რელიგია

რატომ უწევს მაძიებელ ადამიანს აკრძალული მეთოდების გამოყენება სრულ სიცხადემდე მისვლისთვის

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.09, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

– როდესაც პირველად წავიკითხე „მათეს სახარება“, ვერ მივხვდი ამ ჩამონათვლის არსს და, რაც მთავარია, გამაკვირვა წინადადებამ: „იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო“ და თუმცა, მივხვდი, რომ ამ გენეალოგიას სხვა დატვირთვა ჰქონდა, მაინც ვერ მივხვდი, რა. რატომ იწყება მათეს სახარება ქრისტეს გენეალოგიით?

– ადრეც გვითქვამს, როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს სამოთხეში, ღმერთმა ევას უთხრა, ტანჯვით შობ შვილებს. ეს ცოდვა რომ არ მომხდარიყო, მას ტანჯვით შვილების შობა არ მოუწევდა. სამოთხის მდგომარეობაში ადამიანი იმდენად ახლოსაა სიცხადესთან, რომ იქ კითხვასა და პასუხს შორის მანძილი დიდი არ არის და ამიტომ ადამიანი არ იტანჯება გაუგებრობით: შეკითხვა ებადება და გაგებაც წამში მოდის, ანუ სამოთხეში უფრო ინტელექტუალური შრომა იყო. გვახსოვს, რომ მცნება სამოთხეშიც მიეცა ადამს: „ცვად და მუშაკობადო...“ „დაიცავი“ ნიშნავს, რომ უკვე მოცემული გაქვს და უნდა განავითარო, იმუშაკო. ანუ უსასრულოდ შეგიძლია, გააღრმავო, განავრცო შეცნობა და მუდმივად გაიზარდო ამ ნეტარებაში, სადაც არც წყვეტაა და არც ტანჯვის შეგრძნება კითხვიდან პასუხამდე. ამდენად, სამოთხეშიც არ არის უმოქმედობა, მაგრამ აღქმის, გაგების ინტენსივობაა ძლიერი და, რაც მთავარია, არის უწყვეტობა. ჩვენ, ხომ, წუთისოფელში წყვეტა გვაქვს? რაღაც მინდა, მაგრამ ამ სურვილის გაჩენიდან მის დაკმაყოფილებამდე გადის დრო, გავიღებ ძალისხმევას და მოვიხმობ მოთმინებას. ადამის მიერ სამოთხის დატოვების შემდეგ დაიწყო ძიების, შეკითხვების ახალი გზა... ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს „შვილები“: თითოეული ახალი შვილი არის ახალი მდგომარეობა, ახალი გაგება და ასე ნელ-ნელა მივდივართ მესიამდე. სწორედ, მესია არის ჩემში ის სიცხადე, რაც უკვე სამოთხის მდგომარეობაა. იესო ცათა სასუფეველია, იესო ისევ სამოთხეა ჩვენში, ეს ის გაგებაა, რასაც უკვე მივაღწიე.

ადამის გზაა: ოფლითა შენით მოიპოვე პური შენი. იესო კი ამბობს: „მე ვარ პური“. „პური“ რაა? დიდი სიცოცხლე – ისევ ღმერთთან ურთიერთობა, მაგრამ წუთისოფელში, რადგან ჩართულია დრო, დასაღვრელია ოფლი და გასაღებია ძალისხმევა, შვილები ტანჯვით იშობა, ანუ პასუხები ტანჯვით მიიღება. ძალიან დიდი ტკივილია, როდესაც რაღაც არ იცი და პასუხს ეძებ, მაგრამ ძალიან დიდი შვებაა, უცებ რომ პასუხს დაბადებ. იესოც ამბობს: ეძიებდეთ და ჰპოოთ... ერთი შეხედვით, საშინელებაა: არც კი იცი, მოძებნი თუ არა.

– და არც ის იცი, სად ეძებო.

– ვთქვათ, ბეჭედი დაგეკარგა და გულგატეხილი ხარ, შეიძლება, იქვე და ხუთ წუთში იპოვო, მაგრამ იმთავითვე ხომ არ იცი, რომ იპოვი?! აი, ასე, ამ ძიება-ძიებით, ნელ-ნელა ის სიბნელე, გაურკვევლობის ბურუსი, რაც სამოთხის დაკარგვის შემდეგ დაგვეფარა, დაიძლევა გაგებიდან გაგებამდე და ამას ჰქვია გენეალოგია: წვდომიდან წვდომამდე იმ სიმაღლემდე ასვლა, როდესაც აღარ იქნება საჭირო ძალისხმევა პასუხის მისაღებად, იმიტომ რომ აღარ იქნება კითხვებიც. იესოს შვილი აღარ ჰყავს! რატომ არ ჰყავს? იმიტომ, რომ შვილი უკვე აღარ არის საჭირო! ყველა კითხვაზეა გაცემული პასუხი – ანუ შემოვიდა სრული სიცხადე. ებრაელებისთვის ტრაგედია იყო, თუ ძე არ ჰყავდათ და ყველა ღონეს მიმართავდნენ, რომ რამენაირად ძე ეშვათ. იესოს გენეალოგიაში რამდენიმე ქალია, რომლებიც ტრადიციული მიდგომით, არიან მეძავები. ერთის, თამარის მაგალითი განვიხილოთ: თამარი იუდამ, მამამთილმა თავის უმცროს ვაჟს არ გააყოლა ცოლად (მაშინ ხომ ტრადიცია იყო, რომ ძმას გარდაცვლილი ძმის ცოლი მოჰყავდა), შეეშინდა, რაკი ორივე უფროსი ვაჟი, რომელთა ცოლიც თამარი იყო, დაეღუპა და მესამე, უმცროს ვაჟს აღარ გააყოლა, იმის შიშით, რომ ისიც არ მომკვდარიყო. მაგრამ რძალი არ დანებდა და, როდესაც სახლიდან გააგდეს, მეძავის ტანსაცმელი გადაიცვა, მოახერხა და დაწვა თავის მამამთილთან. შემდეგ შეუთვალა, შენგან მყავს შვილიო. დაუმტკიცა კიდეც, ვინაიდან მანამდე ბეჭედი და კვერთხი გამოართვა ნივთმტკიცებად. ანუ მაინც გააჩინა ძე იუდასგან და თამარი შესულია იუდას გენეალოგიაში, იმიტომ რომ ძე საჭირო იყო – გასაგრ-ძე-ლებლად, გაგებიდან გაგებაში გადასასვლელად. ამით ბიბლია გვეუბნება, რომ ხშირად კითხვაზე პასუხის მისაღებად აკრძალული მეთოდებიც კი უნდა გამოვიყენოთ, რათა სიცხადის გენეალოგიაში დავრჩეთ, რაც სრულ სიცხადემდე მიგვიყვანს. სწორედ არ თვისებით – ყველანაირი საშუალების გამოყენებით პასუხისთვის – მივიღეთ სრული სიცხადე ქრისტეში. „სახარებაშიც“ ასეა: ვინც კი ქრისტესგან განიკურნა, მას ეს არ მიუღია გარედან და პასიურად, არც რჯულიერად და არც კანონით. ყველამ, გადალახა რაღაც საზღვარი, არსებული კანონები და ისე მივიდა ქრისტესთან, რადგან სხვანაირად ვერც მივიდოდნენ. აი, ეს თვისება უნდა ჰქონდეს ყველა მაძიებელ ადამიანს: ყველაფერზე უნდა წავიდეს, რომ ამ გზაზე სიცხადე მოიპოვოს. ეძეიბდე და ჰპოვებდე, ითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგეღება... ანუ ყველგან პროცესია, სულ უნდა ეძებო, სულ უნდა ითხოვო, სულ უნდა აკაკუნო... ძალისხმევა დაატანო, შეაწუხო... და ამის უამრავი მაგალითია ძველსა და ახალ აღთქმაში. იესოს გენეალოგიაში მოტანილი სახელები ჩვენი სულის მდგომარეობებია; ის მდგომარეობებია, რომლებსაც ქრისტემდე მივყავართ. ჩვენც იმ წერტილიდან ვიწყებთ, რომელსაც ჰქვია აბრაამი და მივდივართ ქრისტემდე. ქრისტე პირდაპირ კი არ იბადება, არამედ კითხვა-პასუხების ჯაჭვის ბოლოს ვიღებთ დიდ პასუხს: ქრისტე არის ყოველ სახელზე აღმატებულიო. რას ნიშნავს ქართულ ენაში „სახელი“? ახელს, ვამხელ... სახელს ვარქმევ ჩემს ამა თუ იმ მდგომარეობას: მქვია აბრაამი? ესე იგი, მე ღმერთს ვითვისებ აბრაამის დონეზე. მქვია მოსე? ესე იგი, მივაღწიე მოსეს მდგომარეობას. იესოზე კი წერია: ყველა სახელზე აღმატებული, ანუ იესო უკვე უსახელო მდგომარეობაა, როდესაც ჩამოიშლება ყველა პასუხი და რჩება დიდი სიცხადე: მე ვარ ნათელი სოფლისა! რითაც უქმდება ყველანაირი გაურკვევლობა, ხოლო, როდესაც გაურკვევლობა არ არის, კითხვაც არ ისმება. იესოთი დასრულდა გენეალოგია, ანუ ჩვენი სულის მდგომარეობა და ესაა ის, რისკენაც ჩვენც მივდივართ. იესო შემოდის რწმენით, რომელშიც არის ხსოვნის მარცვალი: მას ახსოვს ქრისტეს ყოფნის ყველა დეტალი – შობიდან აღდგომამდე, რასაც მე ვიღებ ჩემში, რადგან სწორედ ამან უნდა მიმიყვანოს სრულ შეცნობამდე, რასაც ჰქვია სიყვარული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი