რატომ ურჩევნია ღმერთს სამოთხეში დარჩენილ ადამს ცოდვით დაცემული და მრავალი ათასი წლის ხეტიალის შემდეგ უკან დაბრუნებული ადამი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 13.07, 2023 წელი

ჩემი დაკვირვებით, თუ საქმე შენია, ძალიან მსუბუქად გამოგდის, თითქოს ძალას არც ატან, ხოლო, რაც შენი არ არის, რასაც მერე დროც აჩვენებს ხოლმე, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შედეგს, ფაქტობრივად, ვერ იღებ. მგონია, ასეა ღმერთთან მიახლოების შემთხვევაშიც: რაც მეტად ცდილობ, მით უფრო მალე ეცემი პირველივე წინააღმდეგობისას და წყალში გეყრება, რასაც, მანამდე მიაღწიე, გეგონა, რომ მიაღწიე – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– მცდელობებს რატომ ვერ მივყავართ ხოლმე მიზნამდე?
– ბიზანტიელი მისტიკოსის სიტყვებია: პიროვნული ცდის მწვერვალს ვაღწევ, რომელსაც არაცდა ჰქვია. ეს უნივერსალური მაქსიმაა; ერთგვარი კანონივითაა და ყველა მოაზროვნემ იცის. სამწუხაროდ, ვერ გაჩერდება ადამიანი, ანუ სწორედ არცდაა რთული. თვითონ სიტყვა „ცდა“ განვიხილოთ, მისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა: გამოცდილის ფუძეც ცდაა. და ვინ არის გამოცდილი? ის, ვინც ბევრს ეცადა; მეცნიერიც ცდას ატარებს, ანუ ცდომებშია, მან თავდაპირველად არ იცის, რა გამოუვა და, თუ გამოუვა, გამოუვა ბევრი ცდომის შემდეგ. ანუ მცდელობების, ცდომების, როდესაც გული გაგიტყდება, იმიტომ რომ ყველანაირ რესურსს ამოწურავ, შემდეგ რაღაც ხდება, ანუ არაფერი იკარგება. რუსთაველი ასე მიმართავს წუთისოფელს, თუმცა კი ღმერთს, იმიტომ რომ წუთისოფელი ღმერთის გარეშე ვერ არსებობს: რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსაო... წუთისოფელი ღმერთმა შექმნა და მაინც გვაწვალებს, ამდენად, იბადება კითხვა: ის ერთი ღმერთი, რომლის მიღმაც არავინ და არაფერია, რატომ განიცდება ასე მტანჯველად?! მაგრამ, აბა, გააგრძელე, რას წერს შემდეგ რუსთაველი?
– „ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა.“
– ანუ სად ყოფილა პრობლემა? ჩემს მინდობაში! როდესაც წარმავალი გიტაცებს, იძულებულია, გაგამწაროს და რატომ გამწარებს? რომ ნამდვილისკენ წახვიდე. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც გინდა, რომ ამ წუთსოფელში, წარმავლობაში სიტკბო მიიღო – „თაფლში ურევს მწარე ნაღველს“. ეს არის გაბრაზებული ცნობიერების მიერ გამოთქმული ბავშვური წყენა: ბავშვს რომ ნატკენზე იოდი წაუსვეს, მწარეა და ამიტომ არ აინტერესებს შედეგი, მაგრამ, ვინც გაივლის ამ წყენებს, მიხვდება, რა იყო მიზეზი: ამ წუთისოფელს თვითონვე ქმნიდა, ანუ ღმერთი – ერთადერთი სიცოცხლე და სიკეთე – წუთისოფლის სიმწარედ ადამიანმა გარდაქმნა თავისი უვიცი და უმწიფარი მდგომარეობის გამო. როცა ამას მიხვდება, შეწყვეტს მცდელობებს, არასწორ მიდგომებს. ცდის მწვერვალს ვაღწევ, რომელსაც არაცდა ჰქვია, ნიშნავს, რომ ბევრი მცდელობების შემდეგ ისე აღარ ცდილობ და საბოლოოდ სულ ჩერდები. აბა, დააკვირდი, ვისზე ამბობენ, გამოცდილიაო?! ვინც არ ფაციფუცობს, ბევრს არ მოძრაობს, ბევრს არ ლაპარაკობს, დინჯია, ამბობს ერთს და ის კეთდება, მინიმუმზე აქვს დაყვანილი ზედმეტი სიტყვა და მოქმედებები. გამოცდილი ყოველთვის ნელი და დინჯია, ბოლოს კი – საერთოდაც ჩერდება და ვინაა ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე? რა თქმა უნდა – ღმერთი! და რას წერს შოთა: „ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად“! და რატომ ზის? ზარმაცია?! ვინ არის დაბრძანებული საზოგადოებასა თუ საკურთხეველში? ბრძენი, მცოდნე. სიტყვა „ბრაძანებამ“ კომუნისტების დროს შეიცვალა მნიშვნელობა, თორემ „ბრძანებს“ ნიშნავს სიბრძნის თქმას. ვისაც გამოცდილება დიდი აქვს, ის ფეხზე არ დგას, არ დადის და სადაა დიდი მოძრაობა? სადაც ნაკლებია ცოდნაა. როცა ნაკლებია ცოდნა, შფოთია მეტი, იმიტომ რომ მიზანი, რასაც გვინდა მივაღწიოთ, არ ვიცით, სადაა, ამიტომ, როდესაც რაღაც ხდება, პირველი რეაქციაა პანიკა: ბეჭედი დავკარგე, წყალი გაწყდა, ომი დაიწყო. მაგრამ მერე რა ხდება? მასა ნელ-ნელა გადაგვყავს გონიერ მდგომარეობაში, ცხრება არასწორი მოქმედებები და როდესაც დადინჯებით ვფიქრობთ, ვიაზრებთ, ვაცნობიერებთ, მიხვედრის შანსი ძალიან დიდია, იმიტომ რომ შიში გვიკეტავს ცნობიერებას. „ძველ აღთქმაში“ წერია – შიში გონების მიერ შემწეობაზე უარის თქმაა. ანუ გონება პანიკითაა გადაფარული, ამიტომ ელოდება, ვიდრე დაშოშმინდება. მერე უკვე უცბად შეიძლება, მიხვდე, თურმე, სულ სხვაგან უნდა ეძებო გამოსავალი და საშიში არაფერი ყოფილა. რატომ უშვებს განგება ამ შეცდომებს, ცდომებს?! მცდელობები შეცდომებია და სანამ ცდილობ, შეცდომას უშვებ, აბა, რომ იპოვი, მცდელობასაც ხომ შეწყვეტ?! მაგრამ სწორედ შეცდომებს, მცდელობებს მიჰყავხარ მიზნამდე. შესაბამისად, ცდა არის ცოდვა. ძველქართულში შეცდომა ცოდვაა, ესე იგი, აცდა, ქვები შესცოდეს, ანუ ააცდინესო და აქედანვეა ნაწარმოები ცოდვილობა, ამაოდ დაშვრაო. ამის ხრიკი ისაა, რომ სხვა გზა არაა. ადამიანის უშფოთველობის პირველ მდგომარეობაში ცდომა, მცდელობა არ იყო. ყველაფერი იყო ცხადი: ესაა სიცოცხლის ხე, ის – ბოროტებისა და სიკეთის, იყო სისავსე, უშფოთველობა, ანუ უქმობა. ესე იგი, მშვიდობა, მეშვიდე დღე, როდესაც ღმერთმა დაისვენა. ძველ ქართულ ლექსიკონში წერია, რომ სამოთხის ფუძეა „მოთხვა“ („სა“ წინსართია), რაც ნიშნავს სეირნობას. როდის სეირნობ? როდესაც საზრუნავი არ გაქვს და დაცული ხარ. აი, ესაა ნეტარება, ტკბები, შფოთი არ გაწუხებს, ენერგიის მინიმუმით მაქსიმალურ სიამოვნებას იღებ. სწორედ ეს არის უცდომელი მდგომარეობა, ხოლო მცდელობა იწვევს ტანჯვას. მაგრამ რატომ დაუშვა განგებამ, რომ ადამიანს დაეკარგა ეს უცდომელი მდგომარეობა?! როგორ ფიქრობ, ღმერთმა არ იცოდა, რომ ადამი და ევა ბოროტებისა და სიკეთის ხეს შეეხებოდნენ?! მერე მოიფიქრა, განედევნა ისინი და ეწვალებინა?! შეიძლება, იფიქრო, მაშინ რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ პირველი უცდომელი მდგომარეობა დაკარულიყო, შემდეგ ადამს ამდენ ათას წელს ეხეტიალა, ამდენი ეცადა?! ვინაიდან იცოდა, რომ, საბოლოოდ მცდელობების რესურსი ამოიწურება და ადამიანი გაჩერდება და ამ გაჩერებით, ისევ დაბრუნდება შინ და, თუ ეს მდგომარეობა უფრო ამაღლებული არ იქნებოდა, განგება შექმნიდა ისეთ ადამიანს, რომელსაც ამდენი უნდა ეტანჯა, ეწვალა და მერე რაღაც ნაკლები სიკეთე მიეღო?! რომ აი, ღმერთმა ადამი კი შექმნა, მაგრამ მთლად ისეთიც ვერა, როგორიც უნდოდა და იძულებული გახდა, დაეტანჯა, რომ ისეთი გამოსვლოდა, როგორიც ჩაიფიქრა?! ანუ ღმერთს არ გამოუვიდა?! სისულელეა ასეთი ფიქრი – ადამი ასეთი ტანჯვების შემდეგ უკან, სამოთხეში, ბრუნდება ათასჯერ უფრო ამაღლებული, ვიდრე პირველ მდგომარეობაში იყო, როდესაც არ იცოდა, რა იყო სამოთხის დაკარგვა, ცდის სიმძიმე. ბოლოს უკვე ადამი, სამოთხის მკვიდრი, მთელი დიდებულებით, შიშით კი არა, საკუთარი გამოცდილებით, ბრუნდება შემოქმედთან. ღმერთს ჩვენი, როგორც პატარა ბავშვების, თრევა არ უნდა, ამიტომ ეს წუთისოფელი არის ადგილი, სადაც ადამიანი განისწავლება მცდელობებში, წვალებით, გულგატეხილობით, საბოლოო ჯამში კი, ამოწვავს იმ რესურსს, რომელიც მასში აღძრა მოქმედებამ. ადამიანს ჰგონია, რომ თავისი მცდელობებით მიაღწევს სამოთხეს, იმ სიმშვიდეს, რომელიც დაკარგა. არადა ეს შეუძლებელია. თერმოდინამიკის მეორე კანონია, რომ ყველაფერი მიისწრაფვის ენერგიის მინიმუმისკენ, რომ, რაც აღძრულია, მოძრაობაშია, არაბუნებრივია, წვაშია; რაც წვაშია, ამოწვავს თავის თავს, იმიტომ რომ ბუნებრივი მდგომარეობა ენერგიის მინიმუმია: როდესაც გაჩერდება პოტენციურ ენერგიაში. ადამიანშიც ასეა: ადამიანისთვის მცდელობა არაბუნებრივი მდგომარეობაა და, მართლაც, რატომ მოქმედებს? იმიტომ, რომ მოქმედების შემდეგ უკეთ დაისვენებს და ამისთვის ხარჯავს ენერგიას და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოქმედება უხარია. ამიტომაა მოქმედება მისთვის არაბუნებრივი, ვინაიდან ნეტარება უქმობაა, როდესაც ენერგიის მინიმუმით ბედნიერებას მაქსიმალურად შევიგრძნობ. აი, რისკენ მიდის ყველაფერი...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან