რელიგია

რატომ მიიღებ დიდ სიცოცხლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დათმობ იმას, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია

№6

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 15.02, 2024 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ფაქტს, რომ მოსემ ებრაელები 40 წელს ატარა უდაბნოში, რათა აღთქმულ მიწამდე მიეყვანა, ოღონდ აქცენტს ვაკეთებთ დროზე, 40 წელიწადზე და ყურადღების მიღმა გვრჩება უდაბნო. რატომ ატარა მოსემ ებრაელები სწორედ უდაბნოში? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ძველ აღთქმაშიცაა ნახსენები უდაბნო და ახალ აღთქმაშიც. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ უკაცრიელ ადგილს წმინდა წერილში?

– დიახ, ბიბლიაში ძალიან ხშირადაა ნახსენები უდაბნო, ერთგან კი საკმაოდ მკაფიოდ წერია: გავიყვან მათ უდაბნოში და იქ დაველაპარაკებიო. რატომ დაელაპარაკება უდაბნოში?! იმიტომ რომ დასალაპარაკებლად მე შენ შენი ყოფის ხმაურიდან უნდა გამოგიყვანო და ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანო ჩემთან, რომ ისმინო ის, რასაც ჩვეულებრივ ვერ მოისმენდი. უდაბნოს ებრაულად ჰქვია ბემიდბარ და ამ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: სიტყვა, საუბარი, წონა-ზომა და ბარ, ანუ ძე. რატომაა უდაბნოში ეს ოთხი მდგომარეობა?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბიბლიაში თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, ბიბლიას კი – გაგების ოთხი დონე. გაგების მეოთხე დონეს ყველა ადამიანი ვერ სწვდება, მაგრამ დღეს უკვე არის ასეთი ღრმა წვდომის საშუალება, ვინაიდან სხვა რეალობაში ვართ. სიტყვით, საუბრით, შეისმენ, იმიტომ რომ მოწყვეტილი ხარ საზრუნავს. მოსემ ებრაელები ეგვიპტიდან ჯერ უდაბნოში გაიყვანა და ამის შემდეგ – ქანაანში. ქანაანი ახალი სამყაროა, მონობისგან თავისუფალი. ეგვიპტე კი არის მონობა. მონობიდან პირდაპირ ქანაანში ვერ გადახვალ. ვერც ვერავინ გადაგიყვანს, იმიტომ რომ მანამდე გასასუფთავებელია ძველი ცნობიერება: ძვლები უნდა დაიყაროს უდაბნოში. ყველა ძვალი უდაბნოში დაიყარა, ანუ მათგან, ვინც ეგვიპტე ნახა, არც ერთი არ გადასულა ქანაანში, მათგან მხოლოდ ორი – ახალი თაობა, მოსეც კი ვერ გადავიდა. და რას გვეუბნება ეს ჩვენ?! რომ ძველი ცნობიერება, პირველი ადამი უნდა გაუქმდეს, რომ იქიდან გადარჩეს ის, ვინც ქანაანში გადავა, ანუ სამოთხეში დაბრუნდება. ქანაანი არის ახალი მიწა, სადაც რძე და თაფლი სდის. რას ნიშნავს რძე და თაფლი? მდგომარეობას, როდესაც ადამიანი სამყაროდან ყოფნაში იღებს სისრულეს, ნეტარებას და, თუ მატერიალურს ხელს მოჰკიდებს, ამას დაკარგავს. ყველაფერი მატერიალური მოხმარების საშუალებებია. მატერიალურს მე არ ვიღებ იმიტომ, რომ მეტად დავცხრე და მეტად ბედნიერი ვიყო. თუ კარგი მანქანა მეყოლება, კარგი თანამდებობა მექნება. გასაგებია, რომ ესეც საჭიროა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს არ არის შენი ბედნიერება. ბედნიერება წვდომაა. უდაბნოც იმისთვისაა, რომ ძველმა ცნობიერებამ დროში იტრიალოს, რათა ნელ-ნელა გამოხვიდე ეგვიპტის მონობიდან. რა არის მონობა? ვაგროვებ აგურებს, ქვაბში ხორცს ვხარშავ, ანუ ამაზე ხარ მიჯაჭვული და, თუ ეს წაგართვეს, ნულდები, იმიტომ რომ შიგნით არაფერი გაქვს. თუ ნამდვილი თავისუფლება გინდა, ძველისგან უნდა გათავისუფლდე. ქრისტე ამბობს, ძველ ტიკებში ახალ ღვინოს არ ასხამენო. რადგან ძველი ცნობიერება ახალს ვერ დაიტევს და ახალი ღვინო ძველ ტიკს გახეთქავს. ჩვენ კი ძველი ცნობიერებაც გვინდა და ახალიც, მაგრამ ვერ დაიტევ, იმიტომ რომ აიჭრება და ძველსაც დაკარგავ და ვერც ვერსად წახვალ, ან გაგაბრუებს, ან ილუზიაში გამყოფებს. თუ ადამიანს არ აქვს გადაწყვეტილი, რომ წავიდეს თავისი ეგოს სიკვდილზე – არადა ეგოა ყველაზე ძვირფასი, რაც მას აქვს – თავიდან ვერ დაიბადება. აბრაამისთვის ყველაზე ძვირფასი ისააკი იყო და როდესაც თმობ იმას, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია, ამის შემდეგ იღებ დიდ სიცოცხლეს. იმიტომ რომ, რაც გაქვს, სიცოცხლე არ არის, შენ, უბრალოდ, ჩაფრენილი ხარ მას.

მეორე მნიშვნელობაა წონა და ზომა; უდაბნოში აიწონება, რამდენია შენი ნამდვილი, ჭეშმარიტი წონა, რაც შენ არ იცი. მაგალითად, ადამიანი ამბობს, მე ბიზნესმენი ვარ, მე პოლიტიკოსი ვარ, მე ხუთი აკადემია დავამთავრე, მე ათი დიპლომი მაქვს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა თავისუფლება. საქართველოში გვქონდა გამოთქმა, ხუთი დიპლომიც რომ გქონდეს, კაცი მაინც არ ხარო. დღეს შეიძლება, ამაზე ვიღაცამ გაიცინოს კიდეც, რა კაცი, რის კაცი, ბიზნესი გააკეთე, წარმატებას მისდიე, შენი კაცობა რად მინდა?! მაგრამ ის, რასაც ამ წუთისოფელში ქმნის ადამიანი, ჩამოიშლება, ვინაიდან სამყარო თავის ღერძზე დგას და რაც უნდა ვეცადოთ, ჩვენ მას ვერ შევცვლით. ადამიანმა არ იცის, რამდენია მისი ზომა-წონა, უდაბნოში კი ყველაფერი, რაც გარედან მიიწება, ჩამოიშლება, სუფთავდება და რაც გადარჩება, ისაა ნამდვილი. სწორედ ის გადადის ქანაანში და იქიდან შეგიძლია, გადაარჩინო სიცოცხლე. დანარჩენი სიცოცხლე არ არის, ტვინმა შექმნა. ამის უკეთ გასაგებად ერთ მაგალითს გეტყვით. იყო ერთი მმართველი ბალთაზარი, ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორის შვილი. როდესაც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაანგრია, სოლომონის ტაძრიდან ყველაფერი გაზიდა და ამ ნივთებს თავისთან ინახავდა. ბალთაზარი, რომელმაც ბაბილონის იმპერია შექმნა, ამან გააბრუა. მან დაავიწყა ის ერთი ღმერთი, რომელსაც მამამისი აღიარებდა. აი, ის პატარა ბალთაზარიკო შენშიცაა და ჩემშიც, ყველაშია. როგორც კი რამე მიწიერ წარმატებას მიაღწევ, მაშინვე გაიბრიქები ადამიანი, ნახე, რა შევძელი?! მე უკვე სხვებზე დიდი ვარ! განა ეს ცუდია, მაგრამ ამ დროს ადამიანს მთავარი ეკარგება და ამ გაბრექვას ეწირება გაცილებით დიდი. იქ უკვე ღმერთი მე თავად ვარ. მთელი დილემაც ის არის, რომ ადამიანს თავისი მიწიერი მიღწევები აბრუებს და ბალთაზარიც გაბრუებულია ბაბილონით, რომელიც მან ააშენა. იმ დონემდე მივიდა, რომ სოლომონის ტაძრიდან წამოღებული ბარძიმიდან თავის საყვარლებს ასმევდა სასმელს. და, როდესაც ბალთაზარი ტკბება თავისი ძალაუფლებითა და მიღწევებით, კედელზე ჩნდება წარწერა, რომელსაც ზეციური ხელი წერს: „მენე ტეკელ უპარსი“. ბიბლიაში წერია, ბალთაზარს მუხლები აუკანკალდაო. მუხლები რას ნიშნავს? საყრდენს, სიმყარეს, რომელზეც დგახარ. ბალთაზარს მუხლები აუკანკალდა, იმიტომ, რომ, რაც შექმნა, ყალბი იყო, მის გარეთ იყო. ხოლო, როდესაც საყრდენი გარეთ გაქვს, ყოველთვის დაძაბული ხარ ან ცდილობ, უფრო მეტად და მეტად გაამყარო: თუ ფული გაქვს, ძალაუფლებით; თუ ძალაუფლება გაქვს – დამატებით რაღაცებით. მაგრამ ამით შიშსაც იზრდი, ვინაიდან, შენ რაზეც დგახარ, ის კია მყარი, მაგრამ, ის რაზე დგას?! ის დგას ნულზე, არაფერზე... ციხე, ავარია ან ავადმყოფობა ნულზე რომ ტოვებს ადამიანს, აი, იქ უბრუნდება ის თავის ნამდვილ სახეს. ადამიანი ამ ტკივილიდან იბადება და ეს კარგიცაა. ის წარწერა ვერავინ აუხსნა ბალთაზარს, თუმცა ნახევარ სამეფოს ჰპირდებოდა ამხსნელს, რაც მეორე უკიდურესობაა. ბალთაზარი იმავე ღამით მოკლეს, სპარსელები თავს დაესხნენ მის ციხე-გალავანს, რომლის იმედადაც იყო. რა ეწერა ზეციური ხელით კედელზე? მე შენ აგწონე სასწორზე და გამოდექი ძალიან მსუბუქი. ანუ, აქ ხომ ძალიან დიდი ბიჭი ეგონა თავი, იმ ნამდვილ სასწორზე ძალიან მსუბუქი აღმოჩნდა. შესაბამისად, რატომ გაგიყვანა ღმერთმა უდაბნოში? რომ შენს თავთან მარტო დარჩე ის, რაც ხარ და არა ის, რაც წარმოიდგინე. ებრაული გამოთქმაა, ნეტავ, შენი თავი მაყიდინა იმ ფასად, რა ფასიც ჩემს თვალში გაქვს და გამაყიდინა იმ ფასად, რა ფასიც შენს თვალში გაქვსო. სწორედ უდაბნოში გაიცხრილება, რაც ზედმეტია და უდაბნოს ბოლო მნიშვნელობაა ბარ, ანუ ძე. მონებად გამოვედით ეგვიპტიდან, მონა კი იმითაც კმაყოფილია, რომ ხორცი აქვს და შიშობს, არ წამართვანო, ძე კი ხდები მაშინ, როდესაც მიწიერზე მაღლა ადიხარ და ამიტომაც მხოლოდ ძეა თავისუფალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა