რელიგია

რატომ ვართ უკვე ქრისტეს და არა ადამის შთამომავლები

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.07

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი, – ამბობს „სახარება“, იმავეს იმეორებენ თანამედროვე, ეგრეთ წოდებული, ქოუჩებიც, რომ ფიქრებს, სიტყვას, იდეებს შეუძლია, შეცვალოს სამყარო. თან, ის სამყარო, რომელიც სინამდვილეში არც არსებობს. ადამიანის ამ უნარის შესახებ დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– საიდან აქვს ფიქრს, აზრს ძალა?

– რადგან ნატრობ, ნატვრა რეალობის რაღაც დონეზე გაჟღერებაა. ის რეალობა არსებობს, იმისდა მიუხედავად, შენ რას ფიქრობ, ოღონდ შენ არ ხარ ჯერ მწიფე და ვერ ბედავ, დაინახო. მაგრამ დროში რეალობად იქცევა. ყველაფერი იწყება ნატვრიდან, ფიქრიდან, ოცნებიდან. ხომ ოთხი სტიქია არხებობს?! შესაბამისად, შენი ფიქრები ჯერ გაზის ფორმისაა. რატომ ამბობენ, ფიქრებში წავედი, ფიქრებმა წამიღოო?! ფიქრები დადის, ნისლია და იმიტომ. მერე შედედდება – ოცნებად, ნატვრად იქცევა. ნატვრა უფრო მყარია. უკვე ვბედავ და ჩემს ფიქრებს ვასქელებ: თხევადდება, წყალივით მოდის. მასველებს, მაგრამ ვერ ვიჭერ – ეს ისაა, წყალწყალააო, რომ ვამბობთ. შემდეგ უკვე მოდის ცეცხლი – ემოცია და არ გასვენებს, გჭამს. ანუ უკვე ცეცხლი მოგედო. ეს ცეცხლი გულის ენერგიაა, რომელიც გაბურთავებს და ისე გაწყურებს ობიექტს, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია და ბოლოსაა მიწა – დავდექი სიმყარეზე, მივიღე ჩემი სამეფო, ანუ აღსრულდა. ასე ხდება ყველაფერი. მობილური ტელეფონი და ინტერნეტი თავის დროზე იდეა იყო, მაგრამ განსხეულდა, ხორცი შეისხა. ზღაპრის სამყაროში ჩავედით – ვხედავთ იმას, სადაც არ ვართ. მაგრამ ისე შევეჩვიეთ, თითქოს ყოველთვის ასე იყო.

ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ: მაცხოვარი გეუბნება, თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე; კვანტური ფიზიკა ამბობს, შენს დაკვირვებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. რასაც აკვირდები, ყველა პოზიციიდან სხვადასხვანაირად გეძლევა და ესენი ურთიერთგამომრიცხავი კი არ არის, არამედ ერთმანეთს ავსებს, ემატება. ვერაფერს გავიგებთ ამ ობიექტზე, თუ მხოლოდ ერთი პოზიციიდან დავაკვირდებით. ყველა ხედვის დაჯამებით მივიღებთ სრულ სურათს და მივხვდებით, რა არის. ესე იგი, ისინი აღავსებენ ერთმანეთს. ანუ ადამიანი არ არის გარედან პასიური დამკვირვებელი – ჩემზეა დამოკიდებული, როგორ მომეცემა სამყარო. შეიძლება, თქვა რაღაც მყარ საგანზე, მაგალითად, მაგიდაზე, რომ სიმკვრივეა, მაგრამ ფიზიკოსი დაგიმტკიცებს, რომ არ არის. მაგიდა შენს ტვინშია, რომ არ იყოს, ვერ დაინახავდი, გაღვრილი რაღაც იქნებოდა. დიახ, ხელის შეხებაც მაგრძნობინებს, რომ ფორმა აქვს, მაგრამ ესეც ტვინმა შექმნა და საერთოდ, ჩვენი აღქმები რომ არ იყოს აქ არაფერი იქნებოდა. იმიტომ რომ ყველაფერი არის ენერგია, შემდეგ ჩემს ეკრანზე ეს ენერგია ფორმებად შედედდება. ყველა ადამიანი თავის სამყაროს ქმნის ერთი კონცენტრატიდან, რომელსაც არც ფერი აქვს, არც ფორმა, არც სურნელი, არც სახელი. სწორედ ამან შესძინა მეტი გაბედულება კაცობრიობას, ის უკვე სამყაროს შემოქმედია. მაგრამ აქამდე მისვლას დიდი დრო დასჭირდა. თითქოს რელიგია მეცნიერებას ეწინააღმდეგება, არადა, პირიქითაა და ბუნებრივიცაა, რომ მეცნიერება განვითარდა და აი, რატომ: ვიცით, რომ ადამიანს სამყარო თავიდან არ აქვს გაცხადებული, შესაძლებლობად აქვს მოცემული და ორი მიმართულებით ავითარებს ამ თავის შესაძლებლობას. როდესაც ადამი სამოთხიდან გამოვარდება, სამყარო აქვს ასათვისებელი და მისტიკა არ სჭირდება, იმიტომ რომ უნდა გადარჩეს, უნდა გამრავლდეს, უნდა აითვისოს დედამიწა. ამისთვის კი უნდა გაუგოს ბუნებას, რომელშიც ყველაფერი აშფოთებს. წერია, მხეცები აუმხედრდნენო, ესე იგი, თავი უნდა დაიცვას, რომ გადარჩეს, უნდა გამოიგონოს ტექნიკა, უამრავი რამ აქვს გასაკეთებელი და ადამის ერთი ნაწილი ტექნიკური მიმართულებით წავიდა. მეორე – ვერტიკალურად. აინტერესებს, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, საით მივდივარ?! ესაა, რასაც ებრაელები ორი ადამის ისტორიას უწოდებენ. ჩვენ ხომ კუბს ერთ ჭრილში ვერ დავინახავთ?! ამიტომ ორ ჭრილს ვაკეთებთ და შემდეგ წარმოსახვით ვაერთებთ. ასე რომ, ჯერ პირველი ადამი ავითარებს თავის უნარებს, რომ სამყარო აითვისოს. ორი მიმართულებით ებრძვის ადამიანი სიბნელეს, ოღონდ ბნელია იმიტომ, რომ ჯერ არ აქვს გაგებული და ფეხდადგმული და არც თავისი სულის სამყარო იცის, წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის, რატომ არის, საით მიდის და ესეც არ უნდა გაწყდეს. სწორედ ეს ორი ერთდება ბოლოში, რაც უკვე ორი მესიის ისტორიაა, რაზეც ჩვენ ადრე ვისაუბრეთ: ბენ იოსები და ბენ დავითი. ბენ იოსები ისაა, ვინც ტექნიკურად ავითარებს თავის შესაძლებლობებს, ხოლო ბენ დავითი არის მეფე – მეტაფიზიკური განვითარება. ეს მეორე თუ არ იქნა, პირველს აზრი არ აქვს: რატომ ავითარებს სამყაროს ადამიანი, რომ ბოლოს მოხერხებულად წამოწვეს და მოკვდეს?! ამასთან, თუ სამყარო ტექნიკურად თითქმის ბოლომდეა ათვისებული, რჩება მეტაფიზიკა, სულიერი განვითარება და დღეს იქაა სამუშაო. ანუ ჩვენ ვიცით, როგორ შეიქმნა სამყარო, მაგრამ არ ვიცით, რისთვის, რა დანიშნულება აქვს მას. ესენი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან, პირიქით – ავსებენ. ვერტიკალური განვითარებაა რელიგიები, ფილოსოფია, ხელოვნება. ხელოვნება არ იჭმევა, არ ისმება, მაშინ ხელოვნების ნიმუში რაში გვარგია?! მხოლოდ ტექნიკური იარაღები გამოგვეგონებინა. სახლი ავაშენეთ, ეს ლამაზი ნივთები, სამშვენისები რისთვისღაა საჭირო?! აი, ეს უკვე რელიგიაა და სწორედ ვერტიკალი, დანიშნულებაა ებრაელების მისია, რაც აბრაამიდან მოდის. ამიტომაც წამოვიდა ყველა დიდი რელიგია ებრაელებისგან. თუმცა მესია უკვე ყველა რელიგიის მიღმაა. როდესაც ამ ორს შორის ბალანსი დარღვეულია, აუცილებლად უნდა აღდგეს. გავიმეორებ, ღმერთმა სამოთხეში შეაყენა წამსა სასწორისასა ადამის ცხოვრება, ანუ მატერია და გონი. ხომ გვახსოვს, როგორია სასწორი?! როდესაც ორი პინა ერთმანეთს უთანაბრდება, ეს წონასწორობაა ნეტარება, ოღონდ გარედან მყარად მოცემული არ არის. მე შუაში ვარ, ეს წამი წონასწორობის ადამია: არ არის მარტო გონი ან მარტო მატერია, ორივე მომეცა, რომ განვვითარდე. მე ღვთის ხატი ვარ, მე უნდა შევქმნა ეს წონასწორობა, მაგრამ ცუდი ის მოხდა, რომ შეშფოთება შემოვიდა, მატერიამ გადაფარა გონი და სასწორის წონასწორობა დაირღვა. ისევ აღსადგენია და წონასწორობა უკვე ქრისტეშია მიღწეული: ის არის ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი. ისინი არ მტრობენ ერთმანეთს, ორივე სტიქია – მიწა და ცა, ისევ აღდგა და დამშვიდებულია ქრისტეში. არც ერთი არ არის ერთმანეთის ხარჯზე და, როგორც კი ბალანსს დაარღვევ, წონასწორობაც ირღვევა. ქრისტე – ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი – არის ჩემი მოდელი. მე ახლა უკვე ქრისტეს შთამომავალი ვარ და არა ადამის. შესაბამისად, ვისი შთამომავალიც ხარ, ის უნდა მივიღოთ ბოლოში. როდესაც ქრისტეში ვიბადები, ბოლოში ის უნდა შევდგე, ვინც თავის თავში აწონასწორებს ამ ორ სტიქიას. სანამ წონასწორობამდე, ანუ ქრისტემდე მივალთ, ისევ ნარჩუნდება ენერგიის მუდმივობის კანონი და, თუ სასწორის ერთი პინა ზედმეტად ავარდება, მაგალითად, ლიბერალიზმი გაძლიერდება, მაშინვე ფუნდამენტალიზმი წამოიწევს, შეეშინდება, არ გავწყალდე და ბოლომდე არ დავიღუპო, მატერიად არ ვიქცე. შესაბამისად, საზრისი ამოიწევა. მეორე პინას ასწევს ზევით და დაიწყება ცეცხლი და მახვილი, მერე ისევ ლიბერალიზმს შეეშინდება, მარტო ზეცა და ჰგონია, მიწა დაგვავიწყდაო და ასეა ყველაფერში. იგივე ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ეს ჯერჯერობით პროცესია, რამაც წონასწორობის საბოლოო მდგომარეობამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ ჩვენში განხორციელდეს ქრისტეს მოდელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული