რელიგია

რატომ შეაკლა ვახტანგ ორბელიანმა თავი კახელ აჯანყებულს

№52

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 05.01, 2024 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ქართველი პატრიოტები არ ურიგდებოდნენ ქართლ-კახეთის ანექსიას. მღელვარება, ჯერ კიდევ, 1802 წლის 12 აპრილს დაიწყო, როცა სიონში შეკრებილ ქართველობას რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე პირველის, 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი გამოუცხადეს, რომელიც არღვევდა ქართლ-კახეთის მეფეებსა და რუსეთის იმპერატორებს შორის დადებულ შეთანხმებებს და ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთებულად აცხადებდა. იმავე წელს გამოსვლები დაიწყო კახეთში. თუმცა, რუსებმა მალე ჩააქრეს. 1804 წელს აჯანყებამ იფეთქა ქართლის მთიულეთში. აჯანყება სისხლში ჩაახშვეს „ერთმორწმუნე“ დამპყრობლებმა.

1812 წლის თებერვლის დასაწყისში აჯანყება დაიწყო კახეთში. რუსული ადმინისტრაცია ძალით ართმევდა ხალხს ხორბალს ან ჯარისთვის იაფად მიყიდვას აიძულებდა. სოფლებში ჯარის ნაწილები იდგა, ძარცვავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსახლეობას. აჯანყებულებმა მეთაურობა ალექსანდრე ბატონიშვილს შესთავაზეს, მაგრამ ის ირანში შეყოვნდა. აჯანყებას შეუერთდა ბატონიშვილ იოანეს ვაჟი, გრიგოლი. 9 თებერვალს კახეთს ქართლის მთიანეთიც შეუერთდა. მთიულებმა ჩაკეტეს სამხედრო გზა. ამან დიდი ხიფათის ქვეშ დააყენა რუსული მმართველობა.

სამწუხაროდ, ქართლის დიდი ნაწილი არ შეუერთდა აჯანყებას, ამისთვის რუსებმა წინასწარ მიიღეს ზომები. მთავარმართებელი და დამპყრობლების მეთაურები ყველანაირად ცდილობდნენ ქართველების გათიშვას. ბევრი თავადი მოისყიდეს. ტფილისსა და სხვა ქალაქებში თავადების სახლები კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი.

მაგრამ კახელები არ ცხრებოდნენ. აჯანყებულები აღაფრთოვანა გიორგი მეთორმეტის შვილის, ბატონიშვილ იოანეს ვაჟის, ბატონიშვილ გრიგოლის მათ რიგებში გამოჩენამ. გრიგოლი მეფედ გამოაცხადეს. ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო რუსებისთვის. აჯანყებულები ახლა უკვე მეფის წინამძღოლობით იბრძოდნენ. დამპყრობლები ძალიან შეშფოთდნენ და გამოსავალს ეძებდნენ.

ვერაგული გეგმებიც ჰქონდათ. რუსებმა არათუ გათიშეს დიდებულები ერთმანეთისგან, არამედ გადაწყვიტეს, ქართველები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, მათ შორის ისინიც, ვინც აჯანყების სათავეში უნდა ყოფილიყვნენ. იმ დროს ტფილისში ცხოვრობდა თეკლე (თეკლა) ბატონიშვილი – მეფე ერეკლეს ასული, მეუღლესთან, ვახტანგ ორბელიანთან და შვილთან ერთად. მისი სახლი რუსებმა ალყაში მოაქციეს და ზარბაზნები დაუმიზნეს. ვახტანგ ორბელიანი რუსეთის სამხედრო სამსახურში იყო შესული. გარეთ გამოსვლის ნებას ზრდილობიანად არ აძლევდნენ. ასე მოექცნენ სხვა „საეჭვო“ ქართველებსაც.

ვახტანგ ორბელიანი და სხვა თავადები დაიბარა მთავარმართებელმა პაულიჩმა და კახელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. ჯილდოებსა და საჩუქრებს შეჰპირდა, აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა კატეგორიულად მოსთხოვა და იქვე შეახსენა, რომ მათი ცოლ-შვილი მძევლებად დარჩებოდნენ. ვახტანგ ორბელიანი, როგორც ბატონიშვილის ქმარი, განსაკუთრებით გააფრთხილეს, იცოდნენ, თეკლე ბატონიშვილი აქტიური ადამიანი იყო, ხალხში ძალიან პოპულარული და მისი ეშინოდათ.

შუაღამით დაბრუნდა შინ ვახტანგ ორბელიანი და მეუღლეს ყველაფერი უამბო. უთხრა, რომ არ შეეძლო სამშობლოსთვის ეღალატა და ქართველებისთვის, აჯანყებული კახელებისთვის, რომლებიც თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, თოფი ესროლა.

თეკლე ბატონიშვილი იმ დროს ფეხმძიმედ იყო. მოუწოდა ქმარს, წადით და მიეხმარეთ კახელებსო. ჩვენ კი რაც უნდა მოგვივიდეს, არაფერიაო, – ამბობდა გმირი მეფის ასული. მაგრამ, ვახტანგ ორბელიანმა აუხსნა, რომ თავადები აღარ ენდობოდნენ ერთმანეთს და ყველას ოჯახი საფრთხის ქვეშ იყო.

„ახლა რაღა გვეშველება, საქართველო საუკუნოდ რუსების მონად დარჩება?“ – ამოიგმინა მეფის ასულმა. „არ ვიცი, დარჩება თუ არა, ღმერთმა იცის, – უპასუხა მეუღლეს ორბელიანმა, – მე კი ვეღარ მნახავ ცოცხალს, ბატონიშვილო. შვილებს გაუფრთხილდი“.

რუსებმა სოფელ ჩუმლაყთან თავისი ჯარი და ნაძალადევად წაყვანილი ქართველები დაუპირისპირეს კახელ აჯანყებულებს. იცოდნენ თავადებმა, თუ მოძმეების მხარეს გადავიდოდნენ, ცოლ-შვილს დაუხოცავდნენ. განსაკუთრებით ღელავდა ვახტანგ ორბელიანი, სამეფო ოჯახის სიძე, იცოდა, რუსების ზარბაზანი „იცავდა“ მის ცოლ-შვილს.

როცა ბრძოლის ველზე გავიდნენ, გამოძებნა ყველაზე ლამაზად შეკაზმული კახელი მეომარი, მიეჭრა და „თოფის წართმევა“ დაუპირა. აჯანყებულმა კახელმა უთხრა: „ძმაო, კარგი ვინმე ჩანხარ, ქართველი, თოფს ვერ მოგცემ, თავი დამანებე, ნუ მაიძულებ გესროლოო“.

მაგრამ, სამეფო ოჯახის სიძე მაინც მიეძალა, თან გამომწვევად ექცეოდა და თან გულმკერდს უშვერდა. ასე „იძალავა“ კარგა ხანს. კახელი დიდხანს ითმენდა, არ უნდოდა თანამოძმის მოკვლა, მაგრამ არ მოეშვა ორბელიანი და ძალით ასროლინა კახელ აჯანყებულს მკერდში ტყვია, თავი მოაკვლევინა, რათა სამშობლოს ღალატი არ ჩაედინა. თქმა არც უნდა, აჯანყებული კახელისთვის თოფის წართმევას არც აპირებდა ორბელიანი, პირიქით, ოცნებობდა მის გვერდით დამდგარიყო და სამშობლოს თავისუფლებისთვის ებრძოლა, მაგრამ, ცოლ-შვილს რუსები ამოუწყვეტდნენ. ამიტომ, უარი თქვა მოღალატე კაცის სახელით სიცოცხლეზე.

ცოლ-შვილის გადასარჩენად და სამშობლოს ღალატის თავიდან ასაცილებლად 1812 წლის 1 მარტს ვახტანგ ორბელიანმა თავი მოაკვლევინა.

ის უცნობი კახელი გმირი, თურმე, კიდევ იბრძოდა ერთხანს, მაგრამ მერე რუსებს მოუკლავთ ისიც.

რუსმა იმპერიალისტებმა, თავისი ჯარითა და მოღალატეების მეშვეობით, კახეთის აჯანყება ჩაახშვეს.

ერთი კვირის მერე ვახტანგ ორბელიანის ცხედარი ტფილისში ჩამოასვენეს და სიონის ეკლესიაში დაკრძალეს. თეკლე ბატონიშვილმა გაარკვია ყველაფერი. ორბელიანის მსახურმა საიდუმლოდ უამბო მეფის ასულს, რაც მოხდა. საიდუმლოდ იმიტომ, რომ რუსებს არ გაეგოთ, თორემ, შესაძლოა, თეკლე ბატონიშვილისა და მისი შვილებისთვის რაიმე დაეშავებინათ.

თურმე, დამწუხრებული ვახტანგ ორბელიანი მსახურთან ამბობდა: „ვერ შევძლებ და გაღიმებული სახით ვერ მივულოცავ რუსებს ქართველების დამარცხებასო“. მსახურმა ბატონის მიერ მეუღლისათვის გამოგზავნილი უკანასკნელი წერილიც გადასცა დაქვრივებულ ბატონიშვილს, სადაც ეწერა: „ვითომ რუსების ერთგულებისთვის ხვალ ომის ქარცეცხლში შესვლა მომიწევს და ეგება მომკლან ან როგორმე თავი შევაკლა ვინმეს, როგორც ვაღიარე კიდეც შენთან. რა ვქნა, ჩემს გულს რუსების ჩვენს კისერზე წამოჯდომა ვერ აუტანია“.

ვახტანგ ორბელიანის გარდაცვალებიდან სულ მალე, 5 აპრილს დაიბადა ვაჟი, მას დაღუპული მამის სახელი, ვახტანგი დაარქვეს.

გავიდა წლები. 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა მხარდაჭერისთვის თეკლე ბატონიშვილი ერთი წლით კალუგაში გადაასახლეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა