რელიგია

რატომ თქვა ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ ბოლო სიტყვად - „აღსრულდა“

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 17.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

წმიდა წერილი პირდაპირი ტექსტით არ არის დაწერილი და არა იმიტომ, რომ ადამიანებს ცოდნა დაუმალეს, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ნელ-ნელა შეიმეცნებს სამყაროსა და საკუთარ თავს, შემეცნების ყოველ ეტაპზე კი სხვადასხვაგვარად იაზრებს ერთსა და იმავეს. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანს ერთბაშად უჭირს გააზრება, ერთხანს და არც ჩვენი ეპოქაა გამონაკლისი, ბიბლია ზღაპრადაც კი მიიჩნეოდა. რას და როგორ გვიამბობს ბიბლია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ უჭირს ადამიანს, დაიჯეროს იმის ნამდვილობა, რაც წმიდა წერილში წერია?

– ცოტა შორიდან დავიწყოთ. მაგალითად, განსხვავდება „ბიბლიის“ გააზრების ბერძნული და ებრაული მიდგომები. ბერძნების მიდგომაა, უკირკიტონ ბიბლიას, როგორ შეიქმნა, რა დროში, ანუ ფიზიკას ეძებენ, შექმნის ბუნებას, ხოლო ებრაელების მიზანი კი ისაა, თუ რისთვის შეიქმნა სამყარო. ეს ორი მიდგომა ერთმანეთს სულაც არ ეწინააღმდეგება. ავიღოთ ბოთლი და ამ მაგალითზე განვიხილოთ ბიბლიისადმი ბერძნული და ებრაული მიდგომები. ბერძენ ფიზიკოსს დააინტერესებდა, საიდან გაჩნდა ეს ბოთლი, რა ნივთიერებებისგან შედგება, რა ოპერაციები შესრულდა მის შესაქმნელად, მაგრამ მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რა დანიშნულება აქვს, რისთვის შეიქმნა ბოთლი?! ამასთან, კითხვა „რისთვის“ არ გამორიცხავს „რატომ“ კითხვას. ერთი ნივთი მაინც მითხარი ბუნებაში, რომ მას დანიშნულება არ ჰქონდეს?! ანუ ჯერ არის მოთხოვნილება, სურვილი და შემდეგ ჩნდება საგანი. იმას გარდა, რომ, თუ სამყარო არ შექმნილა რაღაც მიზნით და ქრისტე გამოგონილია, მაშინ საერთოდ არაფერს ჰქონია აზრი. ამდენად, ეს ორი მიდგომა ერთმანეთს ავსებს. შესაბამისად, თუკი გონება, იმას წაჰყვება სიტყვა-სიტყვით, რაც ბიბლიაშია მოთხრობილი სამყაროს შექმნის შესახებ, ანუ წავა პირდაპირი, მეცნიერული გზით – აღმოვაჩინეთ, რომ მილიონობით წლის წინ არსებობდნენ დინოზავრები, აწ უკვე გადაშენებული არსებები, მაშინ ბიბლია ზღაპარია, ექვს დღეში ამდენი რამ როგორ შეიქმნებოდა?! ჩიხში შევა და, რეალურად, ბიბლიის დაცინვა მეჩვიდმეტე საუკუნიდან დაიწყო. ცნობილი მწერლები დასცინოდნენ ბიბლიის სიუჟეტებს, გაშარჟებული იყო ყველაფერი, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე: ექვსი დღის ქმნადობის არსის გაგება საოცარი სიმაღლეა. პირველად იყო ქაოსი, სიბნელე, უფსკრული. სულიწმიდის მოქმედებით, ეს ქაოსი ნელ-ნელა წესრიგდება კოსმოსში და ვიღებთ მოწესრიგებულ სამყაროს, მაგრამ მე რას მასწავლის ეს? რისთვის მჭირდება ამის ცოდნა?! იმიტომ რომ ეს ჩემი ისტორიაა: პატარა ბავშვი ქაოსიდან არ იბადება?! დედის ხმას ვერ ცნობს, მამას ვერ ცნობს, ვერაფერს ცნობს, არაფერი იცის – ესე იგი, ექვსი დღის ქმნადობა რა არის? ჩემი გონს მოსვლა სამყაროსეული ქაოსიდან, ჯერ საგანს ვგავარ, მერე ქვას, მერე მცენარეს, მერე ცხოველს და მერე ადამი ვარ, უკვე გონს მოსული. ადამი ღვთის ხატია, ვისთვისაც ეს სამყარო შეიქმნა, ის მოდის, როგორც მეფე და განა მეფეც ბოლოს არ შედის დარბაზში?! მანამდე ყველაფერს უმზადებენ, რომ მას გადაეცეს დალაგებული სამყარო. აი, როგორ ხედავს ბიბლია ექვსი დღის ქმნადობას და მე ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას, რომ ექვსი დღე ცოტაა და უცბად, ექვს დღეში როგორ შექმნიდა ღმერთი მას. მეტიც, არც მაინტერესებს, იმიტომ რომ ექვსი დღე შეიძლება, ექვსი ათასი ან ექვსი მილიონი წელიც კი იყოს.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, როდესაც ადამიანმა ეს ყველაფერი დაივიწყა, მოსწყდა პირველწყაროს, სხეულთან გააიგივა თავი, ამ სხეულით ხედავს სამყაროს, ხედავს გალაქტიკებს, პლანეტებს, კოსმოსს და ჩიავდება. ხვდება, რომ არაფერია, თუ მხოლოდ სხეულია. არადა ადამიანი არის მეფე, რომელსაც დაავიწყდა, რომ მეფეა. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ სამოთხის მისტერიია, მთელი წუთისოფლის ილუზიაა ჩატეული ამ ერთ პატარა მოთხრობაში. სად დაიბადა ქეთო? დიახ, ვაშლოვანში. ვაშლი რის ილუზიაა?! სამოთხის – სამი წლის განმავლობაში იყო ქეთო თავის სოფელში, თავის მშობლებთან, ანუ სამოთხეში. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი გაღვრილია და ერთი მთლიანია თავის დედასთან. შემდეგ მას იტაცებენ ლეკები. რას ნიშნავს „ლეკი“? წალეკვას, ანუ ხსოვნა წაილეკა. „წალეკვა“ ლეკებიდანაა ნაწარმოები. ამდენად, დაიკარგა ბავშვობის ხსოვნა, სამოთხის ხსოვნა. ქეთო იქიდან გამოვარდა და, როდესაც მამას უკან მოჰყავს, ვეღარ ცნობს ქეთო თავის სახლს, ანუ სამოთხეს. ასე დაგვემართა ჩვენც: იმდენად მოვწყდით ჩვენს საწყისს, რომ თავი „ლეკის“ შვილთან გავაიგივეთ და ღმერთს ვერ ვცნობთ: ჯვარზე გავაკარით ქრისტე. ბოლოს, ქეთოს დედაც იღლება. ამბობს, აღარ შემიძლია, უკან გავუშვათო და სიმწრით უკანასკნელად უგალობს „იავნანას“. სწორედ „იავნანა“ აღწევს იქ, სადაც ქეთო თავდაპირველად ცხოვრობდა, საიდანაც ის წამოვიდა, ოღონდ ის სამოთხე შრეებით იყო გადაფარული, ამიტომ ვეღარ იხსენებდა და ქეთოც შეჰყვირებს: დედა! სოკრატეც იმავეს ამბობს: როდესაც ჭეშმარიტება გვესმის, ის ახალი კი არ არის, არამედ შემჭკნარი ძველიაო. იმავეს ამბობს პლატონიც, მაგრამ ისმის კითხვა: ვის შეუძლია, ჩააღწიოს იქ, სამოთხეში, თავდაპირველ მდგომარეობაში?!

აი, ესაა ის, რაც ქრისტემ გააკეთა: ქრისტეში ადამი იღვიძებს და გონს მოდის. ანუ ადამმა ცოდვით გონი დაკარგა, გამოვარდა პირველწყაროდან, ახალი სისტემა შეიქმნა – უგუნურების სისტემა, რომელიც ასათვისებელი იყო, ესე იგი, უფრო რთული გზა გამოჩნდა და ბოლოს მოდის გონს. გონს მოგება რაც არის, ვიცით – გონიერი, მოგონება, საგონებელი, ანუ გონება არის მოგონება, გახსენება. აი, ესაა ჭეშმარიტი სამართალი. ჩვენ ვამბობთ, თავისუფლებაა, როდესაც, რასაც მინდა, ვაკეთებო. არადა როგორ გამოიყენებ თავისუფლებას, როდესაც ნამდვილი ცოდნა არ გაქვს?! ვთქვათ, დავდე ბრილიანტი და ბრჭყვიალა, მაგრამ უბრალო ქვა. რომელს აირჩევს ბავშვი? ვეუბნები, თავისუფალი არჩევანი გაქვს-მეთქი. მაგრამ როგორაა თავისუფალი არჩევანი, როდესაც ბავშვს შესაბამისი ცოდნა არ აქვს?! თავისუფალი არჩევანი მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მე სრული ცოდნა მაქვს. თორემ ჩემი არჩევნით თავსაც დავიღუპავ და სხვასაც დავღუპავ. ამბობ, თავისუფლება მინდაო და ეტაკები ყველაფერს, აი, გავთავისუფლდიო. ასე გათავისუფლდნენ რევოლუციების შემდეგაც: ფეოდალები არიან ჩვენი მტრები და მათ გარეშე ვიქნებით ბედნიერები. შემდეგ ერთმანეთი დახოცეს, ისევ და ისევ თავისუფლების ლოზუნგით. ამდენად, ცოდნა და თავისუფლება ერთმანეთს არ უნდა დაშორდეს, ეს პარალელური პროცესებია... და არ არსებობს დადგენილი წესი, რის მიხედვითაც ადამიანი სწავლობს, რა არის ნამდვილი თავისუფლება. ქრისტეში ადამი გონს მოვიდა და ბოლო სიტყვა, რომელიც ქრისტემ ჯვარზე თქვა, არის – „აღსრულდა“. ბერძნულად ეს საზეიმო წამოძახილია, ანუ, რაც უნდა მომხდარიყო, რისკენაც მოვდიოდით ათასწლეულები, ის მოხდა. ქრისტე ერთი კაცი არ არის, რა თქმა უნდა, ის ძე ღვთისაა და ძე კაცისა, მაგრამ ვისი სხეული აქვს?! ადამის ყველა მოდგმის სხეული, ანუ ყველა კულტურის, ყველა რელიგიის, ყველა წეს-ჩვეულების ხალხის. ამიტომ, ერთი მხრივ, მე ცალკე სხეული ვარ, მაგრამ ჩემი სხეული, ჩემს მშობლებს, ჩემს წინაპრებს რომ გავყვეთ, ჩავალთ ადამამდე, პოტენციურად, ატარებს ყველა ჩემამდე არსებული ადამიანის სხეულს. „აღსრულდა“ ნიშნავს, რომ ეს დაშლილი ადამი, ყველა მისი ნაწილი თავისი სიმართლეებით რომ წამოვიდა (რაც საჭირო იყო, რომ ბოლოში ისევ ის ერთი მიგვეღო, რაც თვითმყოფადი იქნებოდა), გამთლიანდა, რაც თავში არ იყო. ქრისტე არის ჩემი შესაძლებლობა, რომელიც შედგა და რაც მე მაძლევს იმედს, რომ მეც, როგორც ადამი, გავიხსენებ ჩემს თავს ქრისტეში და მეც შევდგები სრულ კაცად, როგორც ქრისტე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა