რატომ ვეღარ ეტევა ადამიანი მატერიის ნაჭუჭში და რატომ ხვდები ღმერთს მხოლოდ ქანცის გაწყვეტის შემდეგ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 27.07, 2023 წელი

ადამიანი მუდმივად მოძრაობს, სწავლობს, შრომობს, ცდილობს, ეცემა, დგება, მაგრამ, საბოლოოდ, მხოლოდ იღლება: ჯერ ერთი, იმიტომაც, რომ თვალი ხარბია და სურვილები არა და არ მთავრდება და, რაც მთავარია, იღლები. გარშემო ყველა მოგვიწოდებს, რომ არ გავჩერდეთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, წარმატებაც მეტად პირობითია, ვინაიდან ყველაფერი მაინც ადამიანის არყოფნით სრულდება. რატომ არის მომართული ადამიანი სამოქმედოდ, მაშინ, როდესაც, ქრისტიანული სწავლებით, შედეგი მხოლოდ მინდობას მოაქვს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რელიგიური სწავლებაც მოგვიწოდებს მინდობისკენ, ანუ უქმობისკენ და თითქოს, მართლაც, შესაძლებელია, რომ არ იშფოთო, მაგრამ არც ნასწავლ უშფოთველობას მოაქვს შედეგი.
– იმიტომ რომ, თუ ადამიანური ძალისხმევა ბოლომდე არ ამოიწვა, მანამდე ვერ გაჩერდები. რა არის სამოთხე? უშფოთველი მდგომარეობა, სიმშვიდე, ნულოვანი წერტილი. როგორ ვსუნთქავთ? ვატანთ ძალას? აბა, დაატანე ძალა, მაშინვე თავბრუ დაგეხვევა: არ გეშინია, მინდობილი ხარ და სუნთქავ. ზუსტად ესაა სამოთხე, როდესაც სამყაროს მიმართ ხარ ნულოვან მდგომარეობაში; შიშის, შფოთის გარეშე და იღებ სიკეთეს. მაგრამ ასეთი მდგომარეობა, რადგან თავში გარედან იყო მოცემული, ბოლოში დადგება რესურსების ამოწურვის შემდეგ. ანუ, როდესაც გაჩერდები არა სიზარმაცისა და დასწავლის, არამედ ძალისხმევების შემდეგ. აი, ქანცი რომ გაგიწყდება. ქანცი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. მეგრულში ხომ შენარჩუნებულია ის სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა ქართულში დაიკარგა? მეგრულად ეს ნიშნავს განძრევის უნარის დაკარგვას. იქამდე დაღლას, რომ ვერ ინძრევი, თითსაც ვერ არხევ. აი, ნეტარი მდგომარეობა. ყველა შენი მოქმედება აღძრა შიშმა, რაც განიცადე სამოთხის დაკარგვის შემდეგ, იმიტომ რომ, თუ არ იმოქმედე, მოკვდები: უნდა მოიპოვო საჭმელი, მხეცებს უნდა ებრძოლო, უნდა მოხნა, იომო, სხვანაირად გადაგივლიან. ანუ მუდმივ ჭიდილში ვართ და შედეგი? ქანცგაწყვეტილი ხარ, ვეღარ შრომობ! აი, განგებამ რა დაუშვა?! სხვანაირად ვერ გაჩერდებოდი, იმიტომ რომ სამოთხეში იყავი გაჩერებული და არ მოგეწონა, ამიტომაც გაგიშვა, მოგატყუა, მაგრამ ამ ქანცგაწყვეტამდე შრომაში გამოცდილება შეგაძენინა, დედამიწა შეგაცნობინა. შეხედე სამყაროს: დედამიწა გავფცქვენით; არ დარჩენილა მატერიალური, მკვრივი საგანი, ნივთი, რომელიც ადამიანმა ვერ გაიგო და დაპატარავდა სამყარო, მანძილი შემცირდა, იმიტომ რომ ინფორმაციით წამში სწვდები ყველაფერს. ნაჭუჭი, მატერია, ამოჭამე და ვერ ეტევი. განგებამ დაუშვა ეს მცდელობები, მოძრაობები, რომ ქანცი გაგწყვეტოდა და ბუნებრივად გაჩერებულიყავი, იმიტომ რომ გაჩერებით უკვე სამოთხეში ხარ. გაჩერება – ნულოვანი მდგომარეობა – არის ნეტარი მდგომარეობა. მაგრამ ორია ასეთი მდგომარეობა: ერთია გარედან მოცემული, როდესაც მე, მაგალითად, მილიარდერი მამა მყავს და სანამ ვიტყვი, მწყურიაო, წყალს მასმევენ; სანამ ვიტყვი, მანქანა მინდაო, მანქანა მყავს და მეორე, როდესაც იმდენს ვშრომობ და ვცდილობ, რომ ქანცი მიწყდება. იესოსაც ქანცი გაუწყდა ბოლოს. და რა არის სიკვდილი?! ნულოვანი მდგომარეობა, როდესაც არ იძვრი. რა არის სრული სიკვდილი? ქანცის სრული გაწყვეტა. გავიხსენოთ პეტრე მოციქული: მისი ეგო იმხელაა, რომ ყველაზე აქტიურია, ყველაზე ძლიერია, თვითონ მოქმედებს, ყველაზე ერთგულია, თუმცა უფალი აფრთხილებს, მაინც არ ჩერდება და როგორც კი იესო ჩერდება, პეტრეც უძლურდება. როდესაც ჩემს მოქმედებას განაპირობებს ჩემ გარეთ ძლიერი ღმერთი, ძლიერი მშობელი ან ძალაუფლება, მე ყალბი ვარ, იმიტომ რომ ის ჩემი არ არის. შენ თავად უნდა განულდე და რატომ? რატომაც იესო გეუბნება: მე მაქვს სიცოცხლე თავის თავში, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში. ღმერთს არ უნდა, ისეთი მამა იყოს, რომელიც ყველაფერს მაძლევს, ასე ვერ განვვითარდები, ვინაიდან მამით ვარ დაჩრდილული. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც უცბად იღებენ დიდ თანამდებობას, დიდ ფულს, აქვთ დიდი სპორტული მიღწევები, როგორც კი კარგავენ თანამდებობას, ფულს, სპორტულ უნარს დეპრესიაში ცვივდებიან, იმიტომ რომ ეს მათი არ არის, გარედან მიეცათ, მათ შიგნით კი სიბნელეა, არ განვითარებულან. ღმერთს ადამიანში თავისუფალი სულის დაბადება უნდოდა: ღმერთის გარეთაც რომ ღმერთი ყოფილიყო. ისევ პეტრე მოციქული გავიხსენოთ: პეტრე, თურმე, მაინც ჩრდილქვეშ ყოფილა ძლიერი და მან ეს არ იცოდა, იმიტომ რომ გამოცდილება არ ჰქონდა. იესო აფრთხილებს: დაჰკრავენ მწყემსს და განიბნევიან ცხვრები; მაგრამ პეტრე არწმუნებს, არა, უფალო, ყველამ რომ მიგატოვოს, მე არ მიგატოვებო, იმიტომ რომ არ იცის პეტრემ, ვერ წარმოუდგენია, რომ ქრისტეს რამე დაემართება, მაგრამ პეტრეს ძალა ყალბი ყოფილა, და ყველას ძალა ყალბია, უბრალოდ, ადამიანმა ეს არ იცის, იმიტომ რომ მან არ იცის, რა არის ძალის გარეშე ყოფნა. დაბადებიდან ფული ჰქონდა; დაბადებიდან ძლიერი მამა ჰყავდა; დაბადებიდან ჯანმრთელი იყო, დაბადებიდან თანამდებობებზე ნიშნავდნენ, – ასეთმა ადამიანმა არ იცის ნაკლებობა და, ამდენად, განგება იძულებულია, გარედან ძალა მოაშოროს და მაშინ მათ ეწყებათ პანიკა. როგორც კი პეტრე ხედავს, რომ ქრისტე შებორკეს, კრთება. მანამდე ხმალი ამოიღო, შეიარაღებული რაზმის არ შეეშინდა და რატომ არ შეეშინდა? იმიტომ რომ „მამიკო“, ქრისტე ედგა გვერდით. ამიტომ ყოფილა, თურმე, ძლიერი და უშიშარი. არ გვენიშნება ადამიანებს, რომლებსაც ძლიერები გვგონია თავი?! თუნდაც, ფიზიკური ძალის იმედი ჰქონდეს, ის ფიზიკური ძალა რომ დაეკარგოს, მერე სად წავა?! მომღერლისგან, რომელიც იკვეხნის ხმით, თუ ხმა ჩაუწყდა, რა რჩება?! ნული! მოდელს სახეზე მჟავა გადაესხა, რა რჩება მისგან? ნული! იმიტომ რომ ერთის სავიზიტო ბარათი იყო ხმა, მეორის – სახე, მესამის - თანამდებობა. დაკარგავენ და ნულდებიან. უამრავი მსგავსი ადამიანი მინახავს ციხეში, თანამდებობები რომ ჰქონდათ და იქ პატარა, ქუჩის ბიჭები სჯობდნენ. განგებას უნდა, რომ ადამიანმა თავის თავში იპოვოს სიცოცხლე და გათავისუფლდეს გარემოებებისგან და ამიტომ აცოდვილებს მუდმივად, რომ თანდათან, ნელ-ნელა თვითონ ისწავლოს. ისევ პეტრეს გავიხსენებ: როდესაც შებორკეს იესო, სამჯერ ამბობს, ამ კაცს არ ვიცნობო. ესე იგი, განულდა პეტრე. მაგრამ პეტრეში აღმოჩნდა ცოდნა, გაახსენდა იესოს სიტყვები და სწორედ ესაა პეტრეს ვაჟკაცობა. ამიტომაა მონანიება ყველაზე დასაფასებელი. პეტრეს ხომ შეეძლო, ეთქვა, ღირსი არ ვარო და იუდასავით თავი მოეკლა?! იგივე დავით მეფე: უდიდესი ცოდვა ჩაიდინა, მეგობრის ცოლი მოიყვანა, მეგობარი კი მოაკვლევინა და როდესაც წინასწარმეტყველი ამხელს, ხომ შეეძლო, მოეკლა ის – ერთადერთი მოწმე იყო?! მაგრამ გონს მოვიდა, მიხვდა და 50-ე ფსალმუნი დაწერა. ამით მისი სული ბევრად ამაღლდა იმ მდგომარეობაზე, ვიდრე ამ შეცოდებამდე იყო. შედეგად, იმ ქალისგან პირველი ვაჟი მოუკვდა, მაგრამ სოლომონი შეეძინა. რას ნიშნავს სოლომონი?! მშვიდობას. ანუ მშვიდობას მიაღწია დავითის ცნობიერებამ დიდი მონანიებით, რომელიც დაიბადა ამ დიდი დაცემის შემდეგ. სოლომონი, მისი შვილი, აშენებს მშვიდობის ტაძარს. დიახ, დაცემების, არაქათის გამოცლის, მცდელობების შემდეგ, ჩვენ მივაღწევთ სამოთხის ისეთ მდგომარეობას, როდესაც უკვე ჩვენი მშვიდობა, უქმობა იქნება გაცნობიერებული. გახდება ჩვენი შინაგანი საკუთრება და არა ბაღი, რომელიც გარედან მოგვცეს და ჩვენ, მართლაც, ვიქნებით, როგორც ღმერთი, სრულ ნეტარებაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან