რელიგია

რატომ უნდა იყოს ქრისტიანი ავანტიურისტი ქრისტეს შეცნობის გზაზე და რის გამო არის მორწმუნეობა ცხონების გარანტია

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 20.01, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ზოგს სწამს, ზოგს – არა. ზოგი ეკლესიურია, ზოგი – არა, მაგრამ არის თუ არა ჩემი რწმენა, რაოდენ ძლიერიც, ჩემი გადარჩენის გარანტია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: რწმენა ჩემი არჩევანია და ერთადერთი რამაა, რაც მხოლოდ ჩემს მოსურვებაზეა დამოკიდებული. თუ ეს ჩემი სურვილი და არჩევანი არ არის, მაშინ არც სათნოებაა. ზუსტად იმიტომაა სათნოება, რომ მინდა და მწამს, ისევე, როგორც არ მინდა და არ მწამს. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდია ღმერთი, მაგრამ მაინც არ გვაიძულებს, გვწამდეს. ჩვენ რომ იძულებული ვყოფილიყავით, გვერწმუნა, არავინ ვიქნებოდით: ვინაიდან, თუ მწამს იმიტომ, რომ ღმერთი მაიძულებს, მწამდეს, იქ სიყვარულიც არ არის! სიყვარულისთვის ოქროს კვეთაა საჭირო. აი, რატომაა ასე რთული ღმერთის რწმენა და რატომ გვეჩვენება სამყარო ქაოსად ყოვლისშემძლე ღმერთის ხელში. ანუ, ერთი მხრივ, ყოვლისშემძლე და ყოვლად მოწყალე ღმერთია, მეორე მხრივ კი, სამყაროში, რომელიც ღმერთმავე შექმნა, აი, ამ წამსაც კი სადღაც ბავშვებს ხოცავენ, მშობელს ერთადერთი შვილი უკვდება, ვიღაც თავს იკლავს... როგორ შევაჯეროთ ეს ორი მხარე ისე, რომ ღმერთის რწმენა შევინარჩუნოთ?! ალბათ, თითოეულს გვიფიქრია, ბავშვობაშიც და შემდეგაც, მე რომ ღმერთი ვიყო, ისე მოვაწყობდი სამყაროს, რომ არავინ მოკვდეს, არავინ დაავადდეს, არავის შიოდეს, არავინ დაბერდეს, ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს... და, თუ მეც კი ეს მინდა, მაშინ ღმერთს რაღა დაემართა?! შეეშალა რამე?! ეს, მართლაც, ძალიან დიდი ზეწოლაა ადამიანის ცნობიერებაზე. დასაწყისში, ბავშვური ხედვით, ყველაფერ ცუდს აბრალებ სატანას და ამით უძლებ იმ ორის შეუთავსებლობას, მაგრამ იზრდები და ეჭვდები, თუ სატანას ამხელა ძალაუფლება აქვს და რასაც უნდა, იმას აკეთებს, მაშინ ღმერთი სადაა ან, საერთოდაც, რისთვის მჭირდება?! და როდესაც არ მყოფნის მოსურვება, წყურვილი, ჩავეძიო ბოლომდე, ვჩერდები და ღმერთს ვაუქმებ, რაც, მართლაც, მათავისუფლებს. ნახე, რა მყარი ლოგიკაა? სრულყოფილისგან ასეთი არასრულყოფილი როგორ გამოვედი? ავად ვხდები, ვბერდები, ვკვდები... ძალიან ძნელია ამ ყველაფრის შეჯერება. ძალიან მტკივნეულია ამ გზაზე სვლა, მაგრამ სწორედ ესაა ჯვარი: ან ათეისტი ვხდები, ან წინ მივდივარ, თუნდაც, სიბნელეში, მთელი სამყაროც რომ ყვიროდეს, სად აქვს ღმერთს სამართალი! და, თუ გავძლებთ ამ უპასუხო უკუნეთში და მას მივიღებთ, როგორც აუცილებლად გასავლელ მონაკვეთს, რომელიც უნდა გადაილახოს, როგორც სიკვდილის ველი – გაგახსენებთ, ჯვარზე გაკრული მაცხოვრის ადამიანურ ბუნებასაც კი შეეპარა ეჭვი, მამავ, რატომ მიმატოვეო, აღმოხდა, მაგრამ იმ წამსვე გაიპო კრეტსაბმელი, ასევე, ჩამოიშლება წუთისოფელი. ვისაც შეეშინდება იმ სიკვდილის ველში შესვლის, ის ბავშვად დარჩება, მაგრამ, ვისაც უნდა, გამოვიდეს ამ ბავშვური, ნევროტული, რელიგიური მდგომარეობიდან და არ კმაყოფილდება იმით, რომ პირჯვარს გადაიწერს, სანთელს დაანთებს, მარხვას დაიცავს და უკვე ცხონებულია, მაშინ უნდა ეყოს გაბედულება და სიმტკიცე, როგორიც აქვთ გზის პირველგამკვალავებს, ავანტიურისტებს (ეს, სულაც, არაა ცუდი სიტყვა და ნიშნავს წინ მიმავალ მგზავრს). ქრისტიანობაში, თუ ავანტიურისტი არ ხარ, წინ ვერ წაიწევი ქრისტეს შემეცნების გზაზე, იმიტომ რომ ავანტიურისტი ისაა, ვინც უცხო ადგილას პირველი დგამს ფეხს. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; გამომყევი, არ გაჩერდე... ვინ არის ისე ბრმა, როგორც ჩემი რჩეული? ვინ არის ისე ყრუ, როგორც ჩემი მორჩილი?! – რატომ ამბობს ამას მაცხოვარი?! ვინაიდან ხორცით შექმნილი ხუთი გრძნობის ორგანოთი წინ ვერ წავალთ, ამიტომ უნდა გავრისკოთ და შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩემი გრძნობის ორგანოები გამორთულია, რადგან შევაბიჯე ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი დაბნელდა, რასაც გრიგოლ ნოსელი „წმიდა სიბნელეს“ უწოდებს. ანუ იმიტომ კი არ ბნელდება, რომ ღმერთია ბნელი, არამედ ისეთ სინამდვილეში შევაბიჯე, რასაც ჩემი ლოგიკა ვერ სწვდება და აი, ეს უნდა გარისკო, ვინაიდან ესაა ჯვარცმა, რის შემდეგაც მივდივართ ღმერთთან.

– ბანალური კითხვა: რა მიმართულებით გავრისკოთ?

– ამის წყურვილი უნდა დაიბადოს. იკითხავთ: როგორ აღვიძრა ეს წყურვილი?! რაკი ღმერთი მეუბნება, თუ გწამს – გადარჩები, ხოლო თუ არ გწამს – დაიღუპები, ესე იგი, მე ეს შემიძლია. კატას რომ ვეჩხუბოთ, ღორები რატომ შემოუშვი ეზოშიო, რას გეტყოდა, ლაპარაკი რომ შეეძლოს? მე თაგვების განდევნა შემიძლია, მაგრამ ღორებთან უძლური ვარო. შესაბამისად, როგორ შეიძლება, ღმერთმა მომთხოვოს, ირწმუნე, თორემ ვერ ცხონდებიო, თუ ეს არ შემიძლია?! შესაბამისად, თავსაც ვერ ვიმართლებ, თუ არ მწამს, ჩემი ბრალი არ არისო, ვინაიდან არ გწამს, რადგან არ გინდა! თუმცა, თუ ვერ გწამს, მაშინ უნდა სთხოვო, უფალო, მომეცი რწმენა. შენ კი ამასაც არ ეუბნები. რატომ? იმიტომ რომ გეშინია. რწმენა რომ მოვიდეს, ჩემი ცხოვრება უნდა შეიცვალოს, რაც ჩემთვის ხელსაყრელი არ არის. ანუ ურწმუნოა ის, ვისთვისაც არახელსაყრელია, სწამდეს; ხოლო მორწმუნეა ის, ვისაც უნდა, რომ სწამდეს. რწმენის სურვილიც უკვე უტყუარი მარცვალია. რწმენის სურვილიც ცოდვამ ჩაკეტა ჩვენში, მაგრამ უფალი არასდროს მიატოვებს ადამიანს და განსაცდელით: ან ციხით, ან ავადობით, ან ავარიით, ან ახლობლის სიკვდილით აფხიზლებს. განსაცდელი გეხმარება, ახლოს მიხვიდე უფალთან, რადგან მანამდე რწმენა არ გყოფნიდა ცოდვით დამახინჯებულს. ამიტომ განგება, შენდამი სიყვარულით, ისეთ განსაცდელში ჩაგაგდებს, სადაც შენ გონს მოხვალ და დაიწყებ ღმერთის ძიებას, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი აღარ გრჩება. ღმერთის ბუნებრივ მდგომარეობაში აღქმა რომ შეგვეძლოს, მას არც დავაფასებდით. ღორს რომ მარგალიტს დაუყარო, დააფასებს?! მხოლოდ მარგალიტობა არაა საკმარისი ზემოქმედებისთვის, მარგალიტის ფასიც უნდა იცოდე. და როგორ შემოვა ჩემთან ღმერთი, სამყაროს შემქმნელი, როდესაც მაქვს ფიზიკური თვალი, რომელიც არათუ მზეს, კაშკაშა განათებასაც ვერ უსწორებს მზერას?! ქუხილის ხმის მეშინია და იმ ქუხილის შემქმნელი ღმერთის ხმას დავიტევ ამ ყურით?! ანუ მე რომ ღმერთი აღვიქვა, თანდათან უნდა დავიხვეწო. ღმერთი რომ დაინახო, უნდა გაფაქიზდე და რწმენაა ის ორგანო, ის უნარი, რომლითაც ღმერთი აღიქმება. როგორ შეიძლება, ღმერთს გავეჩინეთ და პოტენციალში არ ჩაედო მისი გაგებისა და წვდომის უნარი?! უბრალოდ, გამზადებულად არ მოგვცა. ღმერთმა ადამიანი ჩაიფიქრა თავის ხატად და მსგავსად, მაგრამ შექმნა მხოლოდ ხატად, ყველა სხვა ქმნილება კი დაასრულა. გამორჩა ადამიანი?! ხატად ქმნა ნიშნავს, რომ მასში ჩადო განღმრთობის შესაძლებლობა, მაგრამ მსგავსება დაგვიტოვა პასუხად. ამ პასუხს კი მივიღებთ რწმენით, რომელიც ჩვენი ჭირნახულია და ის უნდა მოვიწიო ჩემი გულის ყანაში. მას უნდა დავახარჯო ჩემი ენერგია ლოცვით, მოსურვებით, წყურვილით. ზუსტად ასე წერია – შიშითა და კანკალით აღასრულეთ თქვენი ხსნაო. რწმენა არის ჩვილი იესო, დაკაცებული მაცხოვარი კი შენს გულში მოწეული ყანაა, რომელმაც ჭირნახული მოგცა და უკვე შეგიძლია, დატკბე შენივე მოწეული ჭირნახულით, ანუ სიყვარულით. ღმერთიც კი გვეძლევა, როგორც შესაძლებლობა და რაღაც უნდა გავიღოთ, რომ შევიტკბოთ ის. თუ ეს თავად არ გააკეთე, ღმერთიც ვერ გიშველის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი