რელიგია

რატომ ვერ დააკმაყოფილებს ადამიანს ღმერთის მისამართით დასმული კითხვის ვერც ერთი პასუხი

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.11, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყოველთვის, როდესაც სვამ კითხვას ღმერთის მისამართით, რადგან არ მოგწონს, რაც გემართება, რაც შენ გარშემო ხდება და იღებ პასუხს, მშვიდდები, მაგრამ მალევე ეჭვი გიპყრობს და კიდევ სვამ კითხვას, პასუხი ისევ გაკმაყოფილებს, მაგრამ ისევ გიჩნდება ეჭვიანი კითხვები და არც თუ ცოტა. ადამიანი ღმერთს, საბოლოოდ, ებუტება, ვინაიდან მის სამართლიანობაში ეჭვი ეპარება. რატომ ვერ სწვდება ადამიანი თავისი გონებით ღმერთს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი (ოთხოზორია): დიახ, კითხვების ჯამით მიდიხარ ღმერთთან, აგივსო პასუხებით და შენ გაგიხარდა, მაგრამ ცოტა ხანში ახალი კითხვა გაგიჩნდა, ისევ აგივსო ჯამი, ასე გრძელდება დიდხანს და ბოლოს ხვდები, რომ საერთოდ არაფერი იცი, გულგატეხილი ხარ: ყველა პასუხი დაგიყარეს, მაგრამ არაფერი სწვდება იმას, რისკენაც ილტვი და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდები რაღაცას, რის შემდეგაც კითხვას აღარ სვამ. იმიტომ რომ არაფერი დაკარგულა, კითხვა-პასუხებით მიგიყვანა იმ მწვერვალამდე, რომლის მიღმაც სხვა სინამდვილე ჩანს. სხვანაირად ვერ აგიტყუებდა. როგორც ჩვენ ვიტყუებთ ხოლმე ჩიტს ან დამფრთხალ ცხოველს, რომელიც გაგვექცა, რაღაცას ვუყრით, ვატყუებთ, რომ სახლში შემოვიყვანოთ, ასე გვიყრის საკენკს და ბოლოს, ისეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდები, სადაც კითხვა საერთოდ აღარ გიჩნდება. იმიტომ რომ, როდესაც კითხვას სვამ, რაოდენ დიდი და ღრმა კითხვაც უნდა იყოს, ღმერთი მასში ვერ დაგეტევა. ამიტომ წყვეტ კითხვის დასმას და გადადიხარ მდგომარეობაში, რომლის აღმნიშვნელიც ქართულში ბევრი გვაქვს: გარინდება, გაშეშება, გაოგნება, ანუ ტვინი ჩერდება და კითხვას არ სვამ. აქამდე მივიდა იობი და ამიტომ ეუბნება ღმერთს: აქამდე შენზე შორიდან მესმოდა და ამიტომ ბევრს ვლაპარაკობდი, ანუ კითხვებს იმიტომ ვსვამდი, რომ ახლოს არ გიცნობდი (კითხვა-პასუხია ლაპარაკი), მაგრამ ახლა პირისპირ გიხილე, ბაგეზე ხელს ვიდებ და ვჩუმდებიო. რას ნიშნავს გაჩუმება? სრულ მიმღებლობას. კითხვაში იღებ პატარა ამონაგებს და, ბოლოს და ბოლოს, რამდენი კითხვა უნდა დასვა? მილიონი? იქნება მილიონი პასუხი და არასდროს დამთავრდება. ასე რომ, კითხვები უნდა გაუქმდეს: კითხვის მიღმა, შენი არსების იმ ნაწილში, რომელიც არა შენი ტვინისმიერია, არამედ არსისმიერი, რომლის ხატებითაც ხარ შექმნილი, იხსნება ის, რომელიც მთლიანობაში იღებს ღმერთს უწყვეტად. ეს ის მდგომარეობაა, სადამდეც მიხვალ, მაგრამ ადამიანს ახლავე უნდა, რომ თავის თავში დასრულებული, ყოვლისშემძლე, დაუნაწევრებელი ღმერთი თავის ადამიანურ საზომებში მოაქციოს და როცა არ ეძლევა, ბავშვივით ებუტება, მიაკერებს რაღაც იარლიყებს. ექიმი, რომელიც ბავშვს კბილს უღებს, ბავშვისთვის ლამის ურჩხულია, იმიტომ რომ ბავშვის წარმოდგენის მიღმა გადის ექიმის არსი, ბავშვი მთლიანად ემოციურ აღქმაზეა დამოკიდებული. ამდენად, როდესაც ადამიანს უნდა, რომ თავისი ადამიანური შესაძლებლობებით მოიხელთოს ღმერთის სამართალი, ასე დანახული ღმერთი ყოველთვის უსამართლო და უსახურია, სინამდვილეში კი ასე ჩანს ადამიანის წარმოდგენაში შექმნილი ღმერთი. თაბორის მთაზე სამმა მოციქულმა ქრისტე გაბრწყინებულად იხილა: მისი სახე, მისი ტანსაცმელი ელვარებდა, ანუ თავდაპირველ მშვენიერებაში დაინახა და იმიტომ კი არა, რომ ქრისტე იმ მომენტში გაბრწყინდა?! ის ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ ის რომ ასეთად აღიქვა, შენც მსგავსი ხედვა უნდა გქონდეს. ადამიანური ტვინისგან, ეჭვებისგან და შიშებისგან გათავისუფლებული, ერთიანი აღქმა უნდა გქონდეს, რომელშიც ქრისტე არ მახინჯდება და მაშინ დაინახავ, თორემ სხვებისთვის ქრისტე იყო მატყუარა, სატანა და უამრავ რამეს აბრალებდნენ, ბოლოს ჯვარზეც კი გააკრეს, როგორც ავაზაკი. მაგრამ ეს იყო იმ ადამიანების შეფასება. ასე დაინახეს თავიანთ თავში სრული ნათელით სავსე მაცხოვარი. აი, ამ გზას გადის ადამიანი და ამიტომ, ვინც ისეთ დონეზეა, რომ არ ესმის, ღმერთი რატომ იქცევა ასე, მას თავის ტყავზე მოუწევს გამოცადოს და, საბოლოო ჯამში, მაინც გაჩერდება. უმთავრეს მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანი იმ მდგომარეობას, როცა ის ცდილობს, გაიგოს ღმერთის სამართალი და ამ დროს ღმერთი მის თვალში საშინელი ურჩხული და უსამართლოა. აი, ამას მიჰყავს ადამიანი მონანიებამდე, ანუ აზროვნების 180 გრადუსით შეცვლამდე: რომ ჩემი მცდელობა, გავუგო იმას, ვინც ყოველი გაგების მიღმაა, წარმომიჩენს ღმერთს ასეთნაირად, რადგან ვცდილობ, გავუგო, როგორც ადამიანმა. ხოლო, როგორც ადამიანი, ღმერთს ვერასდროს გავუგებ, ამიტომ, როდესაც მე მოვხსნი ჩემი ადამიანური ტვინიდან წამოსულ კითხვებს, ვცარიელდები, მეხსნება ფილტრი, რომელშიც ღმერთი ჩანდა დამცირებულად, უსამართლოდ, დამახინჯებულად. ტვინის ცხაური შორდება ჩემს აღქმას და უკვე ამის გარეშე ვათვალიერებ. უნდა მივხვდე, რომ ჩემი თვალია პრობლემა. ქრისტე ამბობს, თუ თვალი შენი ბოროტია, გარე სამყარო, ანუ სხეული ბოროტია და თუ თვალი შენი კეთილია, ყველაფერი წმინდაა. თურმე, როგორც შენ იყურებოდი შენგან, ეს გადაგქონდა გარეთ. და სწორედ აქედან იწყება სრულიად საწინააღმდეგო პროცესი.

ბავშვობაში მინახავს, როგორ ჭრიდნენ დიდ, სქელვარჯიან ხეს ნაჯახით. ურტყამ, მაგრამ ხე დგას, არც ტორტმანებს გარკვეულ მომენტამდე. შუამდე რომ მიდის ნაჩეხი, ხე დაიჭრიალებს და თუ მანამდე ასჯერ მაინც მიარტყეს და ხეს ძვრა ვერ უყვეს, ამ ჭრიალის შემდეგ ნაჯახის 2-3 დარტყმაა საკმარისი და ხე ეცემა. ესე იგი, კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანას თუ 100 დარტყმა დასჭირდა, ამის შემდეგ ერთი და ორი მირტყმაა საკმარისი და უმართავი პროცესი იწყება. ჩვენც ასე ვართ: კითხვა-პასუხით იმ წერტილამდე მივდივართ, როდესაც კითხვის დასმა საჭირო არ არის. ზოგმა იცის თქმა, თუ ღმერთი არის, რატომ კვდება ბავშვი?! და ამ კითხვის დასმის შემდეგ არაფრის გაგონება აღარ უნდა, დაამტკიცა, რომ ასეა და პასუხს არც ელოდება. მე ასეთ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლაც იტანჯებიან და თავიანთი ტკივილიდან სვამენ კითხვებს. ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა მოულოდნელად, სამი ობოლი დარჩა, მისი ქვრივი, ახალგაზრდა ქალი, მორწმუნე, სვამს კითხვას: რა დავუშავე ღმერთს?! ეს ბუნებრივი კითხვაა, რადგან, პატარა ბავშვს რომ თოჯინას წაართმევ, ის იტირებს, თოჯინა რატომ წამართვითო. ამისთვის ბავშვს გაამტყუნებენ?! შეიძლება, უკეთეს თოჯინას ვაძლევდი, მაგრამ ბავშვმა ხომ ეს არ იცოდა?! როგორ შეიძლება, ადამიანმა არ დასვას კითხვა: რატომ წამართვა ქმარი, რა დავაშავე? სამი ბავშვი ობლად დამრჩა, მიყვარდა, ვუყვარდი, დავლოცე, რომ მიდიოდა და, მართლაც, სადაა ლოგიკა?! როგორ გავამართლოთ ღმერთი? ადამიანურ დონეზე ღმერთის გამართლება გამორიცხულია იმით, რითაც ჩვენ ვაფასებთ სიმართლესა და ბოროტებას. მაგრამ მისი ქვრივის კითხვა, რომელიც გულის დამფლეთია, არ დარჩება უპასუხოდ და როდესაც ადამიანი ასეთი კითხვებით გაჯერდება, დაჯილდოვდება და მიხვდება, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ფსალმუნში საოცარი სიტყვები წერია: როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება (ორიგინალში კი ასეა: მივხვდებით, რომ სიზმარში ვიყავით), მაშინ აივსება სიცილით ჩვენი ბაგე. ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. თუ კითხვები მართლაც გულიდანაა, ეს ცრემლით თესვაა, რომელსაც, გგონია, შედეგი არ ექნება, მაგრამ რაღაც ზღვრამდე რომ მიხვალ, მობრუნდები და ხედავ, რომ ყოველი წვეთი ცრემლიდან ყვავილია ამოსული, ბაღნარია: თითოეული შენი კითხვა ულამაზეს პასუხადაა გადაქცეული, ოღონდ რაღაც მომენტამდე ცრემლით უნდა ვთესოთ. არაფერი დაიკარგება, უბრალოდ, ეს ჯერ არ იცის ადამიანმა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული