რელიგია

რატომ შექმნა ღმერთმა ყველა სულიერი წყვილ-წყვილად და მხოლოდ ადამი – მარტო, მეწყვილის გარეშე

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.11

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც ღმერთმა ყველა სულიერი წყვილად შექმნა, მხოლოდ ადამი იყო მარტო და თუმცა, მოგვიანებით, მასაც შეუქმნა ევა, ბუნებრივია, იბადება კითხვა: თუკი ღმერთი ერთია, ადამის მოდგმის ბოლო კი განღმრთობაა, რატომ დასჭირდა მეწყვილე ადამსაც? – ამ თემაზე დიდი დიღმის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– საბოლოოდ, ღმერთმა ადამსაც შეუქმნა მეწყვილე და, როცა მასთან უნდა დავბრუნდე ერთი, მეწყვილე რატომღა მჭირდება?

– ამის პასუხი დევს იმ განსხვავებაში, რაც ადამსა და ყველა დანარჩენ ქმნილებას შორისაა. მართალია, ყველა წყვილად შექმნა იმთავითვე, ადამის გარდა, მაგრამ, როდესაც ადამმა ცხოველებს, წყვილებს, დაარქვა სახელები, ნახა რა, რომ თავად მარტოა, მოეწყინა და ამის შემდეგ გამოუღო მას ღმერთმა ნეკნი და გარედან გაჩნდა ევა. მხოლოდ ამ ამბის ცოდნა ბევრს არაფერს გვაძლევს, რადგან ეს დიდი და ღრმა საიდუმლოა და ისიც ვიცით, რომ ბიბლიის გაგების ოთხი დონეა: სიტყვასიტყვითი, მინიშნების, იგავური და მთავარი – ამყვანებითი. შესაბამისად, ყველაზე მთავარი ის კი არ არის, თუ რა მოხდა, არამედ რატომ მოხდა. ბიბლიაში ადამის ისტორია ორნაირადაა გადმოცემული: ჯერ წერია, რომ ღმერთმა ადამი ქალად და მამაკაცად შექმნა და უთხრა, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, იბატონეთ ყველაფერზე... მაგრამ ეს ადამის შექმნის ერთი ისტორიაა, მეორე ისტორიაა, რომ ღმერთმა გააშენა სამოთხის ბაღი, იქ მიიყვანა კაცი დასამუშავებლად და აი, იქაა ადამი მარტო. ამის შემდეგ მოეწყინა ადამს და ვიცით, რაც მოხდა. ასეა გადმოცემული ერთი ადამის ორი მიმართულება: ერთი ადამი მიწიერია, ფიზიკურში ბატონობს, ამიტომ უნდა აავსოს და აითვისოს, მეორეა სულიერი ადამი, რომელიც უნდა განვითარდეს ღმერთის შემეცნებაში: ვინ ვარ მე, როგორ და საით უნდა განვვითარდე. ანუ მოცემულია ადამის ესთეტიკური და ეთიკური მხარეები: ერთი მხრივ, ადამმა გარეგნული მხარე უნდა მოაწესრიგოს, შეიმეცნოს, ნათელი შეიტანოს ქაოსურ მატერიაში, შეისწავლოს, აავსოს დედამიწა და აქ ისმის კითხვა: როგორ გადარჩეს და განვითარდეს? მაგრამ უმთავრესია მეორე კითხვა – რისთვის უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? ეს უკვე მეტაფიზიკური მხარეა, რაც უკავშირდება ეთიკას (რელიგიას, ზნეობას). ამდენად, იმთავითვე წყვილად რატომ არ იქმნება ადამი? იმიტომ რომ ღმერთმა ადამი შექმნა თავის ხატად და განზრახვაში – მსგავსად. ხატად შექმნა ნიშნავს, რომ, როგორც ერთია ღმერთი, ისე ერთია ადამიც! მაგრამ, როდესაც ადამი თავის თავში იყო გამთლიანებული, ზედმეტად ერთი იყო, ესე იგი, ჭარბად ღმერთი და მისი სისრულე კლონურს ჰგავდა, ვინაიდან მასში არ იყო ამ სისრულის მიზეზი. ადამს არ მიუღია მონაწილეობა ამ თავის ერთობაში, ამიტომ ის თავისი თავიდან უნდა გამოსულიყო. ორიგინალ თარგმანში წერია: არ ვარგა სიცოცხლე, როცა ადამი მარტოა. ანუ სიცოცხლე რომ განხორციელდეს, ის უნდა იყოს გაცნობიერებული. ცხოველები გარედანვე იქმნებიან ცხოველებად, ხოლო ადამში, რაკი ღვთის ხატია, სიცოცხლე უნდა განხორციელდეს თავისუფალი ნებით. განგებამ წყვილები რომ აჩვენა, ამით ერთგვარად გამოზიდა ადამი თავისი თავისგან – აღუძრა სურვილი. გავიმეორებ: ყველა ქმნილება შეიქმნა გარედან, თქვა ღმერთმა და იქმნა... ხოლო, რაკი ადამი ღვთის ხატია, მას უნდა აღეძრას სურვილი, რომ თანამონაწილე გახდეს თავისი თავის ქმნადობისა და დასრულების. ამიტომაც არ შექმნა ის ღმერთმა დასრულებულად და სწორედ ამიტომ მოესურვა ადამს მეწყვილე. აი, ამ მოსურვების შემდეგ აძლევს ღმერთი მას ევას. ყველა კომენტარს აქვს არსებობის უფლება, ვინაიდან ზუსტად არავინ არაფერი იცის და არც არსებობს უნივერსალური კომენტარი: ვერც იოანე ოქროპირი სწვდება ბოლომდე და ვერც სხვა წმიდა მამა. ყველანი თავიანთ დონეზე სწვდებიან ბიბლიის იგავურ არსს და, ამდენად, ბიბლიის კომენტირება ისევ გრძელდება და უნდა გაგრძელდეს. როდესაც ნათქვამია, შექმნა ღმერთმა ადამი ხატად და მსგავსად თვისაო, ისმის კითხვა: ვის ეთათბირებოდა? ქრისტიანული განმარტებით, წმიდა სამებას, ანგელოზებს; მაგრამ ებრაელების ერთ-ერთი თამამი კომენტარია, რომ ღმერთი თავად ადამს ეთათბირა, ვიდრე მოიყვანდა არსებობაში, ანუ ადამის იდეას ზეციურში, რომ შემოეყვანა აქ, მიწიერ ყოფაში, ოღონდ ნებაყოფლობით. ადამი მხოლოდ გარედან რომ შეექმნა ღმერთს, ის იქნებოდა ისეთივე მართული ინსტინქტებითა და კანონებით, როგორც ცხოველები და გალაქტიკები არიან და მაშინ სადაა თავისუფალი ნება?! ძალიან ძნელია, ამას ადამიანური გონებით ჩასწვდე და იმიტომ მოგვყავს მაგალითები, რათა მივხვდეთ, რომ ადამიანი ბევრად უსასრულო არსებაა, ვიდრე ბიოლოგიური წარმონაქმნი. სამწუხაროდ, როდესაც ვერ ვამჩნევთ მის შინაგან ბუნებას, არსს, მისიას, ადამიანი ნებისმიერ ცხოველზე უბედურ არსებად შეგვრჩება ხელში. ცხოველებიც ჭამენ, სვამენ, სოციუმიც აქვთ, შვილებიც უყვართ... ძალიან ცოდვაა ადამიანი, როგორც მხოლოდ ცხოველი; არსება, რომელიც იბრძვის, რომ ოღონდ იყოს. მაგრამ ადამიანი ის კი არ არის, ვინც მხოლოდ არის, არამედ ის გზაა, საითაც მიდის, რისკენაც მას ამოძრავებს, რაც მასშია ჩადებული – ანუ სრულყოფილება. აი, ესაა მისიის ადამიანი, ანუ მეორე ადამი. შესაბამისად, როდესაც ადამმა მოისურვა – გაჩნდა ევა. უხეშად რომ ვთქვათ, ადამი და ევა არიან სული და მატერია: ევა იმთავითვე იყო ადამში, როგორც შესაძლებლობა. ისევე, როგორც ღმერთში იყო ადამი: შემდეგ ღმერთმა ადამი გამოყო და ადამს გაუჩნდა ლტოლვა ღმერთისკენ. ღმერთის მსგავსობა ნიშნავს, რომ ადამიც სრულია, მაგრამ უნდა დაიწყოს დრამა, ვინაიდან ის ერთობა, რაც ადამშია, გარედან, ღმერთის ნებითაა მოცემული და გაცნობიერებულ ერთობამდე რომ ავიდეს, ესე იგი, თავისი თავი გაამთლიანოს, მას უნდა გამოეყოს ევა – თავისივე შინაგანი ბუნება და ერთობას უნდა მიაღწიონ ერთმანეთისკენ სწრაფვით. ანუ ისევ შეიქმნება ერთობა, მაგრამ ამაში უკვე ორივე მონაწილეობს თავისუფალი ნებით. ებრაელები განმარტავენ, რომ თავიდან ადამი და ევა ზურგით იყვნენ შეზრდილები და ერთმანეთის სახეებს ვერ ხედავდნენ, ანუ ადამი ვერ ჭვრეტდა ევას. გაიხერხა (ესეც მეტაფორაა), გაცალკევდნენ და შემდეგ ერთმანეთისკენ მიდიან, ანუ წრეს კრავენ და პირისპირ ეწებებიან – ერთნი ხდებიან. შეხედეს ერთმანეთს ადამმა და ევამ და დაიწყო მიზიდვა, შემოქმედება, მაგრამ მათ შორის დაპირისპირებაა. ევა შეუქმნა, როგორც თანაშემწეო, ოღონდ ეს ზერელე თარგმანია. ღრმა თარგმანში წერია, როგორც დამხმარე-მოწინააღმდეგე, რითაც უკვე რეაქციაში შედიან ერთმანეთთან. ევა არ აძლევს საშუალებას ადამს, ძალიან ღრმად შევიდეს საკუთარ თავში. ამიტომ ევა განასახიერებს მატერიას, ადამს კი აინტერესებს მისტიკა, მეტაფიზიკა. აი, ეს ბალანსდება ადამსა და ევას შორის და ადამიანი უკვე ვითრდება ორი მიმართულებით: ერთია სამყაროს ათვისება, ანუ ტექნიკური განვითარება და მეორე ვერტიკალში ასვლა – რისთვის გაჩნდა? რათა სამოთხის ხსოვნას არ მოსწყდეს! დღეს დავრჩით კითხვაში: როგორ?! ანუ როგორ ვჭამო, ვსვა, ვიშოვო სიმდიდრე... ზედმეტად მივეჯაჭვეთ მიწას; თუმცა იყო პერიოდები, როდესაც სჭარბობდა მეტაფიზიკა. მაგალითად, შუა საუკუნეებში წლობით არ იბანდნენ, ცოდვად ითლებოდა. მადლად კი უპოვრობა და განუვითარებლობა მიიჩნეოდა. არადა, ადამი და ევა გამოცალკევდნენ ორივე მიმართულებით განვითარებისთვის, რომ ამ პლუს-მინუსს შორის ჭიდილში ადამი ისევ, ოღონდ გაცნობიერებულად, გამთლიანებულიყო თავის თავთან და სამყაროსთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...