუნესა და ურწმუნოს შორის. დაახლოებით, ისეთივე განსხვავებაა, როგორც ცოცხალ ადამიანსა და ქანდაკებას შორისო. გაცოცხლებული ქანდაკება სასწაულს იწვევს სხვებში – თუ არ გაცოცხლდი, სხვანაირად სხვას ვერ დაარწმუნებ. რატომ ვერ ირწმუნა თომამ, რომ მაცხოვარი გამოეცხადა?! ათი მოწაფე ეუბნება, ქრისტე ვიხილეთო და მას არ სჯერა. იმიტომ რომ თომამ მათში დაინახა სიხარული, მაგრამ დიდი ცვლილება – ვერა. სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასული სიცოცხლის ხილვის სიხარული, მკვდრეთით აღმდგარი სიცოცხლის სიხარული ვერ ნახა. ისევ ძველებურები იყვნენ მოწაფეები. ასე რომ, არ დაგვიჯერებენ, ვერ ირწმუნებენ, რაც უნდა ვიყვიროთ, ქრისტე აღდგაო და მივულოცოთ, ვინაიდან ჩვენ უნდა ვიყოთ აღდგომა და არა აღმდგარ ქრისტეზე მოქადაგეები. თუ ჩვენ ვამბობთ, ქრისტიანები ვართ, მკვდრეთით აღმდგრები და ისევ წუთისოფელს მივყვებით, ვეჯაჭვებით ნივთებს, ერთმანეთს პატივს არ ვცემთ, გვიჭირს გაცემა, არაფრით განვსხვავდებით მათგან. რაც უნდა მრევლი ვიყოთ, შაბათ-კვირას მსახურებას ვესწრებოდეთ, ვეზიარებოდეთ, ვერ დავაჯერებთ. ისინი თვალებში გვიყურებენ, ჩვენი ცხოვრების წესს უყურებენ. ეკლესიაში რომ დადიხარ და მაინც იწყევლები, მაინც დაჰფოფინებ ნივთებს, წარმართივით რომ იცვლი მანქანებსა და სახლებს, ვის დააჯერებ, რომ გაცოცხლდი და ქანდაკება აღარ ხარ?! შეიძლება, მკვდრეთით აღმდგარი ადამიანი, რომელიც უკვე მეფეა, წვრილმანებში, ნაგავში იქექებოდეს?! დაეჯერება ასეთ ადამიანს?! აი, რატომ არ გვიჯერებენ, სამწუხაროდ.

არ არსებობს სხვა ეკლესია, სხვა ქრისტე, გარდა ქრისტიანებისა, რომ ვაუწყოთ ამ სამყაროს ნათელი, რომ მოვუკვდით ამ წუთისოფელს და აღვდექით უფალში. ჩვენ უკვე გვაქვს ეს ძალაუფლება; გვაქვს, რადგან ჩვენში აღმდგარი ქრისტე ცხოვრობს და როგორც მან სძლია წუთისოფელს, ისევე, ჩვენგან იძლევა წუთისოფელი, ამიტომ ამბობს მაცხოვარი, მოწაფეებად გახადეთ ყველა ხალხი და ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც ჩემგან მიიღეთო. დაცვა ასწავლეთო, ანუ სიტყვით კი არ უთხრათ, რაც მე გასწავლეთ, აჩვენეთო. და ამატებს, მე თქვენთან ვარ წუთისოფლის აღსასრულამდე. ანუ წუთისოფლის აღსასრულამდე ქრისტე ჩვენშია. როგორ?! სულიწმიდით. ქრისტეს სული უწყვეტად მყოფობს ჩვენში და აი, ესაა ჩვენი გაბედულება და კადნიერება. დიახ, სხეული უძლურია, ხანდახან ის ძალიან დაგვასუსტებს ამ გზაზე, შეგვაჭირვებს კიდეც, მაგრამ აღდგომის სიხარული, რომელიც სულში აენთო, დაგვაძლევინებს წუთისოფელს. წარმავალ ბუნებას, სხეულს, არ შეუძლია, გაიხაროს აღდგომის სიხარულით. ის სულში უნდა აინთოს და მუდმივად უნდა მივაყურადოთ, რომ არ დაიშრიტოს. ნუ დავხარბდებით ხორციელ, მიწიერ სიხარულებს, დაგვეშრიტება. ერთმანეთს დავეხმაროთ. ვიყოთ ერთმანეთის ქრისტეს აღდგომის მოწმეები. ძლიერები სუსტებს შეეხიდონ და ასე გავლიოთ ეს წუთისოფელი. მალე, სულ მალე, მომავალი არ დააყოვნებს, ასე მთავრდება სახარება და ეს ნუგეშია ჩვენი პური. ჭირი გექნებათ წუთისოფელში, მაგრამ ნუ გეშინიათ, მე მიძლევია წუთისოფელი, – გვეუბნება მაცხოვარი. უფალს ეს წუთისოფელი არ შეუცვლია ფიზიკურში, ძალაუფლება იმას ნიშნავს, რომ წუთისოფელს დაეკარგა ჩვენს სულზე. ჩვენს რწმენაზე ძალაუფლება, ჩვენს წარმავალ ყოფაში უკვე შემოვიდა დიდი სიცოცხლე. ეს ნათელია აღდგომის სიხარული, ამას ვუბეროთ სული, ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ აღვაგზნოთ ეს სიხარული და ამით გავლიოთ წუთისოფელი. ნუ დავხარბდებით ამ წუთისოფლის ზიზილ-პიპილოებს. წუთისოფელიც გადავა, ამქვეყნიური ყველა სიკეთეც გადავა და მხოლოდ ღმერთის სიტყვა რჩება უკუნისამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული