რელიგია

რატომ უნდა გავიდეს ადამიანი „უდაბნოში“, რომ იხილოს ჭეშმარიტება

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 12.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველა მორწმუნემ იცის, რომ არსებობს „სახარება“, საეკლესიო სწავლებები, წმიდა მამების წერილები, წმიდანთა ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, თუმცა თითქმის ყველას ჩვენ-ჩვენი დამოკიდებულებები გვაქვს და, აქედან გამომდინარე, რაღაც სწორი გვგონია, რაღაც – მცდარი, ამიტომ ხშირად სხვებსაც მივუთითებთ, როგორ უნდა მოიქცნენ და ჩვენც მიგვითითებენ ხოლმე, რასაც არც თუ იშვიათად ვუკადრისობთ ხოლმე. როგორ მივხვდეთ, სწორად ვიქცევით თუ არა, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ მივხვდეთ, რომ სწორად ვიაზრებთ ქრისტიანობის არსს, ქრისტიანულ სწავლებას?

– ამ საკითხზე მსჯელობისას მივდივართ მცნებებამდე, რომლებსაც გამოვყავარ ტყუილიდან – ჩემ მიერ შექმნილი სამყაროდან და ხედვათა სისტემებიდან. ეკლესიის მისია და ფუნქციაც სწორედ ესაა. როდესაც ჩვენ საეკლესიო გამოცდილებებს არ ვიზიარებთ და საკუთარ ხილვებს მივყვებით, ესაა ილუზია, რასაც ხიბლი ჰქვია. ამიტომ ვამბობთ, რომ ეკლესია გასწავლის, როგორ დაიზღვიო თავი, რათა განმრჩევლობის უნარი არ დაკარგო და არ მოტყუვდე. ამისთვის გამოცდილებები, ცოდნა უნდა გაიზიარო, რადგან, თუ შენ ამპარტავანი ხარ, ამბიციები გაქვს, ადვილად მოტყუვდები, იმიტომ რომ გაქვს ჟინი, ვიღაცაზე ძალაუფლება მოიპოვო. ამდენად, იოლად დაიჯერებ, რომ ყოვლისშემძლე ხარ, შავისა და თეთრის გარჩევის უნარი შეგწევს, რაღაცებს აკეთებ და მერე სხვებსაც ასწავლი. ქმნი ყალბ სისტემას. რა არის ამის მიზეზი?! ეგო! ეგო ქსოვს ადამიანის ყოვლისშემძლეობის ამ წარმოსახულ ბადეს, მაგრამ ამას მაინც არ მოაქვს სიმშვიდე, რასაც ადამიანი ხვდება. შესაბამისად, ადამიანი იღლება და არაფერი აღარ უნდა. პავლე მოციქული ამბობს: „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.“ – აი, აქამდე უნდა მიხვიდე, რაც უნდა ძალაუფლება გქონდეს, აურაცხელი ქონება, ყველაფერს ფლობდე, რაც კი არსებობს, უმთავრესი არის სიყვარული. როდესაც არ მიყვარს ან ვერ მიყვარს, ფუჭია ყოველივე. როდესაც არ მიყვარს, არც ვარ და ამას რომ ხვდება ადამიანი, ყველაფერს თავს ანებებს, ყრის – ნულდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მადლის დამტევი და მიმღები. ქრისტე რას ამბობს? ძველ ტიკებში ახალ ღვინოს არ ასხამენ. ძველსაც გახეთქავს და ახალიც გაფუჭდება. „ტიკი“ არის მიმღები მდგომარეობა და თუ მე არ დავცარიელდი, აი, ამ გაბინძურებულ სისტემაში მადლს ვერ მივიღებ. ამიტომ რას ვაკეთებ?! პავლე მოციქული ამბობს კარგად: რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის და ყველაფერი ნაგვად მიმიჩნევია, რათა ქრისტე შევიძინო. და ქრისტე ვინ არის?! ნამდვილი სიცოცხლე, ჩემი ნამდვილი მდგომარეობა, სათავე. მე რომ ეს შევიძინო, რაღაც უნდა გავცე და რა უნდა გავცე?! ნაგვად ჩავთვალო, რითიც სავსე ვარ: უფრო დიდის გამო უარს ვამბობ ჩემს თავზე. ვცარიელდები და უკვე ჩემს სიცარიელეს, ჭურჭელს შეუძლია, დაიტიოს ახალი ღვინო: მადლისმიერი ღვინო. ამის სიმბოლოა ჯვარი, საკუთარი თავის უარყოფის გარეშე მე ვერ გამომყვებიო, – გვეუბნება მაცხოვარი და, სამწუხაროდ, მართლმადიდებლებს ქრისტიანობა მარტო ჯვრის ტარება გვგონია, თუნდაც, პირჯვრის გადაწერა. არადა ჯვარი ეს არის ყოველწამიერი დაცლა ყველაფრისგან, რამაც მე ჩემს პირველწყაროს, ჩემი სიცოცხლის სათავეს დამაშორა.

ალბათ, ერთადერთი, რა განსაზღვრებაშიც შეიძლება, დაეტიოს უსახელო ღმერთი – ეს არის სიყვარული. ღმერთი სიყვარულიაო... თუმცა გააჩნია, ვის როგორ ესმის ეს სიტყვა და ვინ რა შინაარსსაც დებს ამ სიტყვაში, მასაც თავისი გზები აქვს გასავლელი: პირველი დონეა და შეიძლება, ბევრს ჰგონია, რომ სიყვარულია, როდესაც ვაშლი მიყვარს, მსხალი მიყვარს, ვიღაც ადამიანი მიყვარს, მშობელი მიყვარს... სრული გაგებით კი, სიყვარული სულის ტრფიალია თავისი პირველმიზეზისადმი, როდესაც მას ისაკლისებ, მოისურვებ, ოღონდ ეს ჩვეულებრივი მონატრება არაა. ისეთი მონატრებაა, ფსალმუნში რომ წერია, როგორც დაშაშრულ მიწას სწყურია წყალი, ისე არის ჩემი სული შენ წინაშეო... როგორც ირემი ისწრაფის წყლის ნაკადულებისკენ. ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ სურვილი, ეს ტკივილია, ნაკლებობაა და, მართლაც, ასეა. მე ხომ მისგან ვარ გამოზიდული და რატომ მოხდა ასე?! იმიტომ რომ უკუმიქცევის ძალით გადამელახა ყველა წინააღმდეგობა და ისევ დავბრუნებოდი მას თანასწორი. ეს ძალა, კალმახში თუ ჩადო განგებამ, ადამიანში არ ჩადებდა?!

სხვათა შორის, ქართულ მითოსში სულკალმახი ჰქვია ერთ-ერთ პერსონაჟს და ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია?! ვინ არის კალმახი? ვინც სათავეს უბრუნდება, ანუ ჩემი სული კალმახივით თავისი პირველსაწყისისკენ ისწრაფვის და გადალახავს წინააღმდეგობებს. ამაზე წერს ბარათაშვილი: „გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!“ და ვინ არის ეს მხედარი?! ეს ყველაფერი მეტაფორაა. ეს არის ერთი სულის ისტორია. ყველა მიზიდულობა, რაც ამ სამყაროში არსებობს, არის თავისი სათავისკენ სწრაფვის წყურვილი, ჟინი და გახელება, რომ გადალახოს ყველა წინააღმდეგობა და შეერწყას მას, მიემსაგვსოს მას, საწყისს. მასთან მისამსგავსებლად ვართ ამ მატერიალურ სამყაროში, რომ განვასხეულოთ, გავამკვირვოთ. ესაა, ალბათ, მთელი სამყაროს სქემა, ქარგა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ვიღაც სულ არ აღიარებს ამას, ვიღაც ზერელედ უყურებს, ვიღაც დღე და ღამ ჩაფრენილია. ეს უკვე საიდუმლოა, თუმცა თავის დროზე ყველაფერს გავიგებთ და ნათელი მოეფინება. ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვართ. პავლე მოციქულიც ამბობს: სარკესავით დაბინდულად ვხედავთ და როცა იქ მოვხვდებით, დავინახავთ პირისპირ ნათლად, მანამდე ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. ადამიანური ბუნება ვერ წვდება მსგავს სიღრმეებს. ამიტომაა, რომ, თუ ჩვენ გვინდა, ამ აზრების, ვარაუდების ჭირთა ბადიდან ამოვიდეთ, გავწყვიტოთ ის, უნდა გავრისკოთ და გავჩერდეთ, იქნებ როგორმე რამე გავიგონოთ. უფრო მიყურადებისკენ ვიყოთ მიქცეულნი, ვიდრე აქტიურობისკენ.

აი, ესაა უდაბნო. და რატომ გაჰყავთ უდაბნოში, მაგალითად, ბერები, წმიდანები?! უდაბნო ნიშნავს, რომ გავდივარ ჩემი თავიდან და ვიწყებ მიყურადებას, რათა ის ნამდვილი ხმა, გულისხმა ვყო, დავიჭირო, დავინახო, ხელი შევავლო. ამისთვის საზრუნავებიდან და შფოთიდან უნდა გამოვიდე, გამოვიდე მის შესახვედრად და სხვა გზა არ არის. მაშინ ის დიდი სიცოცხლე, მთელი თავისი დიდებულებით, გამოგეცხადება. მას ხედავ, შენში შემოდის, მთელი შენი არსებაა გაოგნებული, მაგრამ შემდეგ ქრება, მაგრამ შენ უკვე აღარ შეგიძლია ძველებურად ცხოვრება, შენ გამოდიხარ შენი ეგვიპტიდან. გავიხსენოთ, რა წერია მოსეზე? მან უარი თქვა ეგვიპტის საგანძურებზე, იმიტომ რომ ერთხელ დაინახა პირველწყარო, ნამდვილი სიცოცხლე. ვინც ერთხელ მაინც იხილა ჭეშმარიტება, ის ძველ გზაზე ვეღარ დარჩება...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა