რელიგია

რატომ ვერ იჯერებს ადამიანი, რომ ღმერთამდე მისვლა შეუძლია

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.01, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ვკითხულობთ ბიბლიას, მოგვყავს ციტატებიც, ჩვენი ნაფიქრის სიმართლისა და სხვების ნათქვამის სიმცდარის დასტურად ქრისტეს სიტყვებს ვიშველიებთ „სახარებიდან“, მაგრამ ვიგებთ კი სწორად იმას, რაც იქაა დაწერილი? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- როგორ მივხვდე, რომ სწორად ვიაზრებ იმას, რაც წერია ან როგორც მიხსნიან და თუ ვერ ვიგებ სწორად, როგორ უნდა მივაღწიო შედეგს? როგორ უნდა გავიარო გზა ისე, რომ საბოლოოდ, ისევ მივიდე ღმერთთან?

- ქრისტე ამბობს, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. პავლე მოციქულიც წერს, თუ ძალისხმევას ატან, ვერ მიაღწევ შედეგს, თუკი არასწორად ატან ძალას. ანუ, რაც უნდა აკეთო, თუ მიდგომა სწორი არ არის, მარტო შენი ძალისხმევა არ შველის. რატომ ჩატარდა ამდენი მსოფლიო კრება მეოთხე-მერვე საუკუნეებში და მანამდეც რატომ იკრიბებოდნენ?! როდესაც რაღაც გაურკვევლობა წარმოიქმნებოდა, ორი აზრი გაჩნდებოდა, მაშინვე იწყებდნენ მსჯელობას, რომელი იყო სწორი. ეკლესია მუდმივად ცდილობს, რომ ჭეშმარიტება, ქრისტეს მოძღვრება, დაიცვას ისე, როგორც გადმოგვცეს ქრისტემ, მოციქულებმა, იმიტომ რომ, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. შესაბამისად, ერთი სიტყვაც კი განიხილებოდა მსოფლიო კრებებზე. სამი მსოფლიო კრების მოწვევა დასჭირდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, დასრულებულიყო სამების დოგმატზე მსჯელობა, ვინაიდან ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და რატომ აქვს? იმიტომ რომ, თუ არასწორად გავიაზრეთ ქრისტე, ვერასდროს მოვალთ მიზანთან. ამდენად, ეკლესია, ქრისტეს სხეული, სწორად ინახავს ქრისტეს მოძღვრებას და მერე ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. ადამიანი ორ უკიდურესობას შორისაა: თვითონ ცდილობს, განიღმრთოს და ამისთვის უამრავ მეთოდს იყენებს, დღეს კი განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა: უამრავი სერვისია ევროპასა და ამერიკაში. სხვა რელიგიებს არ განვიკითხავ, მაგრამ, ადამიანს რომ უცბად შეჰპირდე, რომ გასხივოსნებას, განღმრთობას მიაღწევს რამდენიმე დღესა თუ საათში, ეს ამაოა. ადამიანის მცდელობაა, რომ თითქოს ადამიანურ ბუნებას შეუძლია, თავისი მონდომებით ან თუნდაც, კეთილი საქმეებით, მივიდეს ღმერთამდე. ცხადია, არაფერი დაეკარგება ადამიანს, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ განღმრთობაზე. ანუ შეგვიძლია, მოვიქცეთ ისე, რომ ღმერთთან მივიდეთ? ადამიანს ამის დაჯერება არ უნდა და იმდენად არ უნდა, რომ ქრისტიანული კონფესიებიც კი, ამ მხრივ, დათმობებზე მიდის და არბილებს ვითარებას. რადგან განღმრთობა ასე ძნელია, თითქოს ადამიანებს ეუბნებიან, შენ რაღაც მაინც გააკეთე და ეს საკმარისია. ყველაფერი კი, ანუ სირთულე იწყება გველის მიერ ნათქვამით - შენ იქნები როგორც ღმერთი! და მას შემდეგ ადამიანი ცდილობს, თვითონ მიაღწიოს ღმერთობას და, როდესაც ცდილობს და არ გამოსდის, ეს უკვე ერთგვარი სიზიფეს ლოდია. შეიძლება, ასკეტიზმი გამოიჩინო, არ ჭამო, არ დაიძინო, მუდმივად ლოცვები იმეორო, საკუთარი სხეული უკიდურესობამდე დათრგუნო და გეგონოს კიდეც, აი, მივაღწიე სასურველსო, მაგრამ უცებ შეიძლება, ისე ჩამოვარდე, რომ საერთოდ განულდეს ყველაფერი. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ თავისი ძალისხმევით უჭირს, არაფერი გამოსდის, მაშინ თავი უნდა მოიტყუოს და, თუ თავსაც ვერ იტყუებს, აქედან ათეიზმამდე ერთი ნაბიჯია, იმიტომ რომ, ადამიანი ვერ უძლებს ასეთ ღმერთს. ვერ გაუგია, რა ხდება: შინაგანი ხმა ეუბნება, უნდა იყო, კეთილი, სინდისი სუფთა გქონდეს, გიყვარდეს მოყვასიც და მტერიც, მაგრამ ეს იმდენად მძიმეა, რომ ძალას ატანს საკუთარ თავს, ასე მოიქცეს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ შეიძლება, ჭკუიდან შეიშალოს ან ფანატიზმამდე მივიდეს და საკმაოდ დაუნდობელი გახდეს. ეს, სამწუხაროდ, ხშირად ბერებსაც ეხება. ამიტომ აღვნიშნე დასაწყისში, რომ არასწორი ძალისხმევა შედეგით არ დაგვირგვინდება. და რატომაა არასწორი? იმიტომ რომ, ადამიანის მცდელობაა ქვემოდან და ამის კარგი მაგალითია „სახარებაში“. ადრეც გვითქვამს, პეტრეზე ერთგული და თავგანწირული ვინ იყო?! მაცხოვარს ეფიცებოდა, ყველამ რომ მიგატოვოს, მე არ მიგატოვებო და პრაქტიკულადაც მოიქცა ასე, ხმალი იშიშვლა შეიარაღებული რაზმის წინააღმდეგ, მაგრამ, თურმე, რა ხდებოდა?! ამ ყველაფერს ქრისტე აკეთებდა! იმიტომ რომ, სანამ ქრისტე ფეხზე იდგა, პეტრე გარედან ხედავდა ღვთის ძალას, მაგრამ, როგორც კი ქრისტე გახდა უძლური და პეტრეს არ ეხმარება, ანუ პეტრე ხედავს, რომ ქრისტე დაიჭირეს, შებორკეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, შეძრწუნდება. მას არასდროს უნახავს ასეთი სუსტი ქრისტე. მისი ღმერთი ძლიერი ღმერთი იყო, იმიტომაც უნდოდათ ქრისტეს მეფობა და როგორც კი ხედავენ ქრისტეს დამცრობას, იუდა თავს იკლავს, პეტრე კი სამჯერ უარყოფს მას. იმ გზაზე, რომელიც ადამმა დაიწყო, როდესაც გველმა ჩააგონა, შენ იქნები, როგორც ღმერთიო, ადამიანი მთვრალია, გაბრუებულია თავისი ღმერთობით და ღმერთი მას გარედან არ უვლის, იმიტომ რომ, ერთდროულად ორი ღმერთი ვერ იქნება. ადამიანმა რომ თავი ღმერთად იგრძნოს, ღმერთმა მას თავისი თანდასწრება უნდა მოაშოროს. ამდენად, სამოთხიდან განდევნა ნიშნავს, რომ ღმერთის თანდასწრება მოშორდა თავისი ღმერთობით დამთვრალ ადამს. და, რაკი უნდოდა, ასპარეზად მისცა წუთისოფელი - ადგილი, სადაც ადამი იქნებოდა როგორც ღმერთი და მას შემდეგ ცდილობს ადამიანი ღმერთობას. თან, ადამიანს, ხომ, რესურსიც აქვს?! ის, ხომ, ღვთის ხატია?! და იქ არის ორი გზა: მორჩილებისა და ურჩობის გზა; განა ღმერთი უკრძალავდა ადამს სიცოცხლის, ბოროტებისა და სიკეთის ხეების შეხებას?! უბრალოდ, დროში უნდა მომხდარიყო ყველაფერი. ანუ ადამი ისევე უნდა გამხდარიყო ღმერთი, როგორც მარცვალი ხდება ნაყოფი, თან, ნიადაგიც კეთილი იყო - სამოთხე. ადამი, ხომ, სრულყოფილი არ არის?! ის მხოლოდ მარცვალია, ღვთის ხატებაა, მაგრამ სამოთხეა ის ადგილი, სადაც ღვთის ხატებიდან ადამიანი სრულ ღმერთობას მიაღწევს: განიღმრთობა ტკივილების, ტანჯვისა და ძალიან დიდი დროის გარეშე, რაც მერე დასჭირდა მას ამ გზის გასავლელად. თუ მორჩილების გზით წავიდოდა, ადამი იგემებდა ამ განმრჩევლობის უნარს, მაგრამ ადამმა მიიტაცა ღმერთობა, დროზე ადრე იგემა, იმიტომ რომ, დახარბდა და ისეთი სიმძიმე აიკიდა, რის ტარებაც მას გაუჭირდებოდა. ამიტომ უკვე ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენიო. სამოთხეში კი ოფლი არ იყო, ადამი განიღმრთობოდა ტანჯვის გარეშე, შემოქმედებითად. ხოლო, რაკი მეორე გზა აირჩია, ზედმეტი ტვირთი აიღო და საკუთარ თავს მიენდო, ამის ბოლო სიკვდილია. საფუძველი, რის საშუალებაც ადამს ღმერთმა მისცა, რომ შეექმნა თავისი სამყარო, ტყუილია. ღმერთი გაძლევს განღმრთობის საშუალებას და ამის მაგალითია ძე შეცდომილი. სამაგიეროდ, რას აკეთებს ღმერთი? მიგვიყვანს იქამდე, რომ ბოლოს ვხვდებით, მე მართლა არაფერი შემიძლია და გვაქვს არჩევანი პეტრესა და იუდას შორის: ან თავი მოიკლა და თავის მოკვლა არ იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ მოიკლა საკუთარი არსი, ესე იგი, უარი თქვა ღმერთზე, არ ღირს განღმრთობა, ეს ყველაფერი ტყუილია, ორი პარასკევი დამრჩენია, ვჭამ, ვსვამ, მოვკვდები და დამთავრდა; ან მიხვდე იმას, რასაც პეტრე მიხვდა. ამიტომაც პეტრესავით მიყავხარ იმ შეგნებამდე, რომ მე, ჩემი მონდომებით, არაფერი შემიძლია, მიწაც რომ ვჭამო, ჩემი ძალისხმევით, ღმერთთან ვერ მივალ, იმიტომ რომ, წერია, შენი ბოლო სიკვდილია. მაშინ რა უნდა მოხდეს? უნდა მოვკვდე! და აი, აქ შემოდის ჯვარი, როდესაც ვკვდები და ვცოცხლდები ერთდროულად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი