რელიგია

რატომ შეერია ქრისტიანობას ჩვენს თანამედროვეობაში ცრურწმენებიდა რატომ ვანიჭებთ ხოლმე საეკლესიო რიტუალებს მაგიის ძალას

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.03

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ფაქტია, რომ მორწმუნეების ცხოვრებაში არც თუ მეორეხარისხოვანი ადგილი უჭირავს რიტუალებსა და ჩვეულებებს, მაგალითად, რომ ხარებისას თევზის მირთმევაა აუცილებელი, ბარბარობას ლობიანის გარეშე ვერ აღვნიშნავთ, აღდგომას წითელი კვერცხის გარეშე ფასი ეკარგება და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. რატომ შეერია წარმართობისმაგვარი ცრურწმენები ქრისტიანობას? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– საიდან წამოვიდა ეს ცრურწმენები და როგორ იქცა რელიგიური დღესასწაულების შემადგენელ ნაწილად?

– დიახ, წარმართობა თითქოს უკანაა მოტოვებული და ჩვენ ქრისტეში ავმაღლდით, თუმცა გაუგებრობის მიზეზი შეიძლება, ისიც იყოს, რომ ქრისტიანობა, სულაც, არ გულისხმობს ასკეტიზმსა და ცხოვრების მოძულებას. როდესაც შინაგანი რწმენა არ იყო და ადამიანს საზრისი არ იჭერდა, ის ჭარბად ეშვებოდა მატერიაში, ბოჰემაში, ჰედონიზმში. ქრისტემ მოიტანა ბალანსი. იესოს ცხოვრება არ უარუყვია და პრობლემაც, ალბათ, ამ ბალანსის დაუცველობაშია: ხან იქით გადავარდება ადამიანი მთლიანად ან ამის შიშით უარს ამბობს ცხოვრებაზე. ბალანსი კი არის გზა, რაც ქრისტეს იმთავითვე გამზადებულად არ მოუცია ჩვენთვის. ადამიანის ბუნება, სტიქია, მატერია სავსეა დაცემებით და ამ დროს ქრისტე გვთავაზობს რწმენას, როგორც ამ წუთისოფლის მძლეველს. ოღონდ ეს ავტომატურად არ გვეძლევა, ადამიანი შუაშია: ამ ორთან ჭიდილში ქმნის თავის თავს და ამ ორის თავის თავში შეურწყმელად უნდა მიაღწიოს მიწიერისა და სულიერის ჰარმონიას. არც ერთი ერთმანეთის ხარჯზე არ უნდა იყოს.

და, მართლაც, ბარბარობას რომ იტყვი, უპირველესად, ლობიანი ახსენდება ადამიანს, ამ დროს კი ლობიო, თურმე, მეთექვსმეტე საუკუნეში შემოვიდა საქართველოში. ჩვენთან იტყვიან, ბარბალობაო და რა არის ბარბალე?! ბორბალი – წუთისოფლის მუდმივი წრებრუნვა, რომელიც არსად მიდის: მეორდება გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი; დაბადება, გაზრდა, დაბერება, სიკვდილი და სწორედ აქ, მოსეს კვერთხივით, შემოდის ქრისტე, ვისაც საზრისი შემოაქვს. წუთისოფლის უაზრო წრებრუნვაში – ჭამა-სმა-სიკვდილი – შემოდის საზრისი, ვერტიკალი, რომელიც არღვევს ამ მოჯადოებულ წრეს. ბუნებრივია, ცუდია, როდესაც ზედმეტი მნიშვნელობა ენიჭება მეორეხარისხოვანს, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით ამ მეორეხარისხოვანს, ანუ ზედაპირულ ტრადიციას: ბარბარობა – ლობიო, ხარება – თევზი, ბზობა – ბზა, ფერისცვალება – ხილი, აქვს თავისი დატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს დაბალი ცნობიერების დონეა, მაგრამ, როდესაც ხალხურ დონეზე ასე ინახება ტრადიცია, ის გარკვეულ პერიოდებში მაინც ასრულებს თავის ფუნქციას. მაგალითად, დაპყრობების დროს, კომუნისტების პერიოდში ქადაგება არ იყო, სახარება არ იკითხებოდა, ჩვენ არ ვიცოდით ქრისტეს სწავლება, მაგრამ სწორედ ასეთმა ბრმა ერთგულებამ საბჭოთა პერიოდში, – თუმცა წარმოდგენა არ გვქონდა, რა იყო, თუნდაც, ნათლობა, წითელი კვერცხი, ლობიანები თუ თევზი, – შემოინახა ის დიდი გაგება და დღეს, მაშინ რომ ასე გარეგნულად არ ყოფილიყო დაცული, საერთოდ დაიკარგებოდა. ასეთი რიტუალები, თუნდაც, ბრმა, ინახავდა ჩვენს სარწმუნოებას. წარმოდგენა არ გვქონდა, რა იყო თანაფა, მაგრამ დილის ხუთ საათზე ვდგებოდით, იღებებოდა კვერცხები და გავდიოდით სასაფლაოზე. გულის ფანცქალით ველოდით, ბავშვები ამ დღეს, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. სამეგრელოში სასფლაოს ჰქვია „ოხვამე“ – არადა, ოხვამე, იმავდროულად, არის სალოცავი. ანუ იმ ადგილას იყო სალოცავი და კომუნისტების დროს რომ მოიშალა სალოცავი და სასაფლაო გააკეთეს, სახელი მაინც დარჩა. ჩვენ ოხვამეს ვიმეორებდით, როგორც წყევლას, არადა სალოცავს ნიშნავდა. სწორედ ასეთი რიტუალებით განგებამ რაღაცნაირად შემოინახა ბოლო ჟამისთვის ეს ხსოვნა, რომ საერთოდ არ მოვმწყდარიყავით საწყისს, ჭეშმარიტ სიცოცხლეს. აუცილებლად უნდა მონათლულიყო ბავშვი, მაგრამ ვერავინ გეტყოდა, რატომ უნდა მონათლულიყო, გეტყოდნენ, ასეა საჭიროო.

კიდევ ერთ ტრადიციას გავიხსენებ, მიცვალებულს არ კრძალავდნენ, თუ ვინმე მოსანათლი იყო, სანამ ყველა არ მოინათლებოდა. ესეც გადარჩენის ინსტინქტით იყო ნაკარნახები, სხვა დროს შეიძლება, არც მონათლულიყვნენ, ამიტომ ამ საშუალებას იყენებდნენ და ნათლავდნენ. ამანაც თავისი ფუნქცია შეასრულა, რასაც დღეს ნელ-ნელა ადამიანები იაზრებენ, მაგრამ მე უფრო სხვა პრობლემას ვხედავ: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ტაძრებიც გვაქვს, მღვდელმსახურებიც გვყავს, საეკლესიო რიტუალებში ცრურწმენა შემოდის. მაგია, თავის დროზე, იმიტომ გაჩნდა, რომ ადამიანის ცნობიერება არ იყო განვითარებული; ბოლოს და ბოლოს, მეცნიერება არ არსებობდა და ადამიანი წინ ვერ აღუდგებოდა სტიქიებს, ამიტომ მას სჭირდებოდა დამცავი: ამულეტები, ტოტემი, სიტყვა. ამით მოქმედებდნენ მაშინ ადამიანები ბუნების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გადმოდის ეკლესიაში, ვგულისხმობ ეკლესიური სიწმიდეებისადმი არასწორ მიდგომას. მაგალითად, შეიძლება, ჯვრის მიმართ მქონდეს ისეთი დამოკიდებულება, როგორც ამულეტისადმი. ანუ მე ჯვარს დავიკიდებ, მაგრამ როგორც მინდა, ისე მოვიქცევი და ჯვარი გარედან დამიცავს. არადა ჯვარი თავისთავად, სულაც, არ არის გარედან დამცავი. რა თქმა უნდა, ჯვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გააჩნია, რა ფუნქციას ანიჭებ. როდესაც, შენი ცხოვრებით ჯვარი მიგაქვს, როდესაც შენს ცხოვრებას ჯვარზე აკრავ, ქრისტეს მიჰყვები და მაღლდები საკუთარ ეგოზე – აი, ესაა ჯვარი. მაცხოვარი ამბობს, მე ვზიდე ჯვარი, თქვენც ზიდეთ და როგორ ზიდა მაცხოვარმა ჯვარი?! ლანძღვაზე, წყევლაზე, წამებაზე სიყვარულით პასუხობდა, მათთვის ლოცულობდა და მამას ავედრებდა. აი, ამას აქვს ძალა; აი, ეს გვიცავს ჩვენ და არა ჯვარი, როგორც ნივთი, რომელიც ყელზე მიკიდია. სხვათა შორის, ხატების მიმართაც იგივე დამოკიდებულება შეიმჩნევა, როდესაც მაცხოვნებელ ძალას ვანიჭებთ არა მაცხოვარსა და წმინდა სამებას, არამედ რიგით წმინდანებს. მაგრამ, თუ, ერთი მხრივ, ეს დარღვევაა, რადგან მაცხოვენებელია სამება და მაცხოვარი, მეორე მხრივ, პავლე მოციქული წერს, უძლური ნუ განიკითხავს ძლიერს, ძლიერი ნუ დასცინებს უძლურსო. ანუ შეიძლება, ღმერთმა შეიწიროს, თუ გულწრფელია ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წმიდანისადმი თაყვანისცემაში ერთგვარად კერპთაყვანისმცემლობაც შეინიშნება, იმიტომ რომ მას მეტი ცნობიერება არ აქვს. მაგრამ, რაკი ასე ხდება, ეს მიანიშნებს, რომ ჩვენ ქრისტეს ნათელი გვაკლია. რა არის ნათელი? ის, რაც ათავისუფლებს; როდესაც ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას, რომ თავისი ცნობიერებით მიუახლოვდეს და გაუგოს ღმერთს. ბუნებრივია, ბავშვობის პერიოდია, როდესაც გარეთაა გატანილი თაყვანისცემის ნიშა და ასეთი მიდგომა წარმართულია. რა არის კერპი? ის, რასაც ერთი ჩამოქნილი სახე აქვს და გამორიცხავს განვითარებას, ძიებას. შენ იმ ერთს აკლავ თავს და სწორედ ეს შობს აგრესიას. არადა, ღმერთმა არ დაგვასრულა, მოგვცა შესაძლებლობა და თავისუფალი ნება, როდესაც ჩვენი დაუსრულებელი ბუნება საკუთარი ძალისხმევით უნდა დავასრულოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული