რელიგია

რატომ იწყება ჯვარი იქ, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ კარგისა და ცუდის მიღმა არსებობს მესამე

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 20.03

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ნიშნად იმისა, რომ ღმერთი აღარასდროს მოუვლენდა წარღვნას ადამიანებს, რაოდენ უკეთურადაც უნდა მოქცეულიყვნენ ისინი, ვინაიდან ღმერთმა ადამიანი მიიღო ისეთი, როგორიც არის, ანუ, როგორც თავადვე თქვა, „დაბადებით ბოროტი“, ცაზე ცისარტყელა გამოისახა. რატომ ცისარტყელა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თქვენ დასვით კითხვა, რომელი ფერით იწყება და რომელი ფერით მთავრდება ცისარტყელაო, ესე იგი, ფერებიც იგავური ენით იკითხება?

– დიახ, ცისარტყელა იწყება წითელი ფერით და მთავრდება იისფერ-ღია ცისფრით. ანუ გრადაციებია ამ ფერებს შორის. ახლა ნახეთ, რა საინტერესო სიტყვებით გამოიხატება ფერები?! წითელი არის „ადამა“, ადამი თიხისგან, წითელი მიწისგან შექმნა ღმერთმა. წითელი, სისხლისფერი მატერიის ფერია. სისხლი ხომ მატერიალიზებული სულია?! მებრძოლია, ბორგავს, მოძრაობს, დუღს, მაგრამ ცისარტყელა მთავრდება ცისფრით. რა არის ცა? იდეათა სფერო. ცა და მიწა არ არის ორი რეალობა. ადამიანი შედგება მიწიერი ნაწილისგან – თიხისგან და ღმერთის სულისგან. ცალ-ცალკე ორივე უკიდურესობაა, ჩვენ ამის შესახებ გვისაუბრია: ვერც იდეა მოგვიტანს ვერაფერს, თუ მასალა არ გვაქვს, ანუ მატერია და, მეორე მხრივ, რამდენი მასალაც უნდა გქონდეს, თუ იდეა არ გაქვს, ვერაფერს შექმნი. „დათა თუთაშხიაში“ დათა ეუბნება მუშნის: ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმე. წესი არის იდეა, როგორ გავაკეთო, რა გავაკეთო, თუ წინასწარ არ იფიქრე, ადგილზე შეიძლება, სისულელე თქვა და გააკეთო, იმიტომ რომ ჩვენ ინსტინქტებით ვიმართებით. დააკვირდი, სუფრასთან რომ ჯდები, ვაშლები დაინახე და თვალი მაშინვე საუკეთესო ვაშლისკენ მირბის. კულტურა კი რას გეუბნება ამ დროს? რომ თავი უნდა შეიკავო. რა მირჩევნია, ამ საუკეთესო ხილით დავტკბე ორიოდე წუთით, თუ დახვეწილობა გამოვამჟღავნო და მანდილოსანს გავუწოდო საუკეთესო ან სხვას დავუტოვო?! ცხოველური დონე გიბიძგებს, რომ თავად შეჭამო საუკეთესო, მაგრამ ადამიანი ის არის, ვინც იხვეწება. ცხოველური დონე მასალაა, ჩვენ აქედან ვიწყებით და ის არ არის უარსაყოფი, უბრალოდ, ცუდია, როდესაც იქ რჩები. ადამიანი არ უნდა დარჩეს განუვითარებელი. ადამიანიდან კაცამდე მანძილია და ამიტომ შენი ბუნება უნდა დახვეწო. ამდენად, ცა – იდეათა სფერო – არის ჩემი შესაძლებლობა: მე დაუღალავად მივიწევ წინ, ამიტომაც, „რაც გუშინ ცა იყო ჩემთვის, დღეს მიწად მექცა“. ანუ, რაც გუშინ ჩემთვის მიუწვდომელი იყო, დღეს მას ფეხი დავადგი. ვიმეორებ, ცა და მიწა ერთი მთლიანია და ადამიანი არც მატერიაა და არც სული, ეს ორი სტიქია ზავდება მასში, რომ მესამე სტიქია შეიქმნას – კაცი. ნატრიუმისა და ქლორის ერთობით იქმნება მარილი და მარილში უკვე არც ქლორია და არც ნატრიუმი, ზუსტად ასეა კაცშიც: მასში უკვე არც სულია და არც მატერია. სული გეგმაა, დიდი პროექტი, მაგრამ მიწიდან ცამდე მე უნდა ავიზიდო, ამიტომ მიწიდან, წითლით იწყება ცისარტყელა და მთავრდება ცისფრით. მეორე მნიშვნელობით იგივე სიტყვა ებრაულად აღნიშნავს მიზანს, სწრაფვას უზენაესისკენ. როგორია ებრაელების დროშა?! ზუსტად ამას აღნიშნავს: ებრაელობა ნიშნავს მიზნისკენ სვლას; მე არ ვარ დასრულებული არსება, რომელიც ბუნების ოთხ სტიქიაში ტრიალებს: დაბადება, ზრდა, დაბერება, სიკვდილი. ეს ცხოველური დონეა და ყველას შეუძლია ამ დონეზე ყოფნა, ხოლო ადამიანურ დონეს აღწევს ის, ვინც ამოიწევა ამ ცხოველური დონიდან და მიისწრაფვის მიზნისკენ, განღმრთობისკენ, ცისკენ. ანუ ცისფერსა და მიზანს ერთი და იგივე სიტყვა გამოხატავს.

ვთქვით, რომ ნოე იყო „მართალი ქურქში“ და ხდება ასეთი რამ: ნოე თვრება და შიშვლდება. რას ნიშნავს ეს? დავიწყოთ იმის ახსნით, თუ რის სიმბოლოა ღვინო. ღვინო არის ის, რასაც გადაჰყავხარ სხვა განზომილებაში, ოღონდ იქ ფეხი არ გიდგას. რასაც ღვინო გაჩვენებს, ის არის ზეცა, მაგრამ, უხეშად რომ ვთქვა, დურბინდით დანახული, ზუმით ახლოს მოტანილი, თუმცა ხელს ვერ მოჰკიდებ. ანუ ღვინოს გადაჰყავხარ იმ მდგომარეობაში, რომელიც შენ დაკარგე. ამიტომაც ეტანება ადამიანი სასმელს და ნარკოტიკს. ეს ყველაფერი სამოთხის გახსენებაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არ გზრდის, გტოვებს ამაში, რაც არ შეიძლება, იმიტომ რომ, თუ აქ დარჩები, ოფლს არ დაღვრი, განღმრთობის შანსს უშვებ ხელიდან, ამიტომაა ყველაზე დიდი ცოდვა ნარკოტიკული თრობა. ის იმდენად ძლიერია, რომ გაბრუებს და გიკარგავს წინსვლის სურვილს. ასე რომ, ადამიანმა ბალანსი უნდა დაიცვას: იგივე თრობაა რელიგიური თრობაც. ყველას გაგვიგია ნეოფიტები, ახალმორწმუნეები, სერიოზული და მკაცრი სახეებით რომ დადიან და ყველას ზემოდან უყურებენ. მეც ასეთი სახით დავდიოდი ხოლმე თავიდან და ესეც სიმთვრალეა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ყველა ხვდება რაღაცას. ჰოდა, ნოე დათვრა, ანუ იმ მდგომარეობაში, ახალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელსაც არ იცნობდა. ნოემდე სამყარო იყო კეთილი და ბოროტი, როდესაც მესამე არ არის, არადა ეს ბავშვური დონეა. ბავშვი, ხომ, ორი რამით მანიპულირებს?! ეს კარგია, ის ცუდია, იგივენაირად იქცეოდა ადამიც: ეს ცუდია, ეს კარგია, მაგრამ, როდესაც შეეხო იმას, რაც ცუდი იყო, საქმე გართულდა. ვინაიდან, როდესაც რამე გარედანაა მოცემული, ძალიან იოლია გარჩევა: მამაომ მაკურთხა და თავი ქუდში მაქვს, იმიტომ რომ მას გადავაბარე ჩემი უფლებამოსილება. რაღაც დონემდე ეს კარგია, მაგრამ მუდმივად ასე გაგრძელება არ შეიძლება, რადგან მიხვალ იმ დონემდე, რომ შპალერის ფერსაც კი მამაოს შეუთანხმებ. მეორე მხრივ, არც ჩვენ, სასულიერო პირებმა, არ უნდა მივცეთ მრევლს იმის საბაბი, რომ მსგავსი რამეები გვკითხონ და კურთხევა გვთხოვონ ყველაფერზე და იმის შიშით, რომ მრევლი არ დავკარგოთ, მათ ვუპასუხოთ. როდესაც ქრისტე ღრმა სულიერ თემებზე ესაუბრა მოწაფეებს, მათ შეეშინდათ, უფალო, მაშინ ვინ გადარჩებაო და ბევრი წავიდა მისგან. იმიტომ რომ ვერ დაიტიეს, რაც ქრისტემ უთხრა და ქრისტეს არ უთქვამს, თქვენი ჭირიმე, ოღონდ თქვენ არ დამტოვოთ და შევამსუბუქებ ცოტასო. მეტიც, დარჩენილებს მიუბრუნდა და უთხრა, თქვენც წადით, თუ გინდათო. თავისუფლად უშვებდა, ვინაიდან იესომ იცოდა, ყველას მაინც მასთან მოუწევდა მისვლა, იმიტომ რომ, რასაც თვითონ ხედავდა, ის იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი. როდესაც ჭეშმარიტების იმედი გვექნება, არ შეგვეშინდება და არ დავიწყებთ ხელოვნური გზით ვიღაცების მოთვინიერებას. შეიძლება, ადამიანი შეაშინო, მოატყუო და დაიმორჩილო, მაგრამ რად გინდა ასეთი მორჩილება?! ერთადერთი, რაც უნდა იზიდავდეს ადამიანს შენში, ის არის, თუ რას მიიღებს შენთან ყოფნით შინაგანად და არა ის, რომ დაავალდებულო და სასჯელებით შეაშინო, რომ ღმერთი მას იქ დასჯის. ნოე მზად არ იყო ასეთი ახალი მდგომარეობისთვის: ის იყო მართალი ქურქში და დათრობის შემდეგ გაშიშვლდა: შეიცვალა რეალობა. აი, რას აკეთებს ზედმეტი სიმართლე. სწორედ იქ იწყება ნამდვილი ქრისტიანობა და ჯვარი, როდესაც შეგიძლია, გაიხედო ორმაგობის მიღმა. ადამიანი მარტო ის არ არის, ვინც ახლა ამას აკეთებს, ამიტომ მას უნდა დაეხმარო და მის გამოჭერას არ ეცადო. ნოეს შვილები იაფეტი და სემი ფარავენ ნოეს სიშიშვლეს. ფარავენ, ესე იგი, გრძნობენ, რატომ დაემართა ეს ნოეს, მან ვერ გაუსწორა თვალი ახალ რეალობას. ქამი კი ცდილობს, ისარგებლოს ამით. გავიხსენოთ, რომ სიშიშვლე ცოდვა გახდა შეცოდების შემდეგ. მანამდე ადამმა და ევამ არც კი იცოდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. მაგრამ ამით არ სრულდება ეს ისტორია: შემთხვევით არ ჰქვიათ ნოეს შვილებს: იაფეტი, სემი და ქამი. ეს სამი მდგომარეობაა, რომლებიც, ასევე უკავშირდება ადამის მიერ სამოთხეში ჩადენილ შეცოდებას...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა