რელიგია

რატომ ისჯება მაცდუნებელი ცდუნებულზე მეტად

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.07, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თითოეული განსაცდელი ღვთის დაშვებაა და მას ადამიანის გაზრდის, ანუ მასში ღვთიური არსის გამოვლინების ფუნქცია აქვს, თუმცა, მეორე მხრივ, „სახარების“ თანახმად, იესო გვასწავლის, რომ მაცდუნებელს უფრო მეტი მოეკითხება. როგორ უნდა გავიგოთ ეს, თითქოს, წინააღმდეგობრივი სწავლება? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თუ ჩემი მაცდუნებელი, ღვთის დაშვებით, ჩემი მასწავლებელია, რატომ მოეკითხება მას უფრო მკაცრად, ვიდრე მე, ვინც მისგან ვცდუნდი?

– ვიცით, რომ გვცდიან არა იმიტომ, რომ დაგვანგრიონ, არამედ გამოცდის მიზანია ჩვენი უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. იაკობ მოციქული ამბობს, გიხაროდეთ, თუ განსაცდელი გეწვიათ, ვინაიდან თქვენი რწმენის გამოცდა უფრო აგამაღლებთო. მაშინ იბადება კითხვა: ცდუნების მიზანია, რომ ადამიანი დაანგრიოს, რათა ის დაბალ საფეხურზე დაეშვას?! ღრმა გაგებით, საბოლოოდ, ყველაფერი ღვთისგანაა: გამოცდაც და ცდუნებაც, თუმცა, შეიძლება, ვიღაცას მართლაც შენი ცდუნება უნდა და გიწვევს, მაგრამ, შენ თუ უფლის გზაზე ხარ, განგება ამას მაინც შენს ასამაღლებლად გამოიყენებს, რომც ცდუნდე და დაეცე, იმიტომ რომ დაცემის სიღრმეს აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ამაღლება. რაც მეტად ეცემა ადამიანი, მით უფრო გამოცდილი ამოდის და უფრო მეტ სამყაროს ამოიტანს. ინდური გამოთქმაა – ადამიანი შეშინებული ღმერთიაო: ადამიანი ღმერთმა შექმნა ღვთის ხატად, ის, თავისი შესაძლებლობით, მართლაც, ღმერთია და როდესაც შეშინებულია, ანუ ჯერ პატარაა, ამ ღმერთობას ბოლომდე ვერ ავლენს. რა თქმა უნდა, მაცდუნებლის მეშვეობითაც ღმერთი მოქმედებს და მაცდუნებელს იყენებს ადამიანის დასახმარებლად, რომ, ამ ფორმით, აამაღლოს, ვინაიდან სხვანაირად ადამიანი ვერ ამაღლდებოდა. ხშირად არ გვესმის, რომ განგებას ჩვენთვის სიკეთე უნდა, ამიტომ ის იძულებულია, დაგვაფრთხოს და როდესაც ჩვენი ცნობიერება დამფრთხალია, გულგატეხილია, განგება იძულებულია, სხვადასხვა ხრიკებით, ხერხებით, შეძახილით, შეჯანჯღარებით გამოგვიყვანოს იმ სივიწროვიდან, რომელშიც ვიმყოფებით. სხვა გზა არც არის, ვინაიდან პირდაპირ შეგონებებს ადამიანი ვერ უსმენს. ცდუნება სჭირდება იმ ადამიანს, ვინც სხვანაირად ვერ დაიძვრება ადგილიდან და ვერ განვითარდება. ასე რომ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, თუნდაც, ვიღაცამ მოგატყუა, განგიკითხა, ეს ტესტირებებია, შენი ხასიათიდან გამომდინარე. განგებამ ხომ იცის, რა თვისებები გაქვს და სად დგახარ?! შესაბამისად, შენი შინაგანი მდგომარეობით, ანუ შენი შეშინების ხარისხითაა ღმერთი შებოჭილი, მას კი უნდა, რომ ბოლომდე გაიშალოს შენში და ამიტომ შენი ხასიათის შესაბამისი გარე ძალები მოდიან. თუ საჭიროა, ვიღაც მოგატყუებს; თუ საჭიროა, შენს შეცდენას შეეცდება; თუ საჭიროა, შეგაშინებს, იმის მიხედვით, რა გამოგიყვანს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ხარ.

– რატომ წერია, რომ ის უფრო მეტად დაისჯება, ვინც მაცდუნებს?

– ეს უკვე სხვა საკითხია. ვიცით, თუ როგორ გაყიდეს ძმებმა იოსები და ისიც, როგორ ეუბნება ის ბოლოს მათ: ნუ შეშინდებით, რაც მოხდა, ღმერთმა მოახდინა თქვენი ხელითო. მართლაც, ძმებს რომ არ გაეწირათ, იოსები ეგვიპტეში არ აღმოჩნდებოდა; თუ ეგვიპტეში არ აღმოჩნდებოდა, ფარაონის შემდეგ მეორე კაცი ვერ გახდებოდა; თუ ეგვიპტეში მეორე კაცი ვერ გახდებოდა, იმ მისიას, რაც აბრაამს გაეცხადა – თქვენი შთამომავლები ეგვიპტეში იცხოვრებენ 400 წელიო, ვერ შეასრულებდა. ესე იგი, უკიდურესმა ღალატმა და ბოროტებამ დაბადა უკიდურესი სიკეთე. ადრეც ვთქვით, ღმერთმა ასე დააზღვია ჩვენი უგუნურობა. რაკი გონიერების გზას ავცდით, ასეთი დარტყმებით მოვყავართ გონს და გვაბრუნებს სწორ გზაზე. ყველა მოქმედებას, ისეთებსაც კი, რაც ჩვენ უდიდესი უსამართლობა გვგონია, მივყავართ ღმერთთან. რაც შეეხება მაცდუნებლის სასჯელს: დიახ, ის ისჯება, ოღონდ ისჯება არა ჩვენი ადამიანური გაგებით – ჩვენ ხომ გვინდა, რომ, ვინც რამეს დაგვიშავებს, ცეცხლში დაიბუგოს და განადგურდეს?! არამედ ისჯება მისი მრუდე სული. ამით კი, მე რომ მკითხო, ჯილდოვდება კიდეც იმ სამუშაოსთვის, რაც მან შეასრულა. შავი სამუშაო მისცეს, რომ ვიღაც ეცდუნებინა, გაყიდა, გაემწარებინა, იმიტომ რომ ეს იმ ვიღაცას სჭირდებოდა და ის ვიღაც ამის გამო ამაღლდა, მაგრამ რა ვუყოთ ამ შავი სამუშაოს შემსრულებელს?! დავაჯილდოოთ თუ დავსაჯოთ?! თუ ღმერთის იარაღია, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ დაისჯება?! ის ხომ ეტყვის, მე ხომ ყველაფერი შენგან მაქვს; შენ დაუშვი ეს და მსჯი იმის გამო, რომ მე, მაგალითად, ჰიტლერის როლი შევასრულე?! ეს ხომ როლი იყო და იქნებ კარგად შევასრულე და ტაში უნდა დამიკრათ?!

– იქნებ ის ფაქტია სასჯელი, რომ ჰიტლერის როლი ერგო?

– დიახ, აი, ახლა მივადექით ამ საკითხს: რა არის სასჯელი?! მართალია, განგებამ ეს დაუშვა და ის ადამიანი გამოიყენა სხვის ან სხვების ასამაღლებლად, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს მას, იმიტომ რომ უგუნური იყო და მართლა ეგონა, რომ აცდუნებდა. სინამდვილეში კი, ღმერთს სჭირდებოდა უგუნურების იმ ხარისხში მყოფი ადამიანი, ვინაიდან გონიერი არავითარ შემთხვევაში არ აცდუნებდა სხვას. ანუ განგებამ გამოიყენა ის, ვინც ბოროტია, ესე იგი, უგუნურია შავი სამუშაოს შესასრულებლად. ღმერთმა თავისას მიაღწია, მაგრამ ამ უგუნურს როგორ მოვექცეთ?! რადგან მან თავისი უგუნურებით სიკეთე დაბადა, უგუნურებაში არ უნდა დარჩეს და სასჯელიც იქნება ის, რომ მისი უგუნურება დაისჯება გონს მოსვლით, ამით ამოიწევა მაღლა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. ანუ „ვაი მას, ვინც აცდუნებს“ ნიშნავს, რომ ის, ვინც სხვისი ცდუნებით უგუნურებაში ჩავარდა, თვითონაც აუცილებლად ჩავარდება მსგავს მდგომარეობაში. დიახ, გამომცდელსა და მაცდუნებელს მიეზღვება იმ ტკივილით, რა ტკივილიც მიაყენა სხვას, რომელიც იმ ტკივილით ამაღლდა! შესაბამისად, იმ ტკივილიდან, რაც მას მიადგება, თავადაც ამაღლდება, რა თქმა უნდა, თუ შეძლებს და გონს მოვა და არ გასასტიკდება. ყველაფერი ღმერთის შიგნით ხდება, ეს მრავალგვარობები, რასაც ჩვენ ხან ღალატად აღვიქვამთ, ხან კი – ცდუნებად, პროცესია, რომელშიც ვიხარშებით ყველანი, ვიდრე ერთამდე არ ავმაღლდებით. თუმცა ყველა სხვადასხვანაირად განიცდის, საბოლოოდ, ყველა განისწავლება, იმიტომ რომ ერთ სხეულში ვართ და ასე აღწევს ადამიანი ღმერთის შეცნობას. რაც ღმერთისგან მოდის, ჩვენთვის სასიკეთოა, ოღონდ გააჩნია, ჩვენ რას დავახვედრებთ: თუ ბავშვურად შეხედავთ, მეტ ტკივილს ვიწვნევთ ტყავზე, ხოლო, თუ მივუხვდებით და იმთავითვე დავუშვებთ, რომ შეუძლებელია, ღმერთისგან ბოროტება მოდიოდეს, ანუ გონებით შევხედავთ და გავიაზრებთ, ნაკლები ტკივილებით ავმაღლდებით. ტკივილის მომყენებელსაც იგივე დაემართება და ექნება არჩევანი: ან ამაღლდეს, მიხვდეს, იმიტომ დამემართა, რომ სხვას ვატკინე, ან გასასტიკდეს და კიდევ უფრო დაიტანჯოს ამ თავისი განდგომილებით. თუმცა, უკვე დასჯილია, ვისაც შეგნებით შეუძლია, სხვას ბოროტება გაუკეთოს და ეს სასჯელი მანამ დააწვება, სანამ გონს არ მოიყვანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №50

11–18 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი