რელიგია

რატომ სჯობია ხოლმე ადამიანის ქმნილება ღმერთის მიერ შექმნილს

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 15.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ღმერთი ადამიანს განსაცდელებით აბრუნებს გზაზე, რომელიც მას განაღმრთობს, თუმცა მიხვედრა, უმეტესწილად, ჭირს ხოლმე. ვერ უგებს ადამიანი ღმერთს და, შესაბამისად, მასზე ან გაბრაზებულია, ან, საერთოდაც, უარყოფს, – ამ თემაზე, „ბიბილიური“ ისტორიების ახსნით, დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ მიუხვდეს ადამიანი, რა უნდა ღმერთს?

– იარე ჩემ წინ და იყავი სრულ, – ეუბნება ღმერთი აბრაამს. რას ნიშნავს ეს ფრაზა? რატომ უნდა ღმერთს, რომ მის წინ იაროს აბრაამმა?! ესე იგი, რატომ უნდა ღმერთს, რომ ჩვენ მის წინ ვიაროთ?! მაინც გაგახსენებთ, ნოე იყო მართალი ქურქში, ცუდს არ აკეთებს, მაგრამ თავისთვის არის. ასეთი ადამიანი ვერავის ათბობს. ნოე ღმერთთან დადიოდა, ხოლო აბრაამი უფრო მაღალი დონეა, ჩემ წინ იარეო, იმიტომ რომ პერსპექტივა წინაა. ღმერთია გაგების დონე და ღმერთს უნდა, რომ ადამიანმა იხილოს სასწაული. სასწაულია, როდესაც ადამიანი თავისი დასაზღვრულობის მიღმა გადააბიჯებს და ღმერთს უხარია, რომ ადამიანი წინ მიდიოდეს, შეუცნობელში შედიოდეს, იმიტომ რომ ღმერთი უსასრულო შეუცნობელია, ღრმა ერთია, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესც ადამიანი იმ შეუცნობელი ღმერთის შესაცნობად ერთ ნაბიჯს დგამს, უფრო ღრმა გაგებაში გადის. აი, რა უნდა ღმერთს! ადამიანს ღმერთი ეძლევა იმ დოზით, რა დოზითაც ადამიანს ღმერთი სწყურია და უსასრულოდ შეგიძლია, მიუახლოვდე და აივსო ღმერთით. აი, ეს ხედვა განსხვავებულია ბერძნული ხედვისგან, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანი ბუნებით დასრულებულია. ბერძნული ხედვით, ადამიანი ბუნების საზომია, მეტრია. შესაბამისად, მას არ უნდა გადაკეთება, ის უკვე სრულყოფილია, ხოლო ებრაული, ბიბლიური და ჩვენი ქრისტიანული კონცეფცია აღიარებს ადამიანის არასრულყოფილებას. ადამიანმა უნდა დაასრულოს ღმერთის ქმნილება. ადამიანს ეძლევა ბუნებითი მდგომარეობა და პერსპექტივა. ადამიანი თავისი თავისკენ მიდის, არასრულყოფილებიდან სრულყოფილებისკენ გზაა ადამიანი და მას შეუძლია თავისი ბუნების გარდაქმნა, შეცვლა. წინადაცვეთის ერთ–ერთი მისიაც ესაა. ებრაელებს წინადაცვეთას, მათ შორის, იმიტომ უკრძალავდნენ, რომ ბარბაროსობად მიაჩნდათ. როგორ, ადამიანი სრულყოფილია და თქვენ მას ნაწილს აცლით?! მაგრამ, ნახე, ვინაა ადამიანი?! ადამიანი თავისი თავის შესაძლებლობაა და მან თვითონ უნდა სრულყოს თავისი თავი. ვიბადებით უძლურები, უგუნურები, არაფერი გვესმის, არაფერი ვიცით და თანდათან ვსწავლობთ. ამიტომ წინადაცვეთა ნიშნავს, რომ ადამიანი ასრულებს ღმერთის ჩანაფიქრს – სრულყოფილებას აღწევს.

ერთ მაგალითს გავიხსენებ: იმპერატორი და ბრძენი დაობდნენ, ადამიანის ქმნილება სჯობს თუ ღმერთისო. იმპერატორმა თქვა, რა თქმა უნდა, ღმერთის ქმნილებაო, ბრძენი კი ეწინააღმდეგებოდა. თავისი მოსაზრების განსამტკიცებლად ბრძენმა მოატანინა სელი და დააყრევინა, – ეს ღმერთის ქმნილებააო. შემდეგ მოატანინა სამეფო ტანსაცმელი, ამ სელისგან მოქსოვილი; შემდეგ მოატანინა ხორბალი და სამეფო ხაბაზის მიერ გამომცხვარი პური. გაშრა იმპერატორი: შეადარა სელი და ტანსაცმელი, ხორბალი და დაბრაწული პური. ანუ ადამიანი არის ღმერთის საქმის გამგრძელებელი, თანამშრომელი, ის სრულყოფს თავის თავს, ასრულებს სამყაროს, მიჰყავს სისრულისკენ. ამდენად, ამ გზაზე სიარული ყოველთვის გამოცდაა. გამოცდის მიზანია ამაღლება. რასაც შენი ბუნებით დასაზღვრავ, იქ არ უნდა დარჩე. ხომ გახსოვს, მუდმივად ეძახდა ღმერთი: აბრაამ, აბრაამ! აბრაამი კი პასუხობდა: აქ ვარ, უფალო. ესე იგი, ამ ადგილას ვარო, ეუბნებოდა. ასე ეძახდა ღმერთი ილიას და ისიც იმავეს პასუხობდა: აქ ვარ. ანუ შენ მუდამ შემართული ხარ დაძახილზე. გახსოვს, ხომ, მოციქულები როგორ იქცევიან? უხმო ქრისტემ და მაშინვე დაყარეს ბადე და გაეშურნენ მასთან.

აქვე მინდა, შევეხო სარას სიცილს: საერთოდ, ორნაირი სიცილი არსებობს. ერთია უგუნური სიცილი, მაგალითად, იშმაილის დაცინვა, მეორეა – იცხაკის სიცილი. სარას სიცილი არის შიგნით მიმართული, როდესაც უთხრეს, შვილი გეყოლებაო, არადა გამომხმარი იყო მისი საშო, გაეცინა და მისი სიცილი არის მოსალოდნელი სიხარულით გაცინება, რომ დაირღვევა ეს ლოგიკით შექმნილი რეალობა და შემოვა სრულიად ახალი სამყარო. ეს ჯანსაღი სიცილია, მაგრამ არის მეორე, ნეგატიური სიცილი: ეს არის იშმაილის დაცინვა, როდესაც დასცინი მას, ვინც მემკვიდრეა, მაგრამ ახლა არაფერი აქვს. ისმაილი ეუბნება ისააკს, მე შენ გჯობივარ, 13 წლით უფროსი ვარ, შენ მოხუცის შვილი ხარ, შენგან, აბა, რა გამოვაო. ასეთი დაცინვა მძიმე ცოდვაა და ეს ჩვენც გვახასიათებს ხოლმე. გაგახსენებ, რომ, წმიდა მამების სწავლებით, ადამიანის საჯაროდ დაცინვა, გაკიცხვა, არის ღმერთის შეურაცხყოფა. ღვთის ხატს აყენებ შენ შეურაცხყოფას და ვერც იმას აცნობიერებ, რომ მას კი არ შეუცოდავს – იმიტომ რომ მისი ბუნება უცოდველია – მან ცოდვა ჩაიდინა. მეტიც, ეშმაკზეც კი არ უნდა ითქვას, ბუნებით ბოროტია, შეჩვენდესო, იმიტომ რომ ეშმაკი არ არის ბუნებით ბოროტი. ღმერთის ქმნილება ბუნებით ბოროტი ვერ იქნება. ამიტომ ყველას აქვს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ ბუნებას და როდესაც შენ ადამიანს აკნინებ, მასში კლავ ღმერთის ძალას, რომელსაც შეუძლია მისი ისევ ღმერთად დაბრუნება. პირიქით, ხელი უნდა შეუწყო. სტიმული უნდა მისცე. შენ უნდა იყო მისთვის გახსენება, რომ თუმცა დღეს ასეთ ცუდ მდგომარეობაში ხარ, შეგიძლია, გადააბიჯო ამ ბუნებით მდგომარეობას და ამაღლდე ღვთაებრიობამდე. ისევ „ბიბლიის“ ტექსტს დავუბრუნდეთ: იქ ნახსენები თითოეული სიტყვა, თითოეული გეოგრაფიული სახელი არის სიმბოლო და სულის მდგომარეობების ისტორია. წერია, ქანაანის ხუთი მეფე დაამარცხა ოთხმა შუამდინარელმა მეფემ და ლოტიც კი ტყვედ წაიყვანეს. რას ნიშნავს ეს?! ვინ არიან ხუთი ქანაანელი და ოთხი შუამდინარელი მეფეები?! მაქსიმე აღმსარებელს რომ მოუსმინოთ, ეს მეფეები არის სულის მდგომარეობები. ქანაანი არის ქანის შთამომავლობა. ეს არის ვნებები, ბოროტება, დაბალი ვიბრაციები, გველის ცდუნებით რომ გაეღვიძა ადამიანს და, შედეგად სტიქიები თარეშობს: შური, ბოღმა, გაუტანლობა, ძარცვა, მკვლელობა – ყველაფერი, რაც გულის დაბლაა. აი, იმ ხუთი მეფის სახელები რომ ნახო, მაშინვე მიხვდები, რომ ეს მდგომარეობებია და შუამდინარელი მეფეების სახელებიც მდგომარეობებია, ოღონდ უფრო გულის მდგომარეობები, ემოციური პლანი, რომლებმაც ვნებებს სძლიეს, ლოტი გაათავისუფლეს და თავის საწყისს დაუბრუნეს. სიტყვა „ლოტი“ ნიშნავს დაფარულს. როგორ უნდა გავიგოთ ეს? ლოტი, როგორც გონითი საწყისი, აბრაამის ძმისშვილი, აბრაამს გამოეყო და პირველს მას მისცა აბრაამმა ადგილის არჩევის ნება. ლოტმა სამოთხესავით ლამაზი ადგილი აირჩია და, საბოლოოდ, აღმოჩნდა სოდომი. რას გვასწავლის ეს ჩვენ? რომ ჭარბ მატერიალურობას მივყავართ ჰედონიზმამდე, დეგრადირებამდე და ყველა საზოგადოებაში ასეა. რომის იმპერია სწორედ ამ ჭარბი მატერიალური სიკეთეების გამო დაეცა. ბუნებაშიც ასეა: მგლები გადააშენეს და ირმები გაბერწდნენ. ადამიანი სულიერად ბერწდება და გვამი ხდება, როდესაც მისიას კარგავს, როდესაც ეკარგება გზა, საითაც მიდის; მყაყდება, როგორც მდინარე, რომელიც კალაპოტიდან ამოვარდება და ზღვას ვეღარ ერთვის. ადამიანი არის ბუნებითი მოცემულობა, რომელშიც ღმერთმა განღმრთობის უნარი ჩადო, რომ ამ მასალიდან, მან თავისი თავი შექმნას და ღმერთამდე მივიდეს. აი, ეს არის გზა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა