რელიგია

რატომ ვერ გადაურჩება ცეცხლში დაწვას ის, რაც ადამიანმა წუთისოფელში დააგროვა

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 15.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნიო, გვეუბნება მაცხოვარი და ბუნებრივად იბადება კითხვა: ჩვენ, ყველას, გვაქვს შესაძლებლობა, მაგრამ ყველანი ვერ მოვხვდებით იქ, სადაც მივდივართ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ზოგი მადლის მოფენის გარეშეც დავრჩებით, თუ როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის ეს გაფრთხილება?

- ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის წინაგანზრახვა, და სამყაროში უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი, ღვთის ხატი, იმიტომ რომ სხვა არაფერი არსებობს, იყო ის, რომ ადამიანისთვის მიეცა ყველაზე საუკეთესო, რაც მასშია. ეს საუკეთესო არის სიცოცხლე, რომელიც ღმერთშია – ნეტარი ყოფა, მაგრამ ეს რომ მიეცა, ადამიანი უნდა ყოფილიყო მიმღების მდგომარეობაში, ვინაიდან ამის გარეშე ეს არც ადამიანის სათნოება იქნებოდა და არც მისი დამსახურება, ხოლო. მიმღები რომ ყოფილიყო, ღმერთმა ის შექმნა დაუსრულებლად, ნაკლებობაში, ანუ მხოლოდ ღვთის ხატად, ესე იგი, მისცა ძალა, როგორც მარცვალს, რომელშიც არის ნაყოფის პოტენციალი. ღმერთმა პოტენციალში შექმნა ადამიანი, რომ თანამონაწილედ ექცია და ადამიანს შეერგო ღვთის სიკეთე; რომ თავისი სურვილით ავსებულიყო ღვთის მადლით და მიმსგავსებოდა მას. ადამიანში უსასრულო შესაძლებლობაა, მეტი და მეტი ღმერთი მიიღოს და უსასრულოდ დატკბეს ღმერთით ავსებით. ღმერთის მიზანი არ არის ვიღაცის გადარჩენა ან ვიღაცის დაღუპვა: ის სამყაროს ქმნის დიდი სიცოცხლისთვის, რომ ყველა მას მიემსგავსოს და აივსოს ღმერთით; რომ ყველა ადამიანი გახდეს ღმერთი, ოღონდ თავისი სურვილით. ოღონდ ამ თავისუფლებაში ჩნდება დილემა: რადგან ღმერთი თავის ხატად სულით ქმნის ადამიანს და მას აქვს საშუალება, არჩევანით, თავისუფალი ნებით, წავიდეს ღმერთისკენ, შეიძლება, ადამიანმა არასწორად წარმართოს ძალისხმევა და თავს დაიტეხოს ის, რასაც ვეძახით ტანჯვასა და ბოროტებას. ღმერთი ადამიანს ქმნის გადასარჩენად, სიყვარულისთვის, ხოლო პასუხს ირჩევს თავად ადამიანი და იესოს ნათქვამი: მრავალნი იქნებიან წვეული და მცირედნი – რჩეულნი, შეიძლება, ერთი ადამიანის მაგალითზეც კი განვიხილოთ, იმიტომ რომ ყველაფერი სრულდება იმ ერთთან მისვლით, მაგრამ მანამდე გზადაგზა უამრავი სურვილი გვიჩნდება ჩვენი არასრუყოფილების გამო. სწორედ ესაა „მრავალნი“, ანუ ყველანი, ჩემი ფიქრები, აზრები, ზრახვები, ერთად მივდივართ ღმერთისკენ და „მცირედნი - რჩეულნი“ ნიშნავს, რომ, საბოლოოდ, ჩემი ამ ვარაუდებიდან, ჩემი ტვინის შფოთვებიდან, აზრებიდან, ზრახვებიდან შექმნილი, რაც ამ გზაზე შლეიფად მომყვება, იმიტომ რომ სრული სიცხადე არ მაქვს, ჩამოიშლება და მცირედი დარჩება, რაც დასრულდება იმ ერთის შეცნობით. აი, ეს ხდება არსში, მაგრამ გარეთაც იგივე ხდება, რის დასტურია ეგვიპტის მაგალითი: ეგვიპტიდან ბევრი გამოვიდა, ეგვიპტელებიც კი, ისეთი სასწაულები იხილეს, მაგრამ უდაბნოში დაიყარა მათი ძვლები და ქანაანში მხოლოდ ახალი თაობა გადადის; მათგან, ვინც ეგვიპტე ნახა, ვერავინ მოხვდა ქანაანში.

სახარებას ისტორია არ აინტერესებს, არამედ სახარება ისტორიას იყენებს მთავარი მიზნის მისაღწევად: მაჩვენოს, რა ხდება ჩემში! მაშასადამე, რას მასწავლის მე ეს სახარებისეული შეგონება? რომ ეს მრავალი ხალხი, ჩემი ემოციები, შფოთვები, ძიებები, მომყვება ამ გზაზე; ანუ ადამიანი ღმერთისკენ მიდის თავისი მრავალგვარობით და ამ მრავალგვარობაში არის ერთგვაროვნების გამოწრთობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ერთი მხრივ, გარანტირებულია ჩვენი გადარჩენა – მცირედი გადარჩება, როგორც რუსთაველი ამბობს, ვინ დამბადა, მანვე მომცა, მე შეძლება ძლევად მტერთა, ესე იგი, ეს შესაძლებლობა არ დაიკარგება, ცათა სასუფეველს ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოიცავენ და იესოც ამბობს, ძე კაცისა რომ მოვა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?! სწორედ რწმენაა ის მცირედი, რომელმაც მოიშორა ეგვიპტიდან წამოყოლილი შეცდომების, ზრახვების, ეჭვების, ძიებების მასა ქანაანისკენ მიმავალ გზაზე და დარჩა ნამდვილი – მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა; სწორედ იმას აღავსებს უფალი, დანარჩენი კი ჩამოიშლება, მაგრამ, მეორე მხრივ, იესო გვაფრთხილებს, თუ ამ ჭეშმარიტებამდე არ მოხვალთ და თქვენში არ მიაღწევთ იმ ოქროს სინჯს – მდოგვის მარცვლისოდენა რწმენას – წუთისოფელიც გადავა, მისი გულისთქმანიც და მხოლოდ ღვთის ნების შემსრულებელი დარჩება უკუნისამდი; ამის შემდეგ ამატებს: ყოველი ხორციელი ბალახივითაა, ხოლო დიდება – ყვავილივით ბალახზე, გახმება ბალახი და ყვავილიც გადაჰყვება მას. დიახ, წუთისოფელი წარმავალია, მოგვეცა, როგორც ასპარეზი, რომ ჩვენში მივაგნოთ იმ ერთს, უტყუარს, რჩეულს! რჩეული, რჩევა, გადარჩენა, გამორჩევა რა არის?! წუთისოფლის ჩენჩოსგან ნამდვილის გარჩევა, გამორჩევა! სახარებაში პირდაპირ წერია, ქრისტეს ნიჩაბი უჭირავს, ხორბალს ბეღელში ჩადებს და რაც კი ბზეა, ცეცხლს მიეცემა. ანუ ჩემს სულში გადარჩება მხოლოდ ცოცხალი რწმენა, ხოლო დანარჩენი კი – ვარაუდები, დაცემები, ყველაფერი ამის მსგავსი – ჩამოშლება. და რაც ხდება ერთ ადამიანში, ის ხდება გარეთაც: ქრისტეა ოქროს ის სინჯი, ვინც იმ მასიდან მივიღეთ – მწიგნობრებიდან, ფარისევლებიდან, რელიგიიდან, მორწმუნეებიდან, პირდაპირ ეუბნებოდა მათ, ეშმაკის შვილები ხართო. თურმე, მთელი ეს სისტემები, ყოფილა საშუალება, რომ ამ მასიდან ქრისტესავით დაიბადოს პიროვნება, ვინც უკვე იმ სიყალბეს, რაც დააგროვე, ბზესავით დაწვავს. მაგრამ იმ ერთისკენ მიმავალ გზაზე ეს ჩვენი ძიებები, შფოთვები, ბორგვები მიღებულია, ამის გარეშე შეუძლებელია, ღმერთამდე მივსულიყავით.

რადგან არასრულყოფილი შექმნა ადამიანი, იგულისხმებოდა, რომ ღმერთისკენ სავალ გზაზე მას დაუგროვდებოდა ჩენჩო, შეცდომებით გამოწვეული სიმკვრივეები: ხასიათი, მიდრეკილებები, ჩვევები, შფოთვები, ბრძოლები, სისუსტეები. მაგრამ შემოქმედმა იცოდა, რომ, რაც აქედან დარჩებოდა, იქნებოდა სუფთა და ცოცხალი, დამოუკიდებელი, თავის თავში მყოფი სიცოცხლე. ის, რაც ჩვენში ნამდვილი არ არის, ცეცხლს ვერ გაუძლებს, ისინი შექმნილია ხორცის საამებლად, ჩვენი ეგოს ნაყოფია, მასში სიცოცხლე არ არის და დაიწვება. იესო ამბობს, მე მაქვს სიცოცხლე თავის თავში, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში და გაძლევ შენც სიცოცხლეს თავის თავში. არ ამბობს, მორწმუნეს თუ ვნახავ მეორედ მოვლისას დედამიწაზე; ამბობს, რწმენას თუ ვნახავო. იესო წინა სახეა იმისა, რისკენაც მიმართული ხარ და არა ის, ვისაც თაყვანი უნდა სცე და მის წინაშე უსუსურად იგრძნო თავი. იესო არის მოდელი და გვეუბნება, ასე გააკეთე შენც! დიახ, მცირედია ჩემი ცოცხალი რწმენა, ის მცირედი, რაც გადარჩება! ამ სიტყვებით, აი, ამას გვაფრთხილებს მაცხოვარი. იესომ ეს წუთისოფელი გამოისყიდა, ანუ შანსი მიგვცა; გვაფრთხილებს, დაყარე ყველაფერი, რაც შენი ტვინითა და გრძნობის ორგანოებით შექმენი და მომემსგავსე მე; გამოდი იქიდან, რაც შიშებითა და უგუნურებით დააგროვე და გადარჩები!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი