რატომ ნიშნავს პატიება, ვინც გვაწყენინა, იმ ადამიანის „პატივში აყვანას“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 17.02, 2022 წელი

ადამიანებს ყველაზე მეტად გვიჭირს მეორე ადამიანის პატიება, ვინაიდან უმეტესწილად გვგონია, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ, ცუდად. რატომ უნდა ვაპატიოთ და გვაპატიონ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– სინამდვილეში როგორაა შესაძლებელი, ნამდვილად აპატიო ადამიანს და, ხანდახან ისეთი რამ, რაც უპატიებელი გგონია?
– უნდა ვიცოდეთ, რომ არაფერია მოცემული ნათლად, თვით რწმენაც კი. თავად ეს კითხვაც: „რა არის პატიება“, არასწორია, ვინაიდან პატიებაც ჩვენი ადამიანური ბუნების ერთ-ერთი ასპექტია. ეს პროცესია, ჩვენგან გაგებას ითხოვს და თითოეული ვიმყოფებით მისი გაგებისა და ათვისების სხვადასხვა სიხშირეზე. სულ ისმის კითხვები: რას აპატიებდით და ვერ აპატიებდით ადამიანს? რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ? არის სიტყვასიტყვით გაგებაც – შვიდჯერ, სამოცდაათჯერ და იბნევა ადამიანი, რამდენჯერ ვაპატიე, მაგრამ უფრო და უფრო გათავხედდაო. ასე რომ, ადვილი არ არის არც პატიება და არც მისი გააზრება. დავიწყოთ სიტყვის ეტიმოლოგიით. თავდაპირველად, სიტყვაში ბგერითი თანწყობა გამოხატავდა მოვლენის შინაარსს და უკვე შემდეგ იქცა სიტყვები ურთიერთობის საშუალებად. პატიების ძირია „პატივი“ და ვიცით, ეს რაც არის – პატივში აყვანა, პატივსაცემი, პატივცემული, პატიჟი... ესე იგი, ამ სიტყვის ფუძეა ზეციური მადლი და ძალა, რომელიც ეშვება ადამიანზე. შესაბამისად, პატიება ის კი არ ყოფილა, რომ ვიღაცისადმი წყენა გულში არ ჩავიდეთ, არამედ, პირიქით, იმ ადამიანის, ვინც გვაწყენინა, პატივში, ანუ იმაზე უფრო მაღალ მდგომარეობაში აყვანა, ვიდრე მანამდე იყო. წმიდა მამები განიხილავენ პატიების რამდენიმე საფეხურს: პირველი საფეხური, ყველაზე მარტივი და ადამიანური, მოთმენაა, ანუ წყენა გულში ჩაიკლა და როგორმე პასუხი არ გასცე. პატიების უფრო ამაღლებული საფეხურია სიხარული იმის გამო, რომ მე ავიტანე შეურაცხყოფა ქრისტეს გულისთვის და ვაპატიე, არ მივაგე პასუხი.
– ვიღაცამ თავში ჩამარტყა და მე არ დავუბრუნე ხურდა, რატომაა ეს დათმენა ქრისტესთვის?
– რაც ქრისტიანისმიერია, ისაა ჭეშმარიტებისმიერი. ყველა ადამიანი ატარებს ქრისტეს, უბრალოდ ეს გადაფარულია, ამიტომაა, რომ ქრისტე მთელი კაცობრიობისთვის მოვიდა და არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის. ქრისტეს ახალი არაფერი მოუტანია, მან გაგვათავისუფლა იმ ზედნადებისგან, რისგანაც დაიმტვერა ჩვენი თავდაპირველი ზნეობა – ღვთის ხატება. ასე რომ, სიხარულით დათმენა უნივერსალური და ჭეშმარიტად ადამიანურია, უბრალოდ, ქრისტიანებს მეტი შანსი გვაქვს საიმისოდ, რომ ეს მოქმედებაში მოვიყვანოთ. ქრისტემ ამოსწია ის, რაც ჩვენთვის გადაიფარა და რაც მადლსა და ძალას გვაძლევს, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც გვიჩვენებს მაცხოვარი. პატიების მესამე საფეხურია, როდესაც კი არ მიხარია, რომ ვაპატიე და დავითმინე, არამედ ვწუხვარ და განვიცდი მის გამო, ვინც მაწყენინა: მე კი დავითმინე და ვცხონდი, მაგრამ რა ბედი ეწევა მოყვასს, ვინც მაწყენინა? ისიც, ხომ, უნდა ცხონდეს?! „მიდრაშები“ ეწოდება „თორას“ ებრაულ კომენტარებს და ერთ-ერთში ასეთი მაგალითია: როდესაც მოსემ ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ზღვა გაიპო და გაიარეს, მაგრამ ფარაონი რომ მოადგა თავისი ჯარით, ზღვამ პირი შეკრა და ისინი დაიხრჩვნენ. ამ დროს ანგელოზებმა ზეცაში ტაში დაუკრესო, მაგრამ ღმერთმა უთხრა, ჩემი ხალხი ზღვაში დაიღუპა და თქვენ გიხარიათო?! ღმერთი ისაა, ვინც მიღმა დგას: ეს ჩვენ ვყოფთ ადამიანებს ჩვენიანებად და სხვისიანებად. ანუ ნამდვილი პატიებაა, როდესაც ვდარდობ მასზე, ვინც მაწყენინა. პატიების ყველაზე მაღალი საფეხურია, როდესაც მას, ვინც მაწყენინა, ვეხმარები და ვცდილობ, პატივში ავიყვანო. მოდი, ახლა ვთქვათ, რას ნიშნავს „პატივში აყვანა“: იმას, რომ ჩემი სულგრძელობით, ლოცვით, მასში აღვადგინო მისი ის თავდაპირველი ბუნება, რომელიც ცოდვით გადაიფარა და რის გამოც მან მაწყენინა. იმიტომ რომ მან კი არ მაწყენინა, არამედ მისმა უმწიფარმა ბუნებამ, ფაქტობრივად, მისმა უგუნურმა ნაწილმა. ქრისტე სასწაულებს სჩადიოდა და შედეგად რა მიიღო?! არათუ იუდეველებმა უარყვეს, მისმა მოწაფეებმაც კი... ანუ სასწაულებმაც ვერ მოიტანა რწმენა და ვერ შეცვალა ადამიანი! ამ დროს კი რა ხდება?! ჯვარზე არიან გაკრულები ქრისტე და ავაზაკი, მათ შორის არანაირი გარეგნული განსხვავება არ არსებობს. იესოს უძლური, გვემული სხეული ჰკიდია ჯვარზე და ავაზაკი მასში ღმერთს ხედავს, ამიტომაც პირველი შედის სამოთხეში! ამაზე დიდი პატივი შეიძლება, იყოს?! ამდენად, პატიება ის კი არ არის, შენ რომ მე ფეხზე დამადგი და გაპატიე, არამედ ის, რომ ამ ფეხის დაბიჯების შემდეგ, მე ისე მოგექეცი, რომ გონს მოგიყვანე და შენ დაუბრუნდი იმ თავდაპირველ ბუნებას, რომელშიც შენ უკვე არ შესცოდავ, არათუ ფეხს არ დაადგამ არავის! ჯვარზე გაკრული ქრისტეს სიყვარული, როდესაც ის ლოცავს თავის მაწყევრებს, ჯვარმცმელებს, მამაო, აპატიე, არ იციან, რას სჩადიანო, არის ღმერთობა ამ ადამიანურ სხეულში! უძლური სხეულიდან რომ ძალა გაქვს, ეს უკვე არამიწიერია. გაოგნდა ავაზაკი! რატომ? იმიტომ რომ თავად იყო სასტიკი, დაუნდობელი და ძალაუფლების მოყვარული, ამიტომ ის ინანიებს, იღვიძებს და სამოთხეში უკვე ბრუნდება ადამი ავაზაკში. ჯვარზე ეკიდა გონწასული ადამი, რომელმაც, თავისი ღმერთობით, აირჩია ძალაუფლების, ანუ კაენის გზა და მისი ბოლო გახდა ჯვარი. ხოლო ამ დროს ქრისტე, საკუთარი თავის უარყოფით, მაინც რომ სიყვარულს გასცემს, ადამს აღვიძებს იმ ავაზაკში და აბრუნებს სამოთხეში. აი, რა არის პატივი! ესე იგი, რა აღადგენს ადამიანს თავდაპირველ პატივში? შენში ჯვარცმული ქრისტე, ანუ შენში ჯვარცმული ძველი ბუნება, რომელიც ქრისტესავით ლოცავს მას, ვინც აწყენინა, მამაო, აპატიე, არ იცის, რას სჩადისო. ამით მე შენ გახსენებ, რომ შენ უგუნურად იქცევი და ეს შენ არ ხარ! ამიტომ არ მწყინს! ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ გაიღვიძო და ამას შევთხოვ მამას. როდესაც ადამიანი იღვიძებს, ის იღვიძებს პატივში, ვინაიდან უბრუნდება თავის თავდაპირველ, უცოდველ მდგომარეობას. აი, ესაა ნამდვილი პატიება, მაგრამ ეს რომ შეძლო, საკუთარი თავი მთლიანად უნდა უარყო და, ამასთან, სხვისი ძლიერი სიყვარული უნდა გქონდეს გულში, ოღონდ როგორ გექნება სხვისი სიყვარული, როდესაც შენს ეგოში იხარშები?!
– ანუ მხოლოდ ჩემი მონაწილეობაა საკმარისი პატიებაში?
– საკმარისია მოვლენა. თუ გინდა, ასჯერ უთხარი, გაპატიეო, გინდა, ოლარი დააფარე, არაფერი გამოვა. მთავარია, ავიდა თუ არა პატივში და გაიღვიძა თუ არა ადამიანმა. ავაზაკმა გაიღვიძა და ის მართლაც შევიდა სამოთხეში! ერთია, რომ ქრისტემ უთხრა და დაინახა და მეორე, რომ ავაზაკმაც მიიღო და დაიჯერა, რაც ქრისტემ უთხრა. და რატომ იქცა ავაზაკად? იმიტომ რომ მიენდო საკუთარ თავს, ავაზაკი იყო ადამი! მან მიიტაცა ის, რაც არ ეკუთვნოდა, თუმცა მაინც მისი იყო. აი, ეს იცის ქრისტემ, მას ახსოვს ადამი თავის თავდაპირველ ბრწყინვალებაში. რატომ ახსოვს? იმიტომ რომ თავად გაიხსენა თავისი თავი თავდაპირველ მდგომარეობაში, ამდენად, თუ გინდა, რომ აპატიო, ჯერ საკუთარ თავს უნდა აპატიო; თუ გინდა, რომ სხვა პატივში აიყვანო, ჯერ საკუთარი თავი უნდა აიყვანო პატივში. შენ, როგორც ადამიანი, ვერავის აიყვან პატივში, თუ თავად არ გაეკარი ჯვარს. უნდა გაიხსენო, ვინ ხარ, ვინაიდან, თუ ადამის შეცოდებამდელ მდგომარეობაში არ ჩავარდი, სხვისი მხსნელი ვერ იქნები, ვერ აპატიებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან