რატომ ითმენს ღმერთი ადამიანების მიერ ჩადენილ ყველა ბოროტებას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 05.06

ღმერთი, თითქოს, ყველას გვიყვარს და გვეიმედება (ყოველ შემთხვევაში, მორწმუნეებს), მაგრამ, იმავდროულად, ისმის კითხვა, რის გაღება შეუძლია ადამიანს ღმერთის სიყვარულით, მით უფრო, რომ მაცხოვარი ამბობს, ვინც არ მოიძულებს დედას, მამას, ცოლს, შვილებს და, ფაქტობრივად, საკუთარ თავსაც კი, მე ვერ მიხილავს, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– ყველაზე რთულად გასაგები, ალბათ, აბრაამის მიერ შვილის ღმერთისთვის შეწირვაა, რატომ მოითხოვა ასეთი, ერთი შეხედვით, სასტიკი რამ ღმერთმა?
– ებრაულ თარგმანში სიტყვა მსხვერპლშეწირვას ცოტა სხვანაირი მნიშვნელობა აქვს: ჰქვია „აკედატ“ და ეს არის არა მსხვერპლშეწირვა. არამედ შეკვრა, შებორკვა. საიდან იწყება ისააკის მსხვერპლშეწირვის ისტორია? აბრაამს აქვს გამოცხადება და ღმერთი ეუბნება: აბრაამ, აბრაამ, გთხოვ, აიყვანე შენი შვილი, ერთადერთი, ვინც გიყვარს და შემომწირე იმ ადგილას, რომელზეც მე მიგითითებ. ესეც გამოცდაა და ჩვენ ვიცით, რომ გამოცდა არის გამოცდილების შეძენა და ნიშნავს ამაღლებას, სასწაულს. ეს არის მდგომარეობა, რომლითაც ადიხარ უფრო მაღლა, ვიდრე ახლა ხარ. ისევე, როგორც იობი, გამოცდით, ქონიდან ყოფნაში გადავიდა და თუ მანამდე ღმერთი იმის გამო უყვარდა, რომ ყველაფერი ჰქონდა, ახლა არაფერი აქვს, მაგრამ არის და ამიტომაც ეუბნება ბოლოს, ახლა პირისპირ გიხილე და ვჩუმდებიო. აქაც იგივე მდგომარეობაა: აბრაამი ასამაღლებელია. რატომ? იმიტომ რომ აბრაამს ისააკი გარედან მიეცა, ლამის ძალით. აბრაამს არ უნდა, მაგრამ ღმერთს უნდა სასწაული; ღმერთს უნდა, რომ აბრაამი ბუნებითი მდგომარეობის მიღმა გაიყვანოს და ამისთვის ზუსტად ისააკი არის საჭირო. რატომ ისააკი? იმიტომ რომ ისააკი არის სასწაულებრივად შეძენილი შვილი. რა მნიშვნელობა აქვს ამ ისტორიას ჩვენთვის? რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მეოთხე თავში პავლე მოციქული აბრაამზე წერს: ის არ დაუძლურებულა რწმენაში, თუმცა ხედავდა, რომ მისი სხეული, რომელიც თითქმის 100 წლისაა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო, მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღმერთის აღქმაში ურწმუნოებით, არამედ განმტკიცდა და დიდება უძღვნა ღმერთს და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა, ამიტომაც ჩაეთვალა მას ეს სიმართლედ და ამიტომ არა მარტო იმისთვისაა დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას, არამედ ჩვენთვისაც, ჩვენც ჩაგვეთვლება სიმართლედ, ვისაც გვწამს იმისა, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი იესო, რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისთვის და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.
ანუ თავისი შესაძლებლობის მიღმა ერწმუნა აბრაამი და აი, ეს უნდა ღმერთს. ამიტომაცაა, რომ, სანამ აბრაამმა წინადაცვეთა არ გააკეთა, სანამ მასა და სარას სახელები არ შეეცვალათ, ისააკი არ ეყოლათ. ესე იგი, ისააკი რომ გაგიჩნდეს, უნდა ამაღლდე შენს ბუნებით მდგომარეობაზე. ახლა, ნახე, რას გვეუბნება „სახარება“, ვინ ვართ ჩვენ?! ჩვენ აღთქმის შვილები ვართ და არა მონის, ანუ აგარის შვილები. რას ნიშნავს აგარი? აგარი ნიშნავს რჯულის ქვეშ შიშის მდგომარეობას. რატომ? აგარი არის სინას მთის უდაბნო, სადაც ებრაელებმა შიშით მიიღეს რჯული. ჩვენ კი, როგორც აღთქმის შვილები, რჯულის ქვეშ არ ვართ, რომ შიშით ვასრულებდეთ ღმერთის მცნებებს, გვეშინოდეს ჯოჯოხეთის ან სამოთხის გამო გვინდოდეს ცხონება, ჩვენ სულიწმიდა მივიღეთ აღთქმით და არა სისხლით, ლოგიკითა თუ დამსახურებით. მივიღეთ ისევე, როგორც აბრაამს შეეძინა რწმენით ისააკი, ამიტომ ჩაგვეთვლება ჩვენც სიმართლედ. ამიტომ ისააკივით აღთქმის შვილები ვართ. ჩვენ სულიწმიდა ისეთივე მადლითა და სასწაულებრივად მივიღეთ, როგორც ისააკი შეეძინა აბრაამს. აი, ეს არის მნიშვნელოვანი ამ მდგომარეობაში.
ვთქვი, რომ ღმერთმა უთხრა აბრაამს, აიყვანე შენი შვილი, შენი ერთადერთი საყვარელი ისააკი და ეს მიმართვა არ არის ბრძანება. ჩვენ კი გვიჩანს ხოლმე ისე, რომ ღმერთი ადამიანზე გარედან ბრძანებით მოქმედებს, მაგრამ ასე არ ხდება. სწორედ იმიტომ ითმენს ღმერთი ამდენ ბოროტებას, რომ ბრძანებით არ მოქმედებს, თორემ ჩვენს მწყობრში მოყვანას რა უნდა?! ერთს დაიქუხებს და მიწის ქვეშ ჩავძვრებით და ავფართხალდებით. გაიხსენე ბალთაზარის მაგალითი, როგორ აუკანკალდა ფეხები, როდესაც კედელზე ღვთაებრივი წარწერა ნახა და ამ დროს ხომ გახსოვს, ამბობდა?! მე ვარ ყველაფერი, მე ავაშენე ბაბილონი. ამდენად, ადამიანი მანამდე დგას ფეხებზე, სანამ უფრო დიდ ძალას არ ნახავს, მაგრამ ღმერთს ასე არ უნდა და ითმენს. ითმენს, რათა ადამიანი თავისი გონებით მივიდეს ამ გაგებამდე. ამიტომ ეუბნება ღმერთი აბრაამს: გთხოვ. ვიცით, რომ ბიბლია კონცენტრატია, რომელიც გასაზავებელია კრიტიკით, კომენტარებით; ბიბლია შიფროგრამებია, უდიდესი საიდუმლოებებია, არადა მარტივად წერია: აბრაამი დილით ადრე ადგა, ვირი შეკაზმა, შეშა აჰკიდა, თან ორი ყმაწვილი წაიყვანა. სამი დღის განმავლობაში მიდიოდა, დაინახა მთა, შეკრა ისააკი და დამთავრდა. რას გვაძლევს ამის მშრალად მოსმენა?! არაფერს. აბრაამი არის ხესედის დონე, რაც გულმოწყალებაზე მეტია. ეს არის გაცემის წრეგადასული, უკონტროლო მოთხოვნილება. აბრაამი ყველგან მონოთეიზმს ქადაგებს და უჭირს, რომ ამ ზოგადიდან, კოსმოპოლიტიზმიდან გახდეს უფრო კონკრეტული. ანუ ხალხი თუ არ შეიქმნებოდა, ვერც მონოთეიზმი იქნებოდა. ეს ბრძოლაა და აბრაამს უჭირს. ამიტომ ის ადრე დგება, რომ სარას გარეშე წაიყვანოს ისააკი. სარა სამშვინველია, გულია და, შესაბამისად, სარა, გული ვერ გაიგებს ამას. ადრე ადგომა კი ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხობს ღმერთის გამოწვევას. ძლივს ისააკი აჩუქა და ამ დროს ეუბნება, ისევ უკან მომეცი. ერთ-ერთი ვერსიით, აქ გამოიცდება, ვინ არის ისააკის მამა: ღმერთი თუ აბრაამი?! და თუ ჩემი შვილია ისააკი, მომეცი, უკან დამიბრუნე. ის ხომ შენ არ გეკუთვნოდა და რატომ მიეჯაჭვე ზედმეტად?! ნახე, რა ხდება?! ქრისტეც იმავეს ამბობს, ვისაც მამა, დედა, შვილი ჩემზე მეტად უყვარს, მე ვერ გამომყვებაო. აი, რით იცდება ადამიანი. აბრაამის გული, რადგან მოხუცს შეეძინა შვილი, ძალიან გულჩვილია და ზედმეტად თუ გადაეფოფრა, ესე იგი, აბრაამი შვილს კი არ შესწირავს ღმერთს, არამედ ღმერთს შესწირავს შვილს. ღმერთი კი უსასრულო შესაძლებლობებია, უსასრულო წინსვლაა, რომლისგანაც შვილი მიეცა, ხოლო, თუ შვილზე გაჩერდება, წინ ვერ წავა. მეორე ვერსიით, აბრაამი და ისააკი იყვნენ, როგორც ებრაული სიტყვა „ნესირა“ – რაც ნიშნავს გახერხვას. როგორც ადამი და ევა, ხომ, ერთად შექმნა ღმერთმა. ევა იყო ადამის შიგნით, მისი გამოუვლინებელი ასპექტი, გრძნობითი, ემოციური მხარე. ზურგით იყვნენ ერთმანეთს მიკრულებიო, მაგრამ ამას ადამი ვერ აცნობიერებდა და, იგავის მიხედვით, გაიხერხა და ერთმანეთისკენ სახით შეტრიალდნენ. ისააკი აბრაამს გარედან შეეძინა. ღმერთმა, ფაქტობრივად, ძალით მიიყვანა იქამდე, რომ ისააკი გასჩენოდა, ამიტომ ვერ იღებდა ბოლომდე. ისმაილისკენ ჰქონდა უფრო გული, ნეტავ, ისმაილი მაინც იყოს ცოცხალიო. ახლა კი რა ხდება?! თუკი აქამდე ისააკი გარედან ჰყავდა, ახლა მას ისააკი თვითონ უნდა დაებრუნებინა, უნდა შეჰყვარებოდა და ამაში უნდა გამოეცადა ღმერთს აბრაამი. შეწირვას რომ სთხოვს, ამით უკვე აბრაამის გული გამოიცდება: ვინ არის მისთვის წინ, ღმერთი თუ ისააკი?! და აბრაამი შეუძლებელს აკეთებს. როდესაც სამი დღის შემდეგ აბრაამი დაინახავს მთას, ცეცხლს დაანთებს და ისააკი ეკითხება; მამა, შეშა აქ არის, ცეცხლი აქ არის და მსხვერპლი სად არისო. აი, მაშინ ეუბნება აბრაამი; ღმერთი გამოაჩენს, შვილო. ამ ისტორიის სხვა სიმბოლურ მნიშვნელობებზე კი მომავალ ნომერში ვისაუბრებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან