რატომ ვერ გშველის ღმერთი, რაც უნდა სთხოვო, ღმერთო, მიშველეო
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.08

რატომ იბრძოდნენ დედის მუცელში ტყუპები ესავი და იაკობი, რატომ დაიბადა პირველი ესავი და რატომ ჩაეჭიდა მას იაკობი ქუსლში და რატომ არის ბრძოლის მიზანი გაერთიანება, რითიც უნდა დასრულდეს წუთისოფლის ისტორია?! - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: რებეკას მიეცა წინასწარმეტყველება: ორი ტომი იქნება და უმცროსს დაემორჩილება უფროსი, მაგრამ პირდაპირ თარგმანში წერია, რომ, საბოლოოდ, შესაძლებელია მათი შერწყმა. ანუ პირველ ეტაპზე თითქოს გაუცხოებაა, რაც ბავშვური აღქმაა, მაგრამ, როდესაც სიმწიფე დგება და დღეს დაგვიდგა ეს ჟამი კაცობრიობას, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარესაა თითქოს რელიგიურობა, სულიერება და სახელმწიფოებიც უშვებენ, რომ იყოს რელიგიები, მედიტაციები, ლოცვები, იმიტომ რომ კარგი სამართავი იქნება ხალხი, დამშვიდდებიან, დაწყნარდებიან. ესე იგი, ამ მიდგომის მიზანი მიწიერია, რათა ერთმანეთი არ დავჭამოთ, მაგრამ ჩვენი მისია არის ისევ სამოთხეში, ანუ ოქროს ხანის დაბრუნება, რასაც სახელმწიფოები ვერ აკეთებენ. თუმცა ახლა, ისტორიის ბოლოს, უნდა მოხდეს ინტეგრირება: თუ აქამდე წინააღმდეგობა იყო, თქვენი საქმე ლოცვაა, ჩვენი საქმე აღმშენებლობაა, რაც ტყუილია, ეს ორივე უკვე ერთში უნდა გამთლიანდეს, აღარ უნდა იყოს ცალ-ცალკე. აი, ამისთვისაა ბრძოლა, რაც შემდეგ გადავა ერთ სხეულში და სწორედ ეს არის იაკობის პრეტენზია.
იაკობის ბუნება განვითარებულია და, მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებით, ის მომავლის ღმერთს ატარებს, მას აქვს ამბიცია, შესაძლებლობები, რომ ესავის ტექნიკური, მიწიერი, ფიზიკური ძალაუფლება შეაერთოს თავის თავში. ანუ ორი კი არ იყოს, არამედ – ერთი. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ კაენი და აბელი ტყუპები არ იყვნენ, ესავი და იაკობი კი ტყუპები არიან, თითქოს უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, მაგრამ ვერ ეტევიან დედის მუცელში და ორივეს ადრე უნდა გამოსვლა. ესავი ასწრებს, მაგრამ იაკობი რას აკეთებს?! ესავის ქუსლი უჭირავს ხელით, რითიც, ფაქტობრივად, ამბობს, მეც აქ ვარო. გამოდის ესავი და იქვე მოჰყვება იაკობი. რას ნიშნავს უჭირავს ესავის ქუსლი?! ესე იგი, უჭირავს მატერიის ძალაუფლება. ქუსლი, ხომ, მიწას ეხება?! და შემდეგ, რაც უნდა მოხდეს, სულიერი, მიზნისკენ სწრაფვა, უკვე ახლოსაა – ქუსლით უჭირავს. ეს ნიშნავს, რომ დგება ჟამი, როდესაც გამთლიანდება მომავლისა და წუთისოფლის ღმერთი; ადამიანების ეს უნარები ერთში მოექცევა, კი არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ გამთლიანდებიან. ანუ აქ, დედამიწაზე, უნდა განვავრცოთ, განვავითაროთ ის მიზნები და სწრაფვები, რისთვისაც ღმერთმა ადამიანი გააჩინა, რათა აღვადგინოთ სამოთხის იდილია, რაც პროექტში იყო. მთელი „ბიბლიური“ წინასწარმეტყველებები სწორედ ამისკენაა მიმართული და „გამოცხადებაც“ მთავრდება სიტყვებით: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის და დაემკვიდრება მათ შორის.
რას ნიშნავს ეს სიტყვები?! რომ ღმერთს ჯერ არ აქვს აქ კარავი. კარავი ჩვენი სხეულია, ჯერჯერობით ტვინში, გულებში, ლოცვებში გვაქვს; იქ ვცხონდებით, საიქიოში ყველაფერი იქნება, მაგრამ ეს აქამდე იყო. ახლა ის ჟამი დგება, რაც თავში იყო ჩაფიქრებული, რომ კარავი ღვთისა უნდა იყოს აქ, იმიტომ რომ სამოთხე დედამიწაზე იყო. ველური და მტაცებლური ურთიერთობებია, აგებული დაგროვებასა და მომხვეჭელობაზე, რასაც ამდენი უბედურება და შფოთი მოჰყვება. სწორედ ამის გამო ინგრევა სამყარო. მას აკლია საზრისი, ვინაიდან ღმერთი, საზრისი, ცაშია გამოკიდებული და ვერ ცვლის რეალობას ვერც ლოცვები, ვერც მოწოდებები – არ გვინდა ომი, ღმერთო, გვიშველე... არ გშველის, იმიტომ, რომ ღმერთი ვერ გიშველის: ღმერთი გეუბნება, შენ თავად უშველე შენს თავს. აი, ეს ჟამი დგება ახლა. ამდენად, ეს არის წინასახე იმ ისტორიისა, რომელიც მომავალში მოხდება, როდესაც ტექნიკური და სულიერი ცივილიზაცია გაერთიანდება და ისეთი ძალა მიეცემა, რომ ცის ღმერთი მიწის ღმერთიც გახდება. ცა არის მომავალში, მიწაზე კი ნიშნავს – აქ და ახლა.
მოდი, განვიხილოთ, ვინ იყო ესავი, ვინც პირველი იბადება: მას ორი სახელი ჰქონდა. ერქვა ესავი და შემდეგ დაერქვა ედომი. სიტყვა „ესავი“ ნიშნავს გამზადებულს, დასრულებულს. ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, სრულს ვერაფერი დაემატება, იმიტომ რომ უკვე დაასრულა თავისი თავი და ის თავის თავშია ჩაკეტილი. გახსოვს, წერია, მოიწყინა ადამმაო და რატომ მოიწყინა?! იმიტომ რომ ძალიან თვითკმარი იყო, ძალიან სავსე იყო თავისი თავით. ღმერთმა გამოუღო ევა და ამით გაიტყუა გარეთ. რადგან, სანამ ევა, ანუ მატერია გარეთ არის, მე მივდივარ იმისკენ, რომ ის მატერია ისევ ჩემი გავხადო და იწყება პროცესი, ესე იგი, განვითარება. თუ ევა გარეთ არ იქნებოდა, დინამიკაც არ იქნებოდა, ჩაიკეტებოდა ადამი და მისი ყოფა მოსაწყენი გახდებოდა. ანუ ესავი არის დასრულებულობის, წრეზე ტრიალის სიმბოლო; ბუნებითი მდგომარეობა: დაბადება, ზრდა, გამრავლება, დაბერება, სიკვდილი და ამისთვის შრომა. ხოლო, როდესაც არაფრისკენ მიდიხარ, რა არის მიზანი?! გადავრჩეთ, კარგი ვჭამოთ, კარგი ვსვათ, ვიშრომოთ, ბავშვები გავაჩინოთ, მაგრამ ბოლოში არაფერი ჩანს. აი, ეს არის ესავობა, ესავის მდგომარეობა. ესავი, ასევე, ნიშნავს ბალნიანს. ბალანი ხომ მერე ეზრდება ადამიანს, მაგრამ ესავი ბალნიანი იბადება. ანუ ესეც სისრულის ნიშანია, ხოლო მისი მეორე სახელი ედომი ნიშნავს წითელ მიწას, რაც ბრძოლის სიმბოლოა.
ახლა ვნახოთ, როგორი იბადება იაკობი: ესავისთვის ქუსლში აქვს ხელი ჩავლებული და „იაკობის“ პირველი მნიშვნელობაა, ვისაც ქუსლში უჭირავს; მეორე მნიშვნელობაა, ვინმეს რომ მისდევ, მუდმივად რომ გინდა, დაეწიო მას, ვინც პირველია. ესავი მატერიაში პირველია და იაკობს, რომელიც შინაგანია და იცის სამყაროს საიდუმლოებები, უნდა, რომ ეს მატერიაში განახორციელოს, მაგრამ ვერ ახერხებს და ამიტომ მისდევს მას, ვინც პირველია. მასაა ჩაფრენილი მთელი ჟინით ქუსლზე. „იაკობის“ მესამე მნიშვნელობაა მოხერხებული, გაქნილი. პეტრიწი ამას უწოდებს მიდმოგონებას და ესეც ღვთისგანაა. ანუ ორი ხერხია, ერთი პირდაპირი: რწმენით, მცნებათა დაცვით, რელიგიურობით და ასე შემდეგ, მეორე კი – წუთისოფელში ხრიკებით. იაკობის გზა მეორე გზაა, თუმცა, საბოლოოდ, ეს უნდა გადაილახოს: იაკობი შემდეგ ისრაელი ხდება. თავშივე ისრაელობა არ ვარგა, ისევე, როგორც იმთავითვე დასრულებულობა, შენ უნდა დაასრულო და სწორედ ეს არის იაკობის ღვაწლი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოხერხებულია, სულ ცდილობს, რომ გაგასწროს, რაღაც ჩაიგდოს ხელში, მიიტაცოს და რა არის, იცი, ამაში კარგი?! როდესაც თავშივე დასრულებული ხარ, არაფრის სურვილი არ გაქვს და ეს სათნოებადაც არ ჩაგეთვლება. მაგალითად, თუ ადამიანი ორ ფეხზე დადის და ამით ამაყობს, დასცინებენ, იმიტომ რომ ასეთად დაიბადა, მისი დამსახურება არ არის. ან ადამიანმა რომ იტრაბახოს, რაკი ლაპარაკობს, მაგრამ არც ესაა მისი დამსახურება. ცხოველად რომ დაბადებულიყო, ვერ ილაპარაკებდა. მაშინ რა უნდა გააკეთო შენ?! ორ ფეხზე რომ დადიხარ, ისაა მთავარი, ამ ორი ფეხით საით ივლი?! რომ ლაპარაკობ, რას და რისთვის ლაპარაკობ?! აი, რას ნიშნავს იაკობობა: ნახევაფაბრიკატის მდგომარეობაში იღებ შენს თავს და ხვეწავ. ღმერთი ჩვენს თავს შავ კარკასად გვაბარებს, რაც ადამიანმა უნდა დაასრულოს. სწორედ ეს არის იაკობის მისია: მას არ ეძლევა სამყარო გამართულად. მან თავად უნდა გამართოს სამყარო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან