რატომ მოაქვს წუთისოფელში ადამიანის ყველა მცდელობას ტანჯვა და ტკივილი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.01
იმას გარდა, რომ ადამმა და ევამ სამოთხე დაკარგეს და ეს სრულად მათი პასუხისმგებლობა იყო და მათი არჩევნის შედეგი, ღმერთმა ადამიც დასწყევლა, ევაც და გველიც. რატომ მოიქცა ასე შემოქმედი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– მაინც მგონია, რომ კითხვათა კითხვა ესაა: როდემდე უნდა ვიცოდვილოთ ამ წუთისოფელში?
– ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროშია შექმნილი, ერთგვარი თვალსაჩინოებებია, ერთ ღმერთამდე ამაღლების საშუალებებია ეს მრავალფეროვნება. შემდეგ, როდესაც სრულ გაგებამდე მივალთ, ამ მრავალგვარობის ადგილი აღრ დარჩება და გაქრება. წუთისოფელი ჩვენს აღქმაშია მხოლოდ. ყველაფერი ერთიანი ღმერთის წვდომის სხვადასხვა გზაა, მდგომარეობაა, რაც გინდა, დაარქვი. ჩვენ იქამდე უნდა ვიზარდოთ, სანამ ეს გაშუალება ჩვენსა და ღმერთს შორის არ ჩამოიშლება, ანუ ჩვენშიც არ მოხდება ის, რაც ქრისტეში მოხდა: როდესაც ჩვენ უკვე უშუალოდ შევერწყმებით ღმერთს, რითიც დასრულდება ჩვენი ქმნადობის ისტორია. ამიტომ, რაც წმიდა წერილებში წერია, არ უნდა აღვიქვათ, როგორც ოდესღაც, წარსულში სადღაც მომხდარი ამბები. ადამსა და ევაში ჩვენი თავი უნდა დავინახოთ, ყველაფერი დანარჩენი საშუალებებია, რომ ამას მივხვდეთ. ვინ როდის და როგორ მიხვდება, სხვა საკითხია, ამას დრო გამოაჩენს. რატომ აუკრძალა ღმერთმა ადამსა და ევას სიცოცხლის, ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ხეების შეხება?! იმიტომ რომ ადამი უნდა გამოიცადოს თავისი ნების შეზღუდვაში, რაც მას გამოუმუშავებს თვითმყოფადობას: ადამიანის თავისუფალი ნება ვლინდება ნების დართვასა და შეზღუდვაში, ანუ გამოცდის მიზანია არა ადამიანის შეზღუდვა, არამედ პირიქით – რომ განვითარდეს, ამისთვის კი მას უნდა ჰქონდეს ბარიერები. ადამმა საკუთარი თავი უნდა გამოსცადოს შეზღუდვაშიც. რატომ?! იმიტომ რომ ის ღვთის ხატებაა, მაგრამ ღვთის ხატებაა, როგორც შესაძლებლობა. ადამიანი იდეაა. იდეაში კი ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, თვალებს დავხუჭავთ და წარმოვიდგენთ, მაგრამ, აბა, მიდი, განახორციელე?! ამიტომ ადამი, რომ შეძლოს და ღმერთს მიემსგავსოს, უნდა გამოიცადოს აკრძალვაში და არა იმიტომ, რომ, რასაც უკრძალავენ, თავისთავადაა ცუდი. ბავშვებს ბევრ რამეს ვუზღუდავთ, მაგრამ, მართლაც, ცუდია, რასაც ვუკრძალავთ?! ცეცხლთან მიკარებას, ღვინის დალევას, ხეზე ასვლას, წყალში ჩასვლას?! ამ შეზღუდვების მიზანი ბავშვის დათრგუნვა და დაჩაგვრა კი არ არის, არამედ ის, რომ ბავშვმა ისწავლოს. ის ჯერ მზად არ არის ამისთვის და ამიტომ შედეგი მძიმე იქნება, მაგრამ, როდესაც ბავშვი გაიზრდება, მას უკვე შეძლებაც მეტი აქვს და აკრძალვებიც მცირდება. რას ნიშნავს არ შეიძლება? არ შეგიძლია, შეძლება არ გაქვს საამისო და არა იმას, რომ ცუდია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პავლე მოციქული გვეუბნება, ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე: ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდიაო; ორჯერ იმეორებს და ამატებს, მე არაფერმა უნდა მძლიოს. ანუ ყველაფერი ნებადართულია, ხოლო მე არაფერს დავემონებიო. ნახე, როგორი ორმაგობაა?! ერთი მხრივ, ღმერთი ვარ, ღვთის ხატება, მაგრამ მე უნდა გავარჩიო, საჭირო არის თუ არა ამის გაკეთება. უფრო მეტად ისაა პრობლემა, რა სარგებლობას მომიტანს, როდესაც აკრძალულს შევეხები, დამიმონებს თუ არა. როდესაც მოუმზადებელი ხარ, შეიძლება, დაგიმონოს და თუ შეეხები, გაგანადგურებს, ამიტომ თუ ხედავ, რომ ვერ მოერევი, ჯობია, თავი შეიკავო. თავიდან არის ბავშვური დონე, ამას ხელი არ მოჰკიდოო, აფრთხილებს ღმერთი, მაგრამ ადამი რთულ გზას ირჩევს. აქ კომენტატორების აზრი იყოფა. კომენტატორიც ადამიანია და რა დონეზეც ჩასწვდა, იმ დონეზე ხსნის, ამიტომაა, რომ ჩვენი ეკლესიაც უშვებს და „სახარებაშიც“ წერია, რომ განსხვავებული აზრები საჭიროა, სხვანაირად ღმერთთან ვერ მიხვალ.
შესაბამისად, პირველი მდგომარეობა, როდესაც ღმერთი ეუბნება, არ შეეხოთო, ბავშვური დონეა და ადამმა ამის გადალახვა მოინდომა, ანუ რთული ამოცანა დაისახა, ისეთი ამოცანა, რომლის შესრულებაც მისთვის იმ წუთას მძიმე იყო. ამდენად, პრობლემა იმ ნაყოფის ჭამა არ ყოფილა, არამედ დროზე ადრე დაგემოვნება, რამაც მას დააკარგვინა სამოთხის იდილია, ღმერთთან დიალოგი და ვხედავთ, რა მძიმე გზას მივუყვებით ამის გამო. მაგრამ, სამაგიეროდ, როდესაც ადამი ღმერთთან უფრო მაღალ დონეზე დაბრუნდება, ამით კომპენსირდება ბოროტება. ყველა ადამიანია დაზღვეული ღმერთისგან და, რაც უნდა დაემართოს, როგორც უნდა შეცდეს, ამას საბოლოოდ, მაინც სიკეთე მოაქვს მისთვის. ყველაზე დიდი ბოროტების მიღმა სიკეთეა, მაგრამ ჩვენ ამას ჯერ ვერ ვწვდებით. თუნდაც, სიკვდილი ავიღოთ. უნდა ვინმეს? არა, მაგრამ, ბოლომდე თუ გავიაზრებთ, თვალს თუ გავუსწორებთ, მივხვდებით, რამხელა სიკეთეა. სამოთხეში ადამი ხედავდა, სად იყო სიკეთე და ბოროტება, ჭამა ნაყოფი, ესე იგი, მასში შევიდა ორივე და ვეღარ ხედავს, ამიტომ ადამმა უკვე უნდა იწვალოს, რომ გაარჩიოს კარგი და ცუდი. მას უკვე ბევრად უძნელდება გარჩევა და ძიებით, ცდომებით, ოფლით უწევს, ამაღლდეს სრულ განმრჩევლობამდე, რასაც მისთვის ახლა მხოლოდ ტკივილი მოაქვს. რატომ დაემალნენ ადამი და ევა ღმერთს? რას ნიშნავს დამალვა?! ესაა, რასაც ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ. ადამიანს ხომ ქენჯნის სინდისი, რომ იდილია დაირღვა?! და ამიტომ ცდილობს, გადაფაროს სხვადასხვა ქმედებით. აი, მაშინ ჩნდება შიში და სირცხვილი, რომლებზეც დგას ეს ჩვენ მიერ შექმნილი სამყარო – წუთისოფელი. ვიცით, რომ ადამი ადანაშაულებს ევას, ევა – გველს და შემოდის წყევლა. ღმერთი გველს ეუბნება: მუცლით იხოხებ, მიწას შეჭამ, დაიგესლები, ხოლო ადამის მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; ევას ეუბნება: ტანჯვით შობ შვილებს და ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ადამს კი: რადგან ცოლს დაუჯერე, ოფლით მოიპოვებ პურს, ნარ-ეკლებსა და კუროსთავებს აღმოაცენებს შენი მიწა, სანამ თავად მიწად არ იქცევი. ეს როგორ უნდა გავიგოთ?! გველი არის ჩვენი ქვედა ბუნება, რაც, თავისთავად, ბოროტება არაა, მაგრამ, უკონტროლო რომ ხდება, ვნებები ატრიალებს ადამიანს. სახელმწიფოებრივ დონეზეც კი წინ გამოდის ადამიანის ქვენა გრძნობები, ისინი ბატონობენ და ამით ცხოვრება მძიმდება. გველი იკბინება და შხამავს, როდესაც ვნებები ბატონობს ჩვენზე და მთელი ჩვენი ტანჯვა განპირობებულია იმ შხამით, რომელსაც გვაძლევს ჩვენი დაცემული ბუნება. აი, ევა კი სიცოცხლეა, მატერიაა, მიწაა. და შვილები ვინ არიან?! შემეცნება, გაგებები, უკვე შემეცნების გზაზე შვილთასხმით ახალ ცნობიერებაში გადასვლაა. ანუ ახალ გაგებას მიაღწევ ტანჯვითო, უთხრა ევას. სამოთხეში კი ასე არ იყო: სურვილი და რეალიზაცია ერთმანეთს ემთხვეოდა. მოისურვებ და შედეგია. ქმრისკენ იქნება შენი ლტოლვაო, ესეც ნიშნავს, რომ ქმარი შენზე იბატონებს, ანუ თუკი ადრე მათ შორის ჰარმონია იყო, ახლა უკვე ცოტა სიმკაცრე შემოდის, რჯულიც აწესებს ამ სიმკაცრეს და არა იმიტომ, რომ ქალი დაისაჯოს, არამედ ეს ადამსაც სჭირდება. სხვათა შორის, ადამსა და ევას შორის რომ სრული ჰარმონია ყოფილიყო, ეს შეცოდებაც არ მოხდებოდა. ხოლო, რას რატომ ეუბნება ადამს ღმერთი, ამის შესახებ შემდეგ ნომერში ვისაუბროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან