რელიგია

რატომ მიუშვა ღმერთმა კაცობრიობა, როგორც ძეშეცდომილი, რომ აეშენებინა თავისი სამყარო, რომელიც დანგრევისთვისაა განწირული

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.09, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ორი ათასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღმერთი განკაცდა და ჯვარს ეცვა, რომ კაცობრიობის ცოდვები გამოესყიდა და ადამის მიერ ურჩობით სამოთხის დაკარგვის შემდეგ გამრუდებული გზა გაესწორებინა, თუმცა მხოლოდ ის ვიცით, რომ ავაზაკი, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს ადამს, ცხონდა, ვინაიდან მოინანია, დანარჩენი კაცობრიობა ჩვეულად განაგრძობს ცხოვრებას: ომები, შფოთი, ღალატი, შური,უსიყვარულობაა გამეფებული და თითოეულს თავისი თავი ჰგონია მართალი. რატომ ვერ გადაწონა კაცობრიობა სულიერებისკენ და რა შედეგი მოიტანა მატერიალიზმმა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ აჯობა მატერიალიზმმა სულიერებას?

– რადგან სულიერებასა და მატერიას შორის ბალანსი დაირღვა, შედეგად მივიღეთ ორივე უკიდურესობის კრიზისი: მატერიალიზმის შედეგია ის, რომ მესამე მსოფლიო ომი მზადდება, მომრავლდა ეკოლოგიური კატასტროფები, საზრისი დაიკარგა. თითქმის ყველა მატერიალისტური მოთხოვნილებაა დაკმაყოფილებული ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სიღატაკეა და რა გამოდის?! შეიძლება, ერთ ფეხზე ბოლო მარკის ფეხსაცმელი გეცვას, მეორეზე კი – დახეული?! ერთ ხელზე ლამაზი საათი გეკეთოს და მეორეში თეთრი არ გქონდეს?! მე რომ ადამიანი ვარ, გლობალურად ვხედავ მსოფლიოს, მაგრამ, მე რომ ყველაფერი მაქვს და აქვე, დედამიწაზე რომ ყოველ 3-5 წამში თითო ბავშვი შიმშილით კვდება, ეს ხომ არაბუნებრივი მდგომარეობაა?! ეს შედეგი მივიღეთ იმიტომ, რომ არასწორადაა გაგებული ქრისტიანობა, რელიგია და ზოგადად, ყველაფერი. გლობალური ხედვა არ გვაქვს. არადა, დადგა გლობალური ხედვის ჟამი და რა არის გლობალური ხედვა?! რომ მატერია არ არის ბოროტება, მაშინ არც გვექნებოდა უსახური მატერიისთვის ამხელა და გასაოცარი ფორმების მიცემის უნარი. მაგალითად, ცხენი სულ თივით იკვებება, ძროხა – ბალახით. ერთფეროვანია. არ იცვლება. ცხოველი ერთ ადგილასაა მიჯაჭვული, ადამიანს კი შეუძლია, ათიათასობით გემოსა და სურნელის კერძი მოამზადოს. სოროში კი არ იცხოვროს ან ბუნაგში, არამედ გასაოცარი ნაგებობები შექმნას. ეს უნარი კი თავისთავად ბოროტება არ არის, რადგან ადამიანს აღმოაჩნდა, ესე იგი, იდო მასში. პრობლემაა ამით გატაცება, ჭარბად თუ მივეცემით. ადამიანი რომ მატერიაში შემოვიდა, ადრეც ვთქვით, ორი კითხვა გაჩნდა: როგორ და რისთვის. და ეს ასეა ყოველდღიურობაშიც. როდესაც რაღაც საგნის დამზადება მინდა, უნდა ვიცოდე, როგორ დავამზადო, მაგრამ მანამდე უნდა ვიცოდე, რისთვის ვამზადებ, რა ფუნქცია ექნება მას. სადღაც წასვლა რომ მინდა, ისევ ამ ორ კითხვას ვსვამ: როგორ წავიდე და რისთვის მივდივარ? ცხოვრებაც ასეა. როდესაც ბალანსი დარღვეულია, ჩნდება ერთადერთი კითხვა: როგორ გადავრჩეთ, როგორ გავმრავლდეთ, როგორ შევიცნოთ სამყარო?! არადა თითქმის ბოლომდე გავიგეთ მატერიალური სამყარო, ყველანაირი კომფორტითაა სავსე, მაგრამ მეორეა სულიერი, გონითი საწყისი, ვინ ვარ მე, ადამიანი?! ჩემი თვითმიზანია, რომ, რაკი დავიბადე, სიკვდილამდე რაღაცები მოვასწრო?! მით უმეტეს, თითქმის ვერავინ ვერაფერს ასწრებს. კი ბატონო, ერთმა შეიძლება, ბევრი რამ იგემოს, მაგრამ არც ისე ცოტა ადამიანია, რომლებიც ისე იბადებიან და იხოცებიან, თავიანთი ქოხიდან ვერ გადიან. მათთან თავს არ აიგივებ?! და თუ არ აიგივებ, ესე იგი, ნორმალური მდგომარეობა არც მატერიაშია. მეორე მხრივ, ტონობითაა ინდოეთსა თუ იმავე აფრიკაში რელიგიურობაც, რწმენაც და მშვიდად არიან იმ სიღატაკეში, მაგრამ არც ესაა ნორმალური. და ნუთუ ღმერთს სხვანაირად არ შეეძლო, იმიტომ გვაცხონებს ცაში, რომ აქ ღატაკები და მშივრები ვიქნებით?! და რაც უარესად ვიცხოვრებთ აქ, უკეთესად ვიცხოვრებთ იქ?! რაღაც ვერ ლაგდება, არა?! დიახ, რაღაც არაა ნორმაში, ვინაიდან სინთეზია ის, რომ დედამიწაზე იყო სამოთხე და ადამიანი ორივე მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. ადამს მიეცა პროექტი, როგორ უნდა მოევლო სამოთხისთვის, ანუ რწმენით: სიცოცხლის ხისგან ეჭამა, ხოლო ბოროტებისა და სიკეთის ხის ნაყოფების დაგემოვნებისგან თავი შეეკავებინა, თორემ თანდათან, რა თქმა უნდა, მათაც იგემებდა. თუ ამ პროექტით იხელმძღვანელებდა, დედამიწას გადააქცევდა სამოთხედ და, ამ გაგებით, საიქიო და სააქაო არც არსებობს. იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანს სული ერთჯერადად კი არ ჩაჰბერა, როგორც ბუშტს, რომელიც შეიძლება, დაიჩუტოს და გასკდეს და რითაც ღმერთს არაფერი დააკლდებოდა, არამედ ქვაც კი, არათუ ადამიანი, მთელი ბიბლია ამითაა გაჟღენთილი, ყოველ წამს ღმერთის სუნთქვაშია. ადამს რომ სული ჩაჰბე ჩაჰბერა, ის სული უწყვეტადვეა ადამში. ანუ ღმერთი სადღაც ცაში კი არ არის ან სადმე სხვაგან, არამედ აქააა, შიგნითაა, და ქვასაც კი უწყვეტად კრავს. ბავშვს ჰგონია, რომ ქვა სადღაც დევს და ცალკეა, ის კი ერთი მთლიანია და ღმერთს აქვს შეკრული. ანუ აქ იყო ყველაფერი: დედამიწა უნდოდა ღმერთს სახლად. ღმერთი არ გვინახავს, არ ვიცით, ვინაა, მაგრამ მან შექმნა ადამიანი, რომელიც მატერიალურ სამყაროში განახორციელებდა ღმერთის პროექტს, რისთვისაც ამ უხილავი ღმერთის მორჩილებაა საჭირო. ეს პროექტი ის სიტყვაა, რომელიც ადამს მიეცა. როდესაც ეს პროექტი დაირღვა, ანუ ადამი ცოდვით დაეცა, ადამიანი თვითონ იწყებს სვლას და განგებაც აძლევს ასპარეზს ადამიანს, რადგან თავისუფალი ნება აქვს, რომ უკვე თავისი პროექტით ააშენოს თავისი სამყარო და აი, ვხედავთ, რაც მივიღეთ. ადამიანებს აქვთ უნარები, პატარა რაღაციდან უზარმაზარ რამეებს ქმნიან, მაგრამ პრობლემაა ურჩობა, ბალანსის დარღვევა, და აი, ის, რაც ქრისტემ აღმოაჩინა: ბოროტება ადამიანის საქმეები კი არ არის, არამედ ადამიანის ნება – მე ვარ ღმერთი, არ მინდა სამყაროს დიდი პროექტი, ჩემით ავაწყობ სამყაროს, როგორც ღმერთი და განგებამაც გაუშვა კაცობრიობა ძე შეცდომილივით. და ნახე, რას მიაღწია ადამიანმა?! ყველაფერი გაქვს მატერიაში, პიკზეა დაკმაყოფილებული მატერიალური მოთხოვნილებები, მაგრამ პიკზევეა განადგურებაც; არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ შენ კი ხარ კეთილდღეობის პიკზე ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ ნუთუ გგონია, აფრიკაში რომ სიღატაკეა, ის შენ გარეთაა?! არადა უკვე ფიზიკაც გეუბნება, რომ შენ გარეთ არაფერია, ერთიანია სამყარო. დავანებოთ თავი ევროპასა და აფრიკას, საქართველო ავიღოთ: ერთი მუჭა ქვეყანა ვართ და აქ როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი მილიონერი იყო და შენ გვერდით ვიღაც წამალს ვერ ყიდულობდეს?! ვიღაცას შვილი უკვდებოდეს, იმიტომ რომ ოპერაციის ფული არ აქვს?! მე არ ვამბობ, რომ ყველას მილიონები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ მცირე ქვეყანაშიც კი უსამართლო გადანაწილებაა და შენ როგორ გძინავს მშვიდად?! გადარჩენა ერთიანობის განცდაშია და ეს ბალანსი აუცილებლად აღდგება: ადამიანი მიხვდება, რომ მატერია და ღმერთი ერთი მთლიანია და აქ არის ღმერთიც. მატერია საშიში არ არის. მას კი არ უნდა გაექცე, არამედ ბალანსი უნდა აღადგინო, იმიტომ რომ ისედაც შენია ყველაფერი. პროდუქტების ნაკლებობა კი არ არის პრობლემა, არამედ სიხარბე, არასწორი ხედვა, ვიღაც რომ უცხო გგონია. შიში გაიძულებს, წაართვა სხვას – აი, ეს შიში უნდა გაქრეს, იმიტომ რომ შიში აიძულებს ადამიანს დააგროვოს. ჟანგბადს ხომ არ ვაგროვებთ?! იმიტომ რომ არ გვეშინია. სწორედ აქამდე რომ მივა ადამიანი, მისთვის სული და მატერია უკვე ერთი მთლიანი გახდება და საზღვარი წაიშლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა