რელიგია

რატომ ვაბრალებთ ადამიანები ყველაფერს ეშმაკს და როგორ ვაქციეთ სატანა საკუთარი ცოდვების ალიბად

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.01, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანები, ძირითადად, ყველაფერს ვაბრალებთ ეშმაკს, ცუდს ჩავიდენთ ან გავიფიქრებთ, ეშმაკი შემიჩნდა, ცუდი რამ დაგვემართება, ეშმაკის ოინებია, პრობლემები გვექმნება, ეშმაკის ბრალად ვასაღებთ. მართლაც ასეთი ძალმოსილია ეს ვიღაც ეშმაკი, რომლის წინაშეც ჩვენ თითქოს უძლურები ვართ? – ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).

– ხანდახან მგონია, რომ არ არსებულიყო, ადამიანებს ეშმაკი უნდა გამოგვეგონებინა, იმიტომ რომ ის ერთგვარი განტევების ვაცია, ყველაფერი მას ბრალდება. ვინ არის ეს ეშმაკი, ბოლოს და ბოლოს და რას გვემართლება?

– სიკეთე და ბოროტება უძველესი და ურთულესი თემაა და დღესაც არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, სად არის ამის ფესვი, თორემ, ეს რომ გადამწყდარიყო, სამყარო ერთ დღეში შეიცვლებოდა. მთელი პრობლემა ისაა, რომ არაა მიგნებული, სად დევს ბოროტება. არადა, ისევე, როგორც, თუ არ არის მიგნებული ავადმყოფობის ფესვი, მკურნალობა ამაოა. ამიტომაც უმჯობესდება ყოველწლიურად სამედიცინო ტექნოლოგიები, რომ მიაგნონ იმის სათავეს, რაც აავადებს ორგანიზმს, რადგან ეს გააიოლებს მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რელიგიაა, კაცობრიობა მაინც დუალიზმშია და ვერაფრით ავმაღლდით ერთ ღმერთამდე.

ეშმაკი, ერთი მხრივ, არსებობს, მის გამოვლენას ყველგან და ყველაფერში ვხედავთ და შეუძლებელია, არ დაინახო, რადგან, სხვა რომ არაფერი, არ მგონია, ღმერთს უნდოდეს, ხდებოდეს ის ყოველივე ცუდი, რაც ხდება, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ეშმაკი არსებობს, გამოდის რომ ის ღმერთია, იმიტომ რომ ძალიან მძაფრად ჩანს სიბოროტე. მაშინ სადაა პასუხი?! ვხედავთ, რომ ყოველდღიურად არა მხოლოდ ბოროტი ადამიანები, ბავშვებიც იხოცებიან, ომებია, ავადმყოფებია, კატაკლიზმებია და, თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ რატომ არ აღკვეთს?! თუ ყოვლად მოწყალეა, მაშინ რატომ ითმენს?! იმის თქმა მინდა, რომ ლოგიკური პასუხით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ არსებობს ბოროტი ქმნილება – ეშმაკი, გამოდის, რომ არსებობს ორი ღმერთი. თინათინი ამბობს: „ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს“, ანუ ის, რაც გამოვლენილია, როგორც ბოროტება და უსამართლობა, ისევ და ისევ ღვთისგანაა დაშვებული.

ამდენად, პრობლემაა ჩვენი ხედვა. ეს ჩვენ აღვიქვამთ, რაც ხდება, როგორც ეშმაკის გამოვლინებას. მაშინ, როდესაც ღმერთის დაშვებაა, რასაც ეშმაკი სჩადის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ადამიანისთვის?! თუ, მაგალითად, ძაღლს მიუქსევ ადამიანს, პრობლემა ვისთან ექნება? ძაღლის პატრონთან, არა?! ბიბლიაშიც წერია – თუ ადამიანს მორქენალი ხარი ჰყავს და ის ურქენს ადამიანს და მოკლავს, პასუხი მოეთხოვება ხარის პატრონს, იმას გარდა, რომ ხარიც უნდა დაიკლას. ესე იგი, თუ ეშმაკი ისეთი მორქენალი ხარია, რომელსაც ვერ იმორჩილებს პატრონი, ანუ ღმერთი, ორი ვარიანტია: ან შეგნებულად გამოუშვა ღმერთმა ის ჩვენ წინააღმდეგ, ან, უბრალოდ, ვერ მოერია და ვერ შეაკავა. შეიძლება, ღმერთი ისეთი იყოს, რომ ვერ აკონტროლებდეს ბოროტ ძალას?! ეს ხომ აბსურდია?! შესაბამისად – რჩება ერთდერთი ვარიანტი: ეშმაკი მოქმედებს ღმერთის ნებით. ერთი წამით რომ დაიხსნას ბოროტმა თავი ღმერთის ნებისგან, ერთ დღეში ააფეთქებდა მთელ სამყაროს.

აქედან გამომდინარე, ვაწყდებით მწარე რეალობას: რაც ხდება, ყველაფერი ღმერთის ნებაა, ოღონდ ეშმაკი მის ხელში არის იარაღი. ამდენად, სწორიცაა – როდესაც ვამბობთ, რაც ხდება, ეშმაკისგანააო. ძაღლსაც ასე ჰგონია – ჯოხს რომ არტყამ, კბენს ჯოხს, იმიტომ რომ ჯოხია მისთვის მტერი, ვინაიდან ჯოხმა მიაყენა ტკივილი. ვინც ბავშვს ნემსს უკეთებს, ის ცუდი ბიძიაა, იმიტომ რომ ატკინა. როდესაც ასე, ანუ ემოციის დონეზე ვაზროვნებთ: რატომ გვაცოდვილებს, რატომ გვიკლავს ახლობლებს, რატომ გვხდის ავად და ამაში მხოლოდ ტკივილს ვხედავთ, იმ ბავშვს ვემსგავსებით, ვისთვისაც მთავარი შეგრძნება წვაა, როდესაც ნატკენზე იოდს უსვამენ და მას ვერაფრით გააგებინებ, რომ ამით შველი. შესაბამისად, პრობლემა ჯოხი, ნემსი და იოდი კი არა, გაუცნობიერებლობაა. ამიტომაც იმას კი არ უნდა ვჩიოდეთ, ეშმაკი რატომ გვაცდუნებს, გვაავადებს და გვკლავსო, არამედ იმას, თუ განგება რატომ აჯიჯგნინებს ჩვენს თავს ეშმაკს.

– ხშირად მიფიქრია ამაზე და მჯერა, რომ, რაც გვემართება, ყველა ტკივილი, ყველა დარტყმა, ჩვენი გაწრთვნის, გაზრდის საშუალებაა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ტკივილით? სიყვარულით ვერ ვიწრთვნებით ადამიანები და ამიტომ ღმერთი იძულებულია, გვატკინოს?

– ასეთი გამოთქმაა: „ღმერთი სიყვარულის ენით გვეჩურჩულება, გვამხელს სინდისის ქენჯნით და გვტკენს განსაცდელით“. რას ნიშნავს ეს? დილით დედა შვილს ჩურჩულით, მოფერებით აღვიძებს, უნდა ადგე, დედიკო, სკოლაში უნდა წახვიდე; მაგრამ ბავშვი არ იღვძებს; მაშინ დედა ცდილობს, სინდისზე შეაგდოს, ეუბნება, ადექი, გაგვიანდება სკოლაში, მაგრამ ბავშვი ისევ კედლისკენაა გადაბრუნებული და განაგრძობს ძილს და დედა უკვე აცლის საბანს და წამოაგდებს ლოგინიდან.

ახლა წარმოიდგინეთ, ბავშვმა რომ თქვას: ჯერ დედას ვუყვარდი, მერე ნაკლებად, ბოლოს კი მომიძულაო. თუმცა ბავშვის ცნობიერებაში დედის ბოლო ქმედება დიდი უსამართლობა და სიმკაცრეა. დაახლოებით ასეა: როდესაც ჩვენ არ გვესმის სამყაროს ენა, მაშინ გვეხმარებიან, რომ გავიგოთ და სწორედ, ამას უწოდებენ ებრაელები დახმარებას შენ წინააღმდეგ. ქართულშიც არანაკლებ საინტერესოდაა დანახული ეს თემა: ჭირს გავურბივართ ყველანი, ერთი სული გვაქვს, როდის დავაღწევთ თავს და დავუბრუნდებით ჭირამდე არსებულ მდგომარეობას. მაგრამ, ასევე, გვაქვს სიტყვა „საჭირო“, ანუ მანამდე იქნება ჭირი, სანამ არ მოიშინაურებ და არ გაუგებ, არ მიუხვდები, სწორედ ამიტომაა ის საჭირო. და აი, სწორედ ესაა ბოროტების დაძლევის გზა. დღეს საქართველოში ყველაფერი ეშმაკსაა გადაბრალებული, რადგან არ ვიზრდებით და ჯიუტი ბავშვები ვართ, ამიტომ მეტი და მეტი დარტყმა მოვა, რომ ერთხელაც მივხვდეთ და გონით ჩავუკვირდეთ და არა ჭირვეული ბავშვის ემოციით, რომელიც ფეხებს აბაკუნებს და არაფრის გაგონება არ უნდა, რის გამოც კიდევ უფრო მეტი ტკივილის ატანა მოუწევს.

ეშმაკისთვის ყველაფრის დაბრალება, უბრალოდ, ალიბია: თუ ეშმაკი მაკეთებინებს ყველაფერს, ესე იგი, მე წამებული ვარ; იმიტომ ვცოდე, იმიტომ მოვკალი, ვიმრუშე, შევიგინე, მოვიპარე, რომ ეშმაკმა მაცდუნა და ვერ გავუძელი. ამიტომაც ვამბობთ შემომეჭამა, შემომაკლა თავი, შემომეხარჯა. არადა, ადამიანის უმწიფრობის გამოვლინებაა, თუ ყოველ ჯერზე ეშმაკი მაცდუნებს. რუსთველი ამბობს: „ვინც დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთა“. ანუ განგებამ ადამიანში ჩადო რესურსი – ეშმაკს მოგიჩენს იმის შესამოწმებლად, რომ შენი რწმენა გამოავლინო და ეს წყვდიადი ყოველ ჯერზე გონიერებითა და სიყვარულით დასძლიო. ეშმაკი არ მოდის შენს დასამარცხებლად, ის მოდის იმისთვის, რომ მასთან ჭიდილში გაიზარდო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი