რელიგია

რატომ მოაქვს ჟამს ის, რაც მოსატანია

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 31.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქრისტემ იხსნა ადამიანი სიკვდილისგან, მაგრამ, თუ წუთისოფლის გადასახედიდან შევხედავთ ცხოვრებას, ადამიანი მაინც მოკვდავია და მორწმუნეებიც ხშირად დანანებით იხსენიებენ ხოლმე გარდაცვლილს. თუმცა, ქრისტიანული გააზრებით, ჩვენ სწორედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გარდავიცვლებით და ამ წუთისოფელში არსებობის აზრი იმ გამოცდილების მიღებაა, რაც ადამიანს განღმრთობაში ეხმარება, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თუმცა ქრისტე ადამიანის უძლურსა და ცოდვილ სხეულში მოვიდა, ის, ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთია, შესაბამისად, მაინც ჩნდება კითხვა, რა არის იმის გარანტია, რომ მეც შევდგები სრულ კაცად, როგორც მაცხოვარი?

– არც გარანტია არსებობს და არც მზამზარეული სქემა. არაფერია დადებული ხილულად და ხელშესახებად. მეტიც, არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ იმ აზრით, რომ ეს წუთისოფელია ცხოვრება და ევოლუცია მუდამ გაგრძელდება. ამდენად, ის, რომ ქრისტე მეორედ მოვა, მათთვის სასაცილოა. აი, მე კი მჯერა, რომ ქრისტე მოდელია. მოხდა პრეცედენტი და ის მადლი რომ არ შემოსულიყო, ვერავინ ვერაფერს მოახერხებდა. რაც მთავარია, ქრისტეში რომ მოხდა, ესე იგი, ყველაში მოხდება, იმიტომ რომ ქრისტეს სხეულში ჩვენ, ყველანი, ვიყავით. შესაბამისად, პრეცედენტი რომ მოხდა, მეც იქ ვარ, მაგრამ ეს ერთი ნაწილია და ახლა ჩემშიც, როგორც ადამიანში, უნდა დასრულდეს, ანუ, რაც ქრისტეში მოხდა, ჩემშიც უნდა მოხდეს. მე უნდა შევდგე სრულ კაცად, როდესაც სიკვდილი დამარცხდა და მე უკვე ვარ! მაგრამ ჯერჯერობით მე არ ვარ, ოღონდ მანამდე, რწმენით, მომეცა მადლი, როგორც საწინდარი. რა არის საწინდარი?! მაგალითად, გინდა, იყიდო ნივთი, მაგრამ ფული თან არ გაქვს, ამიტომ აძლევ წინდს. ადრე, ულვაშს უტოვებდნენ და ის ასპროცენტიანი გარანტია იყო, რომ მყიდველი ფულს აუცილებლად გადაიხდიდა.

მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი მზამზარეული რეცეპტები, მექანიზმები, რომ ესა და ეს აუცილებლად მოხდება და ამისა და ამის შემდეგ განიღმრთობი. უბრალოდ, როდესაც ეს ერთ წერილში – ქრისტეში – მოხდა, უკვე ყველგან ხდება. იცით, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც დედამიწის ორ სხვადასხვა ადგილას ორი სხვადასხვა ინახება ლობაჩევსკისა და ბოიაის რვეულები, რომლებშიც ერთი და იგივე აღმოჩენაა გაკეთებული ზუსტად იდენტურად. ბოიაი სიცოცხლის ბოლომდე მამამისს აბრალებდა, შენ გაყიდე ჩემი გამოგონებაო, იმიტომ რომ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ასეთი მსგავსება. მამამისი შვილის ამ ბრალდებას გადაჰყვა და სიკვდილის წინ შვილს უთხრა: შვილო, იანოშ, როდესაც გაზაფხული მოდის, ყველა ია ერთდროულად აყვავილდებაო, ანუ, როდესაც ჟამი დადგება, რომ ეს მოდელი ადამიანებამდე უნდა მოვიდეს, ის მოვა. ეს, ხომ, ერთიან სხეულში ხდება?! უბრალოდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. აინშტაინმა წამებითა და წუთებით დაასწრო სხვებს, იმავეს თქმა შეიძლება, ნილს ბორსა თუ სხვებზე. როდესაც ამა თუ იმ ცოდნის მოსვლის ჟამი დგება, ის მოდის და უბრალოდ, ვიღაც ვიღაცას დაასწრებს. ათი კაცი რაღაცას რომ ვეძებდეთ, ერთ-ერთი ვიპოვით, მაგრამ ხომ მაინც ჩვენ, ყველამ ერთად, ვიპოვეთ ის, რასაც ვეძებდით?! უბრალოდ, მოსაძებნი ადგილები გვქონდა განაწილებული და ისე ვეძებდით. ამიტომ, ქრისტეში რაც მოხდა, მასში მაშინ ჩვენც, ყველანი, ვიყავით. რატომ ჰქვია „სახარება“, სასიხარულო უწყება?! სწორედ ამიტომ. ათასობით ადამიანს რომის მთელ იმპერიაში ლომებს უყრიდნენ დასაგლეჯად, მაგრამ მთელ სამყაროს მაინც მოედო ცეცხლი – ვინაიდან ყველამ იგრძნო, რომ რაღაც მოხდა. აი, შემდეგ კი უკვე ამის გამოზრდა დაიწყო, რაც პროცესია: ამდენად, ქრისტეს მოსვლა მომწიფების პროცესია და აუცილებლად უნდა შედგეს. აუცილებლად უნდა მოვიწიოთ მოსავალი. რაკი მოსავალი ვახსენეთ, ქრისტეს პირველი მოსვლა შეიძლება, შევადაროთ გაზაფხულს: რატომ გვიხარია გაზაფხულის მოსვლა? იმიტომ რომ, ვიცით, მოსავალი გვექნება. მეორედ მოსვლა არის ნაყოფი – ანუ ისევ ქრისტეს მივიღებთ ბოლოში. თავში რაც ითესება, ბოლოშიც ის უნდა მიიღო. დაითესა ჩვენს გულში სრული კაცი?! ბოლოში ჩვენი გულებიდან ამოვა სრული კაცი და ისტორია დასრულდება. სხვა საკითხია, რომ, რასაც მე ვამბობ, ორჯერ ორი ოთხია ჩემთვის, მაგრამ სხვისთვის?! რამდენად მწიფეა ის სხვა?! თუმცა, ფაქტი რომ მოხდება, ის მაშინვე ყველას გადაედება და არ აქვს მნიშვნელობა, ურწმუნოა თუ ცოდვილი. რაც ერთში მოხდება, ყველაში მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ ერთი სხეული ვართ და, ყველაფერი, რაც ხდება, ფაქტობრივად, ერთ პიროვნებაში, ადამში, ხდება. მანამდე კი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რა ცოდნა და გაგებაც გაქვთ, იმით იცხოვრეთ და ხვალ მეტი მოგეცემათ...

მე რადგან ვამბობ, რომ მჯერა, ქრისტე მოდელია-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ „ვაიბერით“ ველაპარაკები ზეცას, მაგრამ, ჩემი გამოცდილებით ვადასტურებ ამას. ჩვენ ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რითაც სავსე ვართ. დიახ, ადამიანი უბატონოა და აქვს თავისუფალი ნება, მაგრამ, ეს თავისუფალი ნება რომ პროდუქტიული იყოს, მჭირდება გამოცდილება და ცოდნა. ერთია, რომ ბავშვი უფლისწულია ბუნებით, მაგრამ ის შეცდომებს უშვებს, ამიტომაც ასწავლიან. ზრდისა და გამოცდილების კვალობაზე რა ცოდნასაც იძენს, მისი გამოცდილებაც რეალიზდება სრულყოფილებამდე. შენ კი ხარ უბატონო, როგორც შესაძლებლობა, მაგრამ შეუძლებელია, არ დაუშვა შეცდომები, რომლებიც იწვევს რეაქციებს და ასე იზრდები. ადამი რომ დასრულებული შეექმნა, ის არც ერთ შეცდომას არ დაუშვებდა, ამიტომ ღმერთმა ადამს ფართო ასპარეზი მისცა – იმიტომ რომ სივიწროვეშიც შეზღუდული იქნებოდა, მაინც იქამდე მივიდოდა, რაც ღმერთს უნდა, მაგრამ, როდესაც მე უზარმაზარი სივრცე მაქვს, რომ ჩემი შესაძლებლობა გამოვიყენო, შეცდომების უსასრული რაოდენობაა დაშვებული. ეს რევს ყველაფერს და გჭირდება დამხმარე, ერთგვარი ხელჯოხი, ვიდრე ბოლოში გახვალ, რომ არ გავწყვიტოთ ერთმანეთი. ასეთი ხელჯოხია ათი მცნება, თუმცა არც ესაა სავალდებულო. პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდიაო, მე არაფერმა არ უნდა დამიმონოს. რა იგულისხმება „ყველაფერში“?! თუ ქრისტემდე იყო ძველი რჯული, აკრძალვები, რასაც ემორჩილებოდი და ამით გქონდა გარანტია, რომ არ დაიღუპებოდი. ქრისტეს მოაქვს ახალი რჯული. ჯერ კიდევ იერემია წინასწარმეტყველი ამბობს: მოვა დრო და თქვენ ახალ რჯულს მოგცემთ, არა ისეთ რჯულს, როგორიც მოსემ მოგცათ, ქვაზე დაწერილს, არამედ გულებში ჩაგიწერთ. არ ასწავლის ძმა ძმას, შეიცან უფალიო, ყველა განისწავლება ჩემითო. როდესაც თავისუფალი ხარ და ეს გულში არ გიწერია, შენ დამანგრეველი ხარ. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, ხომ, საშიშია?! შესაბამისად, ყველაფერი კი არის ნებადართული, მაგრამ ეს ყველაფერი სასარგებლო არ არის. ანუ შენ გეძლევა ქრისტეს მადლი, მაგრამ რობოტად არ გაქცევს, ანუ იმას არ ნიშნავს, რომ ბოროტებას ვეღარ ჩაიდენ. ქრისტემ აღადგინა სტატუს-კვო – სასწორის პინები გააწონასწორა. როდესაც რჯულმა ვერ შეძლო ცოდვით დაუძლურებული სხეულის ამოწევა, ახალი რჯული მოვიდა გულში და ეს აწონასწორებს. შესაბამისად, მე ახლა მაქვს არჩევანი და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, იშვება თუ არა მაცხოვარი ჩემს გულში, ანუ მივიღებ თუ არა იმ ნაყოფს, რომელიც თავში დაითესა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა