რელიგია

რატომ უნდა ღმერთს, ისე გამოზარდოს ადამიანი, რომ დაელაპარაკოს, როგორც თანასწორს

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 22.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ვიცით, რომ წმინდა წერილის, განსაკუთრებით, „ძველი აღთქმის“ სიტყვა სიტყვით გაგება მასში ჩადებული აზრის გაგებისგან შორს არის და ისიც, რომ ბიბლიის გაგების ოთხი დონე არსებობს, იმას გარდა, რომ ბიბლიური ისტორიები ადამიანის სულის ისტორიებია, მაგრამ მაინც კითხვად რჩება: როგორ უნდა გავიაზროთ წმინდა წერილი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რის ცოდნა გვჭირდება საიმისოდ, რომ მივუხვდეთ, რას გვასწავლის სინამდვილეში „ბიბლია“?

– ებრაული სიტყვების მნიშვნელობა თუ არ ვიცით, „ბიბლიას“ ჩვეულებრივ სიტყვებად წავიკითხავდით და ვერასდროს გავიგებდით, რა იგულისხმება. წინა ნომერში ვთქვი, ხუთი ქანაანელი მეფე დაამარცხა ხუთმა შუამდინარელმა მეფემ-მეთქი, მოდი, ვნახოთ მათი სახელები: ბერა, ბირშა, შინავი, შამევერი, ბელა. ვკითხულობ ამ სახელებს და მამძიმებს, იმიტომ რომ არ ვიცი, რას ნიშნავს. ან, თუნდაც, რატომაა მოცემული იესოს გენეალოგია?! ამან შვა ის, შემდეგ მან – ის. რაში მჭირდება ამის ცოდნა?! რას მაძლევს?! საქმე ისაა, რომ თითოეული სახელი რაღაცას ნიშნავს ან რატომაა იესოს გენეალოგიაში რამდენიმე ქალი?! სხვათა შორის, ისეთი ქალები, რომლებსაც დღეს ქუჩის ქალებს დავუძახებდით. მაგალითად, თამარი, ვისაც თავის მამამთილთან ჰქონდა ურთიერთობა. ჩვენი გაგებით, ეს სიგიჟეა, მაგრამ, როდესაც მივხვდებით, რატომ გააკეთა, სულ სხვანაირად შევაფასებთ. მაგალითად, რუთი უწვება თავის ნათესავს, არადა ის დავით მეფის ბებიაა და, შესაბამისად, მესიის შტო. აღარაფერი რომ არ ვთქვათ ბესრაბეზე, სოლომონის დედა რომ გახდება. ანუ მესიის გენეალოგიაში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სწორი გზით არ მიდიან. მათ დაგრეხილი გზით უწევთ სიარული. რატომ? თამარი რატომ ამყარებს ურთიერთობას თავის მამამთილთან?! იმიტომ რომ მას წაართვეს ის, რაც ეკუთვნოდა. ამიტომ წერია, იყავით გველივით ბრძენი და მტრედივით უმანკო. ქრისტიანი ის კი არ არის, ვინც ყველაფერს შორიდან უყურებს, იქ ყველა განისჯება, მაგრამ, რაკი ეს წუთისოფელი უსამართლობის სოფელია, ამიტომ თვალი დავხუჭოთ, ავუაროთ გვერდი მას, უსამართლობა რაც გვგონია, არაფერი გავაკეთოთ და პატიოსანი ბიჭები და გოგონები ვიყოთ. გავიხსენოთ, რას ამბობს ქრისტე: ვინც ჩემთან მოდის და რამე შეუშლის ხელს, ვინც უნდა იყოს, დედა, შვილი, მამა, და, ძმა, გასწიე გვერდზე. ხედავ, რა სისასტიკეა თითქოს?! არადა ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ეს ძველი აღთქმის ღმერთია სასტიკი, მაგრამ, აბა, მიდი იესოს შეედავე?! სასტიკი ვიგულისხმე ბრჭყალებში, იმიტომ რომ განა ჩვენც იმავეს არ ვაკეთებთ?! მიზნის მისაღწევად ყველაფერზე არ ვამბობთ უარს?!

ისევ სახელებს დავუბრუნდეთ: ქანაანის პირველი მეფის სახელი – ბერა ნიშნავს, რომელიც იმყოფება ბოროტებაში; მეორე მეფის სახელი – ბირშა, რომელიც იმყოფება უწმინდურებაში; მესამე მეფის სახელი – შინავი, რომელსაც სძულს მამა; მეოთხე მეფის სახელი – შამევერი, რომელმაც უგულებელყო სახელი და მეხუთე მეფის სახელი – ბელა, რომელიც შთანთქავს ყველაფერს. ესენი არის ქვენა გრძნობები, რომლებიც ქანაანში იყვნენ გაბატონებული და სოდომი აი, ამ სამყაროში იყო ერთ-ერთი ქალაქი. რას ნიშნავს მეფე?! იმას, რაც უპირატესია, რაც შენში მეფობს, რაც გამოკვეთილია. აი, რა იყო გამეფებული ქანაანში – სულის მდგომარეობები, რომლებშიც უპირატესია ქვენა გრძნობები. ამიტომაა ქანაანი დაწყევლილი. აქვე ვიტყვი ბარემ, რა შეცდომა დაუშვა აბრაამმა: მას უნდოდა არა მხოლოდ სოდომელი მართლების გამოყვანა, არამედ ყველა ბოროტმოქმედის გამართლება. აბრაამი ღმერთს ეუბნება, მართალია, ბოროტები, მაგრამ შენი ქმნილებები არიან, რატომ ხოცავო. ანუ ჭარბი გულკეთილობაც მიუღებელია, იმიტომ რომ სამართლიანობა უნდა აღსრულდეს. აი, ამას ასწავლის ამით ღმერთი აბრაამს.

ახლა შუამდინარელი ოთხი მეფის სახელები განვიხილოთ, რომლებმაც დაამარცხეს ხუთი ქანაანელი მეფე. ისინი უკავშირდებიან გულს, ემოციებს, ანუ უფრო ამაღლებული მდგომარეობებია და დავაკვირდეთ, ჩვენშიც, როდესაც ვმაღლდებით ვნებებზე, ქვენა გრძნობებზე, უფრო მაღალი გრძნობები – კეთილშობილება, დიდსულოვნება, სიკეთე, სიყვარული არ იკავებს მათ ადგილს?! პირველი შუამდინარელი მეფის სახელია არმაფელი, რომელიც ისტორიიდან ცნობილია, როგორც კანონების შემქმნელი. ეს სახელი შედგება ორი სიტყვისგან და ნიშნავს მას, ვისაც შეუძლია, სიტყვა გამოარჩიოს. ანუ განმსჯელი გონება აქვს. მეორე მეფის სახელია არიოხი, ეს სახელიც ორსიტყვიანია და ნიშნავს გამძვინვარებულ ლომს, რაც ნიშნავს ნებისყოფასა და გრძნობას. მესამე მეფის სახელია კედორლაომერი, რაც ნიშნავს მცხოვრებს ამაღლებისთვის; მეოთხე მეფის სახელია ტიდალ და ნიშნავს უმაღლესი საწყისის შესაცნობლად სწრაფვას. ანუ ეს ოთხი თვისება იმარჯვებს იმ ხუთ თვისებაზე. შეიძლებოდა, არც განმემარტა მეფეთა სახელები, მაგრამ ეს პრინციპულია და ზუსტად ამ პრინციპითაა „ბიბლია“ დაწერილი. ყველა ეს სახელი არის ჩვენი სულის მდგომარეობები. ასევეა, დაწერილი „ვეფხისტყაოსანიც“. ამდენად, თუ ჩვენ უნივერსალურ პრინციპს გავიგებთ, მით უმეტეს, კვანტური ფიზიკაც გვეხმარება უკვე, რომ ჩვენ წარმოდგენათა სამყაროში ვართ, მუდმივად შეგვიძლია, შევცვალოთ სამყარო, როგორც ღმერთმა შექმნა ქაოსისგან კოსმოსი. როდესაც ადამიანი ამას მიხვდება, ანუ გაიღვიძებს, ის ხდება შემოქმედი. შენ უკვე დანამატი არ ხარ, ბუნება არ გათამაშებს, შენ ბუნებას არ ებრძვი, არ გაურბიხარ, ბუნება არ გამძიმებს, არამედ ბუნებას იყენებ, როგორც მასალას ფორმირებისთვის. ოღონდ, ეს რომ შეძლო, შენს თავში უნდა ჩახვიდე და აღმოაჩინო პირველსაწყისი და იქ რომ ჩახვალ, ამის შემდეგ დაიწყებ სამყაროს გარდაქმნას.

ღმერთს ადამიანი უნდა დიალოგისთვის. მამას ხომ არ უნდა, რომ შვილი სულ პატარა ჰყავდეს?! ის ელოდება, როდის გახდება შვილი სრულწლოვანი, რომ თანასწორად დაელაპარაკოს, თუ არადა, სულ ზემოდან ელაპარაკება. ღმერთს უნდა, ისე გამოზარდოს ადამიანი, რომ დაელაპარაკოს, როგორც თანასწორს. რატომ დავობენ ღმერთი და აბრაამი სოდომზე?! ნახე, აბრაამი რას ამბობს? იქ ნახსენებია სიტყვა „ხალილა“, რაც ნიშნავს შეუფერებელს. ესე იგი, აბრაამი ღმერთს ეუბნება, შეუფერებელია შენთვის, ვინც სიმართლის ღმერთი ხარ, ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე, რომ მთელი ქალაქი გაანადგურო. ღმერთს არცხვენს აბრაამი და საიდანაა მასში ეს უნარი, თუ არ იცის, რა არის ღმერთისთვის შესაფერისი და შეუფერებელი?! საიდან იცის ეს აბრაამმა?! იცის, იმიტომ რომ ღმერთის ხატებაა და ყველაზე მეტად მიუახლოვდა ამ მდგომარეობას. შესაბამისად, აბრაამს ახსოვს, როგორია ღმერთი და ამუნათებს. როგორ ფიქრობ, ღმერთი გაბრაზდებოდა თუ, პირიქით გაუხარდებოდა?! პატარა ლეკვებს ჯიშიანობაზე როგორ ამოწმებს პატრონი? აბრაზებს და აყეფებს და ლეკვი რომ იყეფება, პატრონს უხარია, ამისგან კარგი ძაღლი გამოვაო. დაახლოებით, ალბათ, ასე ეღიმება ღმერთს, აბრაამი რომ ასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს. აი, რა არის დიალოგი. ღმერთი არ თრგუნავს ადამიანს. მას არ უნდა ძალით მორჩილება და შიშით თაყვანისცემა. საოცარ სიტყვებს ამბობს იესო: მე და მამა მოვალთ და თქვენში ჩავსახლდებითო. ერთი წამით დაფიქრებულხარ ამ სიტყვებზე?! მე ვინ ვარ მაშინ, თუ ჩემში მამა და ძე ისახლებენ?! და სად ჩაგისახლდება ღმერთი? ფიზიკურ ტვინში, ფიზიკურ გულში?! რა სიფართოვეა ისეთი ჩვენში, რომ მამა და ძე დაეტევიან?! გაგებასა და გაცნობიერების დონეზეა აქ ლაპარაკი და შენ ისე უნდა გაფართოვდე, რომ ღმერთი მთლიანად შემოვიდეს შენში და მაცხოვარი გეუბნება: შენ ხარ ტაძარი, ყველაფერი დანარჩენი აქამდე მიმყვანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა