რატომ ვართ ადამიანები გაუბედავი ქრისტეები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ჩვენ ყოველ წელს ერთსა და იმავე ქრისტიანულ დღესასწაულებს აღვნიშნავთ, დავდივართ ტაძარში, ვლოცულობთ, ვეზიარებით, ღმერთს შენდობასა და შეწევნას ვთხოვთ, მაგრამ ტაძრიდან გამოსულები, უმეტესწილად, მაინც ისევ იმ ადამიანებად ვიქცევით, როგორებიც ტაძარში შესვლამდე ვიყავით. რატომ ვერ იცვლება ადამიანი ან როგორ უნდა შეიცვალოს, რომ მის გულში მაცხოვარი დაიბადოს, რაც მასაც ათქმევინებს: მე და მამა ერთი ვართ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი (ოთხოზორია): დღესასწაულები იმისთვის არ არის, რომ მუდმივად ვიდღესასწაულოთ, არამედ იმისთვისაა, რომ ნელ-ნელა გაგვახსენდეს, რომ, თურმე, ეს ყველაფერი აქ და ახლა ხდება და არა ისტორიაში. ისტორია მანამ იქნება, სანამ ჩვენ ვიყურებით, როგორც სოციოკულტურული არსებები. რაც უფრო დიდია სხეულთან გაიგივებისა და ხორცთან იდენტობის ხარისხი, მით უფრო ისტორიაში ვხედავთ ყველაფერს, ანუ როგორც წარსულში, მომავალსა და აწმყოში მომხდარს. მაშინ, როდესაც ეს სამი დრო, ფაქტობრივად, ტვინმა გამოიგონა, თორემ დრო სამოთხეში არც იყო. სამოთხე არის მყოფობა, ყოფნა, სადაც გაჯერებულია ყველაფერი, დრო და სივრცე შიგნით არის მოქცეული. ჩვენ სწორედ აქედან გამოვვარდით და გადავედით სხვა მდგომარეობაში, დროსა და სივრცეში. რატომ? იმიტომ არა, რომ სულ აქ და ამაში დავრჩეთ, არამედ იმისთვის, რომ, ჩვენი გაცნობიერებით, როგორც წიწილა ამოჭამს კვერცხიდან ცილას, ამოვჭამოთ ეს სამი დრო და ის ისევ შიგნით შემოვიდეს. გახსოვთ, რას ამბობს იესო, როდესაც ეკითხებიან, შენ 50 წლისაც არ ხარ და აბრაამი როგორ ნახეო?! ისინი ლოგიკას მიჰყვებიან, არადა ეს მიწიერი კითხვებია და, ამდენად, მათთვის აბსოლუტურად აბსურდულია, რასაც ქრისტე ამბობს. ადამიანური ლოგიკით, აბრაამს ვერაფრით ნახავდი, თუ 50 წლისაც კი არ ხარ, მაგრამ რას უპასუხებს მაცხოვარი?! ჭეშმარიტად გეუბნებით, ვიდრე აბრაამი იყო, მე ვარ. ეს პასუხი ხომ გრამატიკული შეცდომაა?! წესით, უნდა ეთქვა, ვიდრე აბრაამი იყო, მე ვიყავი. აი, ეს მე ვარ – არის ყოფნა, ანუ პირველი მატერია არ არის რაღაც ბოზონი თუ რაღაც სხვა ნივთიერება, რას აღარ ამბობენ, არამედ მე ვარ არის მდგომარეობა, რომელმაც მატერია უნდა გაგვაცალოს, რომ ჩვენც ვთქვათ: მე ვარ და ამით დასრულდება ქმნადობის პროცესი, მაგრამ როდის მივხვდებით ამას?! თუმცა, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ამ გაგებასა და მიხვედრას.
ვთქვი, რომ ჩვენი, მართლმადიდებლების, პლუსია, რომ ჩვენ, ჩვენი ეკლესია ვინახავთ ღმერთის ორბუნებოვნებას, მართლაც სასწაულია, რომ დღემდე მოვიტანეთ ეს ხსოვნა და ღმერთის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ღმერთმა დაგვიცვა, ისევე, როგორც ებრაელები დაიცვა, რომ მათ წიაღში მესია დაბადებულიყო. ღმერთმა ინება, რომ ორბუნებოვნების პროპორცია შენარჩუნებულიყო ჩვენში; რომ ჩვენ, ქართველობა, არ ვართ ფანატიკოსები: არც ცისკენ ვიხრებით ზედმეტად და არც მატერიალისტები ვართ, რადგან „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“.
დიახ, ქართველი არ არის ფანატიკოსი, სიცოცხლეს არ დათმობს უაზროდ და ადვილად., მაგრამ სიყვარულისთვის დათმობს: ბოლო ტყვიასავით ინახავს, როგორც მეომარი, რომელსაც ბოლო ტყვია ყოველთვის აქვს შემონახული. ქართველი ცხოვრობს და იცის, რომ, თუ რაღაც მომენტი დადგა, მაშინ ის თავს გაწირავს, ოღონდ არა უაზროდ. მაგრამ რა პრობლემა გვაქვს დღეს?! აი, ეს ბალანსია დარღვეული. ნახეთ, როგორ შემოგვეპარა სულიერება – გვგონია, რომ სულიერები ვართ, თუ მოძღვარი გვყავს, აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით და ნამდვილ კარგ ქრისტიანობად მიიჩნევა ის, თუ ბევრჯერ ხარ ნაზიარები, დადიხარ თუ არა ტაძარში. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ შედეგი მაჩვენე, შედეგი კი ისაა, როგორ ცხოვრობ. თუ შენ არ ცხოვრობ, ანუ მიწაზე არ დადიხარ, ესე იგი, მოჩვენებითია შენი ქრისტიანობა. შენი ცხოვრებით უნდა მაჩვენო ქრისტე და არა იმით, რომ იძახო: ქრისტე, ქრისტეო, ხატებისკენ მიმითითო, დამარიგო, წადი ტაძარში, ილოცე და ღმერთი გადაგარჩენსო. ქრისტე ასე არ ამბობს... ქრისტეს ეკითხებიან, ღმერთი მაჩვენე და საკმარისია ჩვენთვისო და ის საყვედურობს: ფილიპე, რამდენი ხანია, თქვენთან ვარ და მე არ მიცნობ?! ვინც მე მიხილა, მამა იხილა...
როდესაც მოგვთხოვენ პასუხს, მაჩვენე ქრისტეო და შენ გაბედავ, მე გავბედავ, ჩვენ გავბედავთ და არ დავიწყებთ ბოდიალს, წადი მამაოსთან ტაძარში, დაიჩოქე ხატებთან და ევედრეო, არამედ ვეტყვით, მე შემომხედე, ჩემგან გიყურებს ქრისტე, აი, ეს იქნება შედეგი, მაგრამ გავბედავთ ამას?! ვერა, იმიტომ რომ გაუბედავი ქრისტეები ვართ, ბავშვები. არადა უნდა გავიზარდოთ, მთავარია, შტერებად არ დავრჩეთ, იმიტომ რომ, თუ 15-20 წლის ხარ და ვერ დადიხარ და ვერ ლაპარაკობ, ესე იგი, ავადმყოფი ხარ და სხვა პრობლემა გაქვს, თორემ, წესით, ისეა, როგორც პავლე მოციქული ამბობს: ბავშვები არ ხართ, უნდა გაიზარდოთ. ასე რომ, დღევანდელ საქართველოში კარგი ამბავი ის გვაქვს, რომ დღემდე, მადლობა უფალს, დაუმახიჯებლად შევინარჩუნეთ ღმერთის ორბუნებოვნება, რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთი მიწაზეა და, დიახ, ჩვენ ველოდებით სასუფეველს აქ, დედამიწაზე; ჯვარზე ქრისტე ავაზაკს ეუბნება, დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში; ჩვენ ხსოვნით არ მივყვებით ამ სამყაროს, სადაც ელოდებიან კომუნიზმსა თუ დემოკრატიასა და ლიბერალიზმს; კაი ჭამა-სმასა და გართობას, ხომ ლამის ამისკენ მიდის დღევანდელი სამყარო?! არამედ ველოდებით სიყვარულით გამთლიანებულ, ერთ სხეულად შექმნილ დედამიწას, როგორც ერთი ადამის მოდგმა, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული. ეს გვაქვს კარგი, მაგრამ ცუდი ის გვაქვს, რომ ბევრი ჩენჩო გვაკრავს დავიწყებისგან, რითიც დაგვიმახინჯდა ეს გაგება. შესაბამისად, ვატარებთ ამ ორბუნებოვნების გაგებას, მაგრამ მაინც საიქიო სჭარბობს ჩვენში და ერთგვარი ბრძოლაა, კაცი რომ აღესრულება, როგორმე წესი ავუგოთ და ეს წესის აგება ლამის ცხონების გარანტიად იქცა. არადა, ეს მაინც ბავშვური დონეა და ჩვენ არც უნდა დავრჩეთ აქ და არც უნდა შევურიგდეთ იმ გაგებას, რომ საიდუმლოებების აღსრულება ფაქტის დაფიქსირებით განისაზღვრება. დიახ, ზიარებას იღებ, მაგრამ მთავარი ის არის, რომელ ქრისტეს ეზიარები. რა თქმა უნდა, ბარძიმში ქრისტეს სისხლი და ხორცია, მაგრამ ზიარებისას მე შენს ქრისტეს უნდა ვეზიარო, რომლისგანაც მაშორებს შენი ადამიანური ბუნება. რომელიც ჩემს ადამიანურ ბუნებას, სულაც, არ მოსწონს და ამბობს: ამასთან ერთად რა მინდა?! ზიარება ნიშნავს ორის ერთად ქცევას და სანამ მე შენში მყოფ ქრისტეს არ ვეზიარები, ღმერთს ვერ ვიპოვი. ეს უნდა აღვასრულოთ ცხოვრებაში და ამიტომ არის ქრისტეს ეკლესია ქრისტეს სხეული, ჩვენ მისი ნაწილები ვართ და ერთად უნდა ამოვიზარდოთ წმიდა ტაძრად და ეკლესიად, ანუ ქრისტეს სხეულად. აი, რისკენ მივდივართ – ჩვენ ღმერთს ერთმანეთში ვეძებთ და არა ჰაერსა თუ ცაში. საერთოდ, ზოგადი ღმერთის სიყვარული ადვილია, ზოგადად, კაცობრიობის სიყვარულიც ადვილია, მაგრამ მოყვასის, დიახ, მოყვასის, შენ გვერდით რომ ზის და, მით უმეტეს, თუ ქრისტიანია, დიდი სიყვარული ასე ადვილი არ არის. ეს თუ შევძელით, ჩათვალეთ, რომ გადალახულია ყველა ბარიერი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან