რელიგია

რატომ უნდა ღმერთს ადამიანთან დიალოგი და არა მისი ბრმად მორჩილება

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 08.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რატომ აირჩია ღმერთმა აბრაამი ყველა ხალხის მამად და რატომ არის ის ქრისტეს წინასახე? როგორ უნდა გავიგოთ, რომ აბრაამსა და სარას ისააკი შეეძინებათ საკმაოდ მხცოვან ასაკში, როდესაც შვილთასხმა, ფაქტობრივად, გამორიცხულია? რატომ შეუცვალა მათ ღმერთმა სახელები და როგორ სწავლობენ ისინი მინდობას? – ამ თემებზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი (ოთხოზორია): შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, რომ ბევრ დროს ვუთმობთ აბრაამს, მაგრამ, რადგან ბიბლიაში აღწერილი ამბები ჩვენი სულის ისტორიებია, ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ აბრაამის ისტორია. მით უმეტეს, რომ აბრაამი მიიჩნევა დიდ მამად და ის კაცობრიობის სამი მთავარი რელიგიის მამამთავარია. მინდა, გამოვკვეთო მნიშვნელოვანი მომენტები აბრაამის ცხოვრებიდან, ვინაიდან თავად ამბავს თვითონაც წაიკითხავთ. დავიწყოთ აბრაამისა და სარას ურთიერთობით: ღმერთი რამდენჯერმე ეუბნება აბრაამს, რომ სარას დაუჯეროს. აქვე ვიტყვი: სარა არის გული, აბრაამი – გონება, აგარი კი, მხევალი, უფრო დაბალი მდგომარეობაა და ავხსნათ, რა მიმართებაა მათ შორის. რატომ ეუბნება ღმერთი, რომ დაუჯეროს სარას? აბრაამი ჭარბად რწმენაა; უთხრა ღმერთმა და მიდის და აკეთებს, თან, ისე, რომ არც კი იცის, სად მიდის. აბრაამი ჭარბი მორჩილებაა და ყველაფერს უჯერებს ღმერთს, მაგრამ ღმერთს არ უნდა ბრმა და ჭარბი მორჩილება, არამედ მას უნდა დიალოგი, რაც იყო ადამისა და ღმერთის ურთიერთობის თავდაპირველი, ანუ სამოთხის მდგომარეობა. მაგრამ ვის შორის შეიძლება, გაიმართოს დიალოგი?! რა თქმა უნდა, ტოლებს შორის. სოფელში ვინც ყოფილა, იცის, რომ მწიფე ბალი ცოტა ზემოთაა. ასეა მოწყობილი, იმიტომ რომ მზესთანაა უფრო ახლოს და მალე მწიფდება. ფეხის წვერებზე იწევი, მაგრამ ვერ სწვდები და ამ დროს უფროსი მოდის, ტოტს ჩამოგიწევს და შენ შეგიძლია, მოწყვიტო მწიფე ბალი. ღმერთმა, მატერიალური სამყაროს მეშვეობით, თავისი თავი ჩვენამდე ჩამოსწია, რომ ჩვენ ღმერთი დაგვეგემოვნებინა. მისი ყველა ასპექტი, რაც ჩვენ ამ სამყაროში გვეძლევა, ერთი ღმერთის – იმ ღრმა ერთის – გამოვლინებაა. ამდენად, სარას დაუჯერეო, ნიშნავს, შენს გულსაც დაუჯერე, ადამიანურიც იყავი, მარტო ჭარბად მსმენელი ნუ იქნები, გააწონასწორე... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც მათ სახელები ეცვლებათ. როდესაც 99 წლის შესრულდა აბრაამი, ორი რამ მოხდა: სახელების შეცვლა და წინადაცვეთა და სწორედ ამის შემდეგ ეყოლათ მათ ისააკი. რას ნიშნავს სახელის შეცვლა? სახელი არ არის ბუნების აღმნიშვნელი, ეს არის მიმართება, თუ რა მდგომარეობაშია ღმერთთან. სახელს უმიზეზოდ არ არქმევდნენ და ქართული სიტყვაც ამას ადასტურებს: სახელი, ახელს. ანუ ეტიკეტივითაა, მე არ ვიცი შიგთავსი, მაგრამ, გარეთ რომ ვკითხულობ მონაცემებს, ვხვდები, რა არის შიგნით. ამდენად, სახელი ადამიანის არსს გამოხატავს. ღმერთი აბრაამს ეუბნება, სარაი ნუ ერქმევა შენს ცოლს, სარა ერქვასო. სარაი ნიშნავს მებრძოლს, რომელიც საკუთარ თავს ეჭიდება და, მართლაც, მან არ იცის, ეყოლება თუ არა შვილი. ეს არის ბუნება, რომელიც, აბრაამისგან განსხვავებით, უფრო მიწიერია და ის უფრო საკუთარ თავს ებრძვის, ამიტომაც უჭირს დაჯერება, რომ შვილი ეყოლება. მართალია, ღმერთმა აბრაამს უთხრა, მემკვიდრე შეგეძინებაო, მაგრამ სარამ გადაწყვიტა, რომ, რადგან აბრაამს ეყოლება, აბრაამის შვილი იქნება, მაგრამ არა ჩემგან, არამედ აგარისგანო. აი, ამას ჰქვია ბრძოლა, ჭიდილი სრულ მინდობასა და ანალიზს შორის. ერთი მხრივ, ადამიანს იზიდავს, რომ ღმერთს მიენდოს, მეორე მხრივ, მისი გონება აანალიზებს კიდეც და ღმერთსაც ეს უნდა.

ასე რომ, როდესაც ღმერთი ეუბნება აბრაამს, სარა ერქვასო, სარა უკვე ქალბატონია, გამარჯვებულია, არ იბრძვის. ხოლო აბრაამს ეუბნება, აღარ გერქმევა აბრაამი, არამედ აბრაჰამი. აბრაამი ნიშნავს არამის მეფეს, ესე იგი, ერთი ეთნოსიდან გამოსულს, სისხლისმიერი, გვაროვნული ნათესაობის აღმნიშვნელია, აბრაჰამი კი მრავალი ერის მამა იქნება, პირდაპირი მნიშვნელობითაც, იმიტომ რომ აბრაამიდან გამოსულია სამი მთავარი რელიგია მთელ მსოფლიოში. ხალხების მამა ნიშნავს, რომ შენ იქნები მამა ამ მრავალგვარობის, ხასიათების, ყველაფრის, რაც კი შეიძლება, ადამიანს გააჩნდეს და შენ ამაზე იმეფებ. სახელების შეცვლის შემდეგ კი ხდება წინადაცვეთა. წინადაცვეთა ნიშნავს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ძველი კაცის მოძრობას. ძველ აღთქმაშიც წერია, გულის ჩუჩა დაიცვითეთო. ეს არის იმის სიმბოლო, რომ პირველი კაცი, რომელიც ადამის მოდგმიდანაა, არ ვარგა და აბრაამი არის ქრისტეს წინასახე, იმიტომ რომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ის არ ენდობა თავის ხორცს, ამიტომ არ ჰყავდა მას მანამდე ისააკი. ისააკი რომ გეყოლოს, უნდა ამაღლდე შენს ბუნებრივ მდგომარეობაზე. ამიტომ წერია, გამოიცადაო აბრაამი და გამოცდა, სულაც, არ არის შემოწმება, ეს არის გამოცდილების შეძენა. ებრაულად ერთი და იგივე სიტყვა ნიშნავს გამოცდასაც და ამაღლებასაც. ესე იგი, წერია, ღმერთმა აამაღლა აბრაამი, ანუ გადაიყვანა ახალ ხედვაში, ახალ მდგომარეობაში.

დაკვირვებული იქნები, რომ ბიბლიურ პერსონაჟებს შვილი გვიან უჩნდებათ, დიდხანს არ ჰყავთ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ შვილი ეს არის შენი ცნობიერების გაგრძელება და, შესაბამისად, ღმერთს უნდა, რომ ადამიანმა გადალახოს თავისი ბუნებითი მდგომარეობა და ამიტომ მიჰყავს ყოველთვის ბოლომდე, სასწაულის კიდემდე. ესაა გამოცდის მიზანი: რომ შენი ტვინით, შენი გრძნობის ხუთი ორგანოთი შექმნილი დასაზღვრული ყოფის მიღმა გადადგა ნაბიჯი, გაარღვიო ეს გარსი და სასწაული იხილო. რა არის სასწაული?! სასწავლი: აუთვისებელი სანახების დონეზეც და სულიერ დონეზეც იხილო ის, რაც უნდა ისწავლო, რომელიც ამ ეტაპზე შენთვის უცხოა, მაგრამ შენი ტერიტორიაა. ამიტომ ეუბნება ღმერთი აბრაამს, ეს სამყარო შენი იქნება. ეს ჯერ იდეაა, პროექტია, მაგრამ შემდეგ ხდება ხორცშესხმა. ქრისტეში ჩვენ მთელი სამყარო მოგვეცა. უკვე მეფეები ვართ, იურიდიულად სამოთხის შვილები ვართ, მაგრამ ფეხი ჩვენ უნდა შევდგათ, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს მოდელი, როგორც ქრისტემ განახორციელა. თუმცა ძე იყო, მაგრამ ტანჯვით ისწავლა მორჩილებაო, წერია ქრისტეზე. იესომ, როგორც ადამიანმა, გაიარა მორჩილების გზა, ადამიანური დაცემული ბუნება დაუქვემდებარა ღვთის ნებას, ნებით სძლია ვნებას და ამით აღადგინა ჩვენსა და ღმერთს შორის გამწყდარი დიალოგი. რატომ ამბობს ქრისტე: მე და მამა ერთი ვართ?! იმიტომ რომ მათ შორის უკვე ბარიერი არ არის. ხოლო ჩვენ, სანამ ამ მდგომარეობამდე მივალთ, ბარიერების გადალახვა მოგვიწევს, რითიც თანდათან ვუახლოვდებით ამ მდგომარეობას. სარაზე კიდევ ერთი დეტალია. ვიცით, რომ აგარი განიდევნა და სარა ეკითხება: სად ხარ, აგარ? ეს კითხვა ჩვენ გვახსოვს სამოთხიდან, როდესაც ღმერთი პირველად ეკითხება ადამს. ზოგადადაც, ჩვენც გვეკითხება, ეს კითხვა მუდამ ისმის: სად ხარ არ ნიშნავს შენს ფიზიკურ ყოფნას, ანუ სად დგახარ, ძალიან გადასცდი საკუთარ თავს?! რის გაგება უნდა სარას აგარისგან?! ხვდება თუ არა აგარი თავისი განდევნის მიზეზს. გვახსოვს, რომ აგარმა თავი წამოწია, შენ კი ხარ ქალბატონი, მაგრამ შვილი არ გყავს, მე კი შვილი მყავს. აი, ეს უნდა დაბალანსებულიყო, ამიტომ სარამ უთხრა აბრაამს, განდევნე აგარი. სარას იმავეს გაგება უნდა აგარისგან, რის გაგებაც უნდოდა ღმერთს ადამისა და კაენისგან: ნაწყენია თუ იღებს ამ განაჩენს, რაც გამოუტანეს; აღიარებს, რომ შეეშალა და მაღლა დააყენა თავისი თავი? აგარი პასუხობს, ჩემს ქალბატონს – სარას გავურბივარ, ანუ აღიარა, რომ სარა ქალბატონია და უკვე არავის განიკითხავს. სწორედ ამის გაგება უნდა ჩვენგან ღმერთს და ადამიანად ყოფნა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ნიშნავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა