რელიგია

რატომ უარესდება ადამიანების ყოფა სიკეთის სახელითა და მოტივით ჩადენილი საქმეებით

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.07

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვეულებისამებრ, უკმაყოფილოები ვართ ხოლმე – რატომ გვიბრუნდება გაკეთებული სიკეთის ნაცვლად ბოროტება ან უმადურობა, რასაც, ასევე, ბოროტებად აღვიქვამთ, მეორე მხრივ, თუ გულზე ხელს დავიდებთ, ბოლომდე არც გვესმის სიკეთის არსი, ვინაიდან, რაც უნდა დიდ სიკეთედ ჩანდეს ჩვენი ესა თუ ის საქციელი, არც კი ვიცით, ეს რგებს ადამიანს, თუ, პირიქით, ვნებს – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– სიკეთის ქმნა მადლად მიიჩნევა, მაგრამ ვიცი კი, რა არის სიკეთე?

– ყველა ადამიანური აზრი ამას უტრიალებს. ერთ პოეტს აქვს ნათქვამი, ყველა უსამართლობა სამართლიანობის სახელით ხდებაო და, მართლაც, ვითომ მოწოდებულები ვართ, კარგი ვაკეთოთ, მაგრამ ბოროტება გამოდის. ასეთი შემთხვევა იყო: ამერიკაში სერიული მკვლელი გაასამართლეს და პატარა ბავშვივით უკვირდა, ეს არის თქვენი მადლიერება, ამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებულიო. ანუ მის წარმოდგენაში, რასაც აკეთებდა, ბოროტება არ ყოფილა. ალბათ, ეს ისეთნაირი ნიაღვარია და იმდენად ვართ წალეკილები ამ ნიაღვრით, რომ მცდელობა კიდევ უფრო მეტად გვითრევს გაუგებრობაში. გავიხსენოთ, რა გენიალური თავები მუშაობდნენ ამ საკითხებზე ბოლო საუკუნეებში, თითქოს ყველაფერი დაახარისხეს, მაგრამ შედეგად ვითარება დღითი დღე უარესდება. არადა, ყველაფერი, თითქოს, სიკეთის სახელითაა მოტივირებული და იქნებ უნდა გავჩერდეთ?! შევწყვიტოთ მცდელობა, რომ სიკეთის მქმნელები ვიყოთ?! იქნებ ისაა ყველაზე დიდი ბოროტება, რომ გინდა, აკეთო სიკეთე და ამ კეთების სახელით ყველაფერი უარესდება?! და სად იმღვრევა ეს წყარო?! ეს ძიებები იმდენად გვითრევს, რომ ადამიანს ავიწყდება, რისთვის უნდა პასუხების მიღება და ამიტომ მაზოხისტივით ურჩევნია, ამ კითხვა-პასუხებში დარჩეს, ამით ერთგვარად იკვებება. მართლაც, არის ზოგიერთი ადამიანი, ტკივილი უხარია და უნდა, რომ სტკიოდეს, ამით თითქოს საკუთარ თავსაც იმკვიდრებს. გარკვეულ მომენტამდე ეს შეიძლება, ასე იყოს, მაგრამ, ზოგადად, ეს არანორმალურია. საბოლოოდ, ხომ, თავის თავში არც კარგია და არც ცუდი. ერთი კეთილი საწყისია, მაგრამ ამ კეთილი საწყისის შეცნობის გზა დაჩრდილულია. არაერთხელ მითქვამს, განათებული რომ ყოფილიყო, არჩევანი არ გვექნებოდა. ოღონდ, ამის მიუხედავადაც, შეუძლებელია, ამ კითხვებში დავრჩე უსასრულოდ. ერთ მომენტში ეს ისტორია უნდა დამთავრდეს, თუნდაც, იმიტომ რომ ამ დაჩრდილვას, ამ გაურკვევლობას საწყისი არ აქვს, საწყისი არის სული – სიცხადე, მაგრამ, რადგან ნაწილობრივი დაჩრდილვაა, მუდმივი დიალოგი გვაქვს: კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი, თუმცა ეს აუცილებლად დამთავრდება, საბურველი გადაიხდება და დავისვენებთ, თუ არადა, ჩვენ რომ მიგვიშვან, რაკი მაზოხისტებივით ვართ, ამ მდგომარეობიდან არც კი გამოვალთ, მაგრამ ვიღაცამ უნდა გამორთოს ეს დაჩრდილვა, საბურველი უნდა მოგვაცილოს და ბოროტებაც გაქრება, ცუდი აღარ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება და როდესაც ნათელი მოეფინება, იქ ყველანი გავჩერდებით. მეორე აზრი აღარ გვექნება. მეორე აზრი არის იქ, სადაც ნაწილობრივი ხედვაა და იქ შეცდები, იმიტომ რომ ცდომის ვარიანტები გაქვს. განგებაც უშვებს ამას, იმიტომ რომ ჩვენი თავის სრულყოფისკენ თავად მივიდეთ. მუდმივად ვიმეორებ, აქაც ღმერთია, ამ წუთისოფელში, მაგრამ ჩვენ ვართ დაბურულები; ამოცანა მოგვცეს, რომელიც უნდა ამოვხსნათ. ხომ არ შეიძლება, ამოცანას უსასრულოდ უტრიალებდე?! ამოცანას ვუტრიალებ იმიტომ, რომ ერთხელაც ამოვხსნა. არადა არც ისეთი ამოცანაა, რომ მუდმივად მისი ამოხსნის ვნებაში დავრჩე. მე ეს უნდა მაწამებდეს, ვიდრე არ ამოვხსნი და სიცხადე არ მოვა, იმიტომ რომ სიცხადის შვილი ვარ. დაბურულობა არ უნდა შემიყვარდეს, დაბურულობას არ უნდა შევეჩვიო. მე თუ დაბურულობა, ანუ კითხვების დასმა მიყვარს, კარგია, იმიტომ რომ მაინტერესებს, მივიღო პასუხი, მაგრამ ძალიან გაგვიჭიანურდა ეს პროცესი. ამ ტკივილებსა და ტანჯვაში ყოფნა ერთგვარ ვნებად გვექცა. გაგახსენებ, ამბავი ატყდა, პატრიარქმა რომ თქვა, ბოლო ჟამია, მოემზადეთო, რა აღარ თქვეს, თავად ასაკი აქვს და არ უნდა, რომ ჩვენც გადავრჩეთო. არადა ამას იოანე მოციქული ამბობს „სახარებაში“ – ახლოს არის ჟამიო. რატომ ამბობს? იმიტომ რომ ქრისტიანობა გულისხმობს ქრისტეს მუდმივ მოლოდინს: არავინ იცის, როდის მოვა ქრისტე, ამიტომ სულ ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ გადავდოთ. ეს არ არის ფიზიკური ჟამი, ქრისტეს მოსვლა ადამიანის სულის მიხვედრაა, მაშინ, როდესაც ჩვენ ლამის ტრაგედიად მივიჩნევთ მეორედ მოსვლას, ანუ არავის გვინდა, რომ ფარდა გადაიწიოს და აპოკალიფსი დადგეს. არ გვინდა, იმიტომ რომ გვინდა, ეს კითხვები, ეს ტანჯვები გაგრძელდეს, რითიც მაზოხისტებივით ვტკბებით. ნორმადაც კი გვექცა ეს მდგომარეობა და არავის უნდა, რომ გაჩერდეს. ამიტომაც გამოიგონეს ევოლუციის თეორიები: ადამიანისთვის ხელსაყრელია, სულ ასე გაგრძელდეს. მაგრამ განგება გეუბნება – აქაა ნათელი, უბრალოდ, ნაწილობრივაა გადაფარული. ღმერთმა მოაკლო თავისი შუქი, რომ ჩვენ თვითონ მოვსულიყავით გონს. რაც გარს გვარტყია, ყველაფერი მოჩვენებითია, სამყარო მხოლოდ ჩვენს აღქმაში არსებობს. აი, ეს ტელეფონიც კი სამია, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვხედავ, შენ – სხვანაირად, თავისთავად ტელეფონი სხვანაირია. ამდენად, ყველას თავისი სამყარო აქვს და ყველაფერი ხდება სწორედ იმ სამყაროში, თორემ არაფერი არსებობს ერთი ნათელის – ღმერთის გარდა. მისგანაა ყველაფერი, მის მუდმივსა და უწყვეტ მოსურვებაში ვცხოვრობ მე და ყველაფერი დანარჩენი. რაც ჩემი ხელით შევქმენი, ჩემი კი არ არის, არამედ ღმერთის მოსურვებით არსებობს. ყველა და ყველაფერი გაქრებოდა, ჩვენც კი, რომ არა ღმერთის მოსურვება. მან მომცა გამკვრივებულად არსებობის საშუალება. ამიტომ ვამბობთ, რომ სინათლე ბუნებრივი მდგომარეობაა. თავში რაც არის – სინათლე, სამოთხე, ბოლოშიც ის უნდა მივიღოთ, შუაში კი პროცესია, რომელიც ჩვენ დაგვიტოვა. ამიტომაც უთხრა ადამს, ოფლით მოიპოვებ პურსო; ევას ეუბნება, ტანჯვით შობ შვილებსო. და შვილი რა არის? მომდევნო ცნობიერება, ძე, გაგრძელება. მე თუ ძე არ მეყოლა, ვერ განვვითარდები, ამიტომ ბოლომდე უნდა გავგრძელდე. ტანჯვა არის კითხვა, შვილი – პასუხი. შესაბამისად, ამ სიბნელეს, ნაწილობრივ დაჩრდილვას, მე ვიყენებ ჩემი თავის განვითარებისთვის. თუ აუთვისებელი სივრცე არ მექნებოდა, ისევე, როგორც კვერცხს – ცილა, მეც, ანუ ღვთის ხატება ჩემში, ამ ცილას, ამ წუთისოფელს, ვერ გარდავქმნიდი ჩემს სხეულად. აქედან უნდა ამოვიზარდო, როგორც ღვთის ძე, ჭეშმარიტი კაცი. აი, ეს არის ჩვენი ადამიანად ყოფნის სიკეთე, მაგრამ ესეც უნდა დასრულდეს, არ შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს გზა და უსასრულოდ გავდიოდეთ ინკუბაციას. როგორც ქრისტეში გადაიხსნა კრეტსაბმელი, იგივე უნდა მოხდეს ჩვენში. ჯვარცმულმა მაცხოვარმა რომ თქვა, მამაო, შენს ხელთ გადავცემ ჩემს თავსო, ტაძარში ფარდა გაიხა. ფარდაა ის, რაც ჩვენ სამოთხისგან გვყოფდა; ჩემი ცოდვილი ადამიანური ბუნებაა ეს ფარდა, რომელიც მხოლოდ აქეთ ირეკლავს, იქით დაკეტილია და როგორც კი ქრისტეში ჩემი ადამიანური ბუნება მოკვდა, ფარდა გაიხა, ანუ მე უკვე მაქვს შესასვლელი. აპოკალიფსი ფარდის გახევაა, რითიც, საბოლოოდ იმ დიდ სიცხადესა და სიკეთეში მოვექცევით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული