რატომ შექმნა ღმერთმა ყველა სულიერი წყვილად, ხოლო ადამი მარტო
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 05.12
ადამისგან ევას შექმნის ბიბლიური ამბავი ხშირად მამაკაცების ან, პირიქით, ქალების უპირატესობაზე დავის საგანი ხდება ხოლმე, თუმცა, ბიბლიურ ამბებსა და იგავებს პირდაპირი მნიშვნელობით, რაც არ უნდა ეცადო, თუ შესაბამისი ცოდნა არ გაქვს, ვერც გაიგებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი და, მათ შორის, მეც ხშირად ციტატებად ვიშველიებ ბიბლიის ამა თუ იმ ადგილს, უდიდესი ალბათობით, ინტერპრეტაცია მცდარია ხოლმე. რატომ არ შექმნა ღმერთმა მარტო ადამი და რატომ გამოუჩინა მეწყვილე მასაც? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– თუ ღმერთი ერთია, რატომ შექმნა ორი: ადამი და ევა?
– ცოტა შორიდან დავიწყოთ, რომ უკეთ ჩავწვდეთ არსს. ვიცით, რომ ადამის შესახებ ორი ისტორიაა: პირველი ისტორიაა, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა, ისინი ერთად არიან, ყველა და ყველაფერი დაუმორჩილა მათ. უთხრა: აავსეთ დედამიწა! ბიბლიის მეორე თავი კი, რატომღაც, ისევ უბრუნდება ადამს, ცოტა განსხვავებული ისტორიით: ღმერთი ადამს ქმნის, მაგრამ შემდეგ წერია ადამის მოწყენაზე, ის მარტო იყო, ამიტომ შეუქმნის ევას... თითქოს ორი ადამის ამბავია მოთხრობილი და ეს ორი განსხვავებული ისტორიაა, სინამდვილეში კი ეს ერთი ადამის ორი ასპექტია: შინაგანი და გარეგანი. პირველი არის ბუნებითი ადამი, რომელიც მატერიაზე, ბუნებაზე უნდა გაბატონდეს. ამისთვის სამყაროა ასპარეზი, სადაც ადამმა უნდა იმეფოს: აითვისოს, გაიგოს, განავრცოს და აავსოს დედამიწა. მეორე ადამი უკვე მეტაფიზიკური ადამია: ის მარტოხელაა, მისთვის სამყარო მხოლოდ და მხოლოდ გარსია, ნაჭუჭია და მისთვის მთავარია თავისივე შინაგანი სამყარო. ის ვერტიკალურად ვითარდება. ანუ, თუ პირველ ადამს დაესმის კითხვა: როგორ? როგორ ავითვისო სამყარო? როგორ გადავრჩე? როგორ ავავსო დედამიწა და როგორ ვიმეფო ყველაფერზე?.. მეორე ადამს ეს არ აინტერესებს: მისთვის ეს არის გარსი. მეორე ადამისთვის მთავარია კითხვა: ვინ ვარ მე, მას უნდა, რომ ამაღლდეს ღმერთამდე და შიგნიდან, ანუ მეტაფიზიკურად მიემსგავსოს მას. ამის ერთდროულად გადმოცემა შეუძლებელი იყო, ამიტომ ცალ-ცალკე გადმოიცა: პირველად, ადამის მიწიერი ასპექტი, მეორედ – შინაგანი. პირველ ასპექტში შედის მეცნიერება, ტექნიკა, ხელოვნება, ყველაფერი, რაც მატერიალურ გადარჩენას, გამრავლებას, განვითარებასა და ბუნებაზე ბატონობას უკავშირდება; რომ ადამიანმა ფიზიკური სიბნელე გაავსოს სულიერი გაგებით, მეცნიერებით. მეორისთვის მთავარია, რისთვის მოვედი აქ, რისთვის შეიქმნა ეს ყველაფერი?! ამიტომ მისთვის მატერიალურ სამყაროს მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ მეორე ადამი მარტოსულია, ფაქტობრივად. თითქოს ბუნებას უპირისპირდება. ხოლო პირველ ადამს არც აინტერესებს მეტაფიზიკური საკითხები: მას აინტერესებს დღევანდელობა, გადარჩენა და წუთისოფლის ყოველწამიერი გამოწვევები. მათი გაგება და მიწიერად გამეფება. ორივე ერთი ადამის ისტორიაა, თითოეული ჩვენგანის ისტორია. აბა, დააკვირდი შენს ცხოვრებას?! რატომ მისმენ? აქ მატერიალური არაფერია, არ იჭმევა, არ ისმევა. დროს კარგავ, მიწიერი თვალსაზრისით, იმიტომ რომ არანაირი მოგება არ არის, მაგრამ რაღაცამ მოგიყვანა. რამ?! მეორე ადამმა: რაღაც გინდა, გაიგო; იმაზე მეტი, რაც მიწიერ ცხოვრებაში გაწუხებს: ოჯახი, სამსახური, ურთიერთობები... ეს ორი ერთმანეთს ავსებს, არავითარ შემთხვევაში არ უპირისპირდება და ერთმანეთის ხარჯზე არც ერთი არ უნდა გავაძლიეროთ, ეს შეცდომა იქნება. ადამიანი არის ამ ორის მთლიანობა: ერთი მხრივ, პროექტი, რისკენაც მიდიხარ და, მეორე მხრივ, მატერია, რომელსაც იყენებ, რომ ხორცი შეასხა ღვთის იდეას.
არანაკლებ საინტერესოა ადამისგან ევას გამოზიდვა. ძველქართულ ტექსტებში წერია: განკვირვებაი დასდო ადამს, ძილქუში მოჰგვარაო. სხვათა შორის, იგივე წერია შემდეგაც, როდესაც აბრაამს დიდი გამოცხადება ჰქონდა. ებრაულად იმავეს ნიშნავს ეს სიტყვა – განკვირვება, რასაც ძველქართულად. ანუ ღრმა სულიერი მოვლენა უნდა მოხდეს, რომლის მნიშვნელობა თანდათან გახდება ცნობილი, მაგრამ იმ მომენტში არ ჩანს. რატომ არ ჩანს? იმიტომ რომ იმ მომენტში ადამიანის ცნობიერი ნაწილი ამას ვერ დაიტევდა, ჩვენს ცხოვრებაშიც ხომ ხდება რაღაცები, რაც გვაოცებს, რასაც ვერ ვხსნით, მაგრამ მერე და მერე ნელ-ნელა ვიაზრებთ?! ქართულში საოცარი სიტყვაა: გაოცება. არ ვიცი, რა არის, მაგრამ მიკვირს, გაოცებული ვარ, მიზიდავს, მაგრამ მხოლოდ მერე ვიგებ მის აზრს. რატომ შეიქმნა ევა? მოეწყინა ადამსო. რას ნიშნავს „მოეწყინა“?! გვახსოვს, რომ ყველა ცხოველი და ფრინველი წყვილ-წყვილად შექმნა ღმერთმა, მაგრამ ადამს ქმნის ერთს, თანამონაწილედ ქმნადობისთვის. მას გარედან არაფერს აძლევს. მიუყვანს ცხოველებსა და ფრინველებს და წერია, რომ ეს ცხოველები და ფრინველები გამოკვეთილი არ იყო. ბავშვებიც ასე არ არიან? ჩვილი გამოკვეთილად ვერ ხედავს საგნებს, რაც მის გარშემოა, ვერც სახეებს არჩევს. მერე, თანდათანობით გამოკვეთს და სახელებს არქმევს. ანუ ღმერთმა გამზადებული ცხოველები და ფრინველები კი არ მოუყვანა ადამს, არამედ ნახევარფაბრიკატები, რომლებსაც ადამი თავის თავში გარდატეხს და არქმევს სახელებს: ცხენს, ცხვარს, მგელს... და სახელი რა არის? რას აკეთებს სახელი? ამხელს შიდა ბუნებას. ადამის მიერ სახელების დარქმევა ნიშნავს, რომ ადამი მასალას აკვირდება და თვითონ არქმევს სახელებს. შემდეგ წერია, რომ მოეწყინა, წყვილ-წყვილად რომ ნახა ყველა. მაგრამ ევას გარედან არ აძლევს ღმერთი. მანამდე არ ეძლევა ევა, სანამ ადამში არ ჩნდება საამისო მიმღებლობა და წყურვილი. ყველაფერში ასეა, თუ დააკვირდები. „სახარებაშიც“ წერია, ითხოვეთ და მოგეცემათო. თუმცა ჩვენ გვგონია, ვთხოვთ და მოგვცემს. ხან ვეხვეწებით და ვევედრებით. იცი, რას ნიშნავს „გევედრები“, რა არის „ხვეწნა“, „თხოვნა“?! „ვედრი“ არის გადმოხვეწილი. შესავედრებელი ნიშნავს უპატრონოს, რომელიც რაღაცის გამო შენთან მოვიდა და უნდა შეიკედლო. ესე იგი, გავედრებ ნიშნავს – გაბარებ. აქედანაა ვედრიც. მაშასადამე, გევედრები ყოფილა ვედრად გეძლევი, ამდენად, თუ გადაწყვეტილება არ არის, ვერაფერს მიიღებ. შენ მართლაც ჩაჰბარდი ვედრად ღმერთს? მართლა უპატრონო ხარ? მიხვედი იქამდე, რომ სამყარო ვერ გაძლევს, რაც გჭირდება და ერთადერთი ის გრჩება, რომ ღმერთს ჩაჰბარდე ვედრად?! აი, მაშინ მიიღებ იმას, რასაც ევედრები. ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს გეხვეწები: არადა, რამდენს ვეხვეწებით ღმერთს და არ გვაძლევს, რაც გვაბრაზებს ხოლმე. რა არის „ხვეწი“?! შალაშინი, ინსტრუმენტი, რომელიც ხეს ხვეწავს. გევედრები, ანუ გეძლევი დასახვეწად. გავიხსენოთ, რა არის სამოთხე ებრაულად? ერთი, რომ სანეტარო ადგილია, მეორე მნიშვნელობით კი – დახვეწის ადგილი, სამოთხე, მოთხვით სიარული, ანუ სეირნობა, ოღონდ მას შემდეგ, რაც დაიხვეწები. რატომაა წუთისოფელი ოფლისა და შრომის ადგილი? იმიტომ რომ დახვეწილები არ ვართ. რომ დაიხვეწები, უკვე სასეირნო ადგილად გადაგექცევა იქვე. მესამე სიტყვაა „თხოვნა“. დამზრალ მიწას აქვს წვიმის მოთხოვნილება და ფსალმუნში წერია: ჩემი სული, უფალო, ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამიო. ამას ვერ ითამაშებ: ბაგით კი ამბობ, გთხოვო, მაგრამ გული განიცდის იმის ნაკლებობას, რასაც ითხოვ?! რა არის პირველი ნეტარება?! რატომ არის ნეტარი სულით გლახაკი?! იმიტომ რომ ღმერთი აკლია. ესე იგი, ნეტარია, ვისაც ღმერთის მოთხოვნილება აქვს. აი, რას ნიშნავს ითხოვე და მოგეცემა, აი, რას ნიშნავს, ღმერთო, გევედრები; აი, რას ნიშნავს, ღმერთო, გეხვეწები. და როდესაც ადამს გაუჩნდა მოთხოვნილება და წყურვილი, მაშინ მიეცა ევა. დააკვირდი ჩვენს ცხოვრებას, აქაც ასეა: ჩნდება ის, რისი მოთხოვნილებაცაა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან