რელიგია

რატომ ვერ გაუგო იესოს ვერც რომის სამართალმა და რატომ ვერ იცნეს მაცხოვარი ვერც მღვდელმთავრებმა და ვერც მწიგნობრებმა

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ერთი შეხედვით, მართლაც, გაუგებარია, რატომ არ გაასამართლა პილატემ იესო და რატომ დააკისრა ეს საქმე ხალხს, რატომ ვერ იცნეს მაცხოვარი ვერც ხალხმა და ვერც სასულიერო პირებმა, რატომ უარყო ის მოციქულმა პეტრემ, ვისაც ყველაზე მეტად უყვარდა მაცხოვარი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ ვერ იცნო მაცხოვარი ვერავინ და, ფაქტობრივად, ვერც მოწაფეებმა, იმიტომ რომ ყველა დაიფანტა ქრისტეს შეპყრობის შემდეგ?

– დიახ, თუმცა რომაულ-ბერძნულ სამართალზე დგას დღეს ცივილიზებული სამართალი, ვერც რომის სამართალი უგებს ქრისტეს, თუმცა მაინც არ უნდათ, რომ მოკლან. ვერც მღვდელმთავრებმა, რომლებსაც, წესით, უნდა ეცნოთ, ვერ იცნეს ქრისტე; ვერც მწიგნობრებმა, 24 საათს რომ „თორას“ კითხულობდნენ; ვერც მოწაფეებმა, რომლებიც სამი წლის განმავლობაში მის სასწაულებს ხედავდნენ. იესოც ამბობს, ვერ გამიგებთო... იმისთვის, რომ ქრისტე იცნო, უნდა მოკვდე და, თუ არ მოკვდი, ვერ აღდგები. გაგახსენებთ, იესო რომ ეუბნება პეტრეს, გადაწყდა, სატანის ანგელოზმა უნდა დაგქენჯნოს, მაგრამ მე ვილოცებ, რომ შენი რწმენა გაძლიერდესო, იმას კი არ ეუბნება, ვილოცებ, სატანამ არაფერი დაგიშავოსო, არამედ შენი რწმენა გაძლიერდესო. რატომ უნდა მივიდეს სატანა პეტრესთან?! იმიტომ რომ ოპერაცია უნდა გაგიკეთოს პეტრე და არ შეგეშინდეს. შენ ის მოგაშორებს იმას, რაც უნდა მოგაშორონ, ამიტომ შენი რწმენა არ უნდა შესუსტდეს, არ გეგონოს, რომ მე მიგატოვე. სატანა მოვა, რომ შენი ეგოს ჩენჩო მოგაშოროს, რომლითაც გგონია, რომ შენ მე გამომყვები, რომლითაც გგონია, რომ ბოლომდე მიერთგულებ; ვერ მიერთგულებ, ვერც გამომყვები, იმიტომ რომ ეგოს ეს არ შეუძლია. ეგო არის ადამი. თუ ადამი არ მოკვდა, ახალი ვერ იშვება, ეს სისტემა ყალბია, წარმოსახვის შედეგია, ადამიანს ეგონა, რომ ღმერთი იქნებოდა და ჰგონია, ესაა რეალობა. შენ ქმნი რელიგიას, რაც ტყუილია და აი, მივადექით ცოდვას: რა არის ცოდვა?! აკეთებ იმას, რაც არ უნდა გააკეთო; იღებ იმ ტვირთს, რაც არ უნდა აიღო. იესო პეტრეს აფრთხილებს, ცოდვილობ, პეტრე, არაა ეს შენი გასაკეთებელი, ამას ღმერთი აკეთებს, შენ მერე გააკეთე. მაგრამ პეტრე არ ეშვება. შესაბამისად, ცოდვილობს. შედეგებიც იმიტომაა მძიმე, რომ ღმერთს უნდა, რომ ადამიანი თავისი შეგნებით, თვითონ მოვიდეს გონს. თუ ადამიანმა ბოლომდე არ იწვნია თავისი ურჩობის შედეგი, ღმერთსაც არ შეუძლია, ის მოაქციოს. ღმერთმა იცის, რაც ადამიანში ცოდვით შემოვიდა, დასრულდება, იმიტომ რომ გარედანაა შემოსული. ამიტომ ღმერთი მშვიდადაა, მაგრამ ჩვენ ვეცოდებით. რა ქნას?! რომ დაგვიშალოს, უარესია, ამიტომ შეგვაგონებს: ნუ ცოდვილობ; ნუ მიგაქვს ის ტვირთი, რაც არ უნდა ზიდო; შენ გგონია, შენ ხარ ცენტრი – ეს იგივეა, კაცმა დარგოს ნერგი, არ აცალოს მზეს, რომ გაზარდოს და თავად ექაჩებოდეს, გაიზარდეო. აი, რა არის ცოდვა და არა დანაშაული. ღმერთს უყვარხარ, მაგრამ ეცოდები – ზედმეტი ტვირთი მიგაქვს, ამიტომ გიხმობს, მოდით ჩემთან, ტვირთმძიმენოო. ხოლო ადამიანი არ ენდობა ღმერთს, თავისი განმრჩევლობის იმედი აქვს, არადა ვერ განარჩევს, ადამიანის განმრჩევლობით შექმნილი სისტემა ამხობს ადამიანს: თავად დაიტეხე ეს სიმძიმე, იმიტომ რომ აიღე ის ტვირთი, რომლის ზიდვაც ამ წუთას არ შეგეძლო. ცოდვა ის კი არ არის, რომ ადამმა და ევამ ბოროტებისა და სიკეთის ხის ნაყოფი ჭამეს, ცოდვა ისაა, რომ უდროოდ ჭამეს და სიმძიმე დააწვათ. სამაგიეროდ, პლუსი ისაა, რომ უდიდეს გამოცდილებას აგროვებს ადამიანი და როცა ისევ დაბრუნდება ღმერთთან, დაბრუნდება ბევრად უფრო მაღალ მდგომარეობაში. ებრაელები ამბობენ, როდესაც ყველაფერი დასრულდება და ბოლომდე ჩავწვდებით ჭეშმარიტებას, გველს ძეგლს დავუდგამთო. აქედან გამომდინარეა, რომ ყველაზე დიდი სიკეთე ისაა, რაც ყველაზე დიდ ბოროტებად ჩანს. აბა, დააკვირდი? დაბალ დონეზე, რასაც სიკეთეს ეძახი, ბავშვურია: ბავშვისთვის კანფეტი სიკეთეა, იოდი – ბოროტება. რაც იზრდები, ხვდები, რომ სიმწარე-სიტკბოთი არ იზომება სიკეთე და ბოროტება და ის, რაც ბავშვობაში შენთვის საშინელება იყო, რომ გაიზრდები, ყველაზე დიდ სიკეთედ გექცევა. რა არის ყველაზე დიდი სიკეთე? რაც ძალიან დამთრგუნევლად ჩანს, ის უნდა გადააქციო სინათლედ, სანამ ამას არ გავაკეთებთ, მანამდე აქედან ვერ გავალთ. იმიტომ რომ ეს წუთისოფელი ღმერთს არ შეუქმნია. ეს ჩვენი დამახინჯებული ცნობიერება და ხედვაა, რომელიც განგებამ მიუშვა, რომ გვეწვნია ჩვენ მიერ შექმნილის შედეგი და გონს მოვეყვანეთ. ებრაელები ამბობენ, კეთილსა და ბოროტ ანგელოზებს ჩვენ თავად ვქმნით იქ, ზეცაშიო. რატომ? იმიტომ რომ, როდესაც რაღაც ქცევას ჩვევად აქცევ, სწორედ ეს ჩვევაა ანგელოზი და მუდმივად გაკონტროლებს: ბოროტიც და კეთილიც. აქ რასაც ვაკეთებთ, თითოეულ ჟესტსა და მიმიკას, ფესვები იქ აქვს, ეს ერთი მთლიანია. როგორც კი გააწონასწორებ, თუ შეძლებ, რომ ეს შენში გაამთლიანო, შენი თითოეული სიტყვა შეცვლის სამყაროს და ეს უკვე ფიზიკამაც დაამტკიცა. მაგრამ, ასევე, ძნელია, თავი წაართვა ამ ყველაფერს. რატომ? იმიტომ რომ მთელი სამყარო გაწვება. ხომ გვახსოვს სახარებიდან, იესო უდიდეს რაღაცებს ამბობს, მაგრამ მას ქვებს ესვრიან, ვინ გგონია შენი თავიო?! პირდაპირ წერია ლუკას სახარებაში – თოკითაც კი მივიდნენ, რომ შეეკრათ, გაგიჟდაო. პეტრემაც იცოდა გამოცხადებით, რომ იესო მესიაა, მაგრამ, ნახე, რა შორია მანძილი იმ პეტრედან, რომელმაც სულიწმიდით აღიარა, შენ ხარ ძე ღვთისაო, იმ პეტრემდე, იესოს ჯვარცმიდან 50-ე დღეს რომ დგას შუაგულ იერუსალიმში და მისი ქადაგებით, ხუთი ათასი კაცი ინანიებს. დანახვიდან, ვიდრე თავის სხეულში მიიღო პეტრემ მაცხოვარი, რამდენი წყალი ყლაპა, რამდენი უარყოფა, რამდენი დაცემა გამოიარა და, ბოლოს, როდესაც პეტრეს ჭურჭელი ბოლომდე დაეცა და სრულად დაიცალა, ის სიცარიელე უფალმა თავისი სულით აავსო. ის ყოველივე უფალმა იმისთვის კი არ გააკეთა, რომ თავისი მოწაფეები პირდაპირ ცათა სასუფეველში გადასულიყვნენ, არამედ იმისთვის, რომ დაეცარიელებინა. რა დონითაც ავსებული ვართ ნაგვით, იმ დონითაა ძნელი დაცარიელება, ამიტომ ქრისტე ყველას აცარიელებს. პავლე ხომ ამბობს?! ნაგვად მიმიჩნევია ყველაფერიო და პავლეზე ჭკვიანი და განათლებული ვინ იყო?! მაგრამ ყველაფერი გადაყარა. ქრისტე, უპირველესად, მოდის იმისთვის, რომ გაგასუფთაოს იმისგან, რითაც სავსე ხარ და, მართლაც, როცა სამჯერ ამბობს პეტრე, არ ვიცნობო იესოს, უკვე სადღაა პეტრე?! განულდა! ექნებოდა ამის შემდეგ ეგო?! როგორ ფიქრობ, პეტრეს ერთ პროცენტად რომ დარჩენოდა დანაშაულის შეგრძნება, უფალმა კი მაპატია, მაგრამ მე ეს რატომ გავაკეთეო, გაუძლებდა სინდისის ქეჯნას?! აი, რატომ ყოფილა უდიდესი ბოროტება უდიდესი სიკეთე: პეტრეს დაცემა იქ, როდესაც მაცხოვარი სამჯერ უარყო, ყველაზე დიდი სიკეთე იყო. იესოს, პირიქით, გაუხარდა პეტრეს ეს საქციელი, რადგან ცოდვა ის არის, რომ პეტრეს თვითონ მიჰქონდა ქრისტეს ტვირთი, ამდენად, როგორ განიკითხავდა უფალი პეტრეს?! და ამას პეტრეც მიხვდა. რომ არ მიმხვდარიყო, ვერ გადარჩებოდა, თავს მოიკლავდა იუდასავით. პეტრე მიხვდა მთავარს: თუ რა არის ცოდვა! მან ის ტვირთი აიღო, რაც არ უნდა აეღო. იმიტომაცაა ასე ყოჩაღად, თორემ როგორ გაბედავდა, შუა იერუსალიმში ვინმესთვის ჭკუა ესწავლებინა?! თან, სხვებმაც ხომ იცოდნენ, რომ პეტრემ უფალი სამჯერ გაყიდა?! ანუ პატიება არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია. პატიება არის ჩადენილის წაშლა: იმ ბოროტებამ უფრო დიდი ბოროტება დაამხო; ის დიდი ბოროტება, რომელიც ცოდვილობს, რომ როგორმე ღმერთს მისწვდეს. პეტრემ კი არა, ცოდვამ გაყიდა მაცხოვარი, რითაც პეტრე გათავისუფლდა და თავიდან დაიბადა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №50

11–18 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი